კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინოწმინდის საავადმყოფო ზამთარს ცენტრალური გათბობის გარეშე ატარებს

28 იანვარი, 2008
ნინოწმინდაში ახლა გაუსაძლისი ყინვებია. მოსახლეობის უმეტესობა გაციებით გამოწვეულ სხვადასხვა ავადმყოფობას უჩივის, თუმცა უმეტესობა საავადმყოფოში მისვლას კატეგორიულად არიდებს თავს.

,,ორი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი, ჩაწოლილი ვიყავი, მერე ერევანში წავედი შვილთან. მან ექიმთან მიმიყვანა და ფილტვების ანთება აღმომაჩნდა. უკვე გართულებული ფორმა მქონდა, რადგან აქ არ ვიმკურნალე. აბა რა მიმიყვანდა იმ გაყინულ საავადმყოფოში?! ორჯერ მივედი და მანდ გავცივდი. როგორც გარეთ ცივა, ისეთივე სიცივეა შენობაშიც, მანდ მისული ჯანმრთელიც დაავადდება”, - ამბობს რიფსინე ქსპოიანი.

სიცივეების დაწყებისთანავე, ნინოწმინდის საავადმყოფოს პოლიკლინიკასა და სამშობიარო განყოფილებაში ელექტროქურები დააყენეს. დანარჩენი განყოფილებები გათბობის გარეშეა დარჩენილი.

2007 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ქალაქის საავადმყოფოს გათბობის ხარჯის გრაფა ამოიღეს. მიზეზი კი ის არის, რომ საავადმყოფო თვითდაფინანსებაზე უნდა გადავიდეს და ხარჯები თავადვე უნდა აანაზღაუროს.

ნინოწმინდის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსან პოღოსიანი განმარტავს, რომ მათ დამოუკიდებლად არსებობა ჯერ არ შეუძლიათ, რადგან არ გააჩნიათ აუცილებელი პირობები პაციენტების მოსაზიდად.

საავადმყოფოს გათბობისათვის დაახლოებით 220 ტონა ქვანახშირი სჭირდება, რომლის ღირებულებაც თითქმის 40 000 ლარია.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი სურენ მოსოიანი ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას საავადმყოფოს საწვავისათვის ფულის გამოყოფის ვალდებულება ფინანსთა სამინისტრომ მოუხსნა. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯის დაფარვაა შესაძლებელი.

პოღოსიანის თქმით, წელს, სიცივეების დადგომისთანავე, სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტების რიცხვი შემცირდა.

,,პაციენტს ექიმთან გასასინჯად ტანსაცმლის გახდა რომ დასჭირდეს, აუცილებლად გაიყინება“, - ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ლარისა ალტუნიანი.

1990-იანი წლების დასაწყისიდან საავადმყოფო იყო იმ რამდენიმე დაწესებულებას შორის, რომელსაც ცენტრალური გათბობის სისტემა გააჩნდა. მაგრამ უსახსრობამ ეს სისტემა უსარგებლოდ აქცია. საავადმყოფოს არც შენობის რემონტისა და დანადგარების განახლებისთვის საჭირო თანხები აქვს.

ამის გამო ბევრი ადგილობრივი მცხოვრები მკურნალობისა და პროცედურებისათვის ან ახალქალაქში, ან თბილისში, ან სომხეთის სხვადასხვა საავადმყოფოში მიდის.

ნინოწმინდის მკვიდრი ეგინე არუთიუნიანი ამბობს, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში პირველი აუცილებლობის დანადგარებიც არ არის.

,,თუ სასწრაფოდ ოპერაციის ან ანალიზების გაკეთება გჭირდება, ჩვენ ახალქალაქში ან გუკასიანში მივდივართ, უფრო მძიმე შემთხვევებში კი ერევანში ან გიუმრიში წასვლას ვამჯობინებთ“, - ამბობს ეგინე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში სპეციალისტებიც კი არ არიან.

,,შემიძლია გითხრათ, რომ ავადმყოფების უმრავლესობა ახალქალაქში მიდის. რატომ? - იქ ლიცენზირებული ექიმები მუშაობენ, არიან თერაპევტები და ქირურგები, რომლებიც ნორმალურად მკურნალობენ“, - ამბობს მოსოიანი.

,,რა სარგებლობას მოუტანს 40 000 ლარის ღირებულების ქვანახშირი საავადმყოფოს, რომელიც 11-12 საათის შემდეგ იხურება? ისევ ისეთივე სიცივე იქნება. არაფერი შეიცვლება, თუნდაც ის თბებოდეს“, - აგრძელებს ის.

,,დღეისათვის პოლიკლინიკასა და სამშობიაროში ავადმყოფთა მიღებისა და მკურნალობისთვის აუცილებელი პირობები შექმნილია. საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება კი, შეიძლება ითქვას, დახურულია. შესაბამისი პირობები არაა, იატაკიც კი აყრილია“, - განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა ერვანდ სავოიანმა.

გამგებლის განცხადებით, ცოტა ხნის წინ ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმოირიცხა თანხა, რომელიც პრეზიდენტის სპეციალური პროგრამით, საავადმყოფოსთვის დანადგარების შესაძენად დაიხარჯება.

სურენ მოსოიანის თქმით, სახელმწიფო პროგრამით - ,,100 ახალი საავადმყოფო“ - ნინოწმინდაში ჯანდაცვის ახალი დაწესებულების აშენება იგეგმება. მის განხორციელებმადე გამგებელი ახალქალაქის საავადმყოფოს გამოცდილების შესწავლასა და ადგილობრივი საავადმყოფოსთვის მეურნეობის მოწყობის ისეთი სისტემის შეთავაზებას აპირებს, რომ სამკურნალო დაწესებულება მოგებიანი გახდეს.

გულო კოხოძე, ნინოწმინდა

ახალი ამბები