კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მოციმციმე მრიცხველები" - ხალხის ახალი თავსატეხი

22 იანვარი, 2008

ჩაბნელებული კერებისა და უშუქობით გამოწვეული ქუჩის აქციების დრო საქართველოში დასრულდა. წარსულს ჩაბარდა ის პერიოდი, როცა სიცივით შეწუხებილი ქართველები ქუჩებს კეტავდნენ და შუა ქალაქში, პროტესტის გამოსახატად შეკრებილები, ცეცხლმოდებული საბურავების ალზე თბებოდნენ. ელექტროენერგია არის, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს.

„მადლობელი ვართ, რომ შუქი გვაქვს და სიბნელეში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ელექტროენერგიის ტარიფი კატასტროფულადაა გაზრდილი,   შეღავათები კი არ არსებობს. თანაც, ახლა ისეთი მრიცხველები დაამონტაჟეს, რომელსაც მოსახლეობა ვერ აკონტროლებს. გადასახადები კი ყოველთვის სოლიდური მოდის. დაკვირვებული ვარ, ქვითარზე, რომელსაც თვის ბოლოს ვიღებთ, სულ დამრგვალებული გადასახადია აღრიცხული, რაც თავისთავად იწვევს ეჭვს,"- ამბობს ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მცხოვრები მაგული ჩაფიძე. ის და მისი მეზობლები (ისევე როგორც ქუთაისის სხვა და სხვა უბნის მცხოვრებნი) აცხადებენ, რომ ახალი, ე.წ. "მოციმციმე მრიცხველების" დამონტაჟებამ ხალხს ახალი თავსატეხი გაუჩინა, რომ ერჩივნათ ძველი, მექანიკური მრიცხველები ჰქონოდათ, რომელიც ყოველი თვის ბოლოს მათ მიერ მოხმარებული ელენერგიის ზუსტ მაჩვენებელს აფიქსირებდა.

გამრიცხველიანების პირველი ეტაპი ქუთაისში 2005 წელს დაიწყო და  დღემდე გრძელდება.  ამ პროცესმა დღემდე  მოსახლეობის 60% მოიცვა. "ენერგოპროჯორჯიას" გადაწყვეტილებით, ძველი, მექანიკური მრიცხველები წარსულს ჩაბარდა და 60 ათასი აბონენტის ოჯახში ახალი, ციფრული ელექტრომრიცხველები აციმციმდა.

„ელექტროენერგიის მრიცხველს, ისევე როგორც ნებისმიერ ელექტროხელსაწყოს, თავისი ექსპლუატაციის ვადა აქვს. ე.წ. "შავი მრიცხველები", რომელიც მოსახლეობას მანამდე ჰქონდა, მოძველებული იყო. ისინი ელექტროენერგიას სრულად ვერ აღრიცხავდნენ. ბუნებრივია, ამ ფაქტმა მოსახლეობის ხელახლა გამრიცხველიანების აუცილებლობა განაპირობა. კანონის მიხედვით, აბონენტი ვალდებულია თვითონ მოიწესრიგოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი, ანუ თვითონ დაიდგას მრიცხველი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, ხელახალი გამრიცხველიანების ხარჯები სახელმწიფომ თავისთავზე აიღო", - აცხადებს ქუთაისის ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა გეგუჩაძე.

ის, რომ ხელახლა გამრიცხველიანების ხარჯები სახელმწიფომ თავის თავზე აიღო, მოსახლეობისთვის, როგორც ჩანს, ვერაფერი შეღავათია. გამრიცხველიანებული ქუთაისელების დიდი ნაწილი "მოციმციმე მრიცხველების" პრაქტიკაში დანერგვას მხოლოდ უსიამოვნებებს უკავშირებს. მიზეზად კი, იმას ასახელებს, რომ მათი მხრიდან ვერ ხერხდება მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის კონტროლი.

„ადრე, ორი მრიცხველი გვქონდა, ერთი უშუალოდ სახლში და მეორე - სადარბაზოში მდებარე საერთო ჯიხურში, სადაც ენერგოკომპანიის წარმომადგენელთა გარეშე ვერ შევდიოდით. ამდენად, ვახერხებდით გვეკონტროლებინა ჩვენს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი. ახლა კი, მხოლოდ ერთი მრიცხველი არსებობს და ისიც სადღაც ქუჩაში მდებარე ჯიხურშია გამოკეტილი. შესაბამისად, ვერაფერსაც ვეღარ ვაკონტროლებთ და გადასახადებიც, წინა პერიოდთან შედარებით, სოლიდური მოგვდის,"- ამბობენ წმინდა ნინოს ქუჩის მცხოვრებლები.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 15 მაისის, #18 დადგენილების თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფი 2006 წლის ივნისიდან თითქმის გაორმაგდა. 100 კვტ.სთ-ის ჩათვლით 1 კვტ.სთ ელენერგიის ფასი 11,0 თეთრი; 101-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 14,0 თეთრი; ხოლო 301-დან ზევით 1 კვტ.სთ ელენერგიის ფასი 14, 83 თეთრი გახდა. აღნიშნულ ტარიფს დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) ერიცხება და იგი შემდეგნაირად გამოიყურება: 1 კვტ.სთ  (100 კვტსთ-ის ჩათვლით) - 12,98 თეთრი, 1 კვტ.სთ (101 დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით) - 16, 52 თეთრი და 300 კვტ.სთ-დან ზევით 1 კვტ.სთ - 17, 19 თეთრი.  აღნიშნულ დადგენილებაში არსად არის მითითებული, რომ ის, ვინც 100 კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, გადასახადს მთელ დახარჯულ ელექტროენერგიაზე მეორე კატეგორიის მიხედვით გადაიხდის. თუმცა, ქუთაისის ენერგოკომპანიაში ამ საკითხს ნაკლებად სერიოზულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საზოგადოების ნაწილი აღნიშნულმა სიახლემ დააბნია და ტყუილა ფიქრობს, რომ მრიცხველი ტყუილ, ანუ მეტ მაჩვენებელს აღრიცხავს.

„ის მრიცხველები, რომლებიც ახლა მონტაჟდება, ციფრულია, იმპულსებზე მუშაობს და სრულად აღრიცხავს მოხმარებულ ელექტროენერგიას. ძველი მრიცხველები ამას ვერ ახერხებდა. მეტიც, დაბალი რაოდენობის ელექტროენერგიას საერთოდ არ აღრიცხავდა. თუ ნებისმიერ აბონენტს აქვს ეჭვი, რომ მრიცხველი მეტს წერს, შეუძლია ენერგოკომპანიას განცხადებით მომართოს, რათა მრიცხველი შემოწმდეს. ჩვენი წარმომადგენლები წავლენ და ადგილზე შეამოწმებენ მრიცხველს,"- აცხადებს თეონა გეგუჩაძე.

ასე რომ, მოსახლეობის ყველა ბრალდება  ენერგეტიკების მხრიდან უარყოფილია. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე არაფერი შეიცვლება. ფაქტი ერთია - მოსახლეობას ახალ ტექნიკასთან მოუწევს შეგუება. თუნდაც, ეს მათი ოჯახების  ბიუჯეტზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენდეს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები