კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლების ვალები - არც თანხა და არც ბინა

12 თებერვალი, 2008
ხალხი მეოცე წელია ნაქირავებში ცხოვრობს

ბათუმში, პუშკინის ქუჩის #35-ში თევზჭერის კოოპერატივის სამოცი  თანამშრომლისთვის ბინა უნდა აშენებულიყო. ახლა მის ადგილას, სხვა კორპუსი შენდება. ტერიტორია ბათუმის მერიამ 2005 წელს აუქციონის წესით გაყიდა. კოოპერატივის სამოცივე თანამშრომელი კი უბინაოდ დატოვა. მათთვის არც მშენებლობაში ჩადებული თანხა დაუბრუნებიათ.

#52 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი 1987 წელს ჩამოყალიბდა. ხოლო ბინის მშენებლობა 1990 წელს დაიწყო. მშენებლობას შპს „ტრესტი“ აწარმოებდა, რომელმაც გარკვეული სამუშაოები ჩაატარა კიდეც. მოსახლეობა თანხას მშენებლობის მწარმოებელ კომპანიას ურიცხავდა ანგარიშზე.

მათ ბინის ღირებულების 30% თავიდანვე, 90-იან წლებში გადაიხადეს, დანარჩენი კი იმჟამინდელ აღმასკომთან გაფორმებული შეთახმების მიხედვით, ეტაპობრივად უნდა დაეფარათ. რამდენიმე ოჯახს კი ბინის 100% ღირებულებაც აქვს გადახდილი, როგორც ამას  1992 წელს მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანებულება ავალდებულებდა კოოპერატიული ბინათმშენბელობის ბინის ღირებულების მთლიანად დაფარვის შესახებ.

„ხალხმა ფული იმიტომ შეიტანა, რომ ბინა სჭირდებოდათ. საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ოცი წლის განმავლობაში ვინ სად და როგორ იცხოვრა, წარმოიდგინეთ“, - აღნიშნავს #52 კოოპერატივის თავმჯდომარე ვალერ დარცმელიძე. მოსახლეობის ნაწილი დღემდე ნაქირავებში ცხოვრობს.

„1992 წელს არეულობა რომ დაიწყო, (ეს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდია) მშენებლობა დროებით შეწყდა, შემდეგ ასლან აბაშიძე მოვიდა აჭარის ხელისუფლების სათავეში. მშენებლობაც მას შემდეგ აღარ გაგრძელებულა“,- იხსენებს ლოდინით დაღლილი ხუსეინ მამუჭაძე.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილების თანახმად, ყველა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი გაუქმებულია. ხოლო ანაზრაურებასთან დაკავშირებით ამავე დადგენილებაში წერია: „საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი ვალდებულების ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ პარლამენტი ადგენს: დაევალოს საქართველოს მთავრობას „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა საფუძველზე დროულად მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებზე მიზნობრივად განაწილებული სახელმწიფო საპრივატიზებო ქონების (შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი) გადაცემის შესახებ კონკრეტული პროექტები“. თუმცა, #52 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს ანაზღაურება დღემდე არ მიუღიათ.

„ჩვენ ვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვთხოვთ. პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2005 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადახდილიყო კომპესაცია. აჭარა საარჩევნო პერიოდში ახსენედებათ მხოლოდ“, - ამბობს მოსახლეობა.

„ამ კომისიას ლექსო ალექსიშვილი თავმჯდომარეობდა, მინისტრი. მას შემდეგ მოსულმა მინისტრმა გაგვიცხადა, რომ ჯერ შიდა ვალების გადახდის გეგმა უნდა შევიმუშაოთო. ახლა თვით სამინისტრო ამბობს რომ კომისიას ჯერ არავინ ხელმძღვანელობს. ამდენ ხანს ვალის დაფარვის მექანიზმი როგორ ვერ შეიმუშავეს?“ - კითხულობს კოოპერატივის თავმჯდომარე დარცმელიძე.

ამჟამად, #52 კოოპერატივის საქმე სასამართლო განხილვაშია. მოსახლეობა მოპასუხე მხარეს  -  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებასა და მოსარჩელეთათვის ბინის სანაცვლოდ, კომპესაციის სახით დავალიანების გადახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დღეს არსებული საბაზრო ღირებულებით ერთ კვ.მეტრზე 450 $ დაკისრებას ითხოვენ.

მესამე პირად საქმეში ჩართულია საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნანი წიქარიშვილი. „არანაირი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ არ არის მიღებული. უკვე სამი-ოთხი წელია, რაც კომისია წესის შემუშავებაზე მუშაობს, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობაზე ვალის დაბრუნება. ახალ მთავრობასთანაც, ლადო გურგენიძესთანაც გვქონდა შეხვედრა და საუბარი. თუმცა, ჯერჯერობით, სიტყვიერი შეთანხმებაა მხოლოდ. სხვა ქალაქებთან შედარებით, ბათუმის საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან. სხვა ქალაქებში გარკვეული პროცესები მაინც დაწყებულია“.

2005 წლის 5 სექტემბერს, #52 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მიწის ნაკვეთზე (2140 კვ. მეტრი), ბათუმის მერიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფასა და განკარგვაზე კონკურსი გამოაცხადა. შენატანის ოდენობად კონკურსის კომისიამ 25 038 ლარი დააწესა (1 კვ. მეტრი - 11.70 ლარი), რაც შუალედური ზონის პირველი ქვეზონისთვის მიწის ღირებულების დადგენილი მინიმუმი იყო. კონკურსის კომისიას იმჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი მურმან ბერიძე თავმჯდომარეობდა. კონკურსის შედეგების მიხედვით, მხოლოდ ერთი კონკურსანტი „ბათუმშენ-ინვესტი“ იყო და გამარჯვებულიც ის აღმოჩნდა.

თუ რატომ მოხდა ყოფილი კოოპერატივის ტერიტორიის თავიდან გასხვისება, ამას ბათუმის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი გელა მახარაძე ასე პასუხობს: „გამოყოფილი მიწის ათვისება ვერ მოახერხეს და მოხდა მიწის ნაკვეთის კონკურსის წესით გასხვისება. აღვნიშნავთ, რომ #52 კოოპერატივის სასარგებლოდ, ბათუმის მერია ვერ განახორციელებს რაიმე ქმედებას“.

მოსახლეობას რამდენიმე წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვისაც გაუგზავნია პრობლემის შესწავლისა და სამართლის აღდგენის მოთხოვნის პრინციპით. #52 კოოპერატივის მსგავს სიტუაციაშია აჭარაში შექმნილი კიდევ რამდენიმე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის თორნიკე ანანიძის განცხადებით, მოსახლეობას ბინის მშენებლობისთვის გადახდილი თანხები, აქამდე უნდა მიეღო. „საქართველოში კოოპერაციული ბინათმშებელობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი აღნიშნული საშინაო ვალის დაფარვის ვადა და ოდენობა განისაზღვრა „საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამით“. პრეზიდენტის 1999 წლის #592 ბრძანებულებულებით დამტკიცებული პროგრამის თანახმად, დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის სახლების ბინათმშენებლებს, მიეცათ საკომპენსაციო ერთჯერადი განაცემი კუთვნილი საერთო ფართობის შესაბამისად საცხოვრებელი სახლის ასაშენებლ რაიონში 1 კვ.მ. საერთო ფართობის ღირებულების გათვალისწინებით საკომპენსაციო განაცემის მიცემის დროს მოქმედ საბაზრო ფასებში, რამდენიმე გაყიდული სარემონტო ბინის ღირებულების მიხედვით. კომპესაციის გაცემა, პროგრამის მიხედვით 2005 წელს უნდა დასრულებულიყო“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები