კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეცხრე წელი პანკისის „ტყვეობაში“...(ნაწილი I)

15 თებერვალი, 2008
სპეციალური რეპორტაჟი

ჩეჩენ ლტოლვილებს საქართველოში ინტეგრირებას სთავაზობენ, ისინი კი საკუთარ მომავალს საქართველოში ვერ ხედავენ... 

2007 წლის აგვისტოს მონაცემებით  საქართველოს მასშტაბით 1097 ლტოლვილი იყო დარეგისტრირებული. 1999 წელს, ჩეჩნეთის ომის განახლების შემდეგ, ისინი პანკისის ხეობის სოფლებში საერთო საცხოვრებლებში ჩაასახლეს. ზოგი მათგანი ადგილობრივმა  ქისტებმა საკუთარ სახლებში შეიკედლა, ზოგიც დღემდე საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. 

დღეს ლტოლვილები პანკისში ცხოვრებას  „ტყვეობას“ უწოდებენ. მეცხრე წელია ლტოლვილებს დაპირებების გარდა საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არაფრით ეხმარებიან. დღემდე მათ საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა, საბუთების უქონლობის გამო, არ აქვთ. როგორც ამბობენ, პანკისში მუშაობის არც შესაძლებლობა და არც სურვილი გააჩნიათ.

სოფელი დუისი პანკისის ხეობის ერთ-ერთი დიდი სოფელია. საქართველოს სხვა სოფლებისგან გამორჩეულია იმით, რომ ჩეჩენი ლტოლვილებით არის დასახლებული. ისინი, ძირითადად, საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ. მეცხრე წელია წყლის ზიდვა მათ ეზოდან უწევთ, რადგან შენობაში სველი წერტილი არ არის.

***
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პანკისის ხეობაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიწვევით იმყოფებოდა. „გლუკმა“ ჩეჩნებით დასახლებულ სოფლებში შეხვედრები მოაწყო და ლტოლვილებს მათ მომავალზე ესაუბრა. სასაუბრო მართლაც ბევრი იყო, რადგან ლტოლვილები უკვე წლების მანძილზე გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფებიან. ამ შეხვედრაზე ლტოლვილებს უთხრეს, რომ მათი უმრავლესობისთვის საქართველოში ინტეგრირება ერთადერთი გამოსავალია. მესამე ქვეყანაში მხოლოდ ერთეულები დაბრუნდებიან, ხოლო ჩეჩნეთში დაბრუნების სურვილი უმრავლესობას არა აქვს. შეხვედრაზე ლტოლვილებს ასევე აცნობეს, რომ პროდუქტებით აღარ დაეხმარებიან, ამას ფულადი დახმარება შეცვლის.

შეხვედრა საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა. პირველი რეპლიკა, რომელიც ლტოლვილების მხრიდან გაისმა, იყო: „ეს დაცინვაა, მეტი არაფერი“. ამას სხვა რეპლიკებიც მოყვა: „ლტოლვილები ციხეში შეაგდეს“ ან „თუ გვეშველება რამე, გვითხარით,  თუ არა და ამაშიც გაგვარკვიეთ“.

ეს ფრაზები მას შემდეგ გაისმა, რაც სამგზავრო დოკუმენტებზე დაიწყეს საუბარი, რომლის შესახებ კანონპროექტიც პარლამენტშია  განსახილველად შესული.  ეს დოკუმენტები ლტოლვილებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც, საზღვარგარეთ გასვლის უფლებას მისცემს. თუმცა, უცხოეთში დარჩენის შესაძლებლობა ამ შემთხვევაშიც არ ექნებათ. ლტოლვილები იხსენებდნენ, რომ ყოფილ მინისტრს ეს დაპირება უკვე მიუცია, მაგრამ ისევე როგორც ყველა დანარჩენს, არ შეუსრულებია.  როგორც ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი, ირაკლი კოკაია ამბობდა, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ნოემბრის მოვლენების გამო გადაიდო.
 
ლტოლვილებს უჩნდებოდათ ლოგიკური შეკითხვა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას, რა ელით მათ. აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ლტოლვილი:

ალისულტანოვ სოლსბეგ, ჩეჩენი ლტოლვილი: „არ ვარ იმის წინააღმდეგი, საქართველოს მოქალაქეობა მივიღო. სამშობლოში დაბრუნება მაინც არ შემიძლია. რომ ჩამოვედი, მოქალაქეობაზე განცხადება შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს. არ ამიხსნეს, რატომ.  კარგი, ვთქვათ მოქალაქეობა ავიღე, მერე რა? ასე ვიდგე ოჯახთან და ამ მოქალაქეობასთან ერთად? მე კი სამი შვილის მამა ვარ და საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ.

თუ სახელმწიფო მოქალაქეობას მაძლევს, ჩემი აქ ყოფნაც უნდა უზრუნველყოს, მიწის ნაკვეთი მაინც გამოყოს, რამე მაინც დავრგო, სამსახურიც მომცეს. სამსახურის დაწყება აქ ადგილობრივ მოსახლეობასაც უჭირს. აქ ქალისთვის და კაცისთვის  ერთი სამსახურია, ტყეში შეშა შეაგროვო და გაყიდო. ისიც სახელმწიფოს ნებართვით,  ბილეთია საჭირო. თან გზის ხარჯებიც ხომ გჭირდება. მანქანები არ გვყავს. მანქანას 70 ლარის საწვავი მაინც სჭირდება, ბილეთში 50 ლარი უნდა გადაიხადო. ფული დამხმარესაც ხომ უნდა მისცე... გამოდის, რომ მთელი დღის ნაშრომიდან მხოლოდ 30 ლარი გვრჩება. სამი შვილი და ცოლი  მყავს, როგორ ვიმყოფინო?“

საერთოდ, შესამჩნევი იყო ის უნდობლობა, რომელიც ლტოლვილებს სტუმრების მიმართ ჰქონდათ. აგრესია, რომელიც მათი მხრიდან იგრძნობოდა, სწორედ ამით იყო გამოწვეული. „რამდენი რამ იყო შეპირებული - უშედეგოდ. მე-9 წელი ვცხოვრობთ აქ. აქედან 8 წელი  - სახელმწიფოს ჩვენთვის ერთი თეთრიც არ მოუცია. მხოლოდ შარშან იანვრიდან დაიწყო სახელმწიფომ 14 ლარის დარიგება“, - ემოციების დაფარვა უჭირს  ერთ-ერთ ჩეჩენ ქალბატონს.

ანა ბარტისი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის უმცროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ამ უნდობლობას იმით ხსნის, რომ უამრავი ადამიანი ჩამოდის და ლტოლვილებს დაპირებებს აძლევს. შემდეგ მიდიან და ეს დაპირებები ავიწყდებათ.

„ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ლტოლვილები დაიღალნენ ლოდინით. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ყველას აქედან წასვლა უნდა და იმაზე არ ფიქრობენ, რის გაკეთება შეუძლიათ აქ.  ქისტებს ამ მხრივ პროგრესი აქვთ“.

ანა ბარტისი იმასაც აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს დახმარება ლტოლვილებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომაც ისინი ეხმარებიან. „აქაური ლტოლვილების პრობლემა პრიორიტეტული არ არის, რადგან უამრავი თავისი დევნილი ჰყავს. ვფიქრობ, მთავარი ის არის, რის გაკეთებაც შეუძლია აკეთებს. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციატივებიც,  ბოლო დროს ლტოლვილებმა ბინადრობის უფლება მიიღეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ,  იმას თუ შევადარებთ, რაც 6 წლის წინ იყო, ახლა ნამდვილი პროგრესი გვაქვს“ . 

გლუკის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ქრისტოს ბიერვირსი შეხვედრაზე ამბობდა, რომ ფულადი დახმარება მომავალი 2-3 წლის მანძილზე ისევ გაგრძელდება. შემდეგ ლტოლვილები სახელმწიფოს დახმარებაზე გადავლენ. ან პროექტები უნდა დაწერონ და ორგანიზაციების გრანტები მოიპოვონ.

პირველ ვარიანტს რაც შეეხება, პანკისის ხეობაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლისაგან, თამაზ ბაღაკაშვილისგან, ასეთი პასუხი მივიღეთ: „დახმარებას რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. ამჟამად ხელისუფლება როგორც საკუთარ დევნილებს, ისე ეხმარება, უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილით და 14 ლარიანი დახმარებით. ვფიქრობ, მომავალშიც, თუ სხვა პროგრამა არ შემუშავდება, მეტს ვერ გადავიხდით“.
   
მეორე ვარიანტის არარეალობაზე ერთ-ერთი ჩეჩენი, ბელა მაზაევა საუბრობს.
„ხალხს მომავლის არ სჯერა და მუშაობაც ამიტომ არ უნდათ. პროექტში მონაწილეობის უფლება კი მხოლოდ ლტოლვილებს აქვთ“.ქალბატონი ბელას ოჯახს უნდოდა სოციალური დახმარების პროგრამაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ შეძლო.

„თავმჯდომარეს მივმართეთ, მაგრამ გვითხრა, რომ არ აქვს უფლება ჩაგვსვას სიაში, სანამ ახმეტის რაიონის გამგებელი რა მოგცემს ამის უფლებას. წავედით მასთან, გვითხრა, პრობლემა არ არის და სოფლის თავმჯდომარეს მიმართეთო. ისევ დავბრუნდით და მაინც უარი მივიღეთ, არ ჩაგწერთ, ჩემთვის უცნობი ადამიანები ხართო. ვისთან წავიდეთ, არ ვიცით“.

როგორც გაირკვა, ლტოლვილებს პრობლემები მკურნალობის დროსაც აქვთ. ამის შესახებ ერთ-ერთი ლტოლვილი ანზორ გაურგაშვილი გვიყვება. მისი თქმით, ყველა ოპერაცია, რომლის გაკეთებაც მას უწევდა, ნასესხი ფულით იკეთებდა. თუმცა ოფიციალურად „ტაგი“ ვალდებულია ლტოლვილების ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

„ოპერაციებზე „ტაგი“ უარს მეუბნებოდა. პირველად, როდესაც სამედიცინო დახმარება დამჭირდა, ხელში ფაქტები ჩამივარდა. იმ ფაქტების მიხედვით, ადმინისტრაციის ახლობლებს ოპერაციებს ლტოლვილების სახელით უკეთებდნენ. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც ლტოლვილი, პატივისცემის მიზნით, თავად სთავაზობდა დოკუმენტებს. ამან კი არალეგალურ საქმიანობას უბიძგა.

გავიკეთე ოპერაცია. ერთი თვის შემდეგ დავურეკე, ვთხოვე, გადასახვევი საშუალებებით მაინც დამეხმარეთ-მეთქი. მიპასუხეს, სულ ახლახანს განგკურნეთ ოსტეოქონდროზისგან და რად გინდაო. ვუპასუხე, ერთი თვის წინ საკუთარი სახსრებით თბილისში ოპერაცია გავიკეთე, მაშინ ჩემი ხერხემლის განკურნება არავის უცდია...
ამით სერიოზული ფული კეთდება. ამასთან დაკავშირებით იურისტებსაც მივმართე, ორგანიზაციის ხელმძღვანელობასაც ველაპარაკებოდი. განცხადება დავწერე და დოკუმენტებიც წარვადგინე, სადაც ზუსტი ინფორმაცია იყო მითითებული, კერძოდ, როდის და რა მკურნალობა ჩამიტარეს. ერთადერთი თხოვნა, რომლითაც გაეროს ოფისს თბილისსა და ახმეტაში მივმართე, ჩემი სამედიცინო ფაილის გახსნა იყო. ამაზეც უარი მითხრეს. და ეს უკვე 8 წელი გრძელდება.  გეგონება, ეს პენტაგონის ან საგამოძიებო ბიუროს საიდუმლო ფაილი იყოს. ეს ხომ უბრალოდ ლტოლვილის სურვილია, ჰქონდეს საკუთარი სამედიცინო ფაილი და დარწმუნდეს, რომ ის მკურნალობა, რომელიც დაფიქსირებულია ფაილში მართლაც მას ჩაუტარდა“.

***
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ ის საერთო საცხოვრებლები გვენახა, სადაც ლტოლვილებს მრავალი წლის მანძილზე უწევდათ ცხოვრება. პირობები მართლაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა...
ნონა სუვარიანი, პანკისი

ახალი ამბები