კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა კახელები მოატყუა

19 თებერვალი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

წინასაარჩევნოდ, მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და ენერგოკომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, მოსახლეობა 2007 წლის 1 ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდისგან გათავისუფლდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატის ეს განცხადება, ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმავე დღეს დაადასტურეს. დავალიანების ჩამოწერის შესახებ ენერგოკომპანიებმა აბონენტებს წერილობით არჩევნებამდე აცნობეს. არჩევნების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ დავალიანება არ ჩამოწერილა. მის გადახდას ენერგოკომპანია ისევ მოითხოვს, ურჩ გადამხდელებს კი ელექტროენერგიის გარეშე ტოვებენ.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ შორის ერთობლივი შეთანხმების შედეგად, თქვენ ჩამოგეწერათ 2007 წლის 1 ივნისამდე არსებული დებიუტორული დავალიანება 157 ლარის ოდენობით“, - ეს შეტყობინება გურჯაანში მცხოვრებმა ლია პიტიურიშვილმა მიიღო. მსგავსი შინაარსის ათიათასობით წერილი „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ 2008 წლის 5 იანვრამდე, ანუ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მთელს რეგიონში დააგზავნა.

2008 წლის თებერვლის პირველ რიცხვებში ენერგოკომპანიის გურჯაანის სერვისცენტრში მისულ ლია პიტიურიშვილს, იანვრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა, ძველი დავალიანების გადახდაც მოსთხოვეს. „მოლარემ მითხრა, 157 ლარი გაქვთ დავალიანება და თუ არ დაფარავთ, ელექტროენერგიის მოწოდება შეგიწყდებათო. მე მას შეტყობინება ვაჩვენე, სადაც მწერენ, რომ ეს დავალიანება მთავრობასა და „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ შორის შემდგარი შეთანხმებით ჩამომეწერა. მოლარემ, ეგ შეტყობინება არ გვაინტერესებს, ფული უნდა გადაიხადოთო“, - აღნიშნავს ლია პიტიურიშვილი.

ძველი დავალიანების გადახდა მოსთხოვეს თამარ თამაზაშვილსაც. „შეტყობინებებში მოცემული დავალიანების ოდენობა გაზრდილია. მიწერია 31 ლარი, როცა დავალიანება მქონდა 18 ლარი. თანხის ოდენობა რატომ გაზარდეს, არავინ მპასუხობს. მხოლოდ ვალის გადახდას მოითხოვენ. წინასაარჩევნო დაპირებამ, არა მარტო შეცდომაში შემიყვანა, არამედ დამაზარალა კიდეც“,- ამბობს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტი.

ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა, დავალიანების გადაუხდელობის მიზეზით, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე შეუწყვიტეს ათობით აბონენტს. „უშუქოდ რომ დავრჩი, იძულებული გავხდი, დავალიანება, რომელიც გაზრდილია, გადამეხადა. მანამდე, ვითარებაში გარკვევის მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართე. გამგეობაში „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წერილობითი შეტყობინებაც წარვადგინე, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებითო, მითხრეს. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ კერძო კომპანიაა და მის საქმიანობაში ჩვენ ვერ ჩავერევითო.
ენერგოკომპანიის სალაროში ასეთი სახის დავალიანებას სხვებიც იხდიდნენ. ელექტროენერგიის მოწოდება მხოლოდ ამის შემდეგ აღმიდგინეს. თუ გადაწყვეტილების შესრულება არ შეეძლოთ, რატომ მოგვატყუა ხალხი ხელისუფლებამ და ენერგოკომპანიამ? დავრწმუნდი, რომ ესეც მორიგი ცრუ დაპირება იყო“, - გულდაწყვეტილია სიღნაღის მცხოვრები მევლუდ მჭედლიშვილი.

ჩვენთან საუბარში ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ დიღმელაშვილმა არ უარყო, რომ ენერგოკომპანიას აბონენტებისთვის დავალიანება ამ დრომდე არ ჩამოუწერია. „ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიმართ თელავის რაიონულ სასამართლოში გახსნილია გაკოტრების საქმე. შესაბამისად, დავალიანების ჩამოწერის თუ სხვა ასეთ გადაწყვეტილებებს მოსამართლე იღებს. სასამართლოსთვის კი ამ გადაწყვეტილების მისაღებად არავის მიუმართავს. აქედან გამომდინარე, არც რაიმე სახის აქტი არსებობს, რომლის საფუძველზეც დავალიანებას ჩამოვწერდით“ , -განაცხადა დიღმელაშვილმა.

პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ბადურ გულიაშვილის ცნობით, ეს ფაქტი სამხარეო ადმინისტრაციისთვის უცნობია. „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ არ აქვს უფლება აბონენტებისგან ჩამოწერილი დავალიანების დაფარვა მოითხოვოს. ვისაც ამას სთხოვენ, მოგვმართონ იმ მოქალაქეებმა და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - აღნიშნავს გუბერნატორის მოადგილე.

ახალი ამბები