კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავიდარაბად ქცეული საპრეზიდენტო სუბსიდია

20 თებერვალი, 2008

 შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ამ ამბავს თუ გადავურჩი, საჩუქრის სახელს არასოდეს ვახსენებ. ისე შევშინდი, აწი პრეზიდენტის კი არა, ახლობლის საჩუქარსაც ვეღარ მოვკიდებ ხელს. ერთადერთი შვილის ელექტროენერგიით გათბობა ტირილად და უძილო ღამეებად მექცა. თუ ასე უნდა მომხდარიყო, ჯობდა საერთოდ არაფერი მოეცათ“, - აცხადებს მეორე ჯგუფის ინვალიდი, ქუთაისელი დალი ხაჭაპურიძე, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისში   თავს დატეხილი გაუგებრობისა და ენერგოკომპანიაში შექმნილი პრობლემების შემდეგ მოვიდა.

დალი ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე მეორე ჯგუფის ინვალიდები არიან. მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისში, ლადო ასათიანის 119 ნომერში  ცხოვრობენ. მათი მონაცემები  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში უკვე დიდი ხანია მოხვდა. ხაჭაპურიძეებს სახლში ბუნებრივი აირი არა აქვთ. მათი გათბობის ერთადერთი საშუალება ელექტროენერგიაა. ოჯახმა სექტემბრის თვეში ელექტროენერგიის 50 ლარიანი ექვსი ვაუჩერი მიიღო. ხაჭაპურიძეებმა ვაუჩერები დადგენილი წესის მიხედვით „სახალხო ბანკში“ გაააქტიურეს და მიღება-ჩაბარების აქტებიც მიიღეს. ამის შემდეგ ნოემბერ-დეკემბრისა და იანვრის თვეში აღნიშნულმა ოჯახმა 150 ლარის ოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა, მაგრამ მათ, სრულიად მოულოდნელად, ამ თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა მოსთხოვეს.

„რადგანაც ვაუჩერები მქონდა, ელექტროენერგიის ხარჯვა გაბედულად დავიწყე. აქამდე ყოველთვის ეკონომიას ვაკეთებდი, მაგრამ ახლა ვიფიქრე, პრეზიდენტმა გვაჩუქა და ჩემს შვილს ამ ცივ ზამთარში ელექტროგამათბობლით მაინც გავათბობ-თქო. ამიტომაც დავხარჯე ამდენი. რომ მცოდნოდა, ვაუჩერი არაფერს ნიშნავდა და ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდას მომთხოვდნენ, გავიყინებოდი და ელექტროღუმელსაც არ ჩავრთავდი. ვიქნებოდი ისე, როგორც მანამდე“, - ამბობს დალი ხაჭაპურიძე.

როგორც ირკვევა, ასათიანის ქუჩაზე, სადაც ხაჭაპურიძეები ცხოვრობენ, ელექტროენერგიის გამრიცხველიანების პროცესი დამთავრებული არ არის და ამიტომაც სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ასათიანის ქუჩის 119 ნომერში მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგიის საფასური ინდივიდუალურად არ გადაუხდიათ. შესაბამისად, არცერთ მათგანს არც ინდივიდუალური აღრიცხვის ქვითარი გააჩნია. როგორც ირკვევა, „ქელასში“ ამ სახლში მცხოვრები მხოლოდ ერთი აბონენტი, ქოიავა იყო რეგისტრირებული,  რომელიც მეზობლებში თანხას კრებდა და თავის სახელზე იხდიდა. დალი ხაჭაპურიძეს ვაუჩერის განაღდებისას, „სახალხო ბანკში“ ელექტროენერგიის ქვითარი მოსთხოვეს, რომელიც აბონენტმა წარმოადგინა.

„2007 წლის ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკის დისტრიბუცია ახალმა კომპანიამ „ენერგო პრო - ჯორჯიამ“ დაიწყო. მაშინ მოხდა აღნიშნული აბონენტის ნომრის შეცვლა. რადგან მას და მის მეზობლებს საერთო კომუნალური მრიცხველი აქვთ, აქ შეყვანილ იქნა ახალი ნომერი. ამიტომ ხაჭაპურიძეს ბანკში ძველი კი არა, საერთო მრიცხველის მიხედვით ამოწერილი ქვითარი უნდა წარედგინა. ამ შემთხვევაში ყოველგვარი გაუგებრობა გამორიცხული იქნებოდა“, - განმარტავენ ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში. თუმცა, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

„საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ჩემი ნომერი შეცვალეს და ახალი მომანიჭეს. ეთქვა ვინმეს და იმას წარმოვადგენდი, მაგრამ ვინ დაგეხმარება? ენერგოკომპანიაში ჯერ ძლივს შემიშვეს, მერე ისე უხეშად და გაურკვევლად მელაპარაკნენ, რომ ვერაფერი გავიგე. იმის მაგივრად, რომ დამხმარებოდნენ, მითხრეს, თუ არ გაჩერდები, მეტი პრობლემები შეგექმნებაო. ამაზე მეტი რა უნდა დამემართოს, შუქი გათიშული მაქვს და ერთადერთი შვილი სიცივისგან მეყინება“,- ამბობს დალი ხაჭაპურიძე.       

„ენერგოკომპანიის შეცდომის გამო ხაჭაპურიძეების ვაუჩერების თანხა მისი მეზობლის, ზაალ კაპანაძის სახელზე დაირიცხა, რომლის ბინაც უკვე გამრიცხველიანებულია, ხოლო  ხაჭაპურიძეს ამჟამად ჩაჭრილი აქვს ელექტროენერგია და მიმდინარეობს მასზე ზეწოლა, რათა მან გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი, 150 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით. ეს კი სოციალურად დაუცველი ოჯახის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ წერილობითი ინფორმაცია, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, იმის თაობაზე, თუ რატომ არ ეძლევა ხაჭაპურიძის ოჯახს ელექტროენერგიის ვაუჩერით სარგებლობის საშუალება და რა ზომები იქნა თქვენს მიერ მიღებული აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად“,- ეს არის ამონარიდი „ენერგო პრო - ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორის, ნიკოლოზ წიკლაურის სახელზე გაგზავნილი წერილიდან. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისმა ის გასული კვირის დასაწყისში გააგზავნა, თუცა, პასუხი ჯერაც არ მიუღია. ენერგოკომპანიაში გამოსავალს მარტივად ხსნიან: „აბონენტმა მოხმარებული ელექტროენერგიის თანხა უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგია არ მიეწოდება“.

ბუნებრივია, ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია შეყვანილი და სიღატაკის ზღვარზე იმყოფება, ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს. გამოსავალი სასამართლოა. დალი ხაჭაპურიძის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისის ადვოკატი დაიცავს.

ახალი ამბები