კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მალხაზ ბასილაიასა და დავით წოწორიას შესაძლო გათავისუფლებას ვარაუდობს

5 მარტი, 2008

 გენერალი ევგენი ოჩალოვი 
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები "მზერის" ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიასთან ერთად დავით წოწორიასაც ტელეკომპანია "მზის" თანამშრომლად ასახელებენ. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ორივე დაკავებულის შესაძლო გათავისუფლებაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც აფხაზმა ჟურნალისტებმა მათი გათავისუფლების თხოვნით გუშინ სოხუმში საგანგებოდ დანიშნულ შეხვედრაზე მას ოფიციალურად მიმართეს. იმ შემთხვევაში, თუ ბასილაიასა და წოწორიას მიმართ წაყენებული ბრალი არ გასცდება საზღვრის უკანონო გადაკვეთას და მათ არ დაუმტკიცდებათ ჯაშუშობა აფხაზეთის ტერიტორიაზე, გათავისუფლების საკითხი უახლოეს დღეებში დადგება.

3 მარტს სოხუმში, დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტთან, სერგეი ბაღაფშთან აფხაზი ჟურნალისტების ინიციატივით შედგა შეხვედრა, სადაც აფხაზური მედიის წარმომადგენლებმა მას ქართველი ჟურნალისტებისა და 16-მდე მედიასაშუალების ერთობლივი წერილი წარუდგინეს, სადაც ნათქვამია: "ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები, ჩვენი პროფესიული საქმიანობით ყოველთვის ვცდილობდით ხელი შეგვეწყო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის... ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები, არასდროს დავუჭერთ მხარს კონფლიქტის საომარი მოქმედებებით გადაჭრის არცერთ ინიციატივას, რადგან ეს მიგვიყვანს კიდევ ერთ სისხლისღვრამდე. მითუმეტეს, ჩვენ არ ვაპირებთ გავხდეთ კონფლიქტის პროვოცირების მიზეზი..."

ბაღაფშთან გამართულ შეხვედრაზე "აფხაზურ მედიას" საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი", გაზეთი "ნუჟნაია", "რესპუბლიკა აფხაზია", ჟურნალი "გრაჟდანსკოე ობშესტვო" და ტელეარხი "აბაზა-ტვ" წარმოადგენდა.

"გვესმის რა ხელისუფლების უარი საქართველოსთან დიალოგის წარმართვის თაობაზე, რომელიც თავისი ჟურნალისტების გადაცემას ულტიმატუმის ტონით ითხოვს, ჩვენ, მიუხედავად ამისა, ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლების თხოვნით მოგმართავთ, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ აფხაზეთი მზადაა ქცევის ცივილიზებულ ნორმებს მისდიოს. Gგასულ წელს ქართველი სტუდენტების წინაპირობების გარეშე გათავისუფლებისას აფხაზეთმა უკვე აჩვენა ჰუმანიზმისადმი საკუთარი ერთგულება და პიროვნების უფლებების პატივისცემა", - აღნიშნულია აფხაზი ჟურნალისტების მიმართვაში.

სერგეი ბაღაფშმა მოსმენის შემდეგ განცხადება გააკეთა. "თუ გამოძიება დაადგენს, რომ დაკავებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ საზღვრის უკანონო გადაკვეთას და მათ მიერ არ იყო სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი, შესაძლოა, დადებითად გადაწყდეს."

საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესის" დირექტორმა მანანა გურგულიამ ბაღაფშთან შეხვედრაზე ქართველი ჟურნალისტების მიმართვის ტექსტთან დაკავშირებულ სიტუაციას კომენტარი გაუკეთა და ფაქსით მისი მიღების თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა. მისივე სააგენტოს საშუალებით მანანა გურგულია აცხადებს, რომ ქართველი ჟურნალისტების მიმართვა ანონიმური იყო.

მანანა გურგულია: "ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ქართველი ჟურნალისტების შეშფოთება მათი კოლეგის გამო, დაეხმარონ მას, მაგრამ მაოცებს ის, რომ ამ მიმართვის ტექსტში არცერთი ხელმოწერა არ არის. მითითებულია მხოლოდ მედიასაშუალებები. მიმართვა არ გამოქვეყნებულა ინტერნეტში მაშინ, როდესაც ისინი აფხაზეთზე დეზინფორმაციას ამ გზით მუდმივად ავრცელებენ. Gგასაკვირია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ჟურნალისტები აქცენტს მხოლოდ მალხაზ ბასილაიაზე აკეთებენ, ხოლო დავით წოწორიას ბედი მათ  არ აღელვებთ, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. როგორც ჩანს, ასე შერჩევით ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებსა და კოლეგებზე."

მანანა გურგულიას განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, აფხაზმა ჟურნალისტებმა აუცილებლობად მიიჩნიეს, რომ გამოეჩინათ სოლიდარობა, კოლეგიალობა და სერგეი ბაღაფშისათვის დაკავებულთა გათავისუფლების თხოვნით მიემართათ.

დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი მედია საკითხებში, კრისტიან ბჟანია ავრცელებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტების დაკავება არ არის ხელისუფლების სიჯიუტის გამოვლენა. "ეს არის მწარე გამოცდილების შედეგი და კანონის მოთხოვნა. სხვა საკითხია მათი საბოლოო გასამართლების შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სერგეი ბაღაფში, რომელიც მიუთითებს ქართველი ჟურნალისტების არაერთ პროვოკაციულ ქმედებაზე და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მისწრაფებაზე ყოველივე ამისგან შექმნას პოლიტიკური შოუ, რომელიც სახელმწიფო ორდენებისა და მედლების დარიგებით დასრულდება. მანამდე კი დარწმუნებული ვარ, ხმაურიანი პრესკონფერენციები გაიმართება, ბასილაიასა და წოწორიას საქართველოს მთავრობა მადლობას გადაუხდის იმ ვაჟკაცობისა და გმირობისათვის, რომელიც მათ სეპარატისტების ტყვეობაში გამოავლინეს. ამ ყველაფერს კი არაფერი ექნება საერთო იმ რეალობასთან, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების ბედზე ზრუნვა ჰქვია".

კრისტიან ბჟანია მოუწოდებს ყველას, ვინც საქართველოში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, რომ რეალურად იზრუნონ დაკავებულებზე და გაუაზრებელი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ამ პრობლემის გადაწყვეტაში ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

ნეგატიური თუ წინდაუხედავი შედეგები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ უკვე მოჰყვა. შესაძლოა "მზერის" ჟურნალისტისა და მისი თანმხლები პირების გათავისუფლების საკითხი სწორედ ამის შემდეგ გართულდა. ყოველშემთხვევაში, აფხაზური მხარის ოფიციალური განცხადებები ამაზე მეტყველებს.

"მე მინდა ვუთხრა სერგეი ბაღაფშს და კარგად მომისმინოს, მისთვის ძალიან კარგად გასაგებ ქართულ ენაზე მინდა ვუთხრა: ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს დაჭერილი ჟურნალისტი, ან მე, საქართველოს პრეზიდენტი  მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას, გაათავისუფლოს ბასილაია სოხუმში. ახლა არჩევანი არის ბაღაფშის და არა ჩვენი!" _ აცხადებდა აჭარაში ჩასული მიხეილ სააკაშვილი.

ჟურნალისტის დაკავებიდან მესამე დღეს, 29 თებერვალს, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში აფხაზი სეპარატისტების "უაზის" აფეთქებასა და სამი მილიციელის მძიმედ დაჭრას დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მუქარის შესრულების დასაწყისად მიიჩნევენ. ხოლო საქართველოს პრეზიდენტისაგან შემდგომ გადადგმულ ნაბიჯს სოხუმში, ალბათ, ისევე ელოდებიან, როგორც საქართველოში. შესაძლოა, ქვეყნის პირველი პირის მხრიდან თავისი მოქალაქის გამოსახსნელად ასეთი ტიპის განცხადებები ადეკვატურიც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში სამეგრელოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იგი გადაჭარბებულად შეაფასა იმ დაძაბული ვითარების ფონზე, რაც დღეს ქართულ_აფხაზური კონფლიქტის ზონაში სუფევს.

ნაბაკევში მომხდარ აფეთქებას კონფლიქტის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოჰყვა. პირველივე წუთიდან სავარაუდო შედეგის მოლოდინით შეშინებულმა ქართველებმა თითო ბავშვებით ხელში მდინარე ენგური ფეხით გადმოლახეს და თავი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას შეაფარეს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა დაწიოკებასა და მასიურ გამოყრას ამჯერად გადაურჩა. სამაგიეროდ, ნაბაკევის ტერიტორიაზე დე ფაქტო მთავრობის გალის ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით რამდენიმე წუთში გამოჩნდა. მას მოჰყვნენ აფხაზი ბოევიკების შეიარაღებული ჯგუფები. დსთ_ს სამშვიდობო ძალების სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა სოფლის ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზაციით განლაგდა... სერგეი ბაღაფშმა კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა...

აფხაზმა სეპარატისტებმა ნაბაკევში განხორციელებული დივერსიული აქტის უკან ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულეს. თუმცა, ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების მიმდინარეობაზე რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩასული მალხაზ ბასილაია ქართული სპეცსამსახურის იმ თანამშრომელმა გასცა აფხაზებთან, ვისთვისაც ჟურნალისტის მიერ დაგეგმილი გადაადგილების მარშრუტი თავიდანვე ცნობილი იყო. ამის  შესახებ იცოდა ბასილაიას მეგზურმა ნათესავმა დავით წოწორიამაც... თუმცა ლოგიკურად გაჩენილ ბევრ კითხვას პასუხი, ალბათ, მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდეგ გაეცემა.

საინტერესო და მხარეების მიერ სადაო გახდა დაკავების ადგილი. ქართული ტელეარხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით "მზერის" ჟურნალისტი მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდზე დააკავეს. დსთ-ს სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი ევგენი ოჩალოვი 301-ე და 201-ე ბლოკპოსტებზე ჟურნალისტების დაკავების ან ვიდეოკამერის ჩამორთმევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა და საგუშაგოს ქართველ დამკვირვებელს აქტიურად იმოწმებდა. გალის რაიონში ბაღაფშის პირადი წარმომადგენლის, რუსლან ქიშმარიას მტკიცებით კი, 26 თებერვალს "მზერის" ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები ტყვარჩელში, სოხუმისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.

სოხუმის უშიშროების იზოლატორში მოთავსებული მალხაზ ბასილაია და დავით წოწორია აფხაზურმა პროკურატურამ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა და იქ არსებული კანონმდებლობით ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხოლო წოწორიას დედა, გულრიფშის რაიონიდან დევნილი მაია დანელია პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ჯარიმის სახით 1500 რუსული რუბლი გადაახდევინეს.

მალხაზ ბასილაიასა და დავით წოწორიას გათავისუფლებას  საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ითხოვს. Aამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა გაეროსა და სხვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ წარმოებული მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან. შედეგებს აქამდე ელოდება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, რომელიც ჟურნალისტის ახლობლებს ზუგდიდში პირადად შეხვდა და მის გასათავისუფლებლად ყველანაირი ხერხის გამოყენებას დაპირდა. იაკობაშვილის ძალისხმევით 2 მარტს ბასილაიას დედას შვილთან გასაუბრების საშუალება მიეცა. სატელეფონო საუბარში ჟურნალისტი ირწმუნება, რომ თავს კარგად გრძნობს. ამასობაში კი მდინარე ენგურის ხიდი და გაეროს ზუგდიდის ოფისი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. "თანასწორობის ინსტიტუტის" წარმომადგენლები, სტუდენტები და პედაგოგები პროტესტს პერმანენტულად გამოხატავდნენ. ბასილაიას ოჯახის წევრებმა ხუთდღიანი შიმშილობის შემდეგ საპროტესტო აქცია გაეროს ოფისთან გუშინ დროებით შეწყვიტეს. მათ გაეროს სამშვიდობო მისია უმოქმედობაში დაადანაშაულეს და დაკავებულთა გასათავისუფლებლად ორდღიანი ვადა მისცეს...

ახალი ამბები