კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რაზე საუბრობს გურამ შარაძის მკვლელობის ათობით მოწმე და რას ამტკიცებს „დამონტაჟებული“ ფირი?

6 მარტი, 2008
 რუსუდან შარაძე
ნონა სუვარიანი, თბილისი

გურამ შარაძის მკვლელობიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. გამოძიებამ საკუთარი „მისია“ შეასრულა და მკვლელიც დაიჭირა. თუმცა ის, ვინც გამოძიებისთვის მკვლელია, შარაძეების ოჯახისთვის უდანაშაულო ადამიანია. გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს დღემდე არ სჯერა რომ მამა გიორგი ბარათელმა მოკლა. რა გაარკვია რუსუდან შარაძემ ერთი წლის შემდეგ? რაზე საუბრობს მკვლელობის ათობით მოწმე და ვიდეოფირი? გთავაზობთ რუსუდან შარაძესთან ინტერვიუს.

ჟურნალისტი: რა გაარკვიეთ მკვლელობის შემდეგ? რატომ ხართ დღემდე დარწმუნებული, რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს?

რუსუდან შარაძე: ხელისუფლებამ გურამ შარაძის მკვლელობის პირველივე წუთიდან უბინძურესი ჭორები გაავრცელა, ეს ფაქტების ჩაფარცხვას ემსახურებოდა, თითქოს ეს პოლიტიკური მკვლელობა არ იყო. პირველივე წამებიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სწორედ პოლიტიკური მკვლელობა იყო. როდესაც ეჭვმიტანილად გიორგი ბარათელი დაასახელეს, ამაში უფრო დავრწმუნდი. მას კარგად ვიცნობ. თავიდან ეს ჩემი შინაგანი რწმენა იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც უამრავ მოწმეს შევხვდი, საბოლოოდ დავრწმუნდი. მკვლელობას ათეულობით მოწმე ჰყავს. ის ადამიანები, რომლებიც მელიქიშვილის, შანიძის, ხორავას ქუჩებზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე და ჩიხში იყვნენ. აღარ ვსაუბრობ ბარნოვის ქუჩაზე, მრგვალ ბაღზე, სადაც ბარათელი დააკავეს. გარდა ამისა არსებობს „ალდაგის“ ფირი, დაჩეხილი, დამონტაჟებული, გაფუჭებული, მაგრამ სიმართლის დასადგენად მაინც ვარგისი.

მოწმეებმა მელიქიშვილზე, შანიძეზე, პეტრიაშვილზე ნახეს სხვა ადამიანი, სხვა მკვლელი, რომელიც ფიზიკური მონაცემებით გიორგი ბარათელისგან რადიკალურად განსხვავდება. საქმეში არის ორი მკვლელი: რომელიც მას უკან მისდევდა, პირველად გაისროლა და მამა ადგილზევე მოკლა, მეორე მკვლელი, რომელიც მას ადგილზე ელოდებოდა და ორი საკონტროლო გასროლა მოახდინა. რაც მთავარია, გიორგი ბარათელი მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ შანიძის და ხორავას გადაკვეთაზე ნახეს. ის „სცენაზე“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ორივე მკვლელი სამშვიდობოს გავიდა. ამის მოწმეც არსებობს.

ჟ: მოწმეებზე როგორ გახვედით?

რ.შ: მოწმეებმა თავად მომაკითხეს. ზოგი ჩემი, ზოგი დედ–მამის ძველი ნაცნობი იყო. სრულიად უცნობი ადამიანები მაკითხავდნენ. მეუბნებოდნენ, გამოვალთ და ვიტყვით, რაც ვნახეთ. მაგრამ, ხომ გესმით, იმ ქვეყანაში, სადაც პრემიერ მინისტრს კლავენ, გურამ შარაძეს ქუჩაში ხვრეტენ, რიგითი ადამიანის სიცოცხლე დაცული არ არის. მათ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა როგორ ავიღო? 

ჟ: რას გიყვებოდნენ ეს ადამიანები? რა არის აღბეჭდილი „ალდაგის“ ფირზე ისეთი, რამაც დაგაეჭვათ?

რ.შ: ისინი დაინახეს, და ეს აღბეჭდილია ფირზეც, მამას უკან მისდევს გიორგი ბარათელზე ორი თავით მაღალი, მხარბეჭიანი, გრძელ სახელოებიანი, ფართხუნა ქურთუკიანი ადამიანი. ის, გიორგი ბარათელივით, მელოტი არ არის. ფირი პოლიციაში ექვსი საათის განმავლობაში ვარჩიე. მივა, მაგალითად, მამა ხესთან, გავაკეთებ სტოპკადრს და ჩანს, უკან მამაზე ერთი თავით მაღალი ადამიანი მისდევს. მამა მეტრი ოთხმოცი იყო. ბარათელი კი დაახლოებით მეტრი და  ორმოცდაჩვიდმეტი სანტიმეტრი. ეს აღსაქმელად ძალიან რთულია, რადგან ფირი დამონტაჟებულია. 400–ზე მეტი კადრია ამოჭრილი. ტელევიზიასთან შეხება მქონდა და გარკვეული გამოცდილება მაქვს. მათ რომ ჰგონიათ, ყველა მათნაირი დაუნია, ასე არ არის. ფირი ტაიმ კოდებით გავარჩიე. დაკარგული კადრების უმეტესობა მკვლელობას ასახავს. არ ჩანს, მეორე ტყვიას ვინ ახლის, მაგრამ კარგად ჩანს, რომ  მამას ვიღაცა ელოდება. მეორე მკვლელს, რომელმაც მამას შანიძის და მელიქიშვილის კუთხეში ელოდებოდა, ზუსტად იქ, სადაც მკვლელობა მოხდა, მოკლემკლავიანი მუქი ფერის პერანგი აცვია. დაახლოებით ისეთივე აღწერილობის არის, როგორც პირველი.“ მაღალი, ავაზასავით, ლომივით ტიპი“, ეს მოწმის სიტყვებია.

კიდევ ერთი მოწმე, რომელმაც უშუალოდ ნახა, როგორ დაახალეს მამას ტყვია, ამბობს, რომ  მკვლელს მუქი ფერის პერანგი ეცვა. ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა.

ბარათელი შანიძის და ხორავას კუთხეში ნახეს. ის დინჯი ნაბიჯებით პეტრიაშვილის ქუჩისკენ მიემართებოდა, სადაც 15 წუთის წინ მკვლელმა აირბინა. მას უჯრებიანი პერანგი ეცვა, რომელშიც ხაკისფერი ერია. დაკავებისას  მას აშკარად სხვისი პერანგი ჩააცვეს, გრძესახელოებიანი. ბარათელს ეს პერანგი ხალათივით ჰქონდა. პოლიციის მობილიზება მაშინ მოხდა, როდესაც მკვლელი სამშვიდობოს გასცდა.

ყველას უჩნდება კითხვა, რატომ მოხდა ეს  მკვლელობა კამერის წინ? საქართველოში ხალხი უკვე მიეჩვია იმას, რომ ხელისუფლება იტყვის ეს შავია და ყველა დაუჯერებს. ირაკლი ბათიაშვილი რის საფუძველზე დააკავეს? ის, რაც მისთვის ალიბი იყო, მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს.

ყოველ კვირა დღეს მამა მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და როგორც წესი, თუ ქვეყანა არ იქცეოდა, ერთსა და იმავე დროს ბრუნდებოდა სახლში. მას ჰქონდა ერთი და იგივე მარშრუტი, გადადიოდა ქაშუეთის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს და იქიდან ბოლომდე მოდიოდა. ფირის ყურებისას კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მითხრა, ეს არაფერი არის, თუ არა მკვლელობის აქტის დადასტურება. მე ამ სიტყვებში მაშინვე დავინახე ოფიციალური ვერსია. ფირი იყო მხოლოდ დადასტურება. შემდეგ, როდესაც დაინახეს, რომ ჩვენ ამ ფირის გარჩევა დავიწყეთ, ის უვარგისად გამოაცხადეს.

პირველივე წუთიდან, ჯერ გამოძიებისგან და შემდეგ სასამართლოსგან ვითხოვდით, რომ მკვლელობის ინსცენირება მომხდარიყო. ბარათელს ისევ ის ადგილი გაევლო, და ეს „ალდაგის“ კამერას გადაეღო. შემდეგ ამ ორ ჩანაწერს შევადარებდით. რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილეს. ფირი მკვლელობიდან 45 დღის შემდეგ მაჩვენეს. ჩემი უდიდესი მცდელობის მიუხედავად, ფირი არაფრით არ გადმომცეს.

ჟ: რატომ მაინცდამაინც გიორგი ბარათელი? ამ კითხვას ალბათ ხშირად გისვამენ, თუმცა უცნაურია, რატომ გავიდნენ მაინცდამაინც ბარათელზე და არა სხვა ვინმეზე?

რ.შ: ის ჩემს ძმასთან იყო დაკავშირებული. მე ვერავის მომიჩხრეკდნენ. უფროსი ძმა ლოგინში მძინარე მომიკლეს. თავად მამას ვერაფერს მოუძებნიდნენ. მთელი ცხოვრება ისე იცხოვრა, რომ პრინციპებს არ ღალატობდა.
თან ბარათელისთვის ციხე უცხო არ იყო. ის არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს. მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ცნობილი სახეების მიერ აქცია ჩატარდა. მაშინ კოლონიიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს. ბარათელი კოკა ყანდიაშვილის კუთვნილ სტუდია „აუდიენციას“ მიამაგრეს, სადაც ჩემი ძმა, გიორგი, მთავარი რეჟისორი იყო.  საერთოდ, ბარათელი, როგორც ოპერატორი ჩემმა ძმამ კოკა ყანდიაშვილთან ერთად გაზარდა.

დაპირისპირება ჩემ ძმასა და გიორგი ბარათელს შორის არ ყოფილა. 7 წლის წინ ისინი შვეიცარიაში იყვნენ და ეს ბუნდოვანი გაურკვეველი დრო გამოიყენეს. მაშინ ჩემი ძმა, გიორგი, შვეიცარიაში საქართველოს საკონსულოში კულტურის ატაშედ მუშაობდა. მისი საქმიანობა ტელევიზიებს უკავშირდებოდა, გრიგოლ რობაქიძეზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა. რამდენიმე კვირის მანძილზე დამხმარე ოპერატორად ბარათელი ჰყავდა. როდესაც ბარათელი თბილისში უნდა დაბრუნებულიყო, შეგნებულად მაღაზიაში ქურდობა ჩაიდინა. პროფესიონალი ოპერატორმა, ბარათელმა იცოდა, რომ მაღაზიაში კამერები იყო დამონტაჟებული, ამაზე ჩემი ძმაც მიუთითებდა. ის დააკავეს. მას უბრალოდ დაბრუნება არ უნდოდა. ეს მოხდა 2000 წელს. მას შემდეგ, რაც ბარათელი საქართველოში დაბრუნდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემ ძმას ის თვალით არ უნახავს. ამაზე, სხვათა შორის, გამოძიება არც დაობს.

ჟ: თავიდანვე მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე იყო საუბარი. დრომ რა გვიჩვენა, რომელმა გაამართლა?

რ.შ: ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. ზოგადად, ეს მოხდა მამის მოუსყიდველი ხასიათის გამო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მამა ყველა ტელევიზიის მიერ იყო დაბლოკილი. მაინც ვერ გააჩერეს. ხან რას უგონებდნენ და ხან რას. იყო თითო-ოროლა გაზეთი,  სადაც იბეჭდებოდა. აკადემიკოსი კაცი ორჯერ დააპატიმრეს. მიზეზი კიდევ იყო ბიოლოგიური ზიზღი მიშა სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილის, გივი თარგამაძის მიმართ. საზოგადოებას ემახსოვრება, რას უშვრებოდა მამა ამ ხალხს.

ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა და ეს მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში გამოჩნდა, საქართველოში თურქი მესხების ჩამოსახლება. დღეს თუ არ არიან ისინი ჩამოსახლებულები, გურამ შარაძის დამსახურებაა. მოგეხსენებათ, ის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რომლის უშუალო პროფილი მათი შემოყვანა იყო. მას დოკუმენტები ჰქონდა ხელში, საიდანაც ჩანდა, რომ მესხებთან და ქართველებთან არანაირი შეხება არ  ჰქონდათ, ამას ისინი თავად აღიარებდნენ. მამის მკვლელობის შემდეგ ეს საკითხი ამერიკაში სომხურმა ლობმა „დაბლოკა“.

კიდევ ერთი მიზეზი საფრანგეთის ლევილის მამულის გაყიდვის საკითხი იყო, რომელსაც მამამ მთელი სიცოცხლე შესწირა. ამას ემატება ის, რომ ხელისუფლება მწერალთა კავშირის გამოყრას გეგმავდა. ასევე „სამშობლოს“ გამომცემლობიდან ათობით რედაქციის დახურვას და გამოყრას გეგმავდა. მამა კი ამას არ მოითმენდა.

ხელისუფლებას კი ზედმეტი პრობლემა არ უნდოდა. ამას პირადი ზიზღიც ემატებოდა, ბოღმა, რომ წლების განმავლობაში მათ ამარცხებდა.

მაგალითად, სხვებთან ერთად სასამართლოში სარჩელი შეიტანა ნოდიას წინააღმდეგ, რომელმაც თავის ცოლს გრანტის სახით უზარმაზარი თანხა გადასცა.


ჟ: გურამ შარაძის მკვლელობა არის ერთ-ერთი იმ გახმაურებული მკვლელობებიდან, რომლებსაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. როდის ხდება საჭირო პოლიტიკური მკვლელობა? აქვთ თუ არა რამე საერთო ამ მკვლელობებს?

რ.შ: ხელისუფლება ზუსტად იმ მომენტებში კლავს პოლიტიკურ ოპონენტებს, როდესაც გადამწყვეტი მომენტია. მე არ ვადარებ ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძეს, ბადრი პატარკაციშვილს ერთმანეთს. მათ ჰქონდთ მოღვაწეობის სხვადასხვა სფერო. ისინი არიან განსხვავებული პიროვნებები. ფაქტია, სამივე მოკლულია ხელისუფლების მიერ. სამივე უშლიდა ხელს. ზურაბ ჟვანია თავის გავლენით, ნიჭით. არასოდეს ვყოფილვარ მათი მეხოტბე, მაგრამ მათ პატივს ვცემდი, როგორც ნიჭიერ ხალხს. გურამ შარაძე უფრო ეროვნული მხრიდან უშლიდა მათ ხელს. მას ხალხზე დიდი გავლენა ჰქონდა. პატარკაციშვილიც მათ კისერს მოუმტვრევდა. ამიტომ მოკლეს.

ახალი ამბები