კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

5 წელი ციხე ნაგავსაყრელზე ჯართის პოვნისათვის

6 მარტი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

I ჯგუფის ინვალიდს, 38 წლის თამაზ ნადირაშვილს, ნაგავსაყრელზე ჯართის პოვნისათვის, გურჯაანის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. შრომისუუნარო ინვალიდი, რომელიც სასჯელს თბილისის #5 საპყრობილეში იხდის, შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს. პატიმარს ორი ბავშვი ჰყავს, 15 წლის გოგონა და 6 წლის ბიჭი. ორივე მათგანი ეპილეფსიის მძიმე ფორმით არის დაავადებული.

თამაზ ნადირაშვილი ჯართს შვილების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების შესაძენად და ოჯახის სარჩენად აგროვებდა. „ბებიის დანატოვარ სახლში ვცხოვრობდით, სოფელ გურჯაანში. ძალიან გვიჭირდა, რის გამოც სიღარიბის დაძლევის პროგრამაშიც მოვხვდით, მაგრამ 66 ლარი, ერთი ბავშვისთვის სამყოფი მედიკამენტების შესაძენადაც არ გვყოფნიდა. ფიზიკურად ვმუშაობდი, რომ სახლში პური მაინც გვქონოდა. 2004 წლის აგვისტოში ნასვამმა ბიჭებმა თავში რკინა ჩამარტყეს. ძალიან დიდხანს ავად ვიყავი. თავის ქალა მაქვს გატეხილი. სიკვდილს ძლივს გადავურჩი. ჩემი მუშაობა არ შეიძლებოდა, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. ვერ ვუყურებდი, მედიკამენტების გარეშე როგორ დაიტანჯებოდნენ ჩემი შვილები. გასული წლის გაზაფხულზე, მე და ჩემი ძმა, მეუღლეებთან და შვილებთან ერთად, სოფლის ბოლოს, ხევში, ენდროს მოსათხრელად წავედით. ვიფიქრეთ, სააღდგომოდ ენდროს გავყიდდით და ცოტა ფულს ვიშოვიდით. მუშაობისას, ტრაქტორით გათხრილ თხრილებს მივადექით, სადაც რკინის მილების ნამტვრევები ეყარა. როცა ვაგროვებდით, მწყემსებმა გვითხრეს, რომ ჯართი „გურჯაანის წყალკანალის“ საკუთრება იყო და არსად წაგვეღო. მათ ნათქვამს დავემორჩილეთ და ენდროს მოთხრა გავაგრძელეთ. რამდენიმე საათში, პოლიციის თანამშრომლები დაგვადგნენ და განყოფილებაში წამიყვანეს. პოლიციაში მითხრეს, რომ ქურდობა ჩავიდინე, რის გამოც დამაპატიმრებდნენ. ვცდილობდი, ამეხსნა, რომ ჯართი არსად წამიღია და ისევ იქ ეყარა, სადაც ავკრიფე, მაგრამ ბრალი მაინც წამიყენეს“, - ამბობს თამაზ ნადირაშვილი.

სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა და ნადირაშვილს, წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა, 2 ათასი ლარის ოდენობით. „ფული მეზობელმა იმ პირობით გვასესხა, რომ თუ ექვს თვეში ვერ გადავუხდიდით, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია მისი საკუთრება გახდებოდა. ამიტომ მეც და ჩემი მეუღლეც, ყოველდღე ვმუშაობდით, რომ თანხა გადაგვეხადა. ნაკვეთებიც გავყიდეთ. ცოტაოდენი თანხა მშობლებმა მომცეს, რომლებიც ერთ-ერთი გაუქმებული საწარმოს საყარაულო ოთახში ცხოვრობენ და ვალი გადავიხადე. ამის შემდეგ კიდევ უფრო გამიჭირდა. 2007 წლის 19 აპრილს მამაჩემთან წავედი. მინდოდა, მისთვის პურის ფქვილის შესაძენად 5 ლარი გამომერთმია, რადგან ბავშვები მშივრები იყვნენ. მამაჩემი ადგილზე არ დამხვდა. სხვისი საქონელი ჰყავდა საბალახოდ. მისი მოძებნის დროს ნაგავსაყრელზე, ბუჩქებში ჯართი შევნიშნე. ძალიან მძიმე იყო. ჩემს უმცროს ძმას დავუძახე და დახმარება ვთხოვე. დავამტვრიეთ და მანქანით ჯართის მიმღებ პუნქტში წავიღეთ. გზაში პოლიციის თანამშრომლები შეგვხვდნენ. გვკითხეს, რა იყო და სად მიგვქონდა. ვაჩვენეთ რაც იყო და მაშინვე პოლიციაში წამიყვანეს. მოგვიანებით, განცხადება დააწერინეს ყოფილი ბინათმშენებლობის დირექტორს მირიან კუპრაშვილს და დამაკავეს“, - მოგვითხრობს ნადირაშვილი.

სისხლის სამართლის საქმეში არსებული მირიან კუპრაშვილის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მან საწარმოს ტერიტორიიდან დაკარგა კოშკურა ამწის სავალი ნაწილი, რის გამოც პოლიციას სთხოვდა რეაგირებას. კუპრაშვილმა დაკარგული ნივთი 150 ლარად შეაფასა. ამის მიხედვით პროკურატურამ თამაზ ნადირაშვილს ბრალი სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დასდო. საბრალდებო დასკვნაში, რომელსაც ხელს გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით ანდრიაშვილი აწერს, მოცემულია, რომ თამაზ ნადირაშვილმა დაზარალებულ ორგანიზაციას 150 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

საქმის სასამართლო გამოძიებისას, მოსამართლისთვის მიცემულ ჩვენებაში მირიან კუპრაშვილი განმარტავს, რომ ზუსტად არ იცის პოლიციელების მიერ, ნადირაშვილისთვის ჩამორთმეული რედუქტორი, ნამდვილად ბინათმშენებლობის კუთვნილი ამწისაა თუ არა. „რედუქტორს არც ნომერი აქვს და არც რაიმე განსხვავებული ნიშანი, რომლითაც ამოვიცნობდი, რომ ის ნამდვილად ჩვენი ქონების ნაწილია“, - მიუთითებს კუპრაშვილი და იქვე დასძენს, რომ 1995 წლიდან, ბინათმშენებლობა დაექვემდებარე ქონების მართვისა და პრივატიზების სააგენტოს. აქედან გამომდინარე, სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა სააგენტოს წარმომადგენელი ალექსანდრე წიქარიშვილი. მან აჩვენა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ქონება შეტანილია საპრივატიზაციო ნუსხაში და წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. წიქარიშვილმაც ვერ დაადასტურა, იყო თუ არა ნაპოვნი ჯართი აღნიშნული ორგანიზაციის ქონება. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ისე წაუყენა თამაზ ნადირაშვილს ბრალი მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მუხლით, რომ არ მომხდარა ჯართის სასაქონლო შეფასება ექსპერტიზის მეშვეობით.

მიუხედავად ამისა, მოსამართლე ლია ოთარაშვილმა თამაზ ნადირაშვილი დამნაშავედ სცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პატიმრის თქმით, განაჩენის გამოტანამდე მას არაერთხელ შესთავაზეს, ეღიარებინა დანაშაული, სანაცვლოდ, პროკურატურა მასთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდა, რაზედაც ნადირაშვილმა უარი თქვა. „პროკურატურა 5 ათას ლარს მთხოვდა. მხოლოდ ამ თანხის გადახდის შემდეგ შეცვლიდნენ დანაშაულის კვალიფიკაციას და პირობით სასჯელს მომისჯიდნენ. ამდენი ფული არც მე და არც ჩემს ახლობლებს, საერთოდ არ გვინახავს. სახლიც რომ გამეყიდა, იმ ქოხში, სადაც ისევე წვიმს, როგორც გარეთ, ათას ლარზე მეტს არავინ გადამიხდიდა. ჩემმა მეუღლემ პროკურორ ანდრიაშვილს ჩემი ავადმყოფობის ისტორია და სიღატაკის დამადასტურებელი მოწმობა მიუტანა, პროკურორმა კი მას მათხოვარი უწოდა და სამუშაო ოთახიდან გააგდო. აქ ნუ ტირიხარ, დამკრძალავი ბიურო კი არ არისო“, - ამბობს პატიმარი.

იურისტების დახმარებით, თამაზ ნადირაშვილმა რაიონული სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და გამართლება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. მოსამართლე მაია თეთრაულმა ადგილობრივი სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა.

პატიმარმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ნეიროქირურგიის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, მძიმედ ავად არის, შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, განიხილა თუ არა შეწყალების კომისიამ ნადირაშვილის განცხადება.

მამის დაპატიმრების შემდეგ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. პროტესტის ნიშნად, დედა, შვილებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ შიმშილობის დაწყებას აპირებს.

ახალი ამბები