კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის უფროსის მოადგილეს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ

8 მარტი, 2008
გელა მთივლიშვილი, გურჯაანი

მოქალაქე გელა კუტიბაშვილი, სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ოთარ დიღმელაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ცემის შედეგად კუტიბაშვილმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მოტეხილი აქვს 8 კბილი, აღენიშნება - ტუჩზე ნახეთქი ჭრილობა და ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა. დაზარალების მიუხედავად, სამართალდამცავებმა, დაუმორჩილებლობის მიზეზით, ის მაინც დააკავეს. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს 7 დღე – ღამით პატიმრობა მიუსაჯა. 6 მარტს, საღამოს, დაკავებულთან შესული ადვოკატი, რაიონული პროკურორის დავალებით, სამართალდამცავებმა გარეთ გამოაძევეს.

1 მარტს, ღამით ოთარ დიღმელაშვილმა, პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქე გელა კუტიბაშვილს მანქანის გაჩერება მოსთხოვა. მას საფულე ჩამოართვეს, სადაც საბუთები იყო მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავები პოლიციის მანქანით არ პატრულირებდნენ და არც უნიფორმა ეცვათ. საფულის დაბრუნების შემდეგ გელა კუტიბაშვილმა შენიშნა, რომ თანხა, 250 ლარი, ამოღებული იყო. მან პოლიციელებისგან ფულის დაბრუნება ითხოვა, რის გამოც სამართალდამცავებმა მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აგინეს, შემდეგ კი პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ დიღმელაშვილი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

,,პოლიციის თანამშრომლები ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ. ლანძღვა - გინების შემდეგ, ძალით ჩამსვეს მანქანაში, რა დროსაც ოთარ დიღმელაშვილმა მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რამდენჯერმე სახე ავტომანქანის ძარაზე დამარტყმევინა“, - ამბობს გელა კუტიბაშვილი.  ცემის შედეგად მან სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.  ამ ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა ის დააკავეს.

,,პოლიციის უნიფორმაში მყოფ თანამშრომლებს ბილწი სიტყვებით გვაგინებდა. არ დაემორჩილა ჩვენს მოთხოვნებს, წარმოედგინა თავისი ვინაობის, აგრეთვე ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. მთვრალი იყო,  ამის გამო პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდომისას ნიკაპი ავტომანქანის ძარას ჩამოჰკრა და სახე დაიზიანა. ჩვენ არ გვიცემია“, -  აღნიშნავენ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში სამართალდამცავები.

მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილმა დაკავებულს 7 დღე – ღამით პატიმრობა შეუფარდა. გელა კუტიბაშვილი ამჟამად სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ათამდე პოლიციელი იცავს. გუშინ, 6 მარტს, საღამოს, მასთან მისულ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატს ლია ხუროშვილს სამართალდამცავები ერთი საათის განმავლობაში, დაკავებულთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით, ადვოკატმა კუტიბაშვილთან შეხვედრა შეძლო, თუმცა სიღნაღის რაიონული პროკურორის იოსებ გულაშვილის ზეპირი ბრძანებით, ადვოკატი საავადმყოფოდან რამდენიმე წუთში გააძევეს.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კუტიბაშვილს ამ დრომდე არ ჩატარებია სამედიცინო ექსპერტიზა. ის სპეციალურ გამოკვლევას საჭიროებს, რასაც უკანონო პატიმრობის გამო ვერ ახერხებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

ახალი ამბები