კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მოქალაქე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ

11 მარტი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

რუსული პოლიციის თანამშრომლებმა, ოთხი შვილის დედა, 31 წლის ლია შიოშვილი, 2006 წლის 20 ოქტომბერს, ქალაქ რუზაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ისე, რომ არავისთვის შეუტყობინებიათ, 8 თვის ფეხმძიმე  ქალბატონი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, პოლიციის რაიონული განყოფილების წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოკეტეს.

სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2006 - 2007 წლებში რუსეთიდან საქართველოში 7004 მოქალაქე დეპორტირებული. იურისტების შეფასებით, დეპორტაცია, ევროკონვენციის მუხლების უხეში დარღვევით განხორციელდა. ამის გამო, საქართველომ, დეპორტირებული ქართველების უფლებების დასაცავად, რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სარჩელი შეიტანა. მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სტრასბურგის სასამართლოს ინდივიდუალურად, დეპორტირებულებმაც მიმართეს. სასამართლომ განხილვისთვის დასაშვებად უკვე სცნო მოქალაქე ლია შიოშვილის სარჩელი.

რუსეთის ფედერაციიდან ქართველთა მასობრივი დეპორტაცია, საქართველოში რუსი ოფიცრების დაკავებასა და შპიონაჟში დადანაშაულებას მოჰყვა. რუსეთის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები, ქართველებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აკავებდნენ და საქართველოში სატვირთო თვითმფრინავებით აგზავნიდნენ. ქართული წარმოშობის ადამიანები დევნას განსაკუთრებით მოსკოვსა და მის მეზობელ ქალაქებში განიცდიდნენ. დაკავებულთა შორის მრავლად იყვნენ ეროვნებით ქართველი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც, რომელთაც ყველა სახის დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ...

„მანამდეც, მაგრამ 2006 წელს განსაკუთრებით, ქართულ – რუსული დაპირისპირების გამო, უკვე აშკარა გახდა, რომ რუსეთის ფედერაციაში ქართველები ვიდევნებოდით. ჩვენზე ნადირობა გამოცხადდა. ქუჩაში საკვების შესაძენადაც ვეღარ გავდიოდით და დახმარებას იმ ქართველებს ვთხოვდით, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა, ბოლო დროს, პრობლემები მათაც შეუქმნეს. ოფიციალური მიზეზების არ ქონის მიუხედავად, ეროვნებით ქართველებს, ქართული გვარის მქონე ან საქართველოში დაბადებულ ადამიანებსაც კი, რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს თანამშრომლები მასობრივად აკავებდნენ. არავითარ განმარტებებს არ გვაძლევდნენ და ძალიან ცუდად გვეპყრობოდნენ“, - ამბობს ლია შიოშვილი.

მისივე თქმით, როდესაც დააკავეს, რადგან პასპორტში უმცროსი ბავშვი ჩაწერილი არ ჰყავდა, ის წაართვეს.

„მეოთხე შვილი რუსეთში ცხოვრების დროს შემეძინა. მისთვის დოკუმენტების მოწესრიგება, სხავადსხვა მიზეზით ვერ შევძელი. პოლიცია, ძალიან დიდი ხვეწნა – მუდარის შემდეგ, იძულებული გახდა მოეცა საშუალება, რუსეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებიდან ბავშვისთვის დაბადების მოწმობა ამეღო. ბავშვი დავიბრუნე თუ არა, მაშინვე განმიცხადეს, რომ გათენებამდე, რუსეთის ფედერაცია აუცილებლად უნდა დამეტოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამაპატიმრებდნენ. რადგან 2006 წლის ნოემბერში, საჰაერო გზა უკვე დაკეტილი იყო, მეც და ჩემთან ერთად მყოფი სხვა დეპორტირებულებიც აზერბაიჯანის მატარებელში იძულებით ჩაგვსხეს“, - იხსენებს ლია შიოშვილი.

რუსმა სამართალდამცავებმა, დაღესტნისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ქალაქ ბაქოში მიმავალ მატარებელში მყოფი ქართველები ისევ დააკავეს.

„შეიარაღებული პოლიციელები მატარებელში ამოცვივდნენ და ხმამაღლა კითხულობდნენ, მგზავრთაგან ქართველები ვინ ვიყავით. საბუთები ყველას ჩამოგვართვეს. მე-10-ე ვაგონში რუსეთის მიგრაციის სამსახურის თანამშრომლები  იყვნენ, ამიტომ დახმარებისათვის მათ მივმართე, მაგრამ უკან რომ დავბრუნდი, ბავშვები ადგილზე აღარ დამხვდნენ. დაბლა ჩაეყვანათ. განწირული ხმით ტიროდნენ და ამით მოვძებნე. ის ღამე ღია ცის ქვეშ გავატარეთ. მეორე დღეს სასტუმროში ჩვენი ხარჯებით დავბინავდით. ჩვენთან ერთად 14 წლის ბიჭიც იყო, რუსეთიდან მარტო გამოაძევეს. საშინლად გაიტანჯა. დაახლოებით ორ კვირაში, ჩვენი ბაქოში გამგზავრება გადაწყდა. მეოთხე შვილს მაშინაც მართმევდნენ, დეპორტაციის ცნობაში სამი ბავშვი გიწერიაო. ერთად, ძლივს წამოვედით. აზერბაიჯანის ერთ-ერთი ქალაქიდან საქართველოს საზღვრამდე, რამდენიმე დღე ფეხით ვიარეთ“,- ამბობს დეპორტირებული ქალბატონი.

ხანგძლივი მგზავრობისა და ნერვული სტრესის გამო სამშობლოში ჩამოსულ ლია შიოშვილს და მის შვილებს დღემდე მკურნალობა სჭირდებათ, რასაც მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ.

„2006 წლის 15 დეკემბერს გურჯაანის რაიონულ სამშობიარო სახლში ვიმშობიარე. ბავშვი მკვდარი დაიბადა. ექიმმა მითხრა, რომ ეს ყველაფერი ნერვიულობის შედეგად დამემართა. 3 წლის დოდო, ფსიქო – ნევროლოგის დახმარებას და შესაბამისი კურსის გავლას საჭიროებს. ფინანსური დახმარებისათვის არაერთხელ მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ“, - ამბობს ლია.

2007 წლის 26 მარტს, დეპორტირებული ქართველების უფლებების დასაცავად, საქართველომ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ეს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ პირველია, როცა მეზობელ ქვეყანას თავის დაცვა სახელმწიფოს წინაშე მოუწევს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, ქართულ მხარეს უკვე გადასცა შესაგებელი, სადაც საქართველოს პრეტენზიები უსაფუძვლოდ არის შეფასებული. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს იმის აღიარებას, რომ 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაგეგმილი არ იყო და ეთნიკური ნიშნით არ მომხდარა.

ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობის გამოცდილება აქვს, მიიჩნევს, რომ სარჩელი „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საგნად იქცეს.

„როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამ სარჩელზე მუშაობდა, მე გამოვთქვი სურვილი, რომ მონაწილეობას მივიღებდი განაცხადის მომზადებაში, რაზეც უარი მითხრეს. ვფიქრობ, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რა დარღვევებზეა სარჩელში საუბარი და რას ითხოვს მოსარჩელე. რადგან ეს ასე არ არის, მიმაჩნია, რომ საქართველოს საქმის მოგების ინტერესი კი არ აქვს, არამედ გარკვეული მოლაპარაკებისათვის ემზადება. თუ ევროსასამართლოში თავად დეპორტირებულების მიერ წარდგენილი სარჩელები კარგად არის დასაბუთებული და მასში დამაჯერებლადაა მოყვანილი ევროკონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტალური უფლებების დარღვევის ფაქტები, მას მოგების უფრო მეტი შანსი აქვს“, - აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია.

საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, დღის წესრიგში, 2008 წლის ივლისამდე შეტანილი არ აქვს.

კანონის მიხედვით, მხარეებს მორიგება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, რის შემდეგაც უფლება აქვთ, ევროსასამართლოს, საქმის განხილვიდან ამოღება სთხოვონ.

ახალი ამბები