კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგი თუ ოჯახური ტრაგედია?

12 მარტი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის  საქმეთა პალატა ერთ ოჯახურ  ტრაგედიად ქცეულ პროცესს იხილავს. საქმე ახალდაბადებულის შვილება-გაშვილებას ეხება. მართლმსაჯულება ცდილობს დაადგინოს, მიანიჭოს თუ არა საქმეს ტრეფიკინგის კვალიფიკაცია.

ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვილის დედას, ბებიას, ორ პიროვნებას, რომლებმაც ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს და შუამავალს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ისტორია კი ასეთია: 22 წლის გოგონა მოულოდნელად დაფეხმძიმდა. როცა ოჯახმა ამის შესახებ შეიტყო და აბორტის გაკეთება გადაწყვიტა, გვიანი იყო. ბევრი წინააღმდეგობისა და ნერვიულობის შემდეგ ბავშვი დაიბადა და დედამ (ოჯახის გადაწყვეტილებით) მისი გაშვილება გადაწყვიტა.

''უამრავი ოჯახია, რომელიც ბავშვის აყვანაზე წლების მანძილზე ოცნებობს. მეგონა, რომ ერთ ასეთ ოჯახს გავახარებდი. მე კი ამით გაჭირვებითა და სირცხვილით გამოწვეულ განსაცდელს თავიდან ავიცილებდი. არ მეგონა ასეთი უსამართლობა  თუ დამატყდებოდა თავს, თორემ თავს გავუჭირვებდი და ჩემს შვილს როგორმე მოვუვლიდი. ახლა უკიდურეს მდგომარეობაში ვარ და მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს“, - ამბობს ბრალდებული დედა, რომელიც გვთხოვს, მისი გვარ-სახელის დასახელებისგან თავი შევიკავოთ. ისე კი, სურს ეს ტრაგიკული ისტორია ყველამ გაიგოს და თუ სასამართლომ ვერ, საზოგადოებამ მაინც გადაწყვიტოს, მისი საქციელი ტრეფიკინგის შემთხვევა იყო თუ სხვა, უფრო მსუბუქი სახის დანაშაული.

ნაადრევად ნამშობიარევ ქალს მხსნელად სამშობიაროში შემთხვევით მყოფი წვრილმანებით მოვაჭრე ქალბატონი გამოუჩნდა და უთხრა, რომ ერთი მისი ახლობელი ოჯახი ბავშვის აყვანას დიდი ხანია ფიქრობდა. საკითხი მარტივად გადაწყდა: 22 წლის დედამ, რომელსაც სამშობიაროდან გაწერისთვის საჭირო თანხა, 450 ლარი არ ჰქონდა, ჩვილის ''საფასური'' შვილი გასაყიდად გაიმეტა. სამშობიაროდან გასულ დედას, ბავშვის მშვილებლებსა და შუამავალს სულ რამდენიმე წუთში პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს და დააკავეს. მოგვიანებით საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა.  დაცვის მხარე მოითხოვს, რომ განსასჯელთა ქმედება არ შეფასდეს როგორც ტრეფიკინგის შემთხვევა.

''ქალი, რომელიც ცდილობდა ოჯახს შვილის აყვანაში დახმარებოდა, ბუნებრივია, ვერ აცნობიერებდა, რომ მისი ქმედება კანონით დასჯად მძიმე დანაშაულს წარმოადგენდა. იგი ყიდვა-გაყიდვის პროცესს კი არ აწარმოებდა, არამედ, ეხმარებოდა ამ ტრაგედიის მონაწილე ორივე მხარეს. ბავშვის დედას შვილის გაშვილება სურდა, რადგან ოჯახში დედის ამპლუაში ვერ დაბრუნდებოდა. ის ასევე ცდილობდა დახმარებოდა ოჯახს, რომელსაც შვილი არ ჰყავდა. საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე, აღნიშნული საქციელის ტრეფიკინგად შეფასება  არათუ განსასჯელებს და მათ ახლობლებს, იურისტებსაც გაუმართლებლად მიაჩნიათ. ამიტომაც მოვითხოვთ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას'', - ამბობს შუამავალი ქალბატონის ადვოკატი ეკა ლატარია.

გამამართლებელი განაჩენისთვის იბრძვის ახალდაბადებულის დედის ადვოკატი მაია წერეთელიც. მისი განმარტებით, პროკურორის მოთხოვნა, ბავშვის დედა და ბებია დაისაჯონ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143/ 2-ე მუხლის მეორე ნაწილით, უსაფუძვლოა. ''მათ მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც შეეფერება მათი ქმედების ხასიათს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და მისი ღირსების დამცირება. ყოველივე აქედან გამომდინარე, მოვითხოვ სასამართლომ გაითვალისწინოს რიგი გარემოებები და დედას სასჯელი შეუმსუბუქოს'', - აცხადებს მაია წერეთელი.

აღნიშნულ საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უახლოეს დღეებში განიხილავს.

ახალი ამბები