კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" მხარდამჭერთა სიები გაიტაცა

14 მარტი, 2008
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" 30 000 მხარდამჭერთა სია 9 მარტს ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალიდან გაქრა. თბილისის მიმართულებით მიმავალი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი აბაშის რაიონთან ორმა პირმა გააჩერა და დოკუმენტები იძულებით გამოსტაცა. "თავისუფლების" რეგიონალურმა წამომადგენლებმა აბაშის პოლიციის განყოფილებას საჩივრით უკვე მიმართეს.

ინცინდენტი სამეგრელოს ცენტრალურ საავტომობილო ტრასაზე 9 მარტს, დაახლოებით დღის პირველი საათისათვის მოხდა. ზუგდიდი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს უცნობი პირები ჯერ ტელეფონით დაუკავშირდნენ, შემდეგ კი ხობის რაიონის სოფელ ხამისქურთან გაჩერება აიძულეს. რეზო არჩაიას პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" მხარდამჭერთა ის სიები წაართვეს, რომელიც რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თენგიზ გერგედავამ თბილისის ცენტრალურ ოფისში საგანგებოდ გააგზავნა, თუმცა როგორც მოგვიანებით, დაახლოებით ნახევარ საათში აღმოჩნდა, მძღოლს დოკუმენტები აერია და გამტაცებლებს შემთხვევით სხვა პაკეტი გადასცა.

"ოპელის" მარკის ავტომანქანით ორი პირი სამარშრუტო ტაქსს უკვე აბაშაში დაეწია, მძღოლს კვლავ გაჩერება და დოკუმენტების გადაცვლა მოსთხოვა.

რეზო არჩაია: "უცნობმა პირებმა ჩემს მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე დარეკეს, გაჩერება მაიძულეს. Oორივემ დოკუმენტის კონკრეტული ადრესატი - შორენა, დამისახელა. მათ თენგიზ გერგედავაც მიხსენეს, ვინც ზუგდიდიდან საბუთების შეკვრა გამატანა. ეჭვი მხოლოდ მაშინ შემეპარა, როდესაც თბილისში ჩასულს "თავისუფლებიდან" დამირეკეს და დოკუმენტების გადაცემა მთხოვეს..."

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" წევრებისათვის ცნობილი გახდა "ოპელის მარკის ავტომანქანაში მსხდომი ერთ-ერთი პირის მობილური ტელეფონის ნომერი 895 94 30 07.

შორენა ახალაია, იურისტი: "ნომერზე თავიდან გვპასუხობდნენ, გიორგი ცანავათი გამეცნო უცხო პირი, მაგრამ ამ ინციდენტთან კავშირი თავიდანვე კატეგორიულად უარყო. რამდენიმე წუთში კი მისი ტელეფონი ქსელიდან საერთოდ გამოირთო".


მოგვიანებით ცნობილი გახდა "ოპელის" მარკის ავტომანქანის სანომრე ნიშნები და ფერი - მუქი შინდისფერი. ხოლო ავტომანქანის ოფიციალური მფლობელი ქუთაისში, ჭავჭავაძის ქ. 46/3-ში მცხოვრები თენგიზ ჭულუხაძე აღმოჩნდა. გაირკვა ისიც, რომ იგი იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიმინალური განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელია.

პარტია "თავისუფლების" წევრების ვერსიით, შს სამინისტრომ ამგვარი სპეცოპერაცია სატელეფონო მოსმენის შემდეგ განახორციელა, რომელიც რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარესა და იურისტს შორის შედგა. თენგიზ გერგედავას განცხადებით  გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - სამარშრუტო ტაქსის მძღოლის, რეზო არჩაიას მობილური ტელეფონიდან ავტომატურად გაქრა ის ნომრები, რომელიც დღის 12.00-დან 14.00 საათამდე შევიდა.

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" ლიდერმა, კონსტანტინე გამსახუდიამ მომხდარი ფაქტი იმავე საღამოს, პარლამენტის წინ მიმდინარე შიმშილობის აქციიდან შეაფასა: "ეს არის ავაზაკური ქმედება, რომელიც შს სამინისტროს ახასიათებს. ეს არის ძალადობა და მცდელობა იმისა, რომ ხალხი შეაშინონ. ჩვენ მაინც დავრეგისტრირდებით მათი გულების გასახეთქად და ნუ ექნებათ იმედი, რომ ჩვენს წინააღმდეგ რამე გამოუვათ... ეს იყო "კუდის", "სოდის" ან შსს სხვა სტრუქტურის მიერ განხორციელებული ოპერაცია!"- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ახალი ამბები