კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თაღლითობის ბადეში დაკარგული სახლები

18 მარტი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

თაღლითური სქემის მსხვერპლს სესხად აღებული 2400 დოლარის ნაცვლად 210 ათას დოლარს ახდევინებენ. კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ასეთი გზით უამრავ ოჯახს უსახლაკაროდ ტოვებს, კვლავაც დაუსჯელი რჩება. თუმცა საჩივარი საქართველოს პროკურატურაში უკვე შეტანილია.

როგორც გაირკვა, საქართველოში ასეთი ტიპის რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ თაღლითური გარიგების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილმა 15-მდე ოჯახმა მიმართა. იმის გამო,  რომ 2003 წელს მაღალი პროცენტით ფულის გასესხება კანონმდებლობით იკრძალებოდა, ფორმდებოდა შემდეგი სახის ზეპირი ხელშეკრულება: საშუამავლო კომპანია მსესხებელს აძლევდა თანხას, რომელიც შემდეგ მას 10-20 პროცენტით მეტი ოდენობით უნდა დაებრუნებინა, დოკუმენტებში კი თავიდანვე ასახული იყო არა რეალურად გასესხებული თანხა, არამედ ფულის ის რაოდენობა, რომელიც  შემდეგ მსესხებელს უნდა დაებრუნებინა.

ნანა ასანიშვილი თაღლითური დაჯგუფების ერთ-ერთი მსხვერპლია. მაშინ, როდესაც მას სასწრაფოდ 2400 დოლარი დასჭირდა, საშუამავლო ფირმა ,,რენომეს“ მიმართა. იქ ქეთევან ადეიშვილი გაიცნო და დაუახლოვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ თაღლითური სქემის სათავეში სწორედ ადეიშვილი იდგა. საბუთებში 2 400 დოლარის ნაცვლად მას 3 ათასი დოლარი დაუფიქსირეს.
 
ნანა ასანიშვილი: „10 %-იანი სესხი შემომთავაზა. 2 კვირაში დააბრუნეო. თუ ვერ დააბრუნებ, პრობლემა არ იქნება, ჩათვალე, რომ ფირმამ ხელახლად გასესხაო. თუმცა, ამ შემთხვევაში, საშუამდგომლო და პროცენტი თავიდან უნდა გადაიხადოო. თანხის პროცენტიც წინასწარ გადამახდევინეს. თანხა 3-დან 5 თვემდე ვადაში უნდა დამებრუნებინა. 5 თვის განმავლობაში  ვიხდიდი 3 ათასი დოლარის პროცენტს. ბოლოს ამ თანხამ კოლოსალურს მიაღწია. „ძირი თანხა“ ვერ დავფარე, სამაგიეროდ ზედმეტად 15 ათასი გადავიხადე.

ვალის გადახდამდე რამდენიმე დღით ადრე ადეიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მსესხებელს თანხა სასწრაფოდ დასჭირდა და ჩემი ვალი თავად ფირმამ გადაიხადა. თბილისში არ ვიყავი. მითხრა, ჩამოხვალ და გადამიხდიო. რომ ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ ვალი ჩემთვის სხვა მსესხებლებისგან ისესხეს. ამ გამსესხებელმა მომთხოვა, რომ ხელშეკრულებაში იმაზე მეტი თანხა დამეფიქსირებინა, რაც ჩემს წინა გამსესხებლისგან მქონდა გამორთმეული.

ადეიშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. ამიტომაც წინა იპოთეკების გაუქმება აზრადაც არ მომსვლია. 4-5 თვე რომ გავიდა, ძველმა იპოთეკარებმა დამიწყეს რეკვა, პროცენტებს რატომ არ გვიხდიო? იქამდე არ დაურეკავთ, ამიტომაც მეგონა, რომ მათი ვალი გადახდილი მქონდა. 1 წელი რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ქეთევან ადეიშვილს ვალი არავისთვის გაუსტუმრებია. მის საწინააღმდეგოდ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კერძო საუბარში მან აღიარა, რომ რეალურად ამხელა ვალი არ მქონდა და გარკვეული თანხა ჩამომაჭრა. კერძო ფონოსკოპიურ ექსპერტიზას ყველაფერი დამტკიცებული აქვს. დასკვნაც არის გაკეთებული, თავად აღიარებს ყველაფერს. სანამ პოლიციას მივმართე, ვუთხარი რომ დავუდებ რეალურ მონაცემებს, თუ რამდენი მქონდა მის ნაცვლად გადახდილი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ დავის არსებობის შემთხვევაში, საქმე კერძო არბიტრაჟს უნდა განეხილა. საარბიტრაჟო  პრეტენზიის გაცნობის შემდეგ მივხვდი, ჩემს წინ ტიპიური თაღლითი იყო. პროკურატურაში სისხლი სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განცხადება შევიტანე“.

ნანა ასანიშვილის სახლი ფირმა „რენომეს“ დირექტორმა ჯერ საკუთარ თავზე გადაიფორმა, შემდეგ კი იპოთეკარებს თანასაკუთრებაში გადაუფორმა. ამჟამად დაზარალებულის ბინას 16 მესაკუთრე ჰყავს. ადეიშვილის ადვოკატი და ნანა ასანიშვილის ბინის ერთ-ერთი მფლობელი ლეიბორისტული პარტიის მთავარი იურისტი, გიორგი მამფორია აღმოჩნდა.

როგორც ქალბატონი ნანა გვიყვება, 2007 წლის 10 აპრილს, პოლიციამ სასამართლო დადგენილების გარეშე ეს ოჯახი სახლიდან ისე გააძევა, რომ ნივთების წამოღების საშუალებაც არ მისცა. მასთან ერთად სხვა ოჯახებიც გამოასახლეს. იმ დღეს წვიმდა, პოლიციამ კი ეს ნივთები თვითნებურად გამოიტანა და წვიმაში დაყარა.
ნანა ასანიშვილმა გასახლებაში მონაწილე პოლიციელებზე საჩივარი შეიტანა, თუმცა, ამ საჩივარს, როგორც თაღლითურ სქემასთან დაკავშირებული საქმეს, გაგრძელება არ მოჰყოლია.  მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურატურიდან გამოძიების მითითება არის, რეალური შედეგი დღემდე რა ჩანს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ელიზბარ ხაჭაპურიძე ასეთ სისტემას „ფარული გარიგებების სისტემას“ უწოდებს, რომელიც სამოქალაქო სამართალში ერთ-ერთ ინსტიტუტს წარმოადგენს.

ეს სქემა ასეთია: ადამიანი მიდის საშუამავლო ფირმასთან, რომელიც მას სესხის აღებაში ეხმარება. მას ეუბნებიან, რომ ეს არ არის მისი პირადი თანხა, და იპოთეკარს, ანუ სხვა გამსესხებლს ეკუთვნის. საბუთებში ფირმა რეალურად მიცემულ თანხაზე გაცილებით მაღალ თანხას აფიქსირებს. თან მითითებულია, რომ თანხა პროცენტით გასესხებული არ არის. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ პროცენტი ძალიან გაბერილია და ამ შემთხვევაში კანონით აკრძალულიც. თვეში თანხის პროცენტი 25-ს აღწევს. ამხელა თანხას ადამიანი ორ კვირაში, ბუნებრივია, ვერ ისტუმრებს. ამიტომ მას ფირმა სხვა მსესხებელს სთავაზობს, რომელიც ამ თანხას გაისტუმრებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანს აიძულებენ უფრო დიდი ვალები დაიდოს და ხელშეკრულებაშიც უფრო დიდი თანხები დააფიქსიროს.

ბუნებრივია, იძულებული ხარ წახვიდე ასეთი ხელშეკრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ, რაღაც პროცენტები გაისტუმრე, გაიჭედე და ვეღარ ისტუმრებ. იმისათვის, რომ შენი სახლი არ გაიყიდოს, იძულებული ხარ დათანხმდე ასეთ შემოთავაზებაზე. საბოლოოდ ყველა ის ადამიანი, რომელმაც „გასესხა“ ფული, ხდება შენი სახლის იპოთეკარი, პირველი, მეორე, მესამე რიგის. ვალი ასტრონომიულ ციფრებს აღწევს. შენ უკვე ამ თანხის დაფარვის საშუალება არ გაქვს. არადა ეს თანხა თვალითაც არ გინახავს. ნევროზულ სიტუაციაში ხარ. ცდილობ ერთი სესხი მაინც გაისტუმრო. ენდობი ადეიშვილს, ანუ შუამავალს, და ეს თანხაც იკარგება და იპითეკარამდე არ მიდის. ამ შემთხვევაში მოქალაქის გამოუცდელობაც გარკვეულ როლს ასრულებს, როდესაც ის გულუბრყვილოდ ენდობა შუამავალს.

ასე გროვდება სოლიდური თანხა, შემდეგ დგება განკითხვის დღე, საარბიტრაჟო პრეტენზიის თანახმად საარბიტრაჟო სასამართლო იწყება, შეიძლება ადეიშვილს იქაც აქვს აღებული თანხა პირადი მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე იპოთეკარების ითხოვენ თანხას და ამ ქალბატონის სახლი იყიდება. საბოლოოდ ის სახლიდან გამოასახლეს“.

ელიზბარ ხაჭაპურიძე საუბრობს ცენტრის პოზიციაზე, რომელიც გამოძიების პროცესის დაჩქარებას და რეალური სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას ითხოვს ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა.

ახალი ამბები