კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუნიციპალიტეტებში ხელფასები გაიზარდეს და ძვირადღირებული მანქანებით დაიწყეს სიარული

18 მარტი, 2008

 საბა წიწიკაშვილი გორი  

გორელმა ჩინოვნიკებმა ხელფასები გაიზარდეს და ძვირადღირებული მანქანებით დაიწყეს სიარული. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც შარშან ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით კირკიტაძე თვითმმართველობის ლიდერებს ხელფასებს უმცირებდა და იაფფასიან მანქანებით სიარულს აიძულებდა. მაგალითად, შარშან ამ ,,კეთილმოწყობას" ქუთაისის მერია მთლიანად გადაჰყვა. გორელმა ჩინოვნიკებმა მაშინ ხელფასები ქვედა ზღვრამდე დაიწიეს, ხოლო მანქანები გადამალეს.

2008 წელს გორის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის ხელფასი 2 300 ლარამდე გაიზარდა. 2007 წელს ოქრუაშვილის მეგობარ საკრებულოს თავმჯდომარეს მარლენ ნადირაძეს 1 100 ლარი ჰქონდა ხელფასი. მარლენ ნადირაძე მას შემდეგ გახდა იძულებული ხელფასი 2 000 ლარიდან 1 100 ლარამდე ჩამოეწია, როდესაც დავით კირკიტაძემ თვითმმართველობის ლიდერებს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა. ეს 2007 წლის მარტში მოხდა.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასს, წელს ეს თანხა 2 500 ლარამდე გაიზარდა. ყოფილ გამგებელს ვასილ მახარაშვილს, რომელიც 2007 წლის 12 სექტემბერს დაიჭირეს, 1 200 ლარი ჰქონდა ხელფასი.

რაც შეეხება დანარჩენ რაიონებს, ქარელის რაიონის გამგებლის, გიორგი არევაძის უწყების გარდა, ხელფასების რაოდენობა არ დამალეს.

მაგალითად, ხაშურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს 2 360 ლარი აქვს ხელფასი, მის მოადგილეს 830 ლარი. საკრებულომ კი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურებრივი სარგო 2 478 ლარით განუსაზღვრა. გამგებლის მოადგილეს 710 ლარით.

კასპის მუნიციპალიტეტშიც იგივე სიტუაციაა. კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს 2 360, მის მოადგილეს - 820 ლარი. გამგებელს 2 480 ლარი, გამგებლის მოადგილეს 710 ლარი.

ქარელის რაიონის გამგეობაში გვითხრეს, რომ გამგებლის გარეშე ამ ინფორმაციას ვერ გასცემს. ამისთვის წერილობით მიმართვაა საჭირო. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თანამდებობრივი სარგოები არ არის განსხვავებული დანარჩენ რაიონებთან შედარებით.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში, გორის მუნიციპალიტეტის აპარატის ხარჯები 88 000 ლარიდან 117 000 ლარამდეა გაზრდილი.

სამსახურებრივი „მერსედესებით“ მოძრაობენ გამგებლები, ცალკე ,,მერსედესი" ჰყავს გორის საკრებულოს თავმჯდომარეს. ცალკე „მერსედესი“ ჰყავს რაიონის გამგებელს.

გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სამსახურებრივი სარგოები პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით გაინაწილეს, სადაც წერია, რომ მუნიციპალიტეტის ხელფასის ზედა ზღვარი უნდა იყოს 2 500 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 135 ლარი. შიდა ქართლის აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტმა სამსახურებრივი სარგოს გამოსაანგარიშებლად მაქსიმალური ზღვარი გამოიყენა.
 

ახალი ამბები