კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არ დავთმოთ იმედი!..“

24 მარტი, 2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

„საქართველოს ანტიდემოკრატიული ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ყოვლად უკადრისი, სამარცხვინო მეთოდებით ხელში ჩაგდების, ანუ გარდაცვლილი ქველმოქმედისა და მისი ოჯახის ძარცვის მორიგ არაადამიანურ მცდელობას ქართველმა საზოგადოებამ საკადრისი პასუხი უნდა გასცეს...“ ამ სიტყვებით ის მიმართვა იწყება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები უერთდებიან. მიმართვის ტექსტი მას შემდეგ შეადგინეს, რაც ტელეკომპანია „იმედს“ ჯოზეფ კეის სახით ახალი მფლობელი გამოუჩნდა .

მიმართვის ტექსტს ხელს „ქართული აკადემია“, ზნეობრივი ფრონტი, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია დემოკრატიისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო, „ახალი მემარჯვენეები“, „რესპუბლიკური პარტია“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ილია ჭავჭავაძის საზოგადოება აწერს.

როგორც თავად ორგანიზატორები აცხადებენ, მიმართვა არა პოლიტიკური, არამედ ზნეობრივი ხასიათისაა.

კოტე ჯანდიერი, მწერალი: „ხელისუფლება შექმნილ ვითარებას განიხილავს, როგორც კონფლიქტს მასა და ოპოზიციას შორის. საზოგადოება მათთვის თითქოს არ არსებობს. საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა. ერისთვის და საზოგადოებისთვის, თავისუფალი მედიის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თუ საზოგადოება დაუშვებს, რომ იურიდიული მაქინაციების მეშვეობით ტელეკომპანია „იმედი“ გაუქმდება ან დამორჩილდება, მაშინ ჩვენ საშინელი მომავალი გველის“. 

აქციის ორგანიზატორები აპროტესტებენ ბადრი პატარკაციშვილის შორეული ნათესავის ჯოზეფ კეის, იგივე იოსებ კაკალიშვილის მიერ „იმედის“ დაკანონებას, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ხელისუფლებასთან არის შეკრული. მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, ჯოზეფ კეი ხელისუფლებასთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს.

გიორგი ხაინდრავა ამბობს, რომ „იმედის“  დასაკუთრებით, ჩაახშობენ იმ ერთადერთ ტელეკომპანიას, რომელიც სრულიად საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობდა: „ხელისუფლება და მასთან ერთად საერთაშორისო დონის თაღლითები, ჯოზეფ კეი და მისნაირები, ერთად ცდილობენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ქონების დასაკუთრებას. ქურდებს სინათლის ეშინიათ. ამიტომაც ცდილობენ მთელი საზოგადოება ბნელში ამყოფონ. საკუთარი ტელეარხების საშუალებით კი დღე და ღამე საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ“.

მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელს, მანანა ნაჭყებიას იმედი აქვს, რომ ოჯახის გადასაწყვეტი იქნება ის, თუ ვის გადაუფორმებენ ტელეკომპანია „იმედს“:
„მე ვიცი ოჯახის განწყობა. ის აპირებს, რომ პოლიტიკისგან ძალიან შორს იყოს, რადგან მათთვის უძვირფასესი ადამიანის ყოფნამ პოლიტიკაში უბედურების მეტი არაფერი მოიტანა. მაგრამ ისინი ბოლომდე ურყევად აპირებენ ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის დაცვას, რომ „იმედი“ იყოს ობიექტური მაუწყებელი, თავისუფალი ტელევიზია და მასში აისახოს საზოგადოებრივი აზრი“.

მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ხელისუფლებას „იმედის“ ხელში ჩაგდების სურვილი ჯერ კიდევ პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე ჰქონდა. მაშინ პროკურატურაში იმ ადამიანებს იბარებდნენ, რომლებსაც იმედის წილი ჰქონდათ. „ამ ადამიანებს შორის პირველ რიგში გიგი ჯაოშვილი იყო. მას ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ. პატარკაციშვილის გარდაცვალების ღამესვე მას დააწერინეს განცხადება, რომელშიც ის „იმედის“ თავის წილს ჯოზეფ კეის გადასცემდა“.

მანანა ნაჭყებიას მიაჩნია, რომ ჯოზეფ კეის ხელთ არსებული დოკუმენტები, რომლის თანახმადაც ბადრი პატარკაციშვილმა ჯოზეფ კეი „იმედის“ განმკარგავად დატოვა, ყალბია. „ადამიანები, რომლებიც ამ აფიორაში მონაწილეობას იღებდნენ, ბელორუსიაში არიან დაკავებულები. პატარკაციშვილის ადვოკატებმა ბელორუსიის და საქართველოს ხელისუფლებას აცნობეს, რომ ეს აფიორაა. ამიტომაც ყველა პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამას, რა თქმა უნდა, ყურად არ იღებს. ოჯახი ადასტურებს, რომ „იმედი“ დღეს  ჯოზეფ კეის ხელშია. თუმცა აპირებს სასამართლოს მეშვეობით ისევ საკუთარ თავზე გადაიფორმოს“.

გოგა ხაინდრავა ამბობს, ხელისუფლება პროცესის შეფერხებას სწორედ სასამართლოს გზით ცდილობს. “სასამართლო არის გრძელვადიანი პროცესი, ამაზე არის გათვლილი ყველა ეს ქმედება, რადგან ამასობაში “იმედს“ ლიცენზია ამოეწურება და ის დაიხურება. მერე ეს პროცესი გინდ მოიგე და გინდ არა. „იმედი“ აუცილებლად დაუბრუნდება თავის მფლობელს, მაგრამ არხი ქართველი ხალხისთვის აღარ იქნება“.

თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ლაშა ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ არსებობისას „ხელისუფლების მიერ მართული ტელეკომპანიები იძულებულები იყვნენ იმედისთვის ანგარიში გაეწიათ, სხვა თუ არაფერი, კონკურენციიდან გამომდინარე მაინც, ეს ტელეკომპანიები იძულებულები იყვნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მეტ-ნაკლებად გაეშუქებინათ. შეიძლება საქართველოში, როგორც რუსეთში, არ არსებობს ბეჭდვისა და მასმედიის სამინისტრო, მაგრამ რეალურად, ასეთი  სამინისტრო, ოღონდ "ჩრდილოვანი" არსებობს. ეს არის ძალოვანი სამინისტროები. ისინი სახელისუფლებო არხებით მოქმედებენ. დღეს მხოლოდ ორი არხია დამოუკიდებელი, „კავკასია“ და აჭარაში „25-ე“ არხი. თუმცა მათი არსებობა საერთო სურათს ვერ ცვლის და ეს არჩევნებშიც კარგად გამოჩნდა“.

ლაშა ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ მედიასთან ბრძოლა 7 ნოემბერს არ დაწყებულა. უბრალოდ, ამ ბრძოლაში ეს იყო ყველაზე გამოხატული ქმედება. რეალურად ეს ბრძოლა 2004 წლიდან დაიწყო, როდესაც ჯერ ტელეკომპანია იბერია „აიღეს“, ამას „მეცხრე არხის“ დახურვა მოყვა, შემდეგ „202“ დახურეს. ამასთან არაერთი გაზეთი დაიხურა.  „დღეს თუ „იმედი“ დავთმეთ, არ გვაქვს გარანტია, რომ ხვალ სხვა არხს არ მიადგებიან“.

მიმართვის ტექსტი ასევე ჟურნალისტებისთვისაც მომზადდა. „ქართული ჟურნალისტიკა დგას საბედისწერო არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი თითოეულ თქვენგანს დააკისრებს არა მხოლოდ სადღეისო პასუხისმგებლობას შთამომავლობის, ზოგადად, ჩვენი სამშობლოს ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე,“ - წერია მიმართვაში.

მიმართვის ხელმომწერები „იმედის“ მხარდასაჭერი აქციის გამართვას პარალამენტის წინ აპირებენ.

ახალი ამბები