კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნა ნახნავებში - სააკაშვილს მხოლოდ მადლობის გადასახდელად მიყვანილი გლეხები შეახვედრეს

26 მარტი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს პრეზიდენტი კახეთში იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გლეხებისთვის დიზელის საწვავის დარიგების პროცესი პირადად გააკონტროლა. რაიონის ხელმძღვანელობის მიერ, პრეზიდენტთან შესახვედრად საგანგებოდ მიყვანილმა რამდენიმე გლეხმა, ხელისუფლების ხალხთან აქტიური და ღია ურთიერთობისათვის, მას მადლობაც უთხრა. სააკაშვილთან შეხვედრას ცდილობდნენ, კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან წნორში ჩასული გლეხებიც. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისინი პრეზიდენტს ნახნავებში დასდევდნენ, მაგრამ ამაოდ.

უკვე მეშვიდე თვეა, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონების სხვადასხვა სოფლებიდან, გლეხები წნორში კვირაში ორჯერ მაინც ჩადიან. გასული წლის სექტემბერში, ღვინის ქარხნისთვის ჩაბარებული ყურძნის ფული მათ დღემდე არ მიუღიათ. ქარხნის ხელმძღვანელები თანხის გადახდას არაერთხელ დაპირდნენ და კონკრეტული რიცხვებიც დაუსახელეს, თუმცა უშედეგოდ.

„ყურძენი წნორის ღვინის ქარხანას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების რჩევით ჩავაბარე. მოსავლის მიღებისას თანხის 20% მოგვცეს და გვითხრეს, რომ დანარჩენს რამდენიმე დღეში გადაგვიხდიდნენ. წინასაარჩევნოდ, კახეთის მაშინდელი გუბერნატორი იყო ჩვენთან, სოფელში ჩამოსული და საწარმოს დავალიანების ნაწილი დააფარინა, მაგრამ ნახევარზე მეტი დღემდე მისაღები გვაქვს. აქამდე კვირაში ორჯერ მაინც ჩამოვდიოდი წნორში, მაგრამ, ბოლო დროს მგზავრობაც გაძვირდა და ფულიც აღარ მაქვს. რაც უნდა ავიღო, ისიც თუ მომცეს, აქეთ-იქით სიარულში უკვე დახარჯული მაქვს. გავიგეთ, რომ წნორში პრეზიდენტი იყო ჩამოსული და მასთან შეხვედრას შევეცადეთ. ბევრი ვსდიეთ, მაგრამ ვერ შევძელით. სააკაშვილს მხოლოდ ხნულებში დავეწიეთ და მისმა მრავალრიცხოვანმა დაცვამ, მასთან იქაც არ მიგვიშვა, - ამბობს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი ზურაბ საკანელაშვილი.

პრეზიდენტისთვის ხმის მიწვდენის საშუალება რომ არ მისცეს, ამით გამოწვეული უკმაყოფილება ჩვენთან საუბარში ვერც მიხეილ ღრუბელაშვილმა დამალა. „რაიონის ხელმძღვანელობას ბევრჯერ მივმართეთ. ერთხელ მოგვისმინეს, მაგრამ მეორედ აღარ. ღვინის ქარხანა კერძო კომპანიაა და ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ 2004 წელს ქედის ღვინის ქარხნისთვის ჩაბარებული ყურძნის საფასური არ მოგვცეს, შარშანდელი ვალი მაინც გაგვისტუმრონ, რომ შიმშილით არ ამოვწყდეთ“, - აღნიშნა კახელმა გლეხმა.

კიდევ უფრო კრიტიკული იყო სიღნაღის რაიონის მცხოვრები თემურ დემეტრაშვილი. მისი თქმით, საჯაროდ გაჟღერებული 50 დღის ფარგლებში მთავრობა სიღარიბის დაძლევას არა ღატაკების რეალური დახმარებით, არამედ სხვა გზით მოახერხებს. „წუწუნი და გაჭირვებაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მართლა ძალიან გვიჭირს. ოჯახში ექვსნი ვართ და არცერთი არ ვმუშაობთ. მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობდა სახელმწიფო ორგანიზაციაში და შტატების შემცირების გამო, ისიც უმუშევარი და უხელფასოდ დარჩა. მიწა კი გვაქვს, მაგრამ 20 ლიტრი საწვავით, რომელსაც მთავრობა არიგებს, თანაც ამ დროს, როცა უკვე თითქმის ყველაფერი დათესილი უნდა იყოს, ვერაფერს იზამ. ხელისუფლების მიერ „გლეხებისთვის ნაჩუქარ“ ტრაქტორებსაც ვერაფერში ვიყენებთ. სოფლის ყოფილ გამგებელს და მის ახლობლებს აქვთ მისაკუთრებული და თვითონ მოიხმარენ. შეიძლება ისე, როგორც მე მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მუშაობაზე უარს არც მე და არც ჩემი შვილები ვამბობთ, ბევრ ოჯახს არ უჭირს, მაგრამ გლეხების უდიდესი ნაწილი გაჭირვებაშია. უმეტესობა ჩვენგანი ვერც დახმარებას იღებს, კბილის ჯაგრისი და ფანჯარაზე ფარდა რომ გვაქვს, ალბათ ამიტომ. ამ მდგომარეობაში მყოფ ღარიბებს, რომლებიც უცხიმოდ მომზადებული ჭინჭრით და ფხლით ვიკვებებით, რა გველის? კარგი არაფერი. შიმშილით დავიხოცებით და ქვეყანაში ღარიბებიც აღარ იქნებიან.

...ამ ქვეყანაში დგება ფეხზე სოფლის მეურნეობა? არადა, ამას გადმოსცემს ყოველდღიურად „კურიერი“, რომ სოფელი ღორძინდება, მეურნეობები მუშაობს, გლეხები კმაყოფილები ვართ, წელში ვიმართებით და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია. დაინტერესდით და ნახავთ, მიწების 80 პროცენტი მაინც დაუმუშავებელია. ხალხი აქედან გაქცევაზე ფიქრობს, რომ თავს უშველოს“, - ამბობს თემურ დემეტრაშვილი.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში გლეხების გასაჭირს გაგებით ეკიდებიან, თუმცა გადაჭარბებულად მიაჩნიათ.

„ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და განხორციელდება, მიზნობრიობის და შედეგების მიღების მიმართულებით მაქსიმალურად გაკონტროლდება. ახალი საწარმოების გახსნა დაგეგმილია კახეთშიც, სადაც ხალხი დასაქმდება. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, სხვა ღონისძიებების გატარებასაც ვაპირებთ“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხებათ იმ გლეხებს, რომელთაც საწარმოებიდან და არა მარტო წნორის ღვინის ქარხნისგან, გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის ფული აქვთ მისაღები, ადგილობრივ ხელისუფლებაში ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ამბობენ.

კუთვნილი თანხის გარეშე დარჩენილი გლეხები ხელისუფლებას მათი გასაჭირით დაინტერესებას და პრობლემების მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი, პროტესტის ნიშნად, თბილისი – კახეთის საავტომობილო გზის პიკეტირებას აპირებენ.

ახალი ამბები