კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოველი მეხუთე ქალი საკუთარი ოჯახის მსხვერპლია

26 მარტი, 2008
ეკა მჭედლიძე, თბილისი

ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ხშირი და მზარდი  პრობლემაა არამარტო საქართველოში, არამედ ზოგადად მსოფლიოში. მასთან საბრძოლველად უამრავი ორგანიზაცია მუშაობს. საქართველოში მომუშავე ერთ-ერთი მათგანია არასამთავრობო ორგანიზაცია “ძდექი” (ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი(ფოტო).

ნატო შავლაყაძე, ორგანიზაცია “ძდექი”-ს თავჯდომარე:
- ჩვენს ცენტრს ძირითადად ოჯახური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით მიმართავენ. ძირითადად ეს ადამიანები ქალები, უმეტეს შემთხვევაში, ცოლები არიან, ანუ ქალები რომლებიც მეუღლეებისაგან განიცდიან ძალადობას. მათ ხშირად თან ახლავთ შვილები, რომლებიც ავტომატურად მოძალადის მსხვერპლნი ხდებიან. ხშირია ფიზიკური ძალადობა, თუმც არა ნაკლებად დამაფიქრებელია ფსიქოლოგური ზეწოლით მიყენებული ძალადობის სიხშირეც. მიუხედავად ამ საკითხისადმი მრავალი ორგანიზაციის ყურადღებისა და მუშაობისა, ძალადობის ფაქტები საქართველოში არ შემცირებულა, ის ისევ ინტენსიურ სახეს ატარებს. თუმცა, კანონის მიღების შემდეგ ბევრად გაიოლდა ამ საკითხთან მიმართებაში მუშაობა.

 - რას ითვალისწინებს  კანონმდებლობა ოჯახურ ძალადობასთან მიმართებაში?
- უკვე ერთ წელზე მეტია მიღებულია კანონი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. რომელიც მართალია დასახვეწია, მაგრამ უკვე დიდი როლი შეასრულა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საქმეში. ძირითადი მექანიზმები, რაც ჩადებულია კანონში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, არის დამცავი და შემაკავებელი ორდერები. აღსანიშნავია, რომ კანონის მიღებამ ძალიან შეუწყო ხელი პოლიციელებს მუშაობაში. ადრეულ წლებთან შედარებით პოლიციის მუშაობა ამ კუთხით გაცილებით ეფექტური გახდა.

- არის თუ არა ფსიქოლოგიური ზეწოლა სამართლებრივი მოტივი მოძალადის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილისა?

- ცხადია, რადგან ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. საერთოდ ქართველებმა ნელ-ნელა დაიწყეს თავიანთ უფლებებში სიღრმისეულად გარკვევა და შესაბამისად, მოიმატა სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევებმაც. სასამართლოს შემადგენლობის დიდ ნაწილს აქვს სწორი დამოკიდებულება ძალადობის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან მიმართებაში.

ძირითადად, ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან. ამასთან, სტატისტიკის მიხედვით - ყოველი მეხუთე ქალი. მოძალადის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეიძლება მოჰყვეს ისეთი უკიდურესი შედეგი, როგორიცაა ოჯახის დანგრევა, ან ძალადობის მსხვერპლის მორალურად განადგურება, ზოგ შემთხვევაში - თვითმკვლელობაც კი. ხშირად ოჯახურ პრობლემებზე საუბარს თუ მსჯელობას, ბევრი ადამიანი სამარცხვინოდ ან სხვისი ცხოვრების ხელყოფად
მიიჩნევს, ბევრი კი სულაც ხელოვნურად შექმნილ პრობლემად მოიხსენიებს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრობლემა ადამიანების ფსიქოლოგიასა და მათ შემდგომ ცხოვრებას უდიდეს დაღს ასვამს. ჩვენი რესპოდენტი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს. მისივე სურვილით მის ვინაობას ანონიმურად ვტოვებთ:

„უკვე რამდენიმე წელია გათხოვილი, ქმარ-შვილიანი ქალი ვარ. გათხოვებამდეც და ახლაც ვმუშაობ ჩემი პროფესიით, მაქვს ნორმალური ანაზღაურება და ცხოვრების ნორმალური პირობები. მეც და ჩემს მეუღლესაც კარგი ოჯახიშვილები გვქვია, მაგრამ სწორედ ამ ოჯახების წყალობით, ცხოვრება ლამის ჯოჯოხეთად მექცეს. მეუღლე ძალიან მიყვარს, ვფიქრობ მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ჩვენ ოჯახში მეორეხარისხოვან წევრებად ვრჩებით, რადგან მიუხედავად ჩვენი ეკონომიური დამოუკიდებლობისა, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ დედამთილსა და მამამთილზე, რადგან მათ სახლში ვცოვრობთ.

შეიძლება ითქვას, რომ ჩემზე მთელი ოჯახი ფსიქოოგიურ ზეწოლას ახორციელებს. მშობლების უდიდესი გავლენის წყალობით, ჩემი მეუღლე მუდმივად ჩემი ოპონენტია ოჯახში. მას გამუდმებით შეაგონებენ, რომ მე არ მაქვს უფლება მქონდეს საკუთარი აზრი, დამოკიდებულება, ფული და ა.შ. ჩემი დედამთილის და მამამთილის აზრით ოჯახში გაზრდილ ქალს არ ეკადრება ის, რასაც მე „ვკადრულობ”. მაგალითად, მუშაობა, თუნდაც ისეთ სოლიდურ ორგანიზაციაში, როგორიც ჩემი სამსახურია. თუმცა ჩემი ქმრის მშობლები განათლებულ ადამიანებად ითვლებიან. ამის გამო მეუღლე სასტიკად მიბრაზდება სამსახურიდან თუნდაც ოდნავ დაგვიანებით მოსვლაზე. ზედმეტი სამუშაო საათებით დატვირთვისას ხომ საერთოდ. ასეთი დამოკიდებულება აქვს ჩემი სამსახურის მიმართ, ხომ წამოგიდგენიათ, როგორი ექნება მეგობართან სტუმრად წასვლაზე, ან თუნდაც შესვენებაზე თანამშრომლებთან ერთად კაფეში შესვლაზე და ამგვარ დეტალებზე.

ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება დაიწყო მას შემდეგ, რაც მამამთილმა რამდენჯერმე ახსენა ჩემი „უპასუხისმგებლობა”. კერძოდ: რადგან მე ვმუშაობ 6 საათამდე, ხოლო ჩემი შვილები 5 საათისათვის უკვე შინ არიან, ამ პერიოდში ბავშვებს დედის ხელი აკლდებათო, არადა მე იმ საათებს ჩემს შვილებს ისევ მათივე კეთილდღეობისათვის ვაკლებ, სხვა მიზანი არ გამაჩნია“.

როცა ორგანიზაცია “ძდექის”  პერიოდულ გამოცემა “სამანს” გავეცანი, ჩვენი რესპოდენტის ნაამბობთან შესატყვისი ბევრი ამბავი აღმოვაჩინე. ამიტომ ერგვარი კომენტარის სახით მინდა შემოგთავაზოთ ნაწყვეტი სამანში დაბეჭდილი მასალიდან:

მარინა თაბუკაშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ქალთა პროგრამის კოორდინატორი: “მე რომ მკითხოთ, როცა ბავშვი ხედავს, რომ დედას უყვირიან, სცემენ, მის აზროვნებაში ყალიბდება აზრი, რომ ასეთი მოპყრობა შეიძლება. თუმცა, ეს ბავშვი შეიძლება როგორც მოძალადის, ისე მსხვერპლის მხარეს დადგეს. იმის მიხედვით როგორი იქნება მისი არჩევანი. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები თვითონ შეიძლება გახდნენ მოძალადენი მათ მიმართ, ვინც მათზე სუსტია.  ყოველივე ეს არღვევს იმ ცნობილ სტერეოტიპს რომ “მოძალადე ცუდია, მსხვერპლი კი კარგი”. დაკვირვებამ გვიჩვენა რომ მოძალადე ქალი შურს იძიებენ შვილებზე, სცემს მათ, რადგან ეტყობა “ჩხუბი მორევაზეა”.

ასევე ძალზე სამწუხარო გამოვლენაა დედამთილების ძალადობა რძლებზე.  ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯერ კიდევ ძალზე მწვავედ დგას ეს საკითხი. ასე,რომ, „რძალ-დედამთილიანი” მარტო საქართველოს “მონაპოვარი” არ არის.

პატრიარქალურ ოჯახებში, როცა მამა ცოცხალი აღარაა, დაქორწინების შემდეგ ვაჟებს განსაკუთრებული გრძნობა უჩნდებათ დედის მიმართ. ანუ ზოგადად მეუღლის სურვილების იგნორირების ფონზე, დედაა გაფეტიშებული. ეს ძალზე დასაფიქრებელი ფაქტია, მაგრამ როგორც გითხარით, არსებობს კულტურა, განათლება, და ქცევაც, სწორედ ამისდა მიხედვით უნდა განისაზღვროს..

საქართველოში ძალადობის საკითხს ამწვავებს ერთი გარემოება, რომელიც კანონში ვერ აისახა. ეს ქონების უფლებებს ეხება. მსხვერპლს არ შეუძლია მოძალადესთან ცხოვრება, მაგრამ წასასვლელი არსად აქვს და ამიტომ ითმენს. მას არ იღებს საკუთარი ოჯახი, რომელსაც ასევე საკმარისი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. ამ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია თავშესაფარი, მაგრამ არც ესაა გამოსავალი, რადგან თავშესაფარში მუდმივად ვერავინ დარჩება. მე მაინც ყველას მოვუწოდებდი, რომ ეფიქრათ საქორწინო ხელშეკრულებებზე. ეს ერთადერთი რამაა, რაც ქალს ქუჩაში დარჩენისაგან იხსნის, მხოლოდ მას შეუძლია იხსნას მსხვერპლი.

კანონის მიზანი მოძალადის ციხეში ჩასმა არ არის. ასევე არც ის მიგვაჩნია სწორად რომ ყოველი ძალადობის ფაქტს გაყრა მოყვეს. ამისათვის უნდა გააცნობიერო რომ მოძალადეც ადამიანია და მასთანაც ისე უნდა იმუშაო, როგორც მსხვერპლთან. სწორედ მოძალადემ უნდა გაიაროს ისეთი პროგრამა, რომლის შედეგადაც იგი არამოძალადე გახდება..”

„საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ თითქმის ორი წელია რაც მიიღო საქართველო პარლამენტმა, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს იგი და რა შედეგები მოიტანა  ზოგადად ამ კანონის ამუშავებამ, არ არსებობს.

მოცემულ პრობლემასთან  დაკავშირებით მომუშავე პრაქტიკოსების დაკვირვებით, საკითხი ასე ფასდება: ოჯახური ძალადობა როგორც პრობლემა, საქართველოში კვლავაც ინტენსიური და მწვავეა. ძალადობის მსხვერპლნი კვლავინდებურად სუსტი სქესის წარმომადგენელნი რჩებიან, ხოლო მოძალადეები საკუთარ ქცევას აღიქვამენ როგორც წესს, როგორც ოჯახის მართვის ტრადიციულ მეთოდს, სადაც მამაკაცი უნდა ბატონობდეს ქალზე.

სპეციალისტების აზრით ეს არის მცდარი შეხედულება, რადგან აქ არ იგულისხმება ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა, რაც აუცილებელია სრულფასოვანი ურთიერთობისათვის. ანუ ეს არის ქართული ტრადიციების დამახინჯებული ფორმა, რადგან ტრადიცია არ შეიძლება იყოს ძალადობაზე დაფუძნებული. მოძალადე ადამიანები, სამწუხაროდ, ხშირად ვერ აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებს, რაც ხშირ შემთხვევაში საბედისწერო შეცდომებია, ამიტომ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ნებაყოფლობით მისულ მოძალადე ადამიანებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამით იმუშავებენ.

პრაქტიკამ გამოავლინა, რომ მათი უმრავლესობა ნარკოტიკულ ნივთიერებებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები არიან, თუმცა მოძალადეებად სავსებით ჯანმრთელი ადამიანებიც გვევლინებიან. საქართველოში მოძალადე მამაკაცთა უმეტესი ნაწილი არ თანხმდება ტრენინგების გავლას და მათი მხოლოდ მცირე ნაწილი თვლის, რომ ისინი ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას, რადგან პერიოდულად, მათ არ შესწევთ უნარი მართონ საკუთარი თავი. ეს პრობლემა როგორც აღვნიშნეთ, საყოველთაოა და ის მარტო საქართველოში არ არის აქტუალური, თუმცა პრობლემის სიმწვავის ხარისხი ამა თუ იმ ქვეყანაში, ალბათ, საზოგადოების შინაგანი ინტელექტის დონესა და ზნეობის ხარისხზეა დამოკიდებული.

ახალი ამბები