კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახელი გლეხები მოსავლის გარეშე რჩებიან

2 აპრილი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახელი გლეხების პროტესტმა პიკს მიაღწია. ათასობით ადამიანი უკვე ორი კვირაა სარწყავ წყალს ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასაც რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. იმ შემთხვევაში თუ შპს "ალაზანმა" სარწყავ არხში წყალი დაუყოვნებლივ არ გაუშვა, წელს გლეხები მოსავლის გარეშე დარჩებიან. კიტრის, პომიდვრის და სხვა აგროკულტურების დიდი ოდენობა გვალვისგან უკვე განადგურებულია.

ალაზნის სარწყავი არხით კახეთის 70-მდე სოფლის 22 500 ჰექტარი ფართობი ირწყვება. რამდენიმე წელია, რაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. გლეხების თქმით, სამუშაოები ძირითადად გაზაფხულზე მიმდინარეობს.

"ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე მუშები თითქმის არაფერს აკეთებენ. მაინც და მაინც გაზაფხულზე დაიწყებენ ხოლმე სამუშაოებს, რა დროსაც წყალს წყვეტენ. არხში წყალი უკვე რამდენიმე თვეა არ მოდის. ცოტა ხნის წინ, კახეთში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ გლეხებს სარწყავი წყლით სარგებლობის პრობლემა არ გვექნებოდა, არადა ყველაფერი პირიქით მოხდა. კიტრის და სხვა კულტურების ჩითილი სათბურებში გვიხმება. პირადად მე 4400 ძირი ჩითილი მაქვს. მის გადასარგავად, მოსარწყავად და მოსავლელად ძალიან ბევრი წყალი მჭირდება, იმდენი, რომ ხელით ან მანქანით მიზიდვას ვერ შევძლებ. რომ არ გადავრგო კიდევ, სიცხისგან ჭკნება და ხმება. ნახევარზე მეტი განადგურდა. 3 ათას ლარამდე თანხა უკვე დახარჯული მაქვს და ამ დროს, საერთოდ მოსავლის გარეშე ვრჩები. ფიქრისგან ღამითაც კი აღარ გვძინავს", - ამბობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის მკვიდრი იოსებ კორკოტაშვილი.

"20 სანტიმეტრზე მაინც გამოუშვან წყალი, ისე, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელი არ შეეშალოს. საქაჩით ამოვტუმბავთ. თითქმის ყველა ჩვენგანს ბანკიდან სესხი აქვს აღებული, ჩითილის მოსაყვანად და სხვა ხარჯებისათვის. წყალი რომ არ მოგვცენ, დავიღუპებით. 51 წლის კაცი ვარ და მარტში ასეთი გვალვა არ მახსოვს. ერთი თვეა რაც ხახვი და ნიორი დავთესეთ, მაგრამ მცენარე დღემდე არ აღმოცენებულა. თესლი მიწაში ისევ ისე ყრია. მელიორაციის სამმართველოს წარმომადგენელს ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ დაელაპარაკებოდა იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, რომელიც არხის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. მოგვიანებით დავუკავშირდით და გვითხრა, რომ არხში, 15 აპრილამდე წყლის გაშვებაზე უარი მიიღო. 15 აპრილს წყალი რიღასთვის უნდა მოგვცენ. მანამდე, რა ჩითილიც დარგვრჩა, ისიც მთლიანად გახმება. ამის შემდეგ მოვლენ მერე და წყლის ფულს მოგვთხოვენ. გეუბნებით, არავინ გაბედოს აქ მოსვლა, თუ წყალს სასწრაფოდ არ გამოუშვებენ, თორემ აქ ჩავხოცავთ. წყალი თუ არ გამოუშვეს, იძულებულები ვართ გზები გადავკეტოთ. ქუჩაში მარტო ჩვენ კი არ დავდგებით, ბავშვებსაც გავიყვანთ და ქალებსაც. გზებს ჩავხერგავთ და მანამ არ გავხსნით, სანამ წყალს არ მოგვცემენ. გინდა შიმშილით ამოუწყვეტიათ ჩვენი თავი და გინდა ქუჩაში ავტომატებით ჩაუხოციათ, რა მნიშვნელობა აქვს", - აღშფოთებას ვერ მალავს ალექსანდრე ხატიაშვილი და მას სხვებიც ეთანხმებიან.

გლეხების ნაწილი მზად არის სარწყავი წყლის მიწოდების შემთხვევაში, გადასახადი წინასწარ გადაიხადოს, მაგრამ როგორც ჩვენთან საუბარში შპს `ალაზნის~ დირექტორმა თემურ ლამაზოშვილმა აღნიშნა, 15 აპრილამდე წყლის მიწოდება ვერ მოხერხდება. "რა ჩითილები უხმებათ? საიდან მოიტანეთ? რა დროს ეგ არის ჯერ, წყალი რაში სჭირდებათ? რა აყვირებთ? მე ამ წუთშიც შემიძლია წყლის გაშვება, მაგრამ კომპანიას, რომელიც სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, მუშაობაში ხელი შეეშლება. ამიტომ, რაც არ უნდა მოიმოქმედონ გლეხებმა, ვერაფერს გახდებიან. ეს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტია და მის შეფერხებას არავინ გვაპატიებს", - განაცხადა თემურ ლამაზოშვილმა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამჟამად შპს "ალაზნის" თხოვნით, მიმდინარეობს გამწმენდი სამუშაოები, დამატებით 26 კილომეტრზე. "ალაზნის სარწყავ არხში წყლის გაშვების საკითხი შპს "ალაზნის" კომპეტენციაში შედის. რაც შეეხება სამუშაოების შესრულების ვადას, პროექტი ოთხ ეტაპად უნდა გახორციელებულიყო. მეოთხე ეტაპი მალე დასრულდება. ქვემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება სულ შეადგენს 14 851 84 ათას ლარს. განხორციელებული ღონისძიებები უზრუნველყოფს თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების სოფლების 8 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულისათვის საჭირო სარწყავი წყლის გარანტირებულ მიწოდებას და აგროკულტურათა მოსავლიანობის ზრდას. ასევე გააუმჯობესებს წყალუზრუნველყოფას სარწყავი სისტემის მომსახურების მთელ ფართობზე - 22 500 ჰექტარზე", - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის ტექნიკურმა ზედამხედველმა კახეთის რეგიონში ვაჟა კირტავამ.

გლეხების პრობლემის თაობაზე ინფორმაციას ფლობენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც. გუბერნატორის მოადგილის გიორგი ბოტკოველის თქმით, შესაძლოა, გლეხებს სარწყავი წყალი სჭირდებათ, მაგრამ ამის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხება ვერ მოხდება.

იმ შემთხვევაში თუ გლეხებს წყლის მიწოდება სასწრაფოდ არ აღუდგათ, დღეიდან ისინი მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თემურ ლამაზოშვილისგან კომენტარის მიღების შემდეგ, ის კარდენახელ გლეხებს შეხვდა და მათ ხმის ამოღების შემთხვევაში დაჭერით დაემუქრა.

ახალი ამბები