კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებელს ფართს ჯერ ვერ დაუკანონებენ

3 აპრილი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

ქალაქ ახალციხეში მცხოვრები დევნილებს კიდევ ერთხელ გაუცრუვდათ იმედი. დევნილებმა საცხოვრებელი ფართის დასაკანონებლად მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადები შეიტანეს, თუმცა, როგორც გაირკვა, ნაჩქარევად.

ახალციხეში დევნილების 12 ოჯახი ცხოვრობს. აქედან ოთხი - სკოლა-ინტერნატის შენობაში. გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე კი ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი რვა ოჯახია შეკედლებული. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ ფართში ცხოვრება მათ 2008 წლამდე შეეძლოთ. მართალია, ოფიციალურად იქ ცხოვრების უფლება აღარ აქვთ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში საცხოვრებელ ფართს კერძო მფლობელობაში გადასცემენ. იმედს მათ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება აძლევთ.

დევნილების საცხოვრებელი ფართის კერძო მფლობელობაში გადაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში, 2007 წლის 28 ნოემბერს განაცხადა. მაშინ, როდესაც თბილისის მერიაში შეკრებილ აფხაზეთიდან დევნილებს ლტოლვილთა და განსახლების ახალი მინისტრი კობა სუბელიანი წარუდგინა.

მაშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2009 წელს ყველა დევნილი საკუთარ სახლში შეხვდება და საქართველოს მთავრობის ინიციატივაც გაახმოვანა: "ერთ კვირაში მოხდება დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ყველა ობიექტის რეგისტრაცია. იქამდე კი, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ფართები, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მათ საკუთრებაში გადაეცემათ". 

პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ახალციხეში მცხოვრებმა დევნილებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბინის დაკანონების შესახებ განაცხადები შეიტანეს.  

აფხაზეთიდან დევნილი 59 წლის ავთანდილ ლომიძე წლების განმავლობაში აფხაზეთში, ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებში პოლიციის მაიორის წოდებით მუშაობდა. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ 13 წელი პროფესიული სასწავლებლის შენობაში იცხოვრა, სადაც ამჟამად პროკურატურაა განთავსებული. ორი წლის წინ დევნილებმა ხელისუფლებისგან ორი ათასი ლარის ოდენობით კომპენსაცია მიიღეს. ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა გაარემონტეს და შემოსახლდნენ. საცხოვრებელი ფართი, რომელიც დევნილებს ყოფილ საბავშვო ბაღის შენობაში უკავიათ, საკმარისია. თუმცა, შესაძლოა, კვლავ უბინაოდ დარჩნენ.

"არ ვიცით, რა იქნება. 15 წლის შემდეგ მაინც ხომ უნდა გავიგოთ, რა არის ჩვენი?!" - კითხულობს ავთანდილ ლომიძე.

ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინების დაკანონების იმედს გავრცელებული ინფორმაცია აძლევთ, რომლის თანახმად, დედაქალაქში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა დაიწყეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, ახალციხეში მცხოვრები დევნილები უბინაოდ არ დარჩებიან: "ხელშეკრულების ვადა იქამდე გაუგრძელდებათ, ვიდრე უკეთეს საცხოვრებელ ფართს შევთავაზებთ. დაკანონებაზე საუბარი კი ჯერ ნაადრევია".
 
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციისა და სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის, გელა თავაძის განმარტებით, კანონპროექტი, რომელიც დევნილების საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ეხება, პარლამენტში მოსმენას გადის. მისი მიღების შემდეგ, ფართის დაკანონება ეკონომიკის სამინისტროს დაევალება: "ფართის დაკანონება მოხდება იმ განცხადების საფუძველზე, რომლითაც მათ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, თუმცა კანონპროექტის მიღებამდე ეს საკითხი შეჩერებულია".

ყველა დევნილი ბინების დაკანონებას ელოდება. მანამდე კი განსხვავებული პრობლემებითა და მსგავსი ოცნებებით ცხოვრობენ.

"წარმოშობით ასპინძიდან ვარ, მაგრამ ჩემი ოცნება აფხაზეთში დაბრუნებაა", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ციური ბაბლუანი, რომელიც გულრიფშის რაიონის მერხეულის საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელია. ამჟამად ის უმუშევარია.

ავთანდილ ლომიძეც იმ იმედით ცხოვრობს, რომ მალე სამ შვილთან და ხუთ შვილიშვილთან ერთად აფხაზეთში დაბრუნდება.

ახალი ამბები