კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ სასამართლო „ჯიბეში ჩაისვა“

3 აპრილი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სასამართლო პროცესებზე ვიდეოკამერების აკრძალვასთან დაკავშირებით, თავის დროზე, ქუთაისელმა ადვოკატებმა მწვავე პოზიცია გამოხატეს. მაშინ ადგილობრივი იურისტების დიდი ნაწილი აცხადებდა, ხელისუფლება ამას არ დასჯერდებოდა სასამართლო თანდათან სახეს დაკარგავდა. შესაბამისად, რეალობამოკლებული გახდებოდა ტერმინი „სამართლიანი სასამართლო“ და საქართველო საპროკურორო სახელმწიფოდ გადაიქცეოდა. დღეს ადვოკატები აცხადებენ, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მაშინ ფიქრობდნენ. სასამართლო ქვეყნის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ „ჯიბეში ჩაისვა“.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოს ინიციატივით აგორებულ საპროტესტო ტალღას, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში მოქმედი 4000-მდე ადვოკატის გაფიცვას გულისხმობს, ქუთაისიც შეუერთდება. 

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საკმაოდ ძლიერი სტუქტურაა თავისი რესურსების გათვალისწინებით. მაშინ, როცა ხშირია პრეტენზიები იმის გამო, რომ მოსამართლეებს გამოაქვთ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და აღნიშნულ გადაწყვეტილებებს მასიური ხასიათი აქვს, უსამართლობის მიმართ პროტესტის გამოხატვა, რა თქმა უნდა, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა არა ერთეული პირების, არამედ ადვოკატთა კორპუსის მიერ. ამით იმის თქმა მინდა, რომ იქ სადაც დაირღვა და შეილახა ერთი ადვოკატის ღირსება, ძალადობრივი გადაწყვეტილებით, თავს უფლებაშელახულად ყველა ადვოკატი უნდა გრძნობდეს. უბედურებაა, როცა ჩვენს ქვეყანაში გამოაქვთ პოლიტიკური და არა სამართლებრივი გადაწყვეტილებები. ყველა პიროვნება უზრუნველყოფილია დაცვის უფლებით. ეს უფლება რეალურად უნდა არსებობდეს. ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი პროტესტი. არც პროკურატურა, არც სასამართლო ადვოკატის გარეშე არაფერს ნიშნავს. საერთაშორისო საზოგადოება ამას სირცხვილად შეაფასებს. ეს იქნება დიდი მინუსი დემოკრატიის მშენებლობაში.  სირცხვილია ადამიანი ყველა საქმით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდეს“, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ევგენი ომანაძე.

ადვოკატთა პროტესტს უერთდება ადვოკატთა ასოციაციის წევრი ანა ჩაფიძე. მისი აზრით: „აქ აქცენტი შეიძლება დაისვას სისხლის სამართლის  საქმეზე. დაცვის განხორციელების  კუთხით, ადვოკატის როლი შეზღუდულია. პროკურატურის ნებაზეა დამოკიდებული ბრალდებულის როლი. ვგულისხმობ საპროცესო შეთანხმებას, რომლის დადება პროკურორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ადვოკატის  დაცვის პოზიციას პროკურატურა საერთოდ არ ითვალისწინებს და მის მიერ წარდგენილი ბრალდება  გამამართლებელი განაჩენის გამოტანას აღარ ექვემდებარება. ამდენად, ვფიქრობ, რომ პროტესტი დროულია და თუ საჭირო გახდება, აუცილებლად შევუერთდები“.

გადაწყვეტილი არა აქვთ, პროტესტს შეუერთდებიან თუ არა, თუმცა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ,  რომ საქართველოში სამართლიანი, დამოუკიდებელი  სასამართლო რეალურად არ არსებობს. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. თუმცა, ფაქტია, მოქმედი საპროცესო კოდექსი, სასამართლო სისტემა ადვოკატს არ აძლევს საშუალებას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სრულყოფილად მოახდინოს“,- ამბობს ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე. 

 საქართველოს კანონმდებლობით, პირის დაცვის უფლება გარანტირებულია.  ქუთაისელი ადვოკატები ფიქრობენ, რომ გაფიცვა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლო ხელისუფლებას, რადგან ისინი  სასამართლო პროცესებზე ბრალმდებლებიც  და დამცველებიც თვითონვე აღმოჩნდებიან.

ახალი ამბები