კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი მთავრობას დაზარალებული გლეხებისთვის კომპენსაციის გაცემას სთხოვს

4 აპრილი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, მთავრობას, მონტგომერის დაავადებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემას სთხოვს. შესაბამისი რეკომენდაცია ომბუდსმენმა უკვე გაუგზავნა პრემიერ მინისტრს ვლადიმერ გურგენიძეს და სახელმწიფო მინისტრს რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილს. იმ შემთხვევაში თუ მთავრობა სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, დაზარალებულები მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას და საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ.

მონტგომერის დაავადებამ საქართველოში გასულ წელს იფეთქა და სოფლის მეურნეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. დაავადების შედეგად მარტო კახეთის რეგიონში ასობით ფერმერი და ათასობით გლეხი დაზარალდა. ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლების დავალებით, ფერმერებს ღორები გაუნადგურეს.

„2008 წლის 20 თებერვალს განცხადებით მომმართეს ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა. განმცხადებლების განმარტებით, 2007 წლის ზაფხულში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მითითებით, იმ დროისათვის გავრცელებული, ღორის აფრიკული ცხოველების (მონტგომერის) სალიკვიდაციოდ მათ ჩამოართვეს და გაუნადგურეს ასეულობით  სული ღორი. განმცხადებლები ითხოვენ კომპენსაციას, ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ“, - აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის #306 და 2007 წლის 16 ივლისის #372 განკარგულებებით, საქართველოს რეგიონებში ღორის აფრიკული ცხელების შედეგების სალიკვიდაციოდ და შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რაიონებისთვის 460 245 ლარი გამოიყო, მათ შორის 108 590 ლარი კახეთის რეგიონისათვის. სოზარ სუბარის თქმით, განკარგულებით გათვალისწინებული არ ყოფილა საკომპენსაციო თანხები.

„საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილებას საკუთრების ჩამორთმევის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულება ან ადგილობრივი მმართველობის  ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება საკუთრების სუბიექტი“.

ამავე ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად კი „საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. საკუთრების ობიექტის საფასური მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე“.  განმცხადებლები მიუთითებენ, რომ კომპენსაცია მათ ქონების ჩამორთმევის შემდეგაც არ მიუღიათ, მით უფრო, არ მომხდარა ფულადი ანაზღაურება ღორების განადგურებამდე.

„მიუხედავად კანონით დადგენილი მოთხოვნებისა, საქართველოს მთავრობის 2007 წლის #306 და #372 განკარგულებებით, არ განისაზღვრა მესაკუთრეებისათვის შესაბამისი საკომპენსაციო თანხების გამოყოფა, რითაც დაირღვა ,,საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლი რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია მესაკუთრეების უფლებების დარღვევა - მიეღოთ შესაბამისი კომპენსაცია წინასწარ, საკუთრების ჩამორთმევამდე. აქედან გამომდინარე, ,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, რეკომენდაციით მივმართე საქართველოს მთავრობას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა ომბუდსმენის რეკომენდაციას, ამაზე პასუხის მისაღებად სახელმწიფო მინისტრთან რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილთან ვცადეთ დაკავშირება. მინისტრის პრესმდივანის, ნინო გაბრიაძის განმარტებით, ტყეშელაშვილი აშშ-ში იმყოფება, თავად კი სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ომბუდსმენის რეკომენდაციის შესახებ ვერაფერი გვითხრეს პრემიერ - მინისტრის პრესსამსახურშიც. გურგენიძის პრესმდივანმა ავთო ფავლენიშვილმა ფინანსთა სამინისტროში გადაგვამისამართა, სადაც განაცხადეს, რომ არც პრემიერ - მინისტრის და არც სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, მათთან ამ საკითხზე წერილი არ შესულა. „მონტგომერიის დაავადებით დაზარალებული მოქალაქეებისათვის კომპენსაციის გაცემის თაობაზე ჩვენთვის არავის მოუმართავს. ამიტომ, არც ბიუჯეტშია ცვლილება შესული და დღევანდელი მონაცემებით, არც თანხაა გამოყოფილი“,- განაცხადა ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარიკა ხოფერიამ.

იმ შემთხვევაში თუ მთავრობა სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, დაზარალებულები, მთავრობის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანას და საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ.

ახალი ამბები