კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყრუ-მუნჯი ბავშვი სკოლაში სიარულს ითხოვს

7 აპრილი, 2008
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

გიორგი ბენდელიანი სკოლაზე ოცნებობს. იგი  10 წლისაა და დაბადებიდან ყრუ-მუნჯია. 2 წლის წინ გიორგი ზუგდიდში არსებულ სმენა და მეტყველებადარღვეულ ბავშვთა ჯგუფში სწავლობდა. თუმცა 1 წლის შემდეგ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჯგუფის ბიუჯეტიდან დაფინანსება შეწყვიტა და იგი დაიშალა. გიორგი მშობლიური სოფლის, ჯიხაშკარის საჯარო სკოლაშიც აღარ მიიღეს. დირექციამ მიზეზად ყრუ-მუნჯი ბავშვებისათვის საქართველოში სპეციალური სკოლების არსებობა დაასახელა.

სამეგრელოს მაღალმთიან სოფელ ჯიხაშკარში გიორგი ბენდელიანი დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. დედა და დეიდაც დაბადებიდან ყრუ-მუნჯები არიან. ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ერთადერთი მარჩენალი – ბებიაც ხშირად ავადმყოფობს. მათი მკურნალობისათვის საჭირო სახსრებიც არ გააჩნიათ.

უმძიმესი სოციალური პირობების მიუხედავად, ბებიამ მოახერხა გიორგი სპეციალურ სასწავლო ჯგუფში, სოფლიდან ქალაქში ეტარებინა. სურდოლოგოპედი მასწავლებლების დახმარებით ბავშვმა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, თუმცა მოკლე ხანში სასწავლო ჯგუფი დახურეს.

გიორგიმ ეს ფაქტი მძიმედ განიცადა. როგორც ბებია ამბობს, სკოლაში წასვლის მოლოდინში იგი სასკოლო ჩანთასთან ჩახუტებული იძინებს; ხოლო როცა სოფლის შარაგზაზე სკოლისაკენ მიმავალ თანატოლებს დაინახავს, ზურგჩანთას დაიტაცებს და გაეკიდება.

ნუცა კვარაცხელია, ბებია: „გიორგი გონიერი ბავშვია. დიდი სურვილი აქვს ისწავლოს. სპეციალური ჯგუფის არსებობით ბევრი პრობლემა და სატკივარი მოგვეხსნა... ახლა ბავშვი სახლშია და მუდმივად ბრაზობს, სკოლაში უნდა წასვლა. საჭირო არის თუ არა, მაინც ყველგან ჩანთით დადის. ხშირად მისტირის სკოლის მეგობრებს. არ ვიცი, როგორ ავუხსნა ის, რომ სკოლაში უკვე ვეღარ ივლის. ახლა კბილის ექიმთან მიმყავდა და ხედავთ, ჩანთით არის. გუშინ ხელები გულზე დაიდო და მანიშნა  - მოვკვდებიო, რატომ მეთქი, ვკითხე და ისევ მანიშნა,  სკოლაში რომ არ წავიდე მოვკვდებიო...“

ქალბატონი ნუცა ასეთ მდგომარეობას უფრო იმიტომაც განიცდის, რომ თავის დროზე საკუთარ ყრუ-მუნჯ ქალიშვილებსაც განათლება ვერ მიაღებინა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები თბილისის სპეცსკოლაში გარკვეული პერიოდი სწავლობდნენ, ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს და შინ დაბრუნდნენ.

ნუცა კვარაცხელია, ბებია: „ახლა ვნანობ, მაგრამ მათ გარეშეც ვერ გავძელი. არ მინდა შვილიშვილის შემთხვევაშიც იგივე შეცდომა დავუშვა. მინდა, რომ მან ისწავლოს. შეიძლება ვინმემ მითხრას:  ქუთაისში ან თბილისში წაიყვანე, მაგრამ არც ამის საშუალება მაქვს და თან არ მინდა ბავშვი ოჯახურ სითბოსა და გარემოს მოვწყვიტო. ახლა რა ვქნა, თუ სკოლა არ გაიხსნა რა ეშველება მას და ან მის მსგავს ბავშვებს, ისინი ხომ უპასუხოდ და ლამისაა უპატრონოდ დატოვეს შუა გზაზე?!“

სმენა და მეტყველებადარღვეულ ბავშვთა კლასკომპლექტის ყოფილი ხელმძღვანელი, მიმი სარჩიმელია კომენტარისაგან თავს იკავებს. თუმცა იგი ზუგდიდში ერთადერთი სურდოლოგოპედია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის“ ცნობილი გახდა, რომ სპეციალურ ჯგუფს ქალაქის გამგეობა და საკრებულო ყოველთვიურად მხოლოდ 400 ლარით აფინანსებდა. ბოლო 800 ლარი კი პედაგოგებს საერთოდ არ მიუღიათ. ცნობილია ასევე ისიც, რომ ჯგუფის დახურვაში ნეგატიური როლი შეასრულა ქუთაისის სპეცსკოლის დირექტორმა, რომელმაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საჩივრის წერილი შეიტანა. ერთ-ერთი ვერსიით მას ზუგდიდელი სმენა და მეტყველებადარღვეული 14 ბავშვის ქუთაისის სპეცსკოლაში გადაყვანა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დახურვაში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი ხელისუფლებაც, მშობლებმა უარი განაცხადეს.

ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეაში“ მიიჩნევენ, რომ გარკვეული კატეგორიის ბავშვებისათვის აუცილებელია ასეთი სკოლებისა თუ კლასების არსებობა. იმისათვის, რომ ჩვეულებრივ სკოლაში გადასვლის მომენტი მათთვის უმტკივნეულო იყოს.

მადონა ხარებავა, „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს სისტემა იმისათვის, რომ ბავშვებს ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს. აქ მარტო მასწავლებელი და ადმინისტრაცია ვერაფერს გახდება. აუცილებელია ფსიქოლოგისა და სპეციალური განათლების მქონე პედაგოგის არსებობა. ეს კი როგორც ფინანსებთან, ისე ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ეს ერთ დღეში ვერ მოხერხდება. ამიტომ ეს გადასვლა რომ უმტკივნეულოდ მოხდეს, არ არის საჭირო, რომ ერთი ხელის მოსმით გავანადგუროთ ყველა ეს სპეცსკოლები და ჯგუფები“.

მას შემდეგ, რაც გიორგი ბენდელიანი მშობლიური სკოლის საჯარო სკოლაშიც აღარ მიიღეს, საქმეში ა/ო „დეა“ ჩაერია. ცოტა ხნის წინ ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდნენ, შედეგად კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრმა და ჯიხაშკარის საჯარო სკოლის დირექციამ მიიღო რეკომენდაცია ბენდელიანის შესაბამის კლასში მიღების თაობაზე.

მადონა ხარებავა: „ამ დღეებში შესაძლოა გიორგი სკოლაში წავიდეს, მაგრამ პრობლემა არსებითად გადაუჭრელი რჩება: მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ნაკისრი აქვს ვალდებულება 2015 წლამდე მთელს საქართველოში დაინერგის ინკლუზიური სწავლება, საჯარო სკოლები, გარდა პილოტური სკოლებისა, ოდნავადაც არ არიან მზად მიიღონ და ადეკვატური განათლება მისცენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს. ამდენად გიორგის სკოლაში  სიარულს ექნება ცალმხრივი ფუნქცია - მისი ჩართვა სოციუმში, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი ვერ მიიღებს იქ ელემენტარულ განათლებას, რაც ძნელი მისაღწევი არ იქნებოდა ინკლუზიური სწავლებისათვის პედაგოგების თუნდაც ელემენტარული პროფესიული მზაობის შემთხვევაში“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მოსაზრებით, გიორგი ბენდელიანის შემთხვევაში  ირღვევა საქ. კანონი ზოგადი „ზოგადი განათლების შესახებ“ (მუხლი 9. 1,2,3,6 ნაწილი) ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის რამდენიმე მუხლი.  ბავშვს აქვს უფლება ტერიტორიულად ახლომდებარე სკოლაში ისწავლოს და მას ხელი სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა შეუწყოს.

ნინო ყუფუნია, იურისტი: „ეს არის განათლების უფლების დარღვევა, რომელიც არის აღიარებული როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობით და იმ საერთაშირისო ხელშეკრულებებითა და აქტებით, რომელთა რატიფიცირება საქართველომ მოახდინა“.

ახალი ამბები