კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში პარლამენტარობისათვის ბრძოლა პიკს აღწევს

8 აპრილი, 2008
 საბა წიწიკაშვილი, გორი
 

შიდა ქართლის ,,მედია-მაგნატი" ბადრი ნანეტაშვილი ცდილობს რამენაირად ხელისუფლებაში ისევ მოხვდეს. დაზუსტებული ინფორმაციით, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" დირექტორ ნანეტაშვილს პარლამენტარობა სურს, ეს იმ დროს, როდესაც 2006 წელის 21 ივნისს პარლამენტის უმრავლესობამ იგი პარლამენტიდან დაითხოვა. ნანეტაშვილი მაშინ იმიტომ გააძევეს პარლამენტიდან, რომ იგი პარალელურად სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, ხოლო თავისი ტელევიზიით ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და მეწარმეებს მწვავე სიუჟეტებით აშანტაჟებდა. ეს ყველაფერი სახალხო დამცველის 2006 წლის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი.

შიდა ქართლის რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი გაზეთ ,,ვერსიასთან“ საუბარში არც მალავს იმ ფაქტს, რომ ნანეტაშვილმა მას თავად შესთავაზა  პარლამენტარად გაყვანა. მართალია, ვარძელაშვილი გვეუბნება, რომ ნანეტაშვილის ინიციატივა იყო მხოლოდ სიაში ჩასმა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ნანეტაშვილს მშობლიურ რაიონში სურდა მაჟორიტარობა.

2004 წელს ბადრი ნანეტაშვილი საპარლამენტო სიის 72-ე ნომრად მაშინდელმა შიდა ქართლის გუბერნატორმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჩასვა. სიაში ჩასმამდე გუბერნატორ ოქრუაშვილს იგი მესამე მოადგილედ ჰყავდა რწმუნებულის აპარატში. როგორც ჩანდა, ნანეტაშვილის ამბიცია გუბერნატორობის მოადგილეობით არ კმაყოფილდებოდა.

ცოტა ხანში ბადრი ნანეტაშვილს ურთიერთობა ოქრუაშვილის გუნდთან დაეძაბა. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო სიაში ნანეტაშვილის ჩასმას უნდა მოჰყოლოდა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მართვის ფლობა და გარკვეული წილი ოქრუაშვილის ერთ-ერთი მეგობარი ჟურნალისტის ხელში უნდა გადასულიყო. როგორც კი ნანეტაშვილმა პარლამენტარობა გაინაღდა, ოქრუაშვილს და ქარელს ტელევიზიის დათმობაზე უარი უთხრა. ნანეტაშვილი არც მალავდა იმ ფაქტს, რომ ოქრუაშვილი და ქარელი მას ტელევიზიის დათმობას აიძულებდნენ. თუმცა ის არ თქვა, თუ რა გარიგება არსებობდა მის პარლამენტში მოხვედრამდე. თქვა მხოლოდ ის, რომ ოქრუაშვილი მას 4 მლნ ლარს სთავაზობდა ტელევიზიის სანაცვლოდ.
 
ლადო ვარძელაშვილი მხოლოდ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ნანეტაშვილმა საპარლამენტო სიაში ჩასმა მოისურვა, ხოლო ამაზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღიაო.

გავრცელებული ვერსიით, ნანეტაშვილს მშობლიური რაიონის გამგებლობას შესთავაზებენ. სულ რამდენიმე დღეა ქარელის რაიონის გამგებელმა გიორგი არევაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ჩვენი ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ქარელის რაიონის და თანაც არევაძის ახლობლებით დასახლებულ სოფელ სასირეთში პრეზიდენტი ჩავიდა და ბევრი უკმაყოფილო ხალხი დახვდა. არევაძე გაღატაკებულ რაიონში 2008 წლის გამოშვების ჯიპითაც დადიოდა. სწორედ არევაძის გათავისუფლებული ადგილი შეიძლება შესთავაზონ ნანეტაშვილს.

როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისს აცნობეს, ქარელის რაიონში ბადრი ნანეტაშვილის გამოჩენას აქციები მოჰყვება. მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია გამგებლად ნანეტაშვილის გაყვანაზე. ლადო ვარძელაშვილს საბოლოოდ ერთადერთი გზაღა დარჩენია. მას საარჩევნოდ აუცილებლად სჭირდება ტელევიზია, რომელიც მუდამ გააპიარებს და კარგად წარმოაჩენს ხელისუფლებას. ნანეტაშვილი ვარძელაშვილს ამ საშუალებას სთავაზობს, თუმცა, სანაცვლოდ ხელისუფლების მაღალ თანამდებობას ითხოვს. სავარაუდოდ, ვარძელაშვილი სწორედ გუბერნატორის მესამე მოადგილის თანამდებობას შესთავაზებს. სამხარეო ადმინისტრაციაში მხოლოდ მესამე მოადგილის თანამდებობაა თავისუფალი. თუ მაინც და მაინც რიგით მესამე თანამდებობა დაიწუნა ნანეტაშვილმა, არ არის გამორიცხული, მეორე მოადგილე რამაზ ჩოჩიშვილი (სააკაშვილის მეგობარი ოლიმპიური ჩემპიონის, შოთა ჩოჩიშვილის ვაჟი) მესამე მოადგილედ გადაიყვანონ, ხოლო გამოთავისუფლებულ მეორე ადგილზე ნანეტაშვილი გადასვან. სწორედ ამ „თავის ტკივილზე“ მუშაობს სამხარეო ადმინისტრაცია დღეს. სხვა  ყველა რაიონში, გარდა კასპისა, მაჟორიტარის საკითხი გადაწყვეტილია.

გორში კენჭისყრას გიორგი ტატიშვილი აპირებს. ის წლების მანძილზე ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა. მუხედავად იმისა, რომ ტატიშვილი ძირითადად თბილისში მოღვაწეობდა, ის დაბადებული გორშია და გორის პრობლემებსაც შესანიშნავად იცნობს.

ხაშურში 32 წლის სერგო ქიტიაშვილია დასახელებული. ხაშურში დაბადებული და გაზრდილი სერგო ქიტიაშვილი პროფესიით ექიმია. სხვა და სხვა დროს სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობდა. წლების წინ ხაშურის გამგებლის მოადგილეც იყო. ბოლო წლებში კი, კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.

ქარელში პაექრობას 35 წლის ემზარ გელაშვილი აპირებს. გელაშვილი დაბადებულია ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში. ბოლო წლებში ის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის  სამხედრო პოლიციის  დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო. მანამდე კი  ქარელის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.

სამივე კანდიდატი სოციალურ სფეროზე აკეთებს აქცენტს და მიიჩნევს, რომ უმთავრესია მოსახლეობისთვის მსგავსი  პრობლემების მოგვარება.

კასპის რაიონშიც არანაკლებ რთულადაა საქმე. კასპის საკრებულოს რამდენიმე წევრი მაჟორიტარად  ,,ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარის, პარლამენტარ  კახა სუხიშვილის კანდიდატის წარდგენის წინააღმდეგია. ერთი კვირაა რწმუნებული ვარძელაშვილი კასპის საკრებულოს წევრებთან კონსულტაციებს გადის. კულუარულად კასპიდან გვაცნობეს, რომ საკრებულოს წევრები იმუქრებიან გამგებელ კახა ხაჩირაშვილის იმპიჩმენტით, თუკი კახა სუხაშვილს კასპის მაჟორიტარად წარადგენთო. მხარის რწმუნებულის გარემოცვას კასპის მაჟორიტარად სწორედ კახა სუხაშვილი სურს. სუხაშვილის კონკურენტი ბურჯანაძის კადრი, ადგილობრივი ბიზნესმენი კობა კურდღელაშვილია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კურდღელაშვილის მომხრე საკრებულოს წევრებს სოფლის გამგებლები დაუპირისპირა. სოფლის გამგებლებმა სოფლებიდან პარლამენტარ კახა სუხაშვილის მხარდასაჭერად ხალხის მობილიზება დაიწყეს. როდის დამთავრდება ხელისუფლების ჭიდილი, ჯერ-ჯერობით ამაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ.

ახალი ამბები