კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგებს ატერორებენ, ურჩებს სკოლებიდან აძევებენ

10 აპრილი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

რაც უფრო ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტები მით უფრო ხშირდება. გამგეობა, საკრებულო, პოლიცია, პროკურატურა, მმართველი პარტიის ადგილობრივი ოფისები და სხვა სახელისუფლებო ორგანოები, მუქარისა და შანტაჟის გზით, ოპოზიციის აქტივისტების გადაბირებას და მოსყიდვას ცდილობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასაქმებულებს სამსახურებიდან ყრიან, უმუშევრებს კი ახლობლების დაჭერით ემუქრებიან.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთის საჯარო სკოლებიდან არაერთი პედაგოგი გათავისუფლდა. თითქმის ყველა მათგანის სამსახურიდან გაშვების ოფიციალური მიზეზი, სკოლაში შტატების შემცირებაა. სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლიდან, სკოლის ორგანიზატორი თამარ ქოროღლიშვილიც ამ მოტივით გაათავისუფლეს, თუმცა როგორც გაირკვა, სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, მხოლოდ მისი შტატი გააუქმა.

"ჩემი მეუღლეც სკოლაში მუშაობდა. 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ ის გაუშვეს სამსახურიდან, მერე მეც გამათავისუფლეს. მიზეზად ბრძანებაში შტატების შემცირებაა მოყვანილი, მაგრამ მხოლოდ ერთი და ისიც ჩემი შტატი გააუქმეს. სინამდვილეში, ჩვენი უმუშევრად დარჩენა ჩემი მეუღლის ძმის სამსახურმა განაპირობა. იგი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის არკადი პატარკაციშვილის რაიონულ საარჩევნო შტაბში მოღვაწეობდა და როგორც გავიგე, ჩემი დასჯა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოითხოვა", - ამბობს თამარ ქოროღლიშვილი.

პედაგოგები გაათავისუფლეს გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებიდანაც.

ერთ-ერთი მათგანის თამარ ჩარბოდაშვილის თქმით, მანამ, სანამ უმუშევარი დარჩებოდა, რაიონული გამგეობიდან და პროკურატურიდან არაერთხელ მიუგზავნეს ახლობლები და შეუთვალეს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი არ ყოფილიყო. "იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციას არ დავუჭერდი მხარს და ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გავწევდი აგიტაციას, დამპირდნენ, რომ სკოლის რიგითი მასწავლებლობიდან დირექტორის მოადგილედ დამაწინაურებდნენ, რაზეც უარი ვთქვი. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ჩემი შვილი დააკავეს და დაგვემუქრნენ, თუ მათ მოთხოვნებს არ დავეთანხმებოდით, დაკავებულს პატიმრობას შეუფარდებდნენ. ყაჩაღობის რამდენიმე საქმე გვაქვს გაუხსნელი და რომელიმეს მაინც გავხსნითო, მითხრეს. სკოლიდან რომ გამათავისუფლეს, აღარაფერი მითქვამს, არც გადაწყვეტილება გამისაჩივრებია. ჩემი შვილი გარეთ მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვეს", - აღნიშნავს რესპონდენტი.

სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერას სთხოვენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურს – ცენტრების ხემძღვანელებსაც იმ რაიონებში, სადაც 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება ვერ მოიპოვა. დაზუსტებული ინფორმაციით, განცხადების დაწერა რამდენჯერმე უკვე მოსთხოვეს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს დალი მინდიაშვილს. მას შემდეგ კი, რაც მისგან ამ მოთხოვნის საპასუხოდ უარი მიიღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ხევიაშვილი და ხელისუფლების მიერ რაიონში, საგანგებოდ მოვლენილი ყოფილი გამგებელი გიორგი სიბაშვილი მას დაემუქრნენ, "განცხადებას თუ არ დაწერ, ორ ადამიანს მაინც ვათქმევინებთ, რომ საჯარო სკოლების დირექტორებად მათი დანიშვნისთვის, ქრთამის სახით, თანხა აიღეო".

დალი მინდიაშვილი ადასტურებს, რომ მას თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა მართლაც მოსთხოვეს და მას ემუქარებოდნენ კიდეც. თუმცა ამაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ხევიაშვილი, პედაგოგების და რესურს-ცენტრის უფროსის სამსახურიდან გაშვების მოთხოვნის ფაქტებთან კავშირს უარყოფს. `მე არაფერი ვიცი, ვინ და საიდან, რატომ გაუშვეს. დავიბარებ სკოლის დირექტორებს და გავარკვევ~,- განაცხადა ხევიაშვილმა. `ნაციონალური მოძრაობის~ რაიონული ორგანიზაციის ოფისში ისიც აღნიშნეს, რომ დალი მინდიაშვილი ცხინვალიდან დევნილია და თუ უსამსახუროდ დარჩა, ცხინვალში წავიდესო.

პედაგოგებზე ზეწოლის ფაქტებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ლაბუჩიძეც. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება რაიონის პედსაზოგადოებაში არაპოპულარული კი არის და ამას საარჩევნოდ მიღებული ხმების ოდენობაც ადასტურებს, მაგრამ მასწავლებელების სამსახურიდან გათავისუფლება მას არ მოუთხოვია. ამ ფაქტებთან კავშირს უარყოფს გურჯაანის რაიონის დე-ფაქტო მმართველი გიორგი სიბაშვილიც. 

მომხდარს პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების დევნად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის ლია ხუროშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებული და გასაძევებლად გამზადებული პედაგოგები, სწორედ ამ ნიშნით იდევნებიან. "ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ამბობს იურისტი.

პედაგოგები დახმარებას საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს და მედიას სთხოვენ.

ახალი ამბები