კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატებზე ზეწოლა რეგიონებშიც პრობლემაა

16 აპრილი, 2008
 

 კახა  მაღრაძე

გულო კოხოძე, ახალციხე

ბოლო დღეებში დედაქალაქში მიმდინარე ადვოკატების გაფიცვებმა და ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილის ერთთვიანმა შიმშილობამ ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ახალციხის რაიონში, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ადვოკატ კახა მაღრაძეს, რამდენიმე კითხვით მიმართა.

 -ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 593–ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს ახალი ,,გ’’ პუნქტი, რომლის საფუძველზეც, ,,საქმეში ახლად აღმოჩენილ გარემოებად საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა ან სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჩაითვლება”.
ადვოკატებმა პარლამენტში შეიტანეს სისხლის სამართლის კანონში ცვლილებების შესატანად საჭირო ხელმოწერები. შეუერთდით თუ არა ამ ხელმომწერების სიას? რატომ?

-სავსებით ვეთანხმები ადვოკატის პოზიციას. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების უფლება და საქმის სასამართლოში წარმართვის უფლება. რაც შეეხება ხელმოწერებს, მე ამ ინიციატივაზე ხელს აუცილებლად მოვაწერ.

-გაფიცული ადვოკატების მხრიდან არის მინიშნება ,,ვაი –ადვოკატებზე”, რომლებიც ერთი სხდომათა დარბაზიდან მეორეში გადაჰყავთ და საქალაქო სასამართლოდან სააპელაციოში მიარბენინებენ. ამ საკითხზე რა კომენტარს გააკეთებდით?

-მიმაჩნია, რომ ნამდვილად არსებობენ ისეთი ადვოკატები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი სამართალდამცველ ორგანოებთან, რადგან რიგ შემთხვევებში სამართალდამცველები პირდაპირ უთითებენ კონკრეტულ ადვოკატებზე. ჩემს შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა, რომ პოლიციის უფროსი და გამომძიებელი ეუბნებოდნენ ეჭვმიტანილებს ადვოკატად მე არ დავექირავებინე. ამის შესახებ  არაერთხელ განვუცხადე ყოფილ საოლქო და ამჟამინდელ რაიონულ პროკურორს.

-თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია ადვოკატების მხრიდან ასეთი განცხადება ,,გადაიხედოს უკანონო განაჩენები”, რადგან განჩინების გამოტანის დროს ადვოკატი სხდომას თავად ესწრება და გასაჩივრების უფლება მაშინვე აქვს?

-მართალია, ადვოკატი ესწრება განაჩენების გამოცხადებას, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივრებს წარმოებაში აღარც იღებს იმ ,,მოტივით”, რომ აღნიშნული საქმე არაა მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად. ამდენად, გასაჩივრებამაც ფაქტობრივად, აზრი დაკარგა.

-,,პროტესტს ვუცხადებთ საპროკურორო სახელმწიფოს”, ,,მოვითხოვთ  სასამართლოს თავისუფლებას”, ,,შეწყდეს  სასამართლოების მხრიდან ადვოკატების უფლებების დარღვევა”, ადვოკატების ეს მოთხოვნები შეესაბამება თუ არა სიმართლეს და თქვენს პროფესიულ საქმიანობაში ყოფილა თუ არა მსგავსი ჩარევები?

-სრულიად ვეთანხმები, რომ ამ ეტაპზე საქართველო საპროკურორო სახელმწიფოა. ფაქტობრივად, მოსამართლის უფლებების უმეტესი ნაწილი პროკურატურას გადაეცა. პროკურორს უფლება აქვს მოწმე დაიჭიროს მხოლოდ იმის გამო, რომ მან ჩვენება ,,შეცვალა”, ამით ხდება მოწმეთა და დაზარალებულთა დაშანტაჟება; პროკურორები ზოგიერთს უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას და ზოგიერთს არა, თუმცა დღემდე გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით ხდება საპროცესო შეთანხმებათა გაფორმება, ჩემი აზრით, ზოგიერთი ადვოკატი პროკურორებთან გარკვეულ ალიანსშია საპროცესო შეთანხმებების გაფორმებისას.

- ბოლო თვის მონაცემებით თქვენი რამდენი კლიენტი გაამართლეს? საპროცესო გარიგება რამდენთან შედგა? (ზუსტი სტატისტიკა თუ არ გაქვთ მიახლოებით მაინც იქნებ მითხრათ)

-გამართლებით, სასამართლოს არავინ გაუმართლებია, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ სასჯელებს, როცა გამოსავალი არაა და განსასჯელი იძულებულია, დათანხმდეს დაბალ სასჯელს, რომ დააღწიოს სამართალდამცველთა მხრიდან დევნას. საპროცესო გარიგებები დაიდო დაახლოებით 20 პირთან. ბოლო ხანებში შეიძლება სასამართლომ ,,გაამართლოს” ის პირები, რომლებიც პროკურატურას აწყობს, თორემ გამართლებას ვერ გაბედავს, თანაც ის პირები გაამართლეს, ვისაც იცავს ე. წ. საზოგადოებრივი ადვოკატები.

- თავისუფალია თუ არა დღეს რეგიონში ადვოკატი და ყოფილა თუ არა თქვენზე ზეწოლა თუნდაც პროკურატურის ან მოსამართლის მხრიდან?

-რეგიონში ადვოკატი ვერ იქნება ბოლომდე თავისუფალი, რადგან პროკურორზე, გამომძიებელზე და პოლიციის უფროსზეა ,,დამოკიდებული”, ვინ დაიცავს ეჭვმიტანილს. ჩემს მიმართ ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ არსებობენ დაშინებული მოქალაქეები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან, რათა თავი დააღწიონ სამართალდამცველთა მხრიდან დევნას და თავისუფლებაში ფულს იხდიან. იძულებულნი არიან, გაყიდონ სახლიც. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გამომძიებლებს უკვე საქმის გამოძიებაც კი ეზარებათ, რომ არაფერი ვთქვათ მტკიცებულებათა მოპოვებაზე. რაც შეეხება ადვოკატებზე ზეწოლას, ამის თვალნათელ მაგალითად ადვოკატ კახა ასპანიძის დაკავება გამოდგება. ის წარმატებული ადვოკატია, ვინც სამართალდამცველებთან ,,კარგ” ურთიერთობაშია და საპროცესო გარიგებას ,,მოაკვარახჭინებს”.

 

ახალი ამბები