02:27, Friday, 18.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზუგდიდელმა პოლიციელებმა 64 წლის ქალი სცემეს

18.04.2008
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

შ.ს.ს. ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა ტურფა გვილია მაშინ სცემეს, როცა იგი შვილის დაკავების მიზეზების გარკვევას ცდილობდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად პოლიციელებმა 64 წლის ქალბატონი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ზეგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტურფა გვილია და მისი ვაჟი, გოჩა ბუკია, იმავე დღეს, 13 აპრილს ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაშავებული ტურფა გვილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას, ცემაში მონაწილე პოლიციელების მიმართ ს.ს  საქმის აღძვრას და მათ დასჯას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი საოლქო პროკურატურასთან შიმშილობის აქციის დაწყებას და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას გეგმავს.

ინციდენტი ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა გოჩა ბუკია ფოტო-სტუდიაში დააკავეს.

ტურფა გვილია: "მე და ჩემი ორივე ვაჟი "ფუჯიფილმში" ვიყავით, მეუღლის გარდაცვალებიდან 16 წლის აღსანიშნავად საფლავზე გასვლას ვგეგმავდით. ორი ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, გოჩას ხელი ჩაავლეს და ძალის გამოყენებით გაყვანა დაუპირეს. საცხოვრებელი კორპუსის ეზომდე ისე ათრიეს, რომ მათი ვინაობა ჩვენთვის უცნობი იყო. ვეკითხებოდით და არ გვიმხელდნენ. გოჩა ეუბნებოდა: ვინ ხართ და რაღა გინდათო?! ის, რომ პოლიციელები იყვნენ, მხოლოდ მაშინ მივხვდით, როცა ჩემი შვილი "ჟიგულის" მარკის ავტომანქანაში ჩატენეს და თქვეს, რომ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაგვყავსო".

ტურფა გვილიას მონათხრობიდან ირკვევა, რომ მასსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შვილის დაკავების მიზეზების გარკვევას მოჰყვა. პოლიციის მხრიდან ლანძღვა-გინების შემდეგ ქალბატონი შენობიდან გააძევეს.

ტურფა გვილია: "ჭიშკრამდე სულ ცემა-ცემით მიმიყვანეს, წიხლები მირტყეს, ხელები კინაღამ მომაგლიჯეს, მაგინეს და ქუჩაში დამაგდეს. ახლობლებთან ტელეფონით დარეკვა ვცადე. ამ დროს შენობიდან პოლიციელები გამოვარდნენ, ისევ ჩამავლეს ხელი და უკან შემათრიეს. შეუძლოდ გავხდი, გონს ვკარგავდი, ვეუბნებოდი, რომ ჰიპერტონიით ვიყავი დაავადებული და შესაძლებელი იყო, როგორც ხშირად ხდება, ატომური სისხლდენა დაწყებულიყო... ჩემი თხოვნა ექიმების დახმარებაზე არ გაითვალისწინეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფს კი განმიცხადეს, რომ დაკავებული ვიყავი."

პოლიციელებმა ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარის განხორციელებაზე დაკავებულს უარი უთხრეს. წინასწარი პატიმრობის საკანში ტურფა გვილიას თანხმობა არც სახაზინო ადვოკატის მომსახურეობაზე მისცეს, ხოლო 5 საათის შემდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს.

სასამართლოს დადგენილებით, ტურფა გვილიას, ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობისათვის ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 100 ლარი დაეკისრა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ტურფა გვილია: "თურმე პოლიციის სამმართველოს წინ უმისამართოდ ვიგინებოდი, ვილანძღებოდი, რითაც ვარღვევდი საზოგადოებრივ წესრიგს. თურმე პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას შემეწყვიტა აღნიშნული ქმედება, ბოროტად არ დავემორჩილე - ამაზე მეტი ცინიზმი და ცილისწამება რა უნდა იყოს?! ამ სასამართლოს სხვა რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო?!"

ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ გოჩა ბუკიას მიმართ, რომელიც იმავე დარბაზიდან, სადაც დედის სასამართლო პროცესი გაიმართა, ერთი საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

ტურფა გვილიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართა, სადაც იგი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს, რათა დადგინდეს მასზე მიყენებული დაზიანების ხარისხი. იგი ასევე მოითხოვს ს.ს. საქმის აღძვრას იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტურფა გვილია: "პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჩემზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ცემის შედეგად მარჯვენა ხელზე აღმენიშნება სისხლჩაქცევები, სილურჯე და დაბეჟილობები. მიმაჩნია, რომ ძალოვანი სტრუქტურები ჩემზე და ჩემს ვაჟებზე პროვოკაციულ ქმედებებს მიზანმიმართულად ახორციელებენ, რომელიც არც მომავალშია გამორიცხული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემი ვაჟი თითქმის 50-ჯერ მიიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და ზემოქმედების ფაქტი არც ერთხელ არ დადასტურდა _ ამას მხოლოდ დევნა ჰქვია!"

იმ შემთხვევაში, თუ საოლქო პროკურატურის მისამართით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ტურფა გვილია პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას სწორედ ამ ძალოვანი სტრუქტურის შენობასთან გეგმავს. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ მისმა ოჯახმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვას და თავშესაფარი უცხო ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვოს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს წინასწარი გამოძიება მომხდარ ფაქტზე, დაინიშნოს სასამართლო-სამედიცინო  ექსპერტიზა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC