კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იურისტები საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ

22 აპრილი, 2008
 
თამარ გურჩიანი
გელა მთივლიშვილი, კახეთი


2008 წლის 17 იანვარს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებები შევიდა. მე-2 მუხლიხ მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა“. იურისტების თქმით, ეს ცვლილება სასამართლოსთვის მიმართვის თავისუფლებას ზღუდავს და საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის აქტებსაც ეწინააღმდეგება.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან ერთად, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან არსებული ადმინისტრაციულ საკითხებზე მომუშავე კომისია იყო. როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, ცვლილების მიზანი სასამართლოებში სიტუაციის განმუხტვაა. „საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი იუსტიციის საბჭოსთან ერთად სპეციალურმა კომისიამ მოამზადა, რომელიც მოსამართლეებით და უნივერსიტეტის პროფესორებით არის დაკომლექტებული. გეთანხმებით, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ყველას აქვს და ეს კონსტიტუციით ნამდვილად არის გარანტირებული, მაგრამ კანონმდებელს შეუძლია დაადგინოს პროცედურა და ცვლილებაც ამაში მდგომარეობს“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცნობით, ანალოგიური პრაქტიკა უცხოეთის სასამართლოებშიც არსებობს. „განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, პირველ რიგში, თავად მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება, რადგან სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების ვალდებულება, მოქალაქეებს თავიდან ააცილებს როგორც სასამართლო ხარჯებს, ასევე საკითხის გადაწყვეტისთვისაც, შესაძლოა, ნაკლები დრო დაიხარჯოს. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება კი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა და მათ ამ მხრივ არავინ ზღუდავს“, - აღნიშნავს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნანა ვასაძე.

საპირისპიროს ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშემწყობი პროექტის ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი. „ერთია კოდექსში ცვლილების შეტანის არგუმენტაცია, მეორე – შედეგი, რაც შეიძლება ამან მოგვიტანოს. შეიძლება ეს ცვლილება სასამართლოსთვის მართლაც სასარგებლო აღმოჩნდეს, განსახილველ საქმეთა რაოდენობა შემცირდეს, მაგრამ, სამაგიეროდ დაიტვირთება ადმინისტრაციული ორგანოები, რამაც შესაძლოა, ძალიან ცუდად იმოქმედოს მოქალაქეთა უფლებებზე.

- სასამართლოები თუ განიტვირთებიან საქმეების განხილვისგან და ადმინისტრაციულ დავებს თავად ადმინისტრაციული ორგანოები გადაწყვეტენ, რა არის ამაში ცუდი?

- ცვლილებებამდე სადაო აქტის გასაჩივრების რამდენიმე ალტერნატივა გვქონდა. მაგალითად, შეგვეძლო ადმინისტრაციული აქტი გაგვესაჩივრებინა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ზემდგომ პირთან ან სასამართლოში. დღეს, ეს შესაძლებლობა აღარ გვაქვს. ცვლილების მიხედვით, აქტის ბათილად ცნობის, ქმედების განხორციელების ან სხვა მოთხოვნით, პირდაპირ სასამართლოს ვეღარ მივმართავთ. მანამდე აუცილებლად უნდა გავიაროთ ბიუროკრატია ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-„ე“ მუხლს, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არჩევანის თავისუფლების უფლებას, მივმართო ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სასამართლოს. ამ ცვლილებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ მოქალაქეები, გადამხდელები და ა.შ, იმიტომ, რომ ძველი რედაქციით, მოქალაქე თუ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების მექანიზმს გამოიყენებდა, სასამართლოში თავისუფლდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დღეს, ეს ჩანაწერი აღარ არსებობს.

- ანუ, ადრე თუ ბაჟის გადაუხდელობა სასამართლოში საქმის განხილვას არ აფერხებდა, დღეს აფერხებს?

- დიახ. ცვლილებებამდე მოქალაქეს შეეძლო სასამართლოსთვის სასარჩელო განცხადებით მიემართა და მის მიერ, წინასწარ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ აყოვნებდა სარჩელის განხილვას. ამჟამად, კანონში ასეთი ჩანაწერი აღარ არის. დღევანდელი მუხლის რედაქცია ამ გარანტიას აღარ ცნობს, ე.ი. სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა აბრკოლებს საქმის განხილვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება, სასამართლოს ვერ მიმართავს.

- თამარ, რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის გამოცდილებას, აქვთ კი მათ ასეთი პრაქტიკა?

- ადმინისტრაციულ ორგანოებს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პრაქტიკა საერთოდ არ აქვთ. ჩვენს მიერ, 2007 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მათ უბრალოდ არ იციან, რა უნდა გააკეთონ. კვლევის ფარგლებში ჩვენ გავაგზავნეთ წერილები 60 ადმინისტრაციულ ორგანოში. 60 – დან მხოლოდ 10-მა ორგანომ მოგვაწოდა განხილული საქმეების შესახებ ინფორმაცია. სულ 21 ადმინისტრაციული საჩივარი იყო განხილული ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აქედან, 18 საჩივარი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნოდა. 50 – მა ადმინისტრაციულმა ორგანომ გვიპასუხა, რომ მათ არ განუხილავთ ადმინისტრაციული საჩივრები. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ საჩივრებს ძირითადად განიხილავდნენ სამინისტროები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცილებით უარესი მდგომარეობაა ადგილობრვ ორგანოებში. სტატისტიკური მონაცემებით, გამგეობებს, საკრებულოებს, ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებს და ა.შ, არათუ საჩივრის განილვის პრაქტიკა, არამედ უნარიც არ აქვთ. ეს მონაცემები და დღევანდელი მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ მოქალაქეებს არანაირი დაცულობა არ აქვთ.

საკანონმდებლო ცვლილებებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი შავიშვილიც აკრიტიკებს. „ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შეიტანა, მაგალითად, გადასახადის გადამხდელს ერთადერთი უფლება აქვს, გადაიხადოს გადასახადი. სხვა უფლება მას პრაქტიკულად აღარ აქვს“, - აღნიშნავს ირაკლი შავიშვილი.

სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც უზენაესი სასამართლოდან მოგვაწოდეს, საქართველოს მაშტაბით პირველი ინსტანციის სასამართლოებში, 2007 წლის ბოლო სამ თვეში 3862 ადმინისტრაციული საქმე შევიდა. 2008 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) კი 2042 საქმეა რეგისტრირებული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობს. თამარ გურჩიანის განცხადებით, ისინი სასამართლოს სარჩელით მალე მიმართავენ.


ახალი ამბები