კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოშიმშილე ადვოკატი „სიგამხდრისთვის“ დააკავეს

23 აპრილი, 2008
 ლალი აფციაური
 ნონა სუვარიანი, თბილისი
 
 „ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი აქტივობა, ჩვენი პროტესტი, ადვოკატთა გამოფხიზლება, ბრძოლა თავისუფლების დაცვისთვის შეაჩერონ. მე შიგნით ვიქნები თუ გარეთ, გავაგრძელებ ამ ბრძოლას, დავამტკიცებ რომ ეს არის აბსოლუტურად უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და მოწყობილი პროვოკაცია“. ეს განცხადება წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 აპრილს დაკავებულმა ადვოკატმა, მალხაზ ჯანგირაშვილმა გააკეთა.
ეს კომენტარი მან „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის, მეშვეობით გადასცა. მალხაზ ჯანგირაშვილი გუშინ საღამოს რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საავადმყოფოში ის ირაკლი კაკაბაძის სანახავად მივიდა.

ლალი აფციაური, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო პატიმართა თანამეგობრობის ნაციონალური სამსახურის საქართველოს პატიმართა თანამეგობრობის“ დირექტორი, საუბრობს იმ დაბრკოლებებზე, რომელიც ადვოკატებს მაშინ შეექმნათ, როდესაც მათ მალხაზ ჯანგირაშვილის ექსპერტიზაზე დასწრება სურდათ. ის საუბრობს იმ გარემოებებზეც, თუ როგორ დაკავეს ადვოკატი:

„პოლიცილელების თქმით, დაკავების საფუძველი მისი გარეგნობა იყო, ნარკომანს ჰგავდა, ძალიან გამხდარი იყოო. 29 დღიანი შიმშილობის შემდეგ ეს არგუმენტი სასაცილოა. მალხაზ ჯანგირაშვილი გაჩხრიკეს. მან ნებაყოფლობით წარმოადგინა მის ხელთ არსებული ნივთები, რომლებიც ჩამოართვეს“.

თავად მალხაზ  ჯანგირაშვილის თქმით (ამას გელა ნიკოლაიშვილი გვიყვება), გარეთ მას პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და უთხრეს, რომ ის ვიდეოთვალმა დააფიქსირა. ნარკოტიკული თრობის ქვეშ ხართო. მან უპასუხა, ერთი თვე ვიშიმშილე, აბა როგორი სახე მექნებაო?

გელა ნიკოლაიშვილი: „მან თავიდანვე უთხრა, რომ ფეხი ჰქონდა დაზიანებული და გამაყუჩებლებს (ბარალგინს და დიმედროლს) იკეთებდა, თან ტკივილგამაყუჩებლით სავსე ნემსიც ჰქონდა. მოგეხსენებათ, ეს არის ფსიქოტროპული და არა ნარკოტიკული ნივთიერება. ყველაფერი მანქანის „კაპოტზე“ დააწყობინეს. მას ძალიან ადვილად შეეძლო, რომ ხელი ჯიბეში ჩაეყო და ნემსისთვის დაეჭირა, ხუთგრამიანი ნემსის მხოლოდ ორი გრამი იყო შევსებული. ასე რომ კვალი არ დარჩებოდა. თუმცა ის დარწმუნებული იყო, რომ მას არავითარი ნარკოტიკული ნივთიერება არ ჰქონდა, ამიტომაც ეს არ გააკეთა. თან ფიქრობდა, რომ პოლიციელებს, ამ შემთხვევაში, ნარკოტიკით სავსე შპრიცის ჩადებაც შეეძლოთ. შემდეგ, როდესაც სხვა მხარეს გაიყვანეს და იქაურობას მოაშორეს, სადაც ეს ყველაფერი ეწყო, ის შპრიცს ვეღარ ხედავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ნივთები სხვა მანქანაზე შემოალაგეს და დალუქეს. მაგრამ რა დალუქეს, მას უკვე აღარ დაუნახავს. მათ შეეძლოთ გამოეცვალათ ნემსიც და შიგთავსიც“.

როგორც ლალი აფციაური ყვება, ჩხრეკის შემდეგ მალხაზ ჯანგირაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„დაახლოებით 10 ადვოკატი იმ დაწესებულებაში შესაბამისი ორდერებით გამოვცხადდით. გაგვიწიეს წინააღმდეგობა, მაქსიმალურად შეეცადნენ შიგნით არ შევეშვით. რომ ამ საექსპერტო გამოკვლევის ჩატარებას არ დავსწრებოდით, კანონი კი ამის უფლებას გვაძლევს“.

ლალი აფციაურის თქმით, ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რომელიც დაკავებულთან მიმდინარეობს, ადვოკატის თანდასწრებით უნდა ხდებოდეს. მიუხედავად ამისა, ადვოკატებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ასე რომ, შესვლა მათ უკვე „შტურმით“ მოუწიათ, ადვოკატებმა პროტესტი გამოთქვეს და ამ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

„ზემოდან იყო ბრძანება რომ დავეკავებინეთ, ეს ბრძანება რატომღაც ვერ შეასრულეს. ჩვენ რომ მივედით მალხაზ ჯანგირაშვილთან, საექსპერტო გამოკვლევა უკვე დასრულებული იყო. ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევა იყო“.

როგორც გაირკვა, შეამოწმეს თავად ჯანგირაშვილი და არა ის ნივთიერება,რომელიც ნემსში იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნით, მალხაზ ჯანგირაშვილს სისხლში ოპიუმის ჯგუფის ნივთიერება აღმოაჩნდა.

გელა ნიკოლაიშვილი: „რომც ყოფილიყო მოხმარების ფაქტი, ეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს. თუმცა მთავარი არის, რა ნივთიერებას აღმოაჩენენ ნემსში.

რაც მთავარია, ექსპერტიზამ თქვა პასუხი, რომ, სავარაუდოდ, ეს არის მეტადონი, 1,4 გრამი, ანუ გადაჭრით ვერაფერი თქვეს. ხელმეორე ექსპერტიზას იუსტიციის სამინისტროში ნიშნავენ“.

ამჟამად მელხაზ ჯანგირაშვილი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. ბრალი არ წაუყენეს, ამისთვის დრო ხვალ საღამომდე აქვთ, ჯერ არც ეჭვმიტანილის სახით დაუკითხავთ, ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

ამ ფაქტზე და სხვა თემებზე სასაუბროდ ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ. შეხვედრას გერმანიის, საფრანგეთის და ეუთოს წარმომადგენლობა ესწრებოდა.

გელა  ნიკოლაიშვილი: „დიპლომატებთან შეხვედრაზე როგორც ჯანგირაშვილის დაკავებაზე, ასევე, ზოგადად, ადვოკატთა საქმიანობაში შექმნილ ვითარებაზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე ვისაუბრეთ. ადვოკატის შრომა ორჯერ უაზრო გახდა“.

ადვოკატებს მიგვაჩნიათ, რომ მალხაზ ჯანგირაშვილის დაკავება ადვოკატების ბოლოდროინდელ გააქტიურებას უკავშირდება.

ახალი ამბები