კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ იმატა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულმა

23 აპრილი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გენერალური პროკურატურის სტატისტიკური მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო. ოფიციალური ინფორმაციით, შემცირდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გაიზარდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. თუ 2006 წლის ნოემბერში მძიმე დანაშაულის 1960 შემთხვევა დაფიქსირდა, 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით 1012 დანაშაულია აღრიცხული. გენპროკურატურა იტყობინება, რომ მძიმე დანაშაულის შემცირება 2008 წელსაც აღინიშნება, რასაც ექსპერტები არ ეთანხმებიან.

თებერვალში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ულიანოვკაში, სანადირო თოფიდან გასროლით დავით მეტრეველმა, 36 წლის მალხაზ გოგოლაძე მოკლა. მკვლელობა სოფლის მახლობლად მდებარე ტბასთან მოხდა, სადაც გოგოლაძე თევზსაშენს დარაჯობდა. გარდაცვლილის დედის ირა გოგოლაძის თქმით, მალხაზი ნაწამები იყო და ტყვიები სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა მოხვედრილი. დავით მეტრეველმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით.

6 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში, 17 წლის ბექა ბაინდურაშვილს, თანასოფლელმა თემურ სოზაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ მალევე დააკავა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

საზარელი მკვლელობა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეშიც. გურამ ნიკოლაშვილმა გულში დანის ჩარტყმით 25 წლის მამუკა სონღულაშვილი მოკლა. მკვლელობის მოტივი შეცდომით გაგზავნილი სმს-ი გახდა.

3 აპრილს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრები 24 წლის ნიკა ხატიაშვილი, თანასოფლელებმა, სოფლის მახლობლად ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახლობლების განცხადებით, ხატიაშვილი დილით ძროხების სამწყემსად იყო წასული, საღამოს კი ის გარდაცვლილი ნახეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა საქონლის დაყაჩაღებას უკავშირდება. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა.

ბოროტმოქმედებმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში მცხოვრები 49 წლის ნუგზარ ტყემალაძე. ამ უკანასკნელმა საკუთარ ეზოში საქონლის ქურდები შენიშნა, რა დროსაც მას დანით 16 ჭრილობა მიაყენეს.

მკვლელობა მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელშიც. 1979 წელს დაბადებულმა ვალერი ტერესოვმა, 1981 წელს დაბადებული ილია ბუზალაძე მოკლა.

პოლიციის ინფორმაციით, გივი ჭინჭარაულმა, რომან და ვალერი კასიანოვებმა, ბინაზე ყაჩაღური თავდასხმის დროს, ფიზიკური ძალის გამოყენებით მოკლეს დედოფლისწყაროში მცხოვრები 63 წლის ეთერ მაისურაძე.

ეს ფაქტები, კახეთის რეგიონში, თებერვალში, მარტსა და აპრილში მომხდარი მძიმე დანაშაულების არასრული ჩამონათვალია. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, 2008 წელს, ზუსტად რამდენი და რა სახის დანაშაულია კახეთში მომხდარი.

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება პოლიციის ორგანოებზე",- ასე ახსნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი, სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოჩა თედიაშვილმა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონში კრიმინალური ვითარება 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაუარესდა.

"არჩევნების შემდეგ შს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობა შეიცვალა. სამმართველოს უფროსად, თბილისის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიძე დაინიშნა. ვფიქრობთ, რომ ამ საკადრო ცვლილების განხორციელება, კახეთში, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის არადამაჯერებელმა გამარჯვებამ განაპირობა. ცხადია, საკადრო ცვლილების შემდეგ პოლიცია გაცილებით მეტად არის გადართული საარჩევნო საკითხების მოგვარებაზე. კანონი კრძალავს, მაგრამ სამართალდამცავები წინასაარჩევოდ პირდაპირ ეწევიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას, ზეწოლას ახდენენ მოქალაქეებზე და ა.შ. პოლიციას აღარ რჩება დრო, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას და დანაშაულს ებრძოლოს. უწყება ხელისუფლების შესანარჩუნებლად მუშაობს",- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლია ხუროშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კრიმინალური მდგომარეობა უკიდურესად გართულდა თბილისში მაშინაც, როცა ქალაქის პოლიციას, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი ირაკლი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.

"საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბოკერია, რეგიონში მძიმე დანაშაულების მატებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. "ერთ-ერთი პირველი ამ დროისათვის, ალბათ, არჩევნებია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გასამარჯვებლად მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო დროს საზოგადოება კრიმინალის მიმართ გულგრილი გახდა. არ გამოვრიცხავ, რომ დანაშაულის მატება მეტნაკლებად პოლიციის რეფორმითაც იყოს გამოწვეული. სისტემაში ბევრი არაპროფესიონალი მუშაობს", - აღნიშნავს ბოკერია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ კრიმინალური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს.


ახალი ამბები