19:49, Monday, 09.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საბავშვო ბაღების აღმზრდელები პრეზიდენტს მოთხოვნებს უყენებენ

24.04.2008
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონში არსებული სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებმა საქართველოს პრეზიდენტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოთხოვნები ორი კვირის წინ წაუყენეს, თუმცა სამივე მოთხოვნის დაკმაყოფილება "ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შეცვლაზეა დამოკიდებული. აღმზრდელებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის ზუგდიდის ორგანიზაცია სკოლამდელი დაწესებულებების მართვის უფლების გადაცემას თვითმართველობიდან კვლავ განათლების სისტემაში ითხოვს.

ზუგდიდის #15 საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ფუნქციონირებდა. მაშინ იქ ხის დიდი სახლი იდგა. მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ ორსართულიანი, ტიპიური საბავშვო ბაღი ააშენა. იგი საქართველოში არსებული ერთ-ერთი პირველი სადღეღამისო ბაგა-ბაღი იყო. საომარი მოქმედებების დროს შენობაში შეიარაღებული ფორმირება "მხედრიონი" იყო დაბანაკებული. დევნილთა ოჯახები კი წლების მანძილზე ცხოვრობდნენ. საბჭოური პერიოდიდან ბაღის ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა... ექვსი ჯგუფიდან დღეს მხოლოდ ორია დარჩენილი.

აღმზრდელები და მშობლები ბავშვთა კვებას მაინცდამაინც არ უჩივიან, მაგრამ სხვა პრობლემები აშკარად თვალში საცემია. ბავშვებს საძინებელი ოთახი არა აქვთ და მაგიდაზე სძინავთ. სათამაშო არსად ჩანს. თვალსაჩინოებებსაც ვერსად ნახავთ. ფუნჯი, საღებავი და ქაღალდი შინიდან მოაქვთ... სამედიცინო ოთახი არ არსებობს...

ლალი ლატარია #15 საბავშვო ბაღში სამუშაოდ 25 წლის წინ მივიდა. მაშინ 23 წლის გოგონამ მოხუცი აღმზრდელი, მარო ცხადაია შეცვალა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, კახა ლომაიას ბებია იყო.

ლალი ლატარია, აღმზრდელი: "ამ ხელისუფლების პირობებში ბაღებისთვის ბევრი გაკეთდა, მაგრამ საკმარისი არ არის. ბავშვის აღსაზრდელად, სულიერი სამყაროს გასამდიდრებლად, სასკოლოდ მოსამზადებლად უფრო მეტია საჭირო. მატერიალურ-ტექნიკურ პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვათ, მეთოდიკა არ არსებობს... ხელფასები დაბალია და საარსებო მინიმუმს არანაირად შეესაბამება".

ზოია კვარაცხელია, აღმზრდელი: "ჩვენი შრომა და პასუხისმგებლობა საჯარო სკოლის პედაგოგებისაგან არაფრით განსხვავდება. ჩვენთვის არანაირი შეღავათი, ვაუჩერი და ჯანდაცვის პოლისი არ არსებობს. უზარმაზარ შრომას ვდებთ, ჩვენ ხომ ბავშვებს სასკოლოდ ვამზადებთ."

სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს აღმზრდელები და პროფკავშირის  წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებას უკავშირებენ, რომელიც მართვას ახორციელებს. "ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე. ამ მუხლის თანახმად თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლება არის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება. სწორედ ამიტომ მთელი ქვეყნის მაშტაბით 8 თვის წინ შეიქმნა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრები, რომლებიც პირდაპირ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ექვემდებარებიან.

"ამ საკანონმდებლო ნორმამ საბავშვო ბაღები მთლიანად მოწყვიტა განათლების სისტემას", - მიიჩნევენ აღმზრდელები და პროფკავშირები. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მისამართით გაგზავნილ მოთხოვნაში ნათქვამია: "განათლების შესახებ" კანონის მე-10 მუხლის თანახმად, "სკოლამდელი აღმზრდელის მიზანია გაზარდოს ბავშვი სკოლისთვის, საფუძველი ჩაუყაროს მის აზროვნებას, ემოციური სამყაროსა და ნებისყოფის ფორმირებას, მის ფიზიკურ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას, სხვისი აზრისა და საკუთრების პატივისცემას, ხელი შეუწყოს მოზარდის ჯანმრთელობის განმტკიცებას". ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და იუნესკოს რეკომენდაციის "მასწავლებლის სტატუსის შესახებ" თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები განიხილება როგორც განათლების სისტემის დაწესებულებები და შესაბამისად, ამ დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანებს მინიჭებული აქვთ მასწავლებლის სტატუსი. 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

1.      სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დაუბრუნდეს განათლების სისტემას;
2.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მიენიჭოთ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების სტატუსი.
3.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებს მიენიჭოთ მასწავლებლის სტატუსი და მიეცეთ ყველა იმ შეღავათით სარგებლობის უფლება, რაც საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ საჯარო სკოლის პედაგოგებს.

განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოთხოვნაზე ბევრი ხელმოწერა მოგროვდა, თუმცა აღმზრდელების გარკვეულმა ნაწილმა სამუშაოდან დათხოვნის შიშით ხელმოწერაზე უარი თქვა.

კარლო მელია, განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე: "მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთ მილიონზე მეტი ლარი გამოიყო, მაგრამ ეს პრობლემას ჯარჯერობით ვერ გადაჭრის, თუმცა საბავშვო ბაღებისათვის ბევრი რამ მართლაც გაკეთდა. ზოგიერთ დაწესებულებაში მინიმალური პირობებიც არ არის შექმნილი. ქალაქში არსებული 16 ბაღიდან 11-ში დევნილები ცხოვრობენ... კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა. იმ მეთოდებით და ხერხებით ხდება სწავლება, რაც 20 წლის წინ იყო. სხვადასხვა არსამთავრობო ორგანიზაციებმა, საინიციატივო ჯგუფებმა შეიმუშავეს პროგრამები, წინსვლაც შეინიშნება, მაგრამ სახელმწიფო დონეზე ეს მაინც არ არის. აღმზრდელებს შემოსავლის სახით 177 ლარიდან 47 ლარი ექვითებათ. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს."

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ხელმძღვანელი, ლუიზა ნაჭყებია პროფკავშირებისა და აღმზრდელების მიმართვას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მათმა უმრავლესობამ არც კი იცოდა რას აწერდა ხელს, რა სტატუსზეა საუბარი, ამასაც ვერ ახსნიანო.

ლუიზა ნაჭყებია: "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი განათლების სისტემას მოწყვეტილი არ არის. თვითმმართველობას იგი მთავრობის დადგენილების საფუძველზე გადაეცა, კურატორი ისევ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. მათი პრეტენზია თითქოს ჩვენ იზოლირებული ვართ, სრული სიცრუეა. სასწავლო პროცესსაც ისინი ხელმძღვანელობენ. იგეგმება პროფესიული გადამზადებაც, ჩატარდება სემინარები. ამ მოკლე დროში საბავშვო ბაღებს ეტაპობრივად მაცივრები და სხვა ინვენტარები გადავეცით. დაიწყო გაზქურების განაწილების ეტაპი".

განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირების ზუგდიდის ორგანიზაციაში შემაშფოთებელი სტატისტიკაც მოჰყავთ: სხვადასხვა მიზეზით 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ზუგდიდის რაიონის 44 სკოლამდელ დაწესებულებაში მხოლოდ 55 %-ია ჩართული. ეს მაჩვენებელი კი მეგრულ დიალექტზე მოსაუბრე სკოლამდელ ასაკის ბავშვებს მომავალში დიდ პრობლემებს შეუქმნის.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC