კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნუგზარ აბულაშვილი: ვინც ჩემი არ არის, ყველა ციხეში!

5 მაისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ჟურნალისტური მოკვლევა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნუგზარ აბულაშვილს, ბევრი კრიმინალური ფაქტი უკავშირდება. სახელისუფლებო და პროკურატურის ორგანოების ყოფილი ჩინოვნიკები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არაერთხელ ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ვინ არის და საიდან მოდის ნუგზარ აბულაშვილი? რა კავშირი აქვს მას თანამდებობის პირების სერიულ დაპატიმრებებთან, სიღნაღის რაიონში მიწებისა და ჯართის უკანონო ბიზნესთან? როგორ ატერორებდა დეპუტატი ჩინოვნიკებს და წვრილ მეწარმეებს? რატომ გადაწყვიტა აბულაშვილმა ჟურნალისტების დარბევა და რომელ მინისტრთან იყო შეთანხმებული საპროტესტო აქციის დაშლა? რაში ადანაშაულებს მას მოქალაქე ვაჟა ბაღაშვილი და როგორ გახდა 19 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჟურნალისტური მოკვლევა ჩავატარეთ.

ნუგზარ რობერტის ძე აბულაშვილი, დაიბადა 1973 წლის 13 სექტემბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში. 1991 – 1996 წლებში მუშაობდა სიღნაღის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს მძღოლად. 1996 – 1999 წლებში სიღნაღის მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაციის ინსპექტორად. 2002 – 2003 წლებში ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის სიღნაღის ბიუროში საქმიანობს. 2004 წელს ჯუგაანის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ აგრძელებს მუშაობას. ვარდების რევოლუციის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

"ვინც ჩემი არ არის, ყველა ციხეში!"

გადეპუტატების შემდეგ ნუგზარ აბულაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუტია.

სოფელ ანაგის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გოგი ჩირინაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც პარლამენტის წევრისა და მისი "დაჯგუფების" ამბიციებს წინააღმდეგობა გაუწია. ამით განრისხებული აბულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ჩირინაშვილს რაიონიდან გასახლებით არაერთხელ დაემუქრა.

"პარლამენტის წევრმა ნუგზარ აბულაშვილმა პირველად 2004 წლის მარტში შემომითვალა, საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ჩემი ნებით წავსულიყავი. მეორე დღეს აბულაშვილს, რომელიც ამავე დროს ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის რაიონულ ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობს, სამუშაო ოთახში შევხვდი. მან გამომიცხადა, რომ თუ მის მოთხოვნას უსიტყვოდ არ დავემორჩილებოდი, ჩემს ოჯახთან ერთად, რაიონიდან გამაძევებდა. მიზეზად დაასახელა, რომ თითქოს მე მის წინააღმდეგ ვმუშაობდი, რითაც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ვეწეოდი. მისი თქმით, ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ საკრებულოში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვუშვებდი.

ამ საუბრის შემდეგ, აბულაშვილმა ჩემი ოჯახის შესახებ სხვადასხვა პერსონალური მონაცემები მოიპოვა. პირადი ცნობების გარდა, საგადასახადო სამსახურიდან ამოიღო ინფორმაცია, რომელი ბიზნესკომპანიის აქციებს ვფლობდით, ვიხდიდით თუ არა გადასახადებს და ა.შ. დარღვევა რომ ვერ აღმოაჩინა, სიღნაღის რაიონის გამგებლის სამუშაო ოთახში, გამგებელთან, მის მოადგილეებთან და სხვებთან ერთად ხმამაღლა გამომიცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობიდან თუ არ წავიდოდი, ყველაფერს გააკეთებდა ჩემს მოსაშორებლად. მითხრა, რომ ნარკოტიკისა და და იარაღის ჩადებაზეც კი არ იტყოდა უარს. მაინც არ დავთანხმდი", - აღნიშნავს გოგი ჩირინაშვილი.

მომხდარის შემდეგ, დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი სოფელ ანაგის საკრებულოს წევრთა გადაბირებას და ჩირინაშვილის ამ გზით დაკნინებას შეეცადა.

2006 წლის 30 მაისს, ღამის 12 საათზე, ანაგაში მდებარე სანდრო ახმეტელის მუზეუმში, პოლიციელებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თანხლებით, საკრებულოს წევრებმა სხდომა ჩაატარეს, სადაც გოგი ჩირინაშვილი არ მიუწვევიათ. სხდომის ოქმიდან ვკითხულობთ, რომ საკრებულოს წევრებმა რიგგარეშე სესიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. ჩირინაშვილმა სხდომის ოქმიც და გადაწყვეტილებაც, კანონით დადგენილი წესით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა და აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ სასარჩელო განცხადება არ განიხილა. ამასობაში ანაგის საკრებულოს წევრებმა რიგგარეშე სესიაც მოიწვიეს, საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს. ჩირინაშვილმა საკრებულოს წევრთა აღნიშნული გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ ეს სარჩელიც განუხილველი დატოვა.

საკრებულოს წევრები ჩირინაშვილთან საუბარში არ მალავდნენ, რომ ისინი ზეწოლას აბულაშვილისგან განიცდიდნენ.

- ბატონო გოგი, გარდა იმისა რაც გვითხარით, დეპუტატი აბულაშვილი თქვენზე კიდევ რა სახის ზეწოლებს ახდენდა?

- ნუგზარ აბულაშვილმა სოფელი სრულ იზოლაციაში მოაქცია. კერძოდ, 2006 წლის იანვრის შემდეგ, სოფელ ანაგას არანაირი შემოსავალი და გასავალი არ ჰქონდა. რაიონის საკრებულოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სიღნაღის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილების უფროსმა, სოფლის კეთილმოწყობისათვის, რაიონული ბიუჯეტიდან, საკრებულოს ანგარიშზე 15 ათასი ლარის ნაცვლად, 9200 ლარი ჩაგვირიცხა, რასაც საფინანსო განყოფილების უფროსის ვასიკო ბალიაშვილის სამსახურიდან განთავისუფლება მოჰყვა", - ამბობს ანაგის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე.

გოგი ჩირინაშვილის გარდა, ნუგზარ აბულაშვილმა თანამდებობების დატოვება სხვა საკრებულოების თავმჯდომარეებსაც მოსთხოვა. სოფელ ძველი ანაგის საკრებულოს ყოფილი ხელმძღვანელი ამირან ღვედაშვილი აღნიშნავს, რომ მან სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. "ამის გაკეთება ნუგზარ აბულაშვილმა მომთხოვა. რამდენჯერმე მითხრა, რომ სამსახურიდან უნდა წავსულიყავი, რადგან ჩემს ადგილზე თანაპარტიელისა და მისი ნდობით აღჭურვილი პირის დასაქმებას აპირებდა. იქიდან გამომდინარე, რომ ანაგის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატის უკანონო მოთხოვნებს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ვერაფერს გახდა, გადავწყვიტე ზედმეტი პრობლემები თავიდან ამეცილებინა", - აცხადებს ღვედაშვილი.

აბულაშვილის მოთხოვნით, თანამდებობებიდან გადადგნენ სოფლების ერისიმედის, ვაქირის და ჯუგაანის ხელმძღვანელებიც.
პარლამენტის წევრის მოთხოვნას სოფელ ულიანოვკის საკრებულოს თავმჯდომარე, 69 წლის მატვეი რემიზოვი არ დაემორჩილა. "ნუგზარ აბულაშვილმა რაიონის გამგეობაში დამიბარა და როგორც სხვებს, მეც პირდაპირ მომთხოვა, რომ სამსახურიდან უნდა წავსულიყავი და ამის შესახებ განცხადება თავად უნდა დამეწერა. ვკითხე, რატომ-მეთქი და მიყვირა, ასე მინდა და იმიტომო. თუ არ წახვალ, ე.ი მმართველ პარტიას წინააღმდეგობას გვიწევ, რასაც არ შეგარჩენთო. იმ დროს 29 წლის ბიჭი ახალი გარდაცვლილი მყავდა და ვერ ვაზროვნებდი", - იხსენებს მატვეი რემიზოვი. მისივე თქმით, აბულაშვილმა მას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მისცა.

დეპუტატთან შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, რემიზოვს, ულიანოვკის საკრებულოს წევრები, ზურაბ ჟვანია, ბაადურ ბაიდოშვილი და სხვები თხოვნით მიმართავენ, მოქალაქეს, რომელმაც სოფლის მცხოვრებისგან დიდი ოდენობით ხორბალი იყიდა, საკრებულოს ბეჭდით დამოწმებული, პროდუქციის  ადგილწარმოშობის დამადასტურებელი ცნობა მისცეს. რემიზოვს ამაზე უარი არ უთქვამს. "ასეთ ცნობებს სხვა დროსაც გავცემდით და ჩემი თანამშრომლების თხოვნას დავთანხმდი. მათ ისიც მითხრეს, რომ პირი, რომლისთვისაც ცნობა უნდა მიგვეცა, საკრებულოს ბიუჯეტში, საკრებულოს შენობის სარეაბილიტაციოდ მცირეოდენ თანხასაც შეიტანდა, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან შენობა ინგრეოდა. ისე მოხდა, რომ ეს პირი, ვინმე ნუგზარ მოსაშვილი ცნობის მისაღებად პირდაპირ ჩემთან მოვიდა. მდივანმა დოკუმენტი მოამზადა, რეგისტრაციაში გაატარა და ხელმოსაწერად შემომიტანა. ხელი მოვაწერე თუ არა, მოსაშვილმა თანხა გამომიწოდა, რომლის აღებაზეც უარი ვთქვი და მაგიდაზე დავყარე. ამ დროს სამუშაო ოთახში ათობით პოლიციელი შემოვარდა. მეკითხებოდნენ, ქრთამი სად გაქვსო? ვუთხარი, აგერ, მაგიდაზეა, არაფერი ამიღია – მეთქი, მაგრამ ხელბორკილები დამადეს და დამაკავეს", - ამბობს რემიზოვი.

ულიანოვკის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება, რომ ნუგზარ აბულაშვილის დავალება იყო, ამის შესახებ ნოდარ კუტიბაშვილი გვიამბობს. "არყის სახდელ ქარხანაში ვიყავი, რა დროსაც აბულაშვილი, რამდენიმე ნაციონალთან ერთად მოვიდა. თან ახლდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი სულიაშვილიც. აბულაშვილი მობილური ტელეფონით ვიღაცას ეკითხებოდა, უკვე შეუტანეთ ფული, დააკავეთ თუ არაო?.. მოგვიანებით გავიგე, რომ მატვეი დაუკავებიათ", - გვაიმბობს ნოდარ კუტიბაშვილი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, დანაშაულში ეჭვიტანილი პირის დაკავების შესახებ ოპერატიული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია საჯარო არ არის. შესაბამისად, როგორც იურისტებმა გვითხრეს, რემიზოვის დაკავების გადაწყვეტილება, პირის დაკავებამდე, წესით, ნუგზარ აბულაშვილს არ უნდა სცოდნოდა.

ადვოკატის პროტესტის მიუხედავად, კახეთის საოლქო პროკურატურამ 69 წლის მოხუცს ბრალი სამსაურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო. თელავის რაიონულმა სასამართლომ კი რემიზოვს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მატვეი რემიზოვმა ციხეში 6 თვე გაატარა. საპყრობილეში ყოფნისას მას მარცხენა ხელის თითზე განგრენა განუვითარდა. სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს და დაავადება კიდევ უფრო გართულდა. საბოლოოდ რემიზოვს მარცხენა ხელის ამპუტაცია დასჭირდა. I ჯგუფის ინვალიდს, სიღნაღის პროკურატურამ სასჯელის სახით საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. რემიზოვმა სახლიდან ყველაფერი გაყიდა, თანხის ნაწილი ნაცნობებმა შეუგროვეს და 10 ათასი ლარი ბიუჯეტში გადაიხადა. სასამართლომ მას 5 წელი პირობითი სასჯელიც მისცა.

ნუგზარ აბულაშვილი სამართალდამცავების მეშვეობით გაუსწორდა სოფელ საქობოს გამგებელსაც. ისევე როგორც სხვებს, თავდაპირველად მასაც თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა. "აბულაშვილი პრეზიდენტის სახელით გვატერორებდა და გვატერორებს ყველას, ვის ერთგულებაშიც ეჭვი ეპარება. ჩვენს სოფელში საკრებულოს წევრთა გადაბირება ვერ მოახერხა, ხალხიც ვერ აიყოლია და ამიტომ პოლიციელების მეშვეობით გამისწორდა. სამსახურებრივი უფლება – მოსილების გადამეტების საბაბით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და დამაკავეს. საშინელი ამოჩემება იცის", - აღნიშნავს ნოდარ კუტიბაშვილი.

აბულაშვილმა ჟურნალისტები შს მინისტრთან შეთანხმებით დაარბია.

ნუგზარ აბულაშვილის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობაზე განხორციელებული და მიმდინარე ზეწოლის გაპროტესტების მიზნით, 2006 წლის 15 ივნისს, კახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სიღნაღში თეატრალიზებული საპროტესტო აქცია ჰქონდათ დაგეგმილი. აქციის გასაშუქებლად მიმავალ ჟურნალისტებს, თავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრები დაესხნენ. უკიდურესი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, კორესპონდენტები დაარბიეს, დაუმტვრიეს მიკროფონები, დიქტოფონები, წაართვეს ვიდეოკასეტები და ფოტოაპარატები. ჟურნალისტებმა რომან ქევხიშვილმა, ზვიად რუაძემ და გელა ჯალიაშვილმა, სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

ნაციონალების მიერ ჟურნალისტთა ცემა-ტყეპამ, დაახლოებით, 40 წუთს გასტანა. ამ ხნის მანძილზე, პოლიციის იქ მყოფი თანამშრომლები, მოვლენებს შორიდან აკვირდებოდნენ. ჟურნალისტებმა მათ დახმარება რამდენჯერმე სთხოვეს, რეაგირებისათვის სიღნაღის პოლიციის უფროსს, ალექსანდრე ონანაშვილსაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

პოლიციელებმა, ბესიკ ფხოველიშვილმა, გია სიფრაშვილმა და იაგო კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ამავე დროს დარბევაშიც იღებდა მონაწილეობას, მოძალადეები, სოფელ ვაქირის საკრებულოს ახლადდანიშნული გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ნანობაშვილი, ამავე სოფლის მკვიდრი ჯემალ დემეტრაშვილი, პოლიციის მანქანაში მოათავსეს და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ოფისში გადაიყვანეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია "იურისტთა განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის თინათინ ფხოველიშვილის თქმით, "ხელის შეშლა და მონაწილეთა დაშინება აქციამდე ორი დღით ადრე დაიწყეს. ხალხს ემუქრებოდნენ, "აბულაშვილმა თქვა, იმ აქციაზე თუ ვინმე გავა, არ შევარჩენ და მწარედ ვანანებ, პოლიციას დავაჭერინებო. ვინც არ უნდა იყოს იგი, არ მაინტერესებს, მე პრეზიდენტისგან მწვანე შუქი მაქვს ანთებულიო".
აქციის ჩაშლა და დარბევა პარლამენტარმა ნუგზარ აბულაშვილმა დაგეგმა. ჟურნალისტების ცემა - ტყეპის პროცესს ის თავად ხელმძღვანელობდა მმართველი პარტიის რაიონული ოფისიდან, სადაც აქციის დარბევის დასრულების შემდეგ პოლიციელებმა საკუთარი მანქანით მიიყვანეს თავდამსხმელები".

"ეს იყო შეგნებულად მოწყობილი თავდასხმა ჟურნალისტებზე, იმის გამო რომ სიღნაღის ნაციონალურ მოძრაობას და მის ხელმძღვანელს ნუგზარ აბულაშვილს სირცხვილი აეცდინათ, რათა მათი ქმედებების პროტესტის ნიშნად, მისი ოფისის წინ კუბო არ მიეტანათ", - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" კახეთის ბიუროს კორესპონდენტმა ჟანა დიდებაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით მაშინ სპეციალური განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. ნინო ბურჯანაძემ დარბევას ვანდალიზმი უწოდა და ჟურნალისტების ცემის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა. "თუ დადასტურდა ინციდენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ან პოლიციის წარმომადგენლების მონაწილეობა, ეს ადამიანები კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯებიან", -  განაცხადა ბურჯანაძემ.

უკვე მეორე წელია, დაზარალებული ჟურნალისტები სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვას ითხოვენ, მაგრამ პროცესი ამ დრომდე არ არის ჩანიშნული. წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა თავდამსხმელმა ვასიკო მუნჯიშვილმა, დაზარალებულებს აქციის დარბევის შესახებ მოუთხრო: "აბულაშვილს არ უნდოდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ თეატრალიზებული აქცია გამართულიყო. შეგვკრიბა პარტიის აქტივისტები და დაგვავალა, რომ სიღნაღის ცენტრში აქციის მონაწილეთა მიახლოება არ უნდა დაგვეშვა. თვითონვე უზრუნველყო ტრანსპორტის მოყვანა, რომლითაც სიღნაღიდან ანაგაში გადავაადგილდით, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებოდნენ. აბულაშვილისგან სრული თავისუფლება და დაუსჯელობის გარანტია გვქონდა მოცემული. გვითხრა, რომ აქციის დარბევის შესახებ შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელთანაც მეგობრობს, ყველაფერი იცოდა და არავის დაგვაკავებდნენ", - აღნიშნა
მუნჯიშვილმა.

(ნაწილი II)

ახალი ამბები