კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატობის კანდიდატი ზეწოლაზე საუბრობს

6 მაისი, 2008

„ფოკიდან მცხეთამდე ჩავედი ფეხით და როგორმე ახალციხესაც მოვივლი“ - აცხადებს გოგოლაძე

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალციხის რაიონში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვნებათაღელვაც თანდათან მატულობს. 
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ გოგოლაძე ზეწოლაზე საუბრობს: ,, ჩემი პარტიის  წევრებს საუბნო კომისიიდან, იბარებენ სხვადასხვა ინსტანციებში და დირექტივებს აძლევენ. ვიცი, ვინც იბარებს. თუ არ შეწყდება ზეწოლა, აუცილებლად დავასახელებ მათ გვარებს და კიდევ სხვა საშუალებებს მივმართავ”. 

წინაასარჩევნო პერიოდის მაქსიმალურად გამოყენებას კანდიდატი სხვადასხვა ხელისშემშლელი გარემოებების გამო ვერ ახერხებს.

,,მანქანებია „დაბლოკილი“. დაქირავება მინდა და ვერ ვქირაობ. ყველა მძღოლმა ერთბაშად გამოაცხადა, რომ არ სცალიათ. თუმცა ზოგიერთებმა პირდაპირ მითხრეს, რომ გაფრთხილებულები არიან”, - ამბობს თამარ გოგოლაძე და იქვე  აცხადებს, რომ უმანქანობას არ შეეპუება და წინასარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრას მაინც მოახერხებს: ,,1999 წელს ნინოს გზა ფოკიდან მცხეთამდე ფეხით ორმოც დღეში გავიარე. მინდა გადავცე ყველას, ვინც მანქანებს მიბლოკავს, დარჩენილ ოც დღეში ფეხით ახალციხის მუნიციპალიტეტს ნამდვილად მოვივლი“.

თამარ გოგოლაძე უკმაყოფილებას ადგილობრივი ტელეკომპანია  ,,მეცხრე არხის” მიმართაც გამოხატავს: ,,ეს ტელევიზია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისაა. დავარეკინე ჩემს წევრს, წუთი ასი დოლარი ღირსო. უფასოც გეკუთვნით კვირაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფასიანს შეიძენთო. არის მეორე მომენტი - რატომ არ აინტერესებს ადგილობრივ ტელევიზიას იმ ერთი კანდიდატის გარდა სხვა კანდიდატები? რატომ აშუქებენ მხოლოდ ერთი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას? ეს არის უკვე არათანაბარი პირობები და ჩემი უფლებების შელახვა”.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გარდა ადგილობრივი ტელევიზიის ,,მეცხრე არხის” მიმართ პრეტენზიებს რიგითი მოქალაქეებიც აცხადებენ: ,,მოსაბეზრებელია ერთსა და იმავე კანდიდატზე ყოველდღე სიუჟეტი. რა უბედურებაა?! კარგი, პოლიტიკოსს უნდა პიარი და აკეთებს კიდეც, მაგრამ შენ, დალოცვილო, ჟურნალისტი რომ გქვია, დრო თანაბრად ხომ უნდა გაანაწილო?! რა სხვა კანდიდატები არ გვყავს თუ რა?!”, - კითხულობს  ელზა ბერიძე.    

 

ახალი ამბები