კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მძიმე არჩევნები

7 მაისი, 2008

ერთ ბინაში 93 ადამიანი იყო  ჩაწერილი - რას დაუპირისპირებს ოპოზიცია გაყალბების ახალ მეთოდებს?

ნონა სუვარიანი, თბილისი

წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო, საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. ოპოზიცია ამ კამპანიის არათანაბარ პირობებსა და მომავალი არჩევნების გაყალბების მცდელობაზე აქტიურად საუბრობს. საპასუხოდ ცესკო-ს საარჩევნო კოდექსში აქტიურად შეჰქონდა ცვლილებები. თუმცა ოპოზიციაზე ამ ცვლილებებმა სულ სხვაგვარად იმოქმედა. რატომ? რა გავლენას იქონიებს ბოლო დროს მიღებული ცვლილებები მომავალ არჩევნებზე? რა განასხვავებს საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანიას სხვა კამპანიებისგან? გაყალბდება თუ არა არჩევნები და რა ტიპის გაყალბებები არის მოსალოდნელი?

აჩევნების გაყალბება-გაუყალბებლობის შეფასება არა არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდიდან უნდა დაიწყოს. შეფასება თუნდაც იმით შეიძლება, რამდენად თანაბარ პირობებში იმყოფებიან კონკურენტი კანდიდატები. ოპოზიციის წარმომადგენელთა პასუხი ამ კითხვაზე აშკარაა. ასეთ „სიმბოლური“ კითხვაზე მათ ან ეცინებათ ან ღიზიანდებიან. სამაგიეროდ, მმართველი პარტია ირწმუნება, რომ წინასაარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში მიმდინარეობს.

ასოციაცია „კანონი ხალხისათვის“ ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, იმაში დასარწმუნებლად, რომ წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს, ქალაქში გასვლაც საკმარისია. „მთელი ქალაქის ბილბორდები გაწითლებულია. არსად ჩანს ერთი ოპოზიციური სუბიექტის ბილბორდიც კი. სააგენტოებს ოპოზიციური პარტიებისთვის ბილბორდების მიქირავება ეკრძალებათ“.

რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს რაიონში, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ კამპანიის დროსაც ოპოზიციას უზარმაზარ ფინანსურ რესურსს უპირისპირებს. თუმცა, ამ შემთხვვეაში ტრადიციულ საბიუჯეტო რესურსს, ახალი ქართული ოლიგარქიის, ანუ ბიზნესკანდიდატების მიერ პოლიტიკაში შეტანილი ფულიც დაემატა. ის აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატების მთელი წინასაარჩევნო კამპანია საბიუჯეტო საქმიანობაზეა დაფუძნებული.
 
რესპუბლიკელის თქმით, მმართველი პარტია მიმდინარე არჩევნებზე საბიუჯეტო რესურსთან ერთად მედია რესურსსაც იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ თოქ შოუების რაოდენობამ იმატა, ზოგად სურათზე ეს არ ასახულა.
„ტელეკომპანია „მზეს“ ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია საერთოდ არ ეტყობა. ის ფაქტი, რომ „რუსთავი 2“-ს 3 დღე საარჩევნო კამპანიისგან აბსოლუტურად თავისუფალი აქვს, მის დამოკიდებულებაზე თავისთავად მეტყველებს“.

თინა ხიდაშელისათვის მიუღებელია ის ფორმატიც, რომელსაც „რუსთავი 2“  საზოგადოებას სთავაზობს, რადგან ის პროპაგანდისტული მანქანის ტენდენციის მაჩვენებელია. ეს პროპაგანდა ასე არის წარმოდგენილი: სახელისუფლებო პარტია მუდმივია, დანარჩენი პარტიები ცვლადი.

მისთვის მიუღებელია ის ფერებიც, რა ფერებშიც „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი გადაცემის სტუდია არის გაფორმებული. „მთელი გადაცემა ნაცმოძრაობის პროპაგანდაა. სტუდია, რომელიც წითელ და თეთრ ფერებში არის გაფორმებული. ოღონდ არ გვითხრან,  რომ ეს საქართველოს დროშის ფერებია. ეს ვიცით, თუმცა ისიც ვიცით, რომელი პარტიის წინასაარჩევნო ფერებია. სკამები ამ სტუდიაში ისე არის განლაგებული, რომ, ადამიანი პირდაპირ ეთერში ყოფნისას წითელ ფონზე ჩნდება და მას თეთრი ზოლი მიჰყვება. არც გვქონდა იმედი, რომ ამ არჩევნების წინ „რუსთავი 2“ გადაირეოდა და დამოუკიდებელ ტელევიზიად იქცეოდა“.

ზაქარია ქუცნაშვილი მიმდინარე კამპანიის კიდევ ერთ მახასიათებელზე საუბრობს: „დღეს  მმართველ პარტიას აღარ ჰყავს დარჩენილი ლიდერი, რომელიც საარჩევნო კამპანიას სათავეში ჩაუდგებოდა. პრეზიდენტი იძულებულია ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს. დღე აღარ გადის, რომ პრეზიდენტი ხალხს არ მიმართავდეს. ადრე ასეთი რამდენიმე ლიდერი ჰყავდათ ხოლმე“.

რატომ ხშირდება ძალადობის ფაქტები საპარლამენტო არჩევნების წინ?

როგორ დაიხვეწა ძალადობის და გარიგების მეთოდები

როგორც უკვე აღინიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ფაქტები, ხშირად არჩევნების შედეგებთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში საუბარია იმ დაშინების, შანტაჟის, თუ გარიგების ფაქტებზე, რომელიც რეგიონებთან ერთად თბილისშიც ხშირია. ასეთი ფაქტები საპარლემენტო არჩევნების წინ კიდევ უფრო ხშირდება, ამას ახსნაც მოეძებნება.

თინა ხიდაშელი: „საპარლამენტო არჩევნებზე, მინიმუმ 75 მაჟორიტარს, ანუ 75 კაცს თავისი ინტერესი აქვს. სახელისუფლებო პარტიის კანდიდატები ან ადგილობრივი გამგებლები, ან ადგილობრივი პოლიციის უფროსები, ან მათთან დაკავშირებული ადამიანები არიან. შესაბამისად, მათი ქმედებები არ არის ცენტრალიზებული. აქ მათი კერძო ინტერესია და მიზნის მისაღწევად მზად არიან ყველა რესურსი გამოიყენონ“.

როგორც გაირკვა, ამ წინასაარჩევნო კამპანიისას ძალადობის მეთოდებიც დაიხვეწა.
ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზეწოლა უკვე არა უშუალოდ საარჩევნო სუბიექტებზე ხდება, არამედ მათ ახლობლებსა და მეგობრებზე. „ამ გზით საარჩევნო კანდიდატების, აქტიური საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების, როგორც მინიმუმ, განეიტრალებას, როგორც მაქსიმუმ კი, საარჩევნო კამპანიისგან ჩამოშორებას ცდილობენ. ეს არის წმინდა ძალადობრივი, პოლიციური მიდგომა“.

ამ არჩევნებზე კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა. ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ციხიდან საკმაოდ ბევრი ის პატიმარი გამოუშვეს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების გამო იყო დაპატიმრებული. თინა ხიდაშელი ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნის: დაპატიმრებულების ახლობლებს მათი გამოშვებისთვის გარკვეული რაოდენობის ხელმოწერის შეგროვებას ავალებენ. ოღონდ საპრეზიდენტო არჩევნებისგან ეს იმით განსხვავდება, რომ ის ადამიანი, რომელიც ხელს მოაწერს, ვალდებულია არჩევნებზე აღარ მივიდეს.

„საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათ შეცდომა მოუვიდათ. მაშინ ხელმოწერების მიტანას იმ ადამიანებს სთხოვდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ მიშას მისცემდნენ ხმას. ეს ადამიანები კი მივიდნენ არჩევნებზე, მაგრამ, ვის მისცეს ხმა, ყველა ვნახეთ. ეს თბილისის შედეგებიდანაც ჩანს. ახლა იმ ადამიანების ხელმოწერებს ითხოვენ, რომლებიც არჩევნებზე საერთოდ არ მივლენ. ეს უკვე ადვილად გადასამოწმებელია. დაბალი აქტივობა ნაცმოძრაობის გამარჯვებას უდრის. ამიტომ მოტივაციას, რომელსაც ამ ადამიანებს უჩენენ: ძმა ან მამა თუ გყავს დაკავებული, ციხიდან გამოვუშვებ, ადმინისტრაციული ჯარიმა თუ გაქვს, არ გადაგახდევინებ - ეუბნებიან, შენს სამეზობლოში ხომ არის ხალხი, ვინც პატივს გცემს, უთხარი, არ მოვიდნენ არჩევნებზე და ა.შ“.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლისგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა სირაძეს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, გარემო გაცილებით მშვიდია. ნაკლებია კონკრეტულ ამომრჩევლებზე თუ ორგანიზაციის დამკვირვებლებზე დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები. თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში ჩარევა კვლავაც გრძელდება.

„ამბროლაურში ერთ-ერთ უბანზე თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აირჩიეს. ამ არჩევის შემდეგ, როდესაც აქტი შედგა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა სხდომა თავიდან ჩაატარებინა და ეს პიროვნება გადაარჩევინა. რაოდენობრივად აშკარაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის პოსტზე ძალიან მცირედ არიან წარმოდგენილნი“.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შუქ-ჩრდილები

წინასაარჩევნო კამპანია არა მხოლოდ მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არამედ სახალხო დამცველის და ცესკოს თავმჯდომარის დაპირისპირების ფონზეც მიმდინარეობს. ხმამაღალი განცხადებები, რომელიც სახალხო დამცველმა ლევან თარხნიშვილის მისამართით გააკეთა, სწორედ ერთ-ერთ ცვლილებას მოჰყვა. ის, თუ რამდენად გამჭვირვალედ ჩატარდება მომავალი არჩევნები, საარჩევნო კოდექსს პირდაპირ უკავშირდება. როგორი საარჩევნო კოდექსით ვხვდებით საპარლამენტო არჩევნებს? ანუ რამდენად უწყობს ხელს არსებული კოდექსი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას?

„ვფიქრობ, ვიდეოთვალთან დაკავშირებულმა ცვლილებამ გვაჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ქვეყანაში ბევრი არაფერი შეუძლია“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა. ქართული საზოგადოება ყველაზე აქტიურად სწორედ ამ ცვლილებას აპროტესტებდა, რადგან მის თანახმად, ვიდეოთვალის ჩანაწერები საჯარო ინფორმაციად აღარ ითვლება. მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ უბანზე მყოფი პირების მიერ არის შესაძლებელი, ისიც მხოლოდ 15 წუთიანი მონაკვეთით. ზაქარია ქუცნაშვილი იმ დამბლოკავ ნორმაზე საუბრობს, რომელიც ამ ცვლილებაში არის ჩადებული.

„ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების გადაწყვეტილებას ისევ კომისია იღებს განკარგულებით ანუ უმრავლესობა - მმართველი პარტიის 7 კაციანი ჯგუფი. ისინიც ადგებიან და იტყვიან, რომ მომთხოვნი ინტრიგანია, ერთხელ დააკმაყოფილებენ მის მოთხოვნას და მეტჯერ აღარ“.

რეალურად, დაინტერესებულ პირებს ვიდეოჩანაწერების ნახვა არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეეძლოთ. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ეკა სირაძე ამბობს, რონ ამ რესურსის გამოყენება მისმა ორგანიზაციამ ვერ მოახერხა, რადგან თითქმის ყველა საჩივარი  სასამართლომ განუხილველი დატოვა. სავარაუდოდ, მომავალ არჩვენებზეც ანალოგიური მდგომარეობა იქნება, გაცილებით მძიმეც კი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საჩივარს განიხილავს, ჩანაწერის ნივთმტკიცებად გამოყენებაზე მაინც დაფიქრდება. ასე რომ, არ არის გამორიცხული, დარღვევის ამსახველი ვიდეოფირი გამოუყენებელი დარჩეს. მერე რა, რომ ვიდეოთვალის დამონტაჟებაზე საქარათველოს მოსახლეობის ჯიბიდან უზარმაზარი რესურსი იხარჯება.

კიდევ ერთი ცვლილება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საარჩევნო კომისიის სამივე დონეზე (უბანი, ოლქი, ცენტრალური საარჩევნო კომისია) დაშვებას ითვალისწინებს. ეს ცვლილება თავისთავად დადებითია. თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ ოლქში გაყალბდა. თუმცა ამ შემთვევაშიც, შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება ისევ განკარგულებით გადასაწყვეტ საკითხთა წრეში დატოვეს.

ზაქარია ქუცნაშვილი: „პრობლემა არჩევნების შემდეგ, ხმათა დათვლის დროს იჩენს თავს, როდესაც იმ სამართლებრივი დოკუმენტის შედგენის დრო მოდის, რომლის მიხედვით, რომელიმე პარტია გაიმარჯვებს. მაგალითად, კომისიაში ერთ პარტიას 6, ხოლო მეორეს 7 წარმომადგენელი ჰყავს. გამოდის რომ იმ ერთი პარტიის 7 კაციანი წარმომადგენლობა, რომელიც ხმათა უმრავლესობას წარმოადგენს, შემაჯამებელი ოქმის დასამტკიცებლად, საკმარისია. რეალურად, ოპოზიციის მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ დამკვირვებლის და არა გადაწყვეტილების მიმღების ფუნქციით“.

ოპოზიციის წარმომადგენელი, თინა ხიდაშელი კიდევ ერთ ცვლილებას აპროტესტებს. ის ბიულეტენი, რომელშიც ყველა კანდიდატი შემოხაზული იქნება, უქმდება. ადრე ასეთი ბიულეტენი ბათილ, თუმცა არჩევნებში მონაწილედ ითვლებოდა, ცვლილების შესაბამისად, „პროტესტული“ ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლად აღარ ითვლება.

“ვფიქრობ, საარჩევნო ბიულეტენში უნდა იყოს გრაფა, სადაც მითითებული იქნება - „ყველას წინააღმდეგ“. არ შეიძლება სახელმწიფომ იმ ადამიანს უთხრას შენ არჩევნებზე არ იყავი და მისი ხმები არ დათვალოს, რომელიც უბანზე მოდის და მთელ პოლიტიკურ სპექტრს პროტესტს უცხადებს“.

ზაქარია ქუცნაშვილი: „5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ადამიანთა რაოდენობა, ვინც პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი გადახაზა, 3 პროცენტი იყო, რაც 2 მილიონი ამომრჩევლიდან 60 ათასს ითვლიდა. ცვლილების შემდეგ 30 პროცენტიანი ბარიერის თამასა დაიწევა  30 პორცენტიან ბარიერს არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან ანგარიშობენ. ადრე ამ რაოდენობაში ბათილი ბიულეტენებიც შედიოდა. ახლა 30 პროცენტს იმ სამი პროცენტის გამოკლებით დათვლიან, ანუ ეს მინუს 60 ათასი ხმა იქნება. ეს საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობაა“.

საარჩევნო კოდექსის მორიგი ცვლილება ოქმიდან ნამდვილი ბიულეტენების საერთო რაოდენობის ამოღებას შეეხება, რაც, საერთოდ, სიაში ხელმოწერების რაოდენობას მოიაზრებს. ანუ სპეციალური და ჩვეულებრივი სიები ცალ-ცალკე გამოყოფილი აღარ იქნება.

საარჩევნო კოდექსში  ბოლო პერიოდის განმავლობაში დადებითი ცვლილებებიც შევიდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ყველა ამ ცვლილებას გარკვეული ხარვეზები აქვს. ამ ცვლილებებზე ეკა სირაძე საუბრობს.

„პოზიტიური ის არის, რომ დამატებითი სიების რეგისტრაცია არჩევნების დღეს არ იქნება, რადგან ამ სიების გამოყენება გაყალბებისთვის შეიძლებოდა. ოქმს იმ სპეციალური უბნის ნომერი მიეწერება, რომლიდანაც შემოვა და სადაც არ დაითვლება ბიულეტენები. ასეთი ტიპის უბნებს სამხედრო უბნები წარმოადგენენ. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ამ უბნებზე ბიულეტენების რაოდენობა დაფიქსირებულიყო. ეს რჩევა ცესკომ არ გაითვალისწინა.

დადებითია ისიც, საჩივრის შეტანის შემდეგ, კანონი საარჩევნო ადმინისტრაციას ავალდებულებს, რომ დადგინდეს ხარვეზი და ჩვენ ამ ხარვეზისთვის გარკვეული დრო მოგვეცეს. თუმცა, გასაჩივრებისთვის მხოლოდ 24 საათი გვაქვს, თან ამ დროის ათვლა გადაწყვეტილების გამოტანიდან და არა იმ მომენტიდან იწყება, როდესაც კონკრეტული მოსარჩელეს ინფორმირება მოხდება. ეს ძალიან ცოტაა. არჩევნების შემდეგ დგომა და ლოდინი, როდის განიხილავენ საჩივარს ნებისმიერი ორგანიზაციისათვის ძალიან ძნელია“.

სამაგიეროდ ამ მექანიზმს კარგად თავად ცესკო იყენებდა. წინა არჩევნების დროს მოსარჩელეებს, როგორც წესი, არ ატყობინებდნენ, როდის განიხილავდნენ მათ საქმეს. ამიტომაც ორგანიზაციებს ცესკოსთან „ყარაულობა“ უწევდათ.

ზაქარია ქუცნაშვილი კიდევ ერთ პოზიტიურ ცვლილებას ამატებს, რომელიც კონსტიტუციური მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს. ეს საარჩევნო ბარიერის 7-დან 5 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს. ამ ცვლილებამ პოლიტიკური უმცირესობების დაცულობის ხარისხი გაზარდა.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები არჩევნების გაყალბებებს უწყობენ ხელს? ანუ როგორ გააყალბებენ მომავალ არჩევნებს

როგორ ჩაივლის მომავალი არჩევნები? ალბათ ეს შეკითხვა საქართველოს მომავლისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორედ არჩევნებზეა დამოკიდებული ის, თუ რა მოხდება 21 მაისის შემდეგ. თუმცა იმის განსაზღვრა, რა მოხდება არჩევნების დღეს, გარკვეულწილად დღესაც შეიძლება. თუნდაც საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან ან წინასაარჩევნო პერიოდიდან  გამომდინარე.

ამ კითხვით ჩვენს რესპოდენტებს მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ მომავალ არჩევნებზე ისინი გაყალბებებს მაინც ელოდებიან.
გაყალბების ყველაზე აქტიურ ინსტრუმენტად ეკა სირაძე ამომრჩეველთა სიებს ასახელებს. ის ამ სიებს „აქილევსის ქუსლს“ უწოდებს. „სამართლიანი არჩევნების მიერ საარჩევნო სიების ელექტრონული შემოწმება ჩაუტარდა.
საკმაოდ სერიოზული ხარვეზები აღმოვაჩინეთ. იყო ისეთი ჩანაწერები, სადაც სახელი არ იყო მითითებული, ერთი ან ორი (სახელი ია გამოვრიცხეთ) ასოსგან შედგებოდა. ანალოგიური მდგომარეობა გვარებშიც აღმოვაჩინეთ.

პირადი ნომრების გადამოწმებისას და შედარებისას 53 ათასზე მეტი დუბლიკატი აღმოვაჩინეთ. ეს ინფორმაცია ცესკო-ს მივაწოდეთ. მოგვიანებით გავრცელებულ სიებში ვნახეთ, რომ ზოგი ხარვეზი გამოსწორებული იყო. მაგრამ დაფიქსირდა კიდევ ერთი პრობლემა, 1002 ამომრჩეველი, რომელიც  18 წლის 21 მაისის შემდეგ ხდება“.

თინა ხიდაშელი ამბობს, მხოლოდ საბურთალოზე მას 16167 ისეთი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც ერთ ბინაში მრავლად არის ჩაწერილი. რეკორდსმენი 93 კაციანი ბინაა.საერთოდ, მკვდარი სულები, არასრულწლოვანი, უცხოეთში მყოფი ამომრჩეველი, რომელიც ხმის მისაცემად ნამდვილად არ მოვა, საქართველოს არჩევნებისთვის დამახასიათებელია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე სიები  მოწმდება, მკვდარ სულებს ამომრჩეველთა სიაში გრაფა მაინც მყარად უკავიათ. რატომ? ვის და რატომ სჭირდება მკვდარი სულების არსებობა ამომრჩეველთა სიაში?

ზაქარია ქუცნაშვილი: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ დაიკავებს რეგისტრატორის ადგილს. ყველა უბანზე ამომრჩეველთა სია 1500 ამომრჩევლამდე დავიდა, ასე რომ, 5 რეგისტრატორის პირობებში, კომისიის ერთ წევრს 300 ამომრჩეველზე მეტი არ შეხვდება.
„13 კაციან კომისიაში ყოველთვის არის ალბათობა, რომ მინიმუმ 2–3 რეგისტრატორი ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება. ხშირად ოთხიც. წარმოიდგინეთ, 3–4 რეგისტრატორი 900–1200 ხმას აკონტროლებს. ვინ აკონტროლებს, რამდენად პატიოსნად ამოწმებენ ისინი პირადობის მოწმობებს, როდესაც დამკვირვებელს და კომისიის წევრს მათ მაგიდასთან ახლოს მისვლის უფლება არ აქვს. მათ წინასწარ უსაზღვრავენ ადგილს, დაახლოებით, სამ მეტრში. იქიდან კი დამკვირვებელი ვერ დაინახავს, ემთხვევა თუ არა ამომრჩევლის პირადობის სურათი და ნომერი სიაში მითითებულს. მოვა ის ამომრჩეველი, ნებისმიერ ადგილას მოაწერს ხელს და ვერავინ გაიგებს რა მოხდა“.

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ სიების გამოყენებით არჩევნების გაყალბების 8 მეთოდი არსებობს. ეს არის, ავადმყოფის, უცხოეთში მყოფი, ზედმეტად ჩაწერილი ამომრჩევლის ადგილის გამოყენება, ყალბი პირადობის მოწმობით მოსული ამომრჩევლის მონაწილეობა.
ზაქარია ქუცნაშვილი ამომრჩეველთა სიის გამოყენებით გაყალბებას მომავალ არჩევნებზეც პროგნოზირებს. მისი თქმით, ყველა უბანზე აუცილებლად იქნება 500-600 ისეთი ამომრჩეველი, რომელიც, ავადმყოფობის, უცხოეთში ყოფნის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამო არჩევნებზე არ მივა, თუმცა მათი სახელების გასწვრივ გრაფა თავისუფალი დარჩება. კომისიის წევრს ეცოდინება, მათ მაგივრად სხვა „ამომრჩეველს“ სად მოაწერინოს ხელი. მაგალითად, სიაში 700–დან 750–მდე დანომრილ ამომრჩეველში მოქცეულია წასული ან გარდაცვლილი ამომრჩეველი, რომლის მოწმობაც არავის წარუდგენია. ეს პრობლემა უფრო სასოფლო ტიპის დასახლებებში არის, სადაც გარდაცვალების მოწმობას არც ითხოვენ.

მიუხედავად იმისა, რიმ სიების დაზუსტებისთვის ბრძოლა ოპოზიციასა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-მ სიების გადამოწმების ვადა სამი დღით გაახანგრძლივა, ოპოზიცია კი შესწორებების შეტანას აქტიურად აგრძელებს, თინა ხიდაშელი სიების არევას მაინც ელოდება. „რაც მოსახლეობის სიების გადამოწმება დასრულდება, დაახლოებით ისეთ რამეს ველოდები, რაც ადგილობრივი არჩევნების დროს მოხდა, როდესაც ბოლო 3 დღეში სიები არიეს. ჩვენ მანამდე არსებული სიების ფოტოები გვქონდა. კომისიის თავმჯდომარეებიც კი ისეთი გაბრაზებულები იყვნენ, რომ კამერის წინ ლაპარაკობდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ახალი სიები არჩევნებამდე 3 დღით ადრე მიუტანეს. თან ახლა დამატებითი სიები აღარ იქნება. ეს კი დაზღვევაა, რომ იქ, სადაც დამარცხებას ელოდებიან, ხალხს ხმას აღარ მიაცემინებენ“.

გაყალბებები მოსალოდნეელია ისეთ, ერთი შეხედვით, უმტკივნეულო ცვლილებიდან გამომდინარეც, რომელიც „პროტესტულ“ ამომრჩეველს შეეხება.

ზაქარია ქუცნაშვილი: „ეს ცვლილება შემდეგის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს: მაგალითად, ორი კანდიდატი მოილაპარაკებს, ის ბიულეტენები, სადაც მათი სახელებია შემოზახული, დატოვონ, ხოლო დანარჩენი ყველა კანდიდატის ბიულეტენი გააბათილონ. თუ ეს მეთოდი გამოიყენეს არჩევნებზე, „პროტესტული“ ამომრჩევლის სამი პროცენტი 5–6 % გახდება. ამას, განსაკუთრებით, მაჟორიტარულ არჩევნებზე ველოდები. რადგან რაიონებში კი არის დასახელებული 5–6 კანდიდატი, მაგრამ რეალურად ძლიერი 1–2–ია. ის ორი მოილაპარაკებს და იმ სამს „გააფუჭებს“. მმართველ პარტიას არ აინტერესებს პარტიული არჩევნები, მათთვის მნიშვნელოვანია მაჟორიტარების გაყვანა“.

გაყალბების კიდევ ერთ მეთოდის გამოყენება, რომელსაც ზაქარია ქუცნაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ელოდება, შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებისას იქნება შესაძლებელი. „უკვე გითხარით, როგორც ხდება ამ ოქმების დამტკიცება, 7 კაცის ხელის აწევით. ისიც აღვნიშნე, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ფორმალური იქნება. შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებას ორი მესამედი რომ სჭირდებოდეს, მაშინ ოპოზიციიდან 2–3 წევრის მონაწილეობა აუცილებელი იქნებოდა. მაგრამ, როდესაც საკუთარი წარმომადგენლებიც საკმარისია, მათ თავისუფლად შეუძლიათ ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა ან, საერთოდ, ახალი ოქმების შექმნა“.

ეკა სირაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბებას საარჩევნო კოდექსის კიდევ ერთი ცვლილება უწყობს ხელს.
„სერიოზულად შეიძლება დადგეს საკითხი ოქმებთან დაკავშირებით. იმიტომ კი არა რომ ეს იქნება გამიზნულად შექმნილი პრობლემები. საუბნო საარჩევნო კომისიას ოქმებში ბალანსის დადგენა, ფაქტობრივად, აღარ ევალება. აღარ ფიქსირდება ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობაც. აქედან გამომდინარე, მათ აღარ ევალებათ გადანაწილებული ხმების გადათვლა და შეუთავსებლობის გამოვლენა. ეს მოთხოვნა კანონში აღარ არსებობს. ამას შეიძლება მიყვეს დიდი რაოდენოის ოქმები, სადაც ბალანსები ერთმანეთს არ დაემთხვევა. ადრეც გვქონდა ასეთი ოქმები, მაგრამ ახლა გაცილებით მეტი იქნება. ადრე თუ კომისიის წევრებს ევალებოდათ ხარვეზების გამოსწორება, ახლა ამას აღარ გააკეთებენ“.

„საზოგადოება მორიგი რევოლუციის მაყურებელი აღმოჩნდება“

საპრეზიდენტო არჩევნების დროს, და ამას საკმაოდ ხშირად აღნიშნავდნენ, მოსახლეობას გაცილებით მეტად აინტერესებდა, რა მოხდებოდა არჩევნების მეორე დღეს, ვიდრე 5 იანვარს. დღეს უფრო მნიშვნელოვანი 21 მაისია. რატომ? ან ოპოზიციაა დარწმუნებული, რომ 21 მაისს არჩევნები ნამდვილად სამართლიანად ჩატარდება ან ხვდება, რომ ამ არჩევნებზე სიტუაცია გაცილებით მეტად არის დაძაბული და ოპოზიციას უკან დახევის შეასძლებლობა, როგორც წინა არჩევნებზე, აღარ ექნება...

ზაქარია ქუცნაშვილი: „ყველა ეს წინაპირობა იმაზე ფიქრის საშუალებას იძლევა, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდება. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, საზოგადოება მორიგი რევოლუციის მაყურებელი აღმოჩნდება, რაც სასურველი არ არის. იმ პროცესში ვიქნებით ჩართულები, როდესაც საზოგადოება იყოფა რევოლუციაში ჩართულებად და საქართველოს დანარჩენ მოსახლეობად, რომელიც რევოლუციას ყოველთვის გარედან ადევნებდა თვალს. მე მაქვს ძალიან დიდი შიში, თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიცია შეეგუა ბედს, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, სხვა გამოსავალი არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ ხალხს სათავეში ჩაუდგნენ. ჩვენ კი რევოლუციის მაყურებლები აღმოვჩნდეთ“.

მისი თქმით, რევოლუციის საუკეთესო პრევენცია სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

ახალი ამბები