კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოლქო - საარჩევნო კომისიების წევრებს თანამდებობები იძულებით დაატოვებინეს

8 მაისი, 2008

ექსკლუზიური ინტერვიუ

გელა მთივლიშვილი, კახეთი

იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება ვერ მოიპოვა და ამასთან ერთად გაყალბების ფაქტებიც გახმაურდა, საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საოლქო - საარჩევნო კომისიების წევრებმა, ვინც რაიონების გამგებლების, პოლიციის უფროსებისა და პროკურორების ზეწოლას ვერ გაუძლო, თანამდებობებიდან წასვლის შესახებ განცხადებები თავად დაწერეს. კომისიის ის წევრები კი ვინც უკანონო მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცესკო-ს თავმჯდომარემ გაათავისუფლა.

საკადრო ცვლილებები საქართველოს რამდენიმე რეგიონში გატარდა და ძირითადად საოლქო – საარჩევნო კომისიების იმ წევრებს შეეხო, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომხდარ დარღვევებს თუნდაც უმნიშვნელო ყურადღება მიაქცია. უფრო ზუსტად, რატომ გაათავისუფლეს საოლქო – საარჩევნო კომისიების წევრები, ვინ და როგორ ახდენდა მათზე ზეწოლას, ამის შესახებ #12 გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიის ყოფილს წევრს, ზურაბ დანელიშვილს ვესაუბრეთ.

"2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შედეგების შეჯამებისას გურჯაანის საარჩევნო ოლქში გამომჟღავნდა გაყალბების რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, კარდენახის 33-ე და ვაჩნაძეანის #6 საარჩევნო უბნებზე. დარღვევების შესახებ მე ჩემი განსხვავებული აზრი წერილობით ჩამოვაყალიბე და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს დავურთე, რაც ცესკოში გაიგზავნა. ამავე დარღვევებით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც. საკითხის შესწავლის შემდეგ ომბუდსმენმა რეაგირების რეკომენდაციით ცესკოს მიმართა. სხდომაზე, სადაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახალხო დამცველის აღნიშნული მოთხოვნა უნდა განეხილა, მეც გამომიძახეს. როცა აზრი მკითხეს, მოკლედ და კონკრეტულად მივუთითე გაყალბების უხეში ფაქტების თაობაზე, რამაც ცესკოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის, მისი ერთ-ერთი მოადგილისა და კომისიის მდივნის გიზო მჭედლიძის გაღიზიანება გამოიწვია. ცესკოს წევრებმა არ მაცალეს ახსნა – განმარტების ჩამოყალიბებისას დარღვევების ბოლომდე აღწერა და ლევან თარხნიშვილმა სხდომის დარბაზიდან ჩემი გაძევება მოითხოვა. დაცვას უყვიროდნენ, "გაათრიეთ აქედანო". არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია და სხდომა თვითონ დავტოვე.

მოგვიანებით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ცესკომ მიიღო განკარგულება, რომლითაც უფლებამოსილება ვადამდე შემიწყვიტა. განკარგულების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია, თითქოს მე რეგლამენტი სისტემატურად და უხეშად დავარღვიე. ფაქტობრივად, ცესკოს ხელმძღვანელობა ვერაფრით შეეგუა იმას, რომ ზეწოლისა და მუქარების მიუხედავად, გავბედე და საარჩევნო დარღვევების შესახებ საუბარს ვაგრძელებდი.

- ბატონო ზურაბ, როგორც ვიცით, ცესკოს განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრეთ და თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვეთ. რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ?

- ზემოთ აღვნიშნე, რომ ცესკოს სხდომაზე რეგლამენტი არ დამირღვევია. ასეთ ფაქტს მართლაც რომ ჰქონოდა ადგილი, ცესკოს ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების განკარგულება, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 5 დღის ვადაში უნდა მიეღო. კანონის ეს იმპერატიული მოთხოვნა კომიისიის მიერ დაცული არ ყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ შუშიაშვილი, 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაში, რომლითაც ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პირდაპირ მიუთითებს, რომ "5 დღიანი ვადა დაირღვა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება".

- რა ზეწოლა ხორციელდებოდა თქვენზე და კონკრეტულად ვისი მხრიდან?

- არჩევნების მეორე დღეს, როდესაც გავეცანი საარჩევნო უბნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, დამკვირვებლების საჩივრებს და სხვა დოკუმენტებს, აღმოვაჩინე ბევრი დარღვევა, რაც კომისიის დანარჩენი წევრებისთვისაც გახდა ცნობილი. მომდევნო დღეს, 7 იანვარს ტელეფონით დამიკავშირდა ვალერი ვარდოსანიძე. მან ამიხსნა, რომ იყო რაიონის გამგებლის მოადგილე და მკითხა, რა პრეტენზიები მქონდა საარჩევნო ოლქში უბნებიდან შესულ ოქმებთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ საპრეზიდენტო და პლებისციტის ოქმებში მოცემული რიცხვები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, პრეზიდენტობის კანდიდატებს უბანზე მისული ამომრჩევლების საერთო ოდენობაზე მეტი ხმა ჰქონდათ მიღებული, რომ იყო გაყალბების სხვა ფაქტებიც, რაზედაც მან გაჩუმება მირჩია. იმავე დღეს, ოჯახის ახლობელი მომიგზავნეს, რომელმაც ხელისუფლების დანაბარები გადმომცა. მას მკაცრად ვუთხარი, რომ კონკრეტულ უბნებზე აშკარა გაყალბებები იყო, რაზედაც ვერ გავჩუმდებოდი. მალევე დამირეკა საქართველოს პარლამენტის წევრმა იოსებ კარდენახიშვილმა. მან მითხრა, რომ რაც მაინტერესებდა მისთვის მეკითხა და ის გამცემდა პასუხს. დეპუტატსაც იგივე გავუმეორე, რომ გაყალბება აშკარა იყო და არ დაიფარებოდა. უშუალოდ კარდენახიშვილი არ დამმუქრებია, მაგრამ ზეწოლა არ არის მარტო მუქარა. ამის შემდეგ პოლიციიდან და პროკურატურიდანაც დამირეკეს, მაგრამ პოზიცია არ შემიცვლია.

უკვე 8 იანვარს სამსახურში მაკითხავს, ჩემი ნაცნობი და ყოფილი თანამშრომელი, სამხედრო კომისარიატის ყოფილი მოხელე თამაზ ხუციშვილი, ორ პირთან ერთად. მთხოვა, რომ გარეთ გავსულიყავი. დავთანხმდი. მანქანაში ჩავხსედით თუ არა ხუციშვილმა მითხრა, შენ ხომ იცი, რომ მე ციხეში ვიყავიო. არ ვიცი მეთქი, ვუპასუხე. მოკლედ, პატიმრობიდან იმ პირობით გამათავისუფლეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დავეხმარო და თუ შენ დარღვევებზე არ გაჩუმდები, ისევ დამაპატიმრებენო.

- არ უთქვამთ ვის მიერ იყვნენ გამოგზავნილები?

- მიმანიშნეს, რომ ისინი კახეთის საოლქო პროკურორის თამაზ ცაბუტაშვილის დავალებას ასრულებდნენ. მანქანაში მყოფთაგან ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს რეგიონის პროკურორი ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მომიგზავნეს ოჯახის ახლობელი, რომელმაც მითხრა, რომ თუ არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს არ მოვაწერდი განსხვავებული აზრის გარეშე, პრობლემები შემექმნებოდა. კერძოდ, ჩემს სტუდენტ შვილს ან მე ნარკოტიკს ჩამიდებდნენ და დამაკავებდნენ. შესაძლოა, უფრო უარესიც მომხდარიყო. მუქარის გამო იძულებული გავხდი 18 წლის ბიჭი სახლში გამომეკეტა. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გარეთ არ ვუშვებდით. მომდევნო დღეებშიც, მეც და ჩემს მეუღლესაც მუდმივად, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მაინც გვქონდა მასთან სატელეფონო კავშირი.

- რა იცით თქვენს კოლეგებზე, მაგალითად გია ბახლიშვილზე, ბიჭიკო მაისურაძეზე და სხვებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ? ცნობილია, რომ მათ თავად დაწერეს განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

- დანამდვილებით ვიცი, რომ მათზეც ხორციელდებოდა ზეწოლა, თუმცა ისინი კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებდნენ. ბოლოს იძულებულები გახდნენ თვითონ დაეწერათ განცხადებები და სამსახურიდან წასულიყვნენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საოლქო – საარჩევნო კომისიების წევრებზე ზეწოლის ფაქტებს უარყოფენ. "ჩვენთვის საოლქო – საარჩევნო კომისიის არცერთ წევრს არ მოუმართავს განცხადებით, რომ მას ვინმე დაემუქრა. ასეთ განცხადებებს უპასუხისმგებლოდ აკეთებენ", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.

რაც შეეხება ზურაბ დანელიშვილის ბრალდებებს, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ცესკოს წარმომადგენლის კახა ნარეკლიშვილის განმარტებით, უსაფუძვლოა და მისი თქმით, ეს სასამართლო გადაწყვეტილებითაც დადასტურდა.

 

ახალი ამბები