კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთი მმართველი პარტიის თამაშს თამაშობს

13 მაისი, 2008

რატომ აქტიურდება კონფლიქტების თემა წინასაარჩევნოდ?

ნონა სუვარიანი, თბილისი

საქართველოს მასმედიის მიერ აფხაზეთში საომარი მოქმედებების წარმოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. ეს ჩვენი ქვეყნის წამყვანი გაზეთების თუ ტელევიზიების მთავარი თემა გახდა. მასმედია ესკალაციაზე საუბრობს და ყურადღებას იმ ფაქტებზე ამახვილებს, რომლებიც თითქოს გალის რეგიონში ხდება. ხშირად ამ ფაქტების გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამება.

რატომ წამოვიდა წინა პლანზე აფხაზეთის პრობლემა სწორედ წინასაარჩევნოდ? ვინ და რატომ იყენებს აფხაზეთის კონფლიქტს? ექსპერტები ამ კონფლიქტის ესკალაციის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

იმ ფაქტმა, რომ კონფლიქტის გაღვივება სწორედ წინაასარჩევნოდ დაიწყო,  საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები გააჩინა. ეჭვები თუნდაც იმიტომ გაჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ პიარ კამპანიის დროს ასეთი ტიპის მექანიზმების ამოქმედება უცნობი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, „ნაციონალური ინტერესი“, რომელიც ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, კრავს ნაციას. ამ შემთხვევაში ლიდერი, რომელიც საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას გაუძღვება, სწორედ ქვეყნის მმართველი გამოდის. ასეთი სცენარი ამ წინაასარჩევნო კამპანიის ფარგლებში საკმაოდ კარგად ჯდება - მტერიც გვყავს, რომელიც საქართველოს აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა პირით გვესაუბრება  და ლიდერიც, რომელსაც მმართველის პარტიის და ქვეყნის მეთაური, ბატონი პრეზიდენტი წარმოადგენს.

მეორე ვერსიის შესაბამისად, წინასაარჩევნოდ კონფლიქტის გაღვივება თავად რუსეთსაც უნდა აწყობდეს. მიზეზი მარტივია. როდესაც ქვეყანაში ყველა წამყვანი პოლიტიკური პირი ამომრჩეველთა მოხიბვლით და ხმების შეგროვებით არის დაკავებული, სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო თითქმის არ რჩებათ. ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით სიტუაცია  ისედაც დაძაბულია. რუსეთი აფხაზეთის ფაქტორს  ხელისუფლებაზე ზეგავლენისთვის იყენებს.

ექსპერტს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და  რესპუბლიკური პარტიის წევრს, პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოში სიტუაციას მიზანმიმართულად ძაბავს. ის კონფლიქტის ესკალაციის პირველ ვერსიას ემხრობა და ამბობს, რომ დაძაბული ვითარება, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ინტერსებში შედის. ყველა ის ღონისძიება, რომელსაც რუსეთი დღეს ატარებს: აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა, პუტინის წერილი - მთავრობას აფხაზეთისა და ცხინვალის დახმარების შესახებ, აფხაზეთში სამშვიდობო ჯარების შემოყვანა. ამ ყველაფრის განხორციელება რუსეთს ნებისმიერ სხვა დროსაც შეეძლო. პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთს სურვილი აქვს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი მოთამაშე იყოს. ზაქარეიშვილი ასე განმარტავს რუსეთის დაინტერესებას.

„ფაქტია, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, რუსეთი ვალდებულია და იძულებულია მასთან ითანამშრომლოს. საქართველოში გამოკვეთილი პრორუსული ძალა არ არსებობს. ამიტომ რუსეთს ისეთი ვინმე სჭირდება, ვინც მის ინტერსებს მეტად შეესაბამება. ასეთ ძალას სააკაშვილი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ  ცდილობს რუსეთი, რომ სააკაშვილს ასეთი ფონი შეუქმნას. ანუ სააკაშვილი იოლად შექმნის მტრის ხატს და დამატებითი ქულების აღებას მოახერხებს. როგორც წესი, საგარეო ფაქტორი და საგარეო საფრთხე კრავს ნაციას, ამ შემთხვევაში საფრთხეს რუსეთის ხელოვნურად ქმნის“.

ისტორიას ახსოვს ბევრი მაგალითი, როდესაც ქვეყნის მეთაურები ნაციონალურ ინტერესს ერზე ზემოქმედებისთვის იყენებდნენ. ერთ-ერთ ასეთ მაგალითზე პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე საუბრობს და იხსენებს მსოფლიო ომში ჩაბმული ნიკოლოზ მეორის მაგალითს, რომელსაც მიაჩნდა, რომ ეს ომი ტახტს გაამყარებდა.

„თან თუ გავითვალისწინებთ,რომ დღევანდელი ხელისუფლება პიარზე დიდ აქცენტს აკეთებს, და რომ ასეთი ნაბიჯები  მნიშვნელოვანია მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება მოხდეს, იმ ფონზე, რომ ხელისუფლებას ამ ტიპის ტექნოლოგიები ეხერხება და იყენებს კიდეც, ვფიქრობ, სიტუაციის წინასაარჩევნოდ დაძაბვა შემთხვევითი არ არის“.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის პრობლემას წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად იყენებს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით იქიდანაც ჩანს, რომ სახელისუფლებო არხებით აფხაზეთის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების 90 პროცენტი ტყუილია. ასეთი ნიუსების ავტორები, მისი აზრით, სპეციალური სამსახურებია, რომლებიც მდგომარეობას ხელოვნურად ძაბავენ და ისეთ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ამაში ჩართულია როგორც ქართული, ასევე აფხაზური და რუსული მხარეები. ეს უკანასკნელი ყველაზე დიდ დაინტერესებას იჩენს.

„ტყუილის გავრცელების კონკრეტულ ფაქტებზე შემიძლია საუბარი. რამდენიმე დღის წინ ტელევიზიებმა და სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს გალში საღამოს 9 საათიდან დილამდე კომენდანტის საათი დაწესდა. ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ტყუილია. კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ზუგდიდიდან გალის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა, რაც ასევე ტყუილი აღმოჩნდა. აფხაზეთშიც ვრცელდება ისეთი ინფორმაცია, რომელსაც სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. მაგალითად, აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში ყველა საავადმყოფო დაცლილია და ეს მხარე შესაძლო საომარი მოქმედებების გამო სპეციალურად არის დაცლილი“.

უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვისთვის საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებები მჭიდროდ თანამშრომლობენ. „რუსეთს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც არ გაიყვანს საქართველოს დსთ-დან. დღეს ასეთ ძალას მხოლოდ მოქმედი ხელისუფლება წარმოადგენს. ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს პროგრამაში უწერია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს დსთ-დან გაიყვანენ“.

პაატა ზაქარეიშვილი ერთგვარ ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც წინასაარჩევნოდ ყოველთვის იჩენს თავს. მსგავს ტენდენციაზე ჩვენთან  სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც საუბრობდა. წინასაარჩევნოდ სიტუაციის გამწვავების არაერთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ:  2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს რუსი ოფიცრების დაკავება, რასაც ქართული პროდუქციის ემბარგო და რუსეთიდან ქართველების ნაციონალური ნიშნით მასობრივი გამოყრა მოჰყვა.  2006 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე კოდორში განხორციელებული სპეცოპერაცია.  5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ განმუხურის მოვლენები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი შეარაღებულ რუს ოფიცრებს „კიცხავდა“ და საქართველოს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა. თუმცა, როგორც პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს, 5 იანვრის არჩევნების შემდეგ, როდესაც სააკაშვილი მოსკოვში ჩავიდა, ეს ინციდენტი არავის გახსენებია. საპარლამენტო არჩევნების წინ აფხაზეთის საკითხი უფრო მეტად დაიძაბა. ექსპერტის აზრით, ყველა შემთხვევაში, რუსეთი მმართველი პარტიის თამაშს თამაშობს...

რამაზ საყვარელიძე აფხაზეთის კონფლიქტის გამძაფრების კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობს.
„შესაძლებელია, ასეთი გამწვავება თავად რუსეთს აწყობდეს, ოღონდ არა საქართველოსთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, მედვედევის ინაუგურაციის ფონზე ურთიერთობა მასსა და პუტინს შორის დაიძაბა. ამ შემთხვევაში, პუტინს ერთი უპირატესობა აქვს, მას ძალოვანებთან აქვს უფრო ახლო ურთიერთობა. საომარი რიტორიკა კი ძალოვნებს და მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ წრეებს წინა პლანზე წამოწევს. მათი წონა მით უფრო მოიმატებს, თუ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ. ასეთი ნაბიჯები აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანით უკვე გადაიდგა. ასე რომ, მედვედევს ბევრი საკითხში პუტინისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. გამოდის, რომ რუსეთი საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთს, შიდა ურთიერთობებისთვის იყენებს“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს აფხაზეთის პრობლემის ესკალაცია წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

„წინასაარჩევნო კამპანიასთან ამას ნაკლები კავშირი აქვს. მთავარი მაინც 2 აპრილის ბუქარესტის სამიტი და  საქართველოს პრინციპული პროდასავლური პოზიციაა.  სიტუაციამ დრამატული ხასიათი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო. მზად უნდა ვყოფილვიყავით, რომ კოსოვოს აღიარებას სერიოზული გართულებები მოჰყვებოდა. როდესაც დასავლეთმა სცნო კოსოვო, მაშინ საქართველოს თავის ტკივილი არ გაითვალისწინა. არ ფიქრობდა, რომ აღიარებას რუსეთის საპასუხო ნაბიჯები აუცილებლად მოჰყვებოდა. კოსოვოსთან დაკავშირებთ რუსეთი დაამცირეს, დასავლეთმა კი საერთაშორისო სამართალი (გაეროს უშიშროების საბჭოს ორი რეზოლუცია, 1998  და 1999 წლების)  უხეშად დაარღვია. რუსეთი, ცხადია, რევანშს მოინდომებდა. რუსეთი ვერაფერს დააკლებდა ვერც შტატებს, ვერც გერმანიას. ამიტომ საპასუხოდ რუსეთმა მთელი დასავლეთის ჯავრი მხოლოდ აფხაზეთზე იყარა“.
 
ასოციაცია „აფხაზია ინფოს“ თავმჯდომარეს, ირაკლი ტაბლიაშვილს მიაჩნია, რომ: „მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ  რატომ დაიძაბა ურთიერთობა აფხაზეთთან, არამედ, რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლება იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი.

„ცხადია, აფხაზეთს, როგორც ეს ადრე იყო ხოლმე, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იყენებს. მეორეს მხრივ, მხოლოდ არჩევნებით ან წინასაარჩევნო პერიოდით არ შემოიფარგლება ქვეყნის განვითარება. თუ საქართველოში ხელისუფლების მიდგომა არ შეიცვალა კონფლიქტების სამშვიდობო დარეგულირების კუთხით, ასეთი ვითარებები კიდევ იქნება წინასაარჩევნო პერიოდშიც და სხვა დროსაც“.

აფხაზეთში კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით, ალბათ, კიდევ უამრავ ვერსიაზე შეიძლება საუბარი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხა მაინც ისაა, დაიწყება თუ არა ომი.

სოსო ცინცაძე, საერთაშორისო სამართლის დეფინიციით განმარტებულ ფართომასშტაბიან ომს საქართველოსა და რუსეთს, ან თბილისსა და სოხუმს შორის, გამორიცხავს. აქვე აღნიშნავს, რომ ომი შეიარაღებული შეტაკებებისგან განსხვავდება.

„გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ყველამ იცის, ამ ომში რუსეთი ნეიტრალური მაყურებლის როლში არ დარჩება. თბილისში, მოსკოვში, ვაშინგტონში, პარიზსა და ბრიუსელში ისიც იციან, რომ ჩვენ სეპარატისტებთან ერთი ერთზე არავინ მიგვიშვებს. ჩვენ მოგვიწევს ომი რუსეთთან. ეს იქნება რეგულარული არმია თუ კარგად ორგანიზებული ე.წ. მოხალისეები, დაღესტნელები, ჩერქეზები, ჩეჩნები თუ სხვები, მნიშვნელობა არა აქვს. ეს ომი მაინც იქნება ომი რუსეთთან, რადგან ჩვენს წინააღმდეგ  ყველა რუსული იარაღით და რუსული სამხედრო მეთაურების მეშვეობით იომებს.

ომს უჩა ნანუაშვილიც გამორიცხავს, რადგან საქართველოს საერთაშორისო დახმარების გარეშე ომის წარმოებისთვის საჭირო რესურსი არ გააჩნია.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ომის დაწყებისთვის მზად არიან და პრეზიდენტსაც მოუწოდებენ, ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამერიკა ყველანაირად ეცდებიან, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს“.

 

ახალი ამბები