კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო ტერორის ქრონიკა

13 მაისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მმართველი პარტია, აქტივისტების, სამართალდამცავი უწყებებისა და გამგეობის სამსახურების მეშვეობით, ოპოზიციის მხარდამჭერებს დევნის. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება კახეთის რეგიონშია.

პოლიციამ „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი დააკავა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი მიხეილ კაჭკაჭიშვილი გასულ კვირას დააკავეს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციიდან თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, სამართალდამცავებმა კაჭკაჭიშვილი მაშინ დააკავეს, როდესაც ის თელავის რაიონში მოსახლეობასთან მორიგ შეხვედრაზე მიდიოდა.

„კაჭკაჭიშვილის ავტომანქანა გააჩერეს. როცა დაკავების მიზეზი ვიკითხეთ, გვითხრეს, რომ ის საეჭვოდ გამოიყურებოდა“, - განაცხადა ჩიხრაძემ. მისივე თქმით, „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრის დაკავებით, ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას შეეცადა.

კაჭკაჭიშვილი ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად წაიყვანეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

კაჭკაჭიშვილის მეუღლის, ნინო პეტრიაშვილის განცხადებით, ავტომანქანას ის მართავდა და პოლიციის თვალთვალი დილიდან შენიშნა. „მას შემდეგ, რაც მიშა გაათავისუფლეს, საპატრულო პოლიციამ ის ავტომანქანის არასწორად დაყენებისთვის დააჯარიმა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის პოლიციას პრეტენზია ჩემთან უნდა ჰქონოდა და არა მიშასთან, რადგან მანქანას მე ვმართავდი“, - აღნიშნა ნინო პეტრიაშვილმა.

ყვარელში რესპუბლიკელების საარჩევნო შტაბი დაარბიეს

11 მაისს, გვიან ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, რესპუბლიკური პარტიიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვანო ლომიძის საარჩევნო შტაბი დაარბიეს.

საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების ცნობით, დამტვრეულია დროშები, დახეულია ბანერი, დაზიანებული და განადგურებულია ოფისში არსებული სხვა ნივთები.

რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრები მომხდარს, 10 მაისს, ყვარელში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომრების ვიზიტს უკავშირებენ. „ჩვენმა მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს, რაზედაც ისინი გაღიზიანდნენ. მათი წასვლის შემდეგ, ადგილობრივებმა, ნაცმოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მითითებით, ანგარიში გაგვისწორეს“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა მზია ხუტუაშვილმა.

ოფისის დარბევის ფაქტზე ყვარლის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წევრებს გამოძიების ობიექტურობის იმედი არ აქვთ.

ცნობისათვის, ყვარელში, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გელაშვილი, შს სამინისტროს უშიშროების კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსია.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ადგილობრივი ტელევიზიები ეთერს არ უთმობენ

რესპუბლიკური პარტიიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქათამაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, ახმეტის რაიონში მოქმედმა ორივე ტელეკომპანიამ, მისი წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე უარი თქვა.

ქათამაძის ინფორმაციით, ახმეტაში განთავსებულმა საკაბელო ტელეკომპანიამ „კახეთი“, შეკვეთის ხანგრძლივობის მიუხედავად, მორბენალ სტრიქონში მისი მხარდამჭერი ტექსტი მხოლოდ ორ დღეს გაუშვა, მესამე დღეს კი მოხსნა.

„ამჟამად, მორბენალი სტრიქონი მთლიანად გათიშეს. მიზეზად ტექნიკის დაზიანებას ასახელებენ, რომლის აღდგენასაც მათი თქმით, მინიმუმ ორი კვირა სჭირდება. ვფიქრობ, რომ ამას გასამართლებლად ამბობენ. რაც შეეხება ახმეტის ტელევიზიას, მათ ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე უარი მითხრეს, იმ მოტივით, რომ ტელეკომპანია გამგეობის დაფუძნებულია და წინასაარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად ბიუჯეტიდან შესაბამისი ხარჯები გამოყოფილი არ არის. არადა ტელეკომპანია „ახმეტა“ აქამდე აქტიურად აშუქებს მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პეტრე ცისკარიშვილის შეხვედრებს ამომრჩევლებთან, მის განცხადებებს და ა.შ“, - აღნიშნავს ქათამაძე.

იგი ირწმუნება, რომ მედიასაშუალებებზე ზეწოლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოახდინა, რასაც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ბურკიაშვილი უარყოფს.

დეპუტატობის კანდიდატის ბრალდებებს არ ადასტურებენ ტელეკომპანიების ხელმძღვანელები. საკაბელო ტელევიზია „კახეთის“  მეპატრონემ  დავით ბაგაურმა დააზუსტა, რომ უკრაინიდან  შესაბამისი აპარატურის ჩამოტანას, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება. ახმეტის ტელევიზიის დირექტორმა ფატი თურქიაშვილმა კი აღნიშნა, რომ ტელევიზია ნამდვილად გამგეობის დაფუძნებულია და დამფუძნებლის ნებართვის გარეშე ვერაფერს გადაწყვეტს.

„გარდა ამისა, ჩვენ არც ჟურნალისტები გვყავს, რომლებიც სიუჟეტებს მოამზადებდნენ. ეთერით, ძირითადად, ტელეკომპანია „რუსთავი“2-ის გადაცემების რეტრანსლირება ხდება. ხანდახან ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტებსაც გადავცემთ, მაგრამ არ გვაქვს საინფორმაციო გამოშვება. საამისოდ, არც ტექნიკური ბაზა გვაქვს და არც ადამიანური რესურსები“, - განაცხადა თურქიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ დღემდე, ტელეკომპანიის ეთერში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პეტრე ცისკარიშვილის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ რამდენიმე სიუჟეტი გავიდა.

სიღნაღის პოლიციამ ოპოზიციური პარტიიდან საარჩევნო კომისიის წევრი ეჭვმიტანილად ცნო


რესპუბლიკური პარტიის წევრი და ამავე პარტიიდან სიღნაღის საარჩევნო ოლქის ბოდბისხევის საუბნო - საარჩევნო კომისიის წევრი ბესიკ ხატიაშვილი, სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ხატიაშვილის ადვოკატის, თენგიზ ბეჟაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ ის სიღნაღის რაიონის გამგეობის სპორტის სამსახურების გაერთიანების უფროსის თამილა ძმანაშვილის საჩივრის საფუძველზე დააკავა. ძმანაშვილი ამავე სამსახურის ყოფილ თანამშრომელს შეურაცხყოფისთვის უჩივის. როგორც ის პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, ბესიკ ხატიაშვილი მისგან სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას ითხოვდა, რა დროსაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ოფიციალური მონაცემებით, ხატიაშვილი სპორტის სამსახურში კრივის სექციას ხელმძღვანელობდა. თანამდებობიდან ის 2008 წლის 5 აპრილს გაათავისუფლეს. ხატიაშვილის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი რესპუბლიკური პარტიის წევრობა გახდა. შრომის კანონთა კოდექსით, მას სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სასამართლოში დავის დაწყების უფლება 7 მაისამდე ჰქონდა. „ამიტომ, 5 მაისს თამილა ძმანაშვილს სამსახურში მივაკითხე და ვთხოვე ბრძანება მოეცა, რაზედაც უარი მივიღე. ამის შემდეგ უკვე კატეგორიულად მოვითხოვე დოკუმენტის მიღება, რაზედაც ისევ იუარეს. ძმანაშვილს ვუთხარი, რომ კანონს არღვევდა და პასუხს მოვთხოვდი. ამაზე დამცინეს, რის შემდეგაც ოფისი დავტოვე. ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. ძმანაშვილმა სამართალდამცავებს ჩვენება მისცა, რომ თითქოს მე მას შეურაცხყოფა მივაყენე, ვაგინე და ა.შ, რაც თანამშრომლებმაც დაუმოწმეს. იმავე დღეს სამართალდამცავებმა დამაკავეს, დამკითხეს და სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილად მცნეს“,- აღნიშნავს ბესიკ ხატიაშვილი.

რესპუბლიკური პარტიიდან სიღნაღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიციის მეშვეობით მის მხარდამჭერებს ატერორებს. „ბოდბისხევი ერთ-ერთი რთული უბანია სიღნაღის საარჩევნო ოლქში. როგორც ჩანს, ბესიკ ხატიაშვილს ვერაფერი მოუხერხეს, ვერც გადაიბირეს და ვერც მოისყიდეს. ამიტომ ასეთი მეთოდებით გაუსწორდნენ. ერთი თვის განმავლობაში მაინც მას ეჭვმიტანილის სტატუსი ექნება, რაც მმართველ პარტიას, მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებას აძლევს. სხვა შემთხვევაში მას ბრალდებულად ცნობენ და დაიჭერენ",- ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239ე მუხლის I ნაწილით არის აღძრული. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოპოზიციის კანდიდატმა შტაბისთვის ოფისი ვერ დაიქირავა

დიდი მცდელობის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიციიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა აბაშიძემ, საარჩევნო შტაბისთვის ქალაქის ცენტრში ოფისი ვერ დაიქირავა. შტაბის უფროსის ზურაბ კანდელაკის ცნობით, მათ რამდენიმე კერძო პირთან ჰქონდათ მოლაპარაკებები, მაგრამ ბოლო მომენტში ყველა მათგანმა საოფისე ფართის მათთვის მიქირავებაზე უარი თქვა. „საჯაროდ არ უთქვამთ, მაგრამ პირად საუბარში გვითხრეს, რომ ქალაქის ცენტრში ოფისს თუ მოგვაქირავებდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით, საგადასახადო სამსახურთან და პოლიციასთან პრობლემები შეექმნებოდათ. ამიტომ, ზაზა აბაშიძის საარჩევნო შტაბი „ახალი მემარჯვენეების“ რაიონული ორგანიზაციის ოფისში განთავსდა, რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობს“, - ამბობს ზურაბ კანდელაკი.

ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებთან და რესპუბლიკელების ყვარლის საარჩევნო შტაბის დარბევასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელს გიორგი ბოტკოველს და შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ირაკლი ქადაგიძეს. ბოტკოველმა მოცემულ ფაქტებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კავშირი უარყო, ქადაგიძემ კი კომენტარი არ გააკეთა.


ახალი ამბები