კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიბლიოთეკარები წიგნების გადარჩენას ითხოვენ

13 მაისი, 2008

მაკა მალაყმაძე, ქობულეთი

ფანჯრებზე მინის ნაცვლად ცელოფანი ან ფანერა, კარის ნაცვლად ჩამოფარებული ფარდის უკან წიგნსაცავია განთავსებული - ეს ქობულეთის გულო-აღა კაიკაციშვილის სახელობის ბიბლიოთეკაა. აქ ოცი ათასამდე წიგნია დაცული. მკითხველიცა და თანამშრომლებიც ხელისუფლებას წიგნების გადარჩენას და შენობის რემონტს სთხოვენ.


„წიგნს გარედან შეხედავ - ნორმალურია, გადაშლი და ფურცლები გაფუჭებულია. ბიბლიოთეკა განადგურების პირასაა“, - ჩივის მთავარი ბიბლიოთეკარი, ეთერ ჟღენტი.
თანამშრომლების თქმით, 12 წლის წინ, დიდთოვლობის დროს ბიბლიოთეკის შენობის სახურავი ჩამოინგრა, რამაც წიგნის ფონდი დააზიანა, შენობაც შეილახა და არქივიც განადგურდა. „მას შემდეგ, ორი წლის მანძილზე, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ვიყავით, წიგნებს ვფუთავდით და იმ ერთ ოთახში ვმუშაობდით, სადაც წვიმა არ ჩამოდიოდა“. შემდეგ კი შენობა იმჟამინდელი გამგებლის ინიციატივით, მეორადი სახურავით გადაიხურა, რომელიც დღეს უკვე დაზიანებული და შესაცვლელია. თუმცა თანხები ამისთვის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში წელს არ გაუთვალისწინებიათ.

ბიბლიოთეკარებმა რამდენჯერმე შეაწუხა გამგეობა მათ პრობლემაზე: „იციან ჩვენი პრობლემა. გვპირდებიან, რომ შენობის რემონტს აუცილებლად გაგვიკეთებენ, მაგრამ გამგებლები ძალიან სწრაფად იცვლებიან და საქმე გაუკეთებელი რჩება“.
ქობულეთის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ირმა გაბინაშვილის თქმით: „მიმდინარე წლის ბიუჯეტში ბიბლიოთეკის შენობის რემონტისთვის თანხების გამოყოფა ვერ მოხერხდა. თანხის გამოყოფას მომავალი წლისთვის გვპირდებიან“.

ხელისუფლების მიერ მივიწყებულ ბიბლიოთეკას მკითხველი მაინვ აკითხავს. ბიბლიოთეკის აღდგენასა და წიგნების გადარჩენას ადგილობრივი მოსახლეობაც ითხოვს. „ხელისუფლებამ იმ წიგნის ფონდის გადარჩენაზეც უნდა იზრუნოს, რაც გაგვაჩნია. რაიონში რაღაცები კეთდება, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან შენობასაც ხომ სჭირდება ყურადღება. გამგეობამ ბიბლიოთეკისთვისაც უნდა გამოყოს თანხები“, აღნიშნავს ქობულეთის მკვიდრი ლიანა მეგრელიძე.

„თანამშრომლები ყოველდღიურად მაინც დადიან და მათ მოვალეობას ასრულებენ  -  მკითხველებს გვემსახურებიან. გამგეობამ ბიბლიოთეკას აუცილებლად უნდა მიხედოს“, გულისტკივილით ამბობს რევაზ მაისურაძე.

ამჟამად ბიბლიოთეკაში 11 თანამშრომელია. მათი რიცხვი გასულ წელს 60%-ით შეამცირეს. „შარშან გვითხრეს, რომ ბიბლიოთეკა იხურებოდა. არც ბიუჯეტში იყო ხარჯები გათვალისწინებული. ვის არ ვთხოვეთ დახმარება და ბოლოს იმდენს მივაღწიეთ, რომ ბიბლიოთეკა შევინარჩუნეთ“, - აღნიშნავენ ბიბლიოთეკარები. მათი ანაზღაურება ამ ეტაპზე 150 ლარია, თუმცა „ამაზე არ ვწუწუნებთ, ჩვენ წიგნების გადარჩენას ვითხოვთ“.
ორსართულიანი, ამორტიზირებული ბიბლიოთეკის შენობა კულტურის ცენტრის საკუთრებაა. აღნიშნული ცენტრი გასულ წელს შეიქმნა. მასში ქობულეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, კულტურის სახლი და ბიბლიოთეკაა გაერთიანებული. ამ ეტაპზე კი, გაერთიანების გამო, ბიბლიოთეკის შენობაში მიმდინარეობს ცეკვა-სიმღერის მეცადინეობა. ბიბლიოთეკარი ნათელა თავდიშვილი ამის გამოც წუხს: „ეს შენობა წიგნთა ფონდს ძლივს ჰყოფნის, აქ კი მუსიკასა და ცეკვის გაკვეთილების ტარდება“. ასე მანამ გარძელდება, სანამ კულტურის სახლს არ ააშენებენ, რომლის მშენებლობაც გამგეობის შენობის წინაა დაწყებული.

 

ახალი ამბები