კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში საარჩევნო შტაბებს გამგებლები ხელმძღვანელობენ

15 მაისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. ამავე კოდექსით, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს თანამდებობის პირს რომელიმე პარტიის ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ეკრძალება. მიუხედავად ამისა, კახეთში საარჩევნო შტაბებს, ფაქტობრივად გამგებლები ხელმძღვანელობენ.

რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გოზალიშვილმა განაცხადა, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრისას ის ყურადღებას სახელისუფლებო პარტიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ამახვილებს და შესაბამისად მის პროპაგანდას ეწევა. “თითქმის ყოველდღიურად ვხვდები რაიონის მოსახლეობას. მათგან პრობლემებს ვისმენ და ვამბობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრი რამ გააკეთა და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უფრო მეტს გააკეთებს”, - აღნიშნა გოზალიშვილმა.

- ბატონო გია,  გამოდის, რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას საარჩევნო სუბიექტის, “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციას ეწევით?

- არა, მე ეს არ მითქვამს. მოსახლეობას ნამდვილად ვხვდები. ამომრჩევლებთან მმართველი პარტიის მხარდაჭერასაც ღიად გამოვხატავ, ოღონდ არასამუშაო საათებში.

- ოფიციალურად, დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე სამუშაო დროა. როგორღა ახერხებთ ამომრჩევლებთან არასამუშაო დროს შეხვედრას, ღამით ხვდებით თუ დასვენების დღეებში?

- ღამით არა, მაგრამ შაბათ - კვირას შეიძლება.

- კი მაგრამ, თქვენ რაიონის გამგებელი ხართ და საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო კამპანიაში არ უნდა მონაწილეობდეთ.

- არც ვმონაწილეობ.

- მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გურამ კაკალაშვილს რომ დაჰყვებით სკოლებში, საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსთან ერთად და პედაგოგებს რაიონის გამგებლის სახელით სხვადასხვა დაპირებებს აძლევთ, რა არის?

- არცერთ კანდიდატს არსად დავყვები და არც პედაგოგებს ვაძლევ დაპირებებს.

სახელისუფლებო პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ვერ უარყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ. მან გურჯაანის კულტურის ცენტრში შეკრებილ პედაგოგებს, გამგეობის აპარატის და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი თავად წარუდგინა. კანდიდატთან ერთად გამგებელი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სცენაზე იდგა და დარბაზიდან გაგზავნილ შეკითხვებს პასუხობდა. “მე, გურჯაანის გამგებელი, გპირდებით, რომ თქვენს მიერ დასმული საკითხებიდან, წყლის, გაზიფიცირების, ტრანსპორტის და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები ძალიან მალე მოგვარდება. მთავარია, რომ მხარი დაუჭიროთ და არჩევნების დღეს ხმა მისცეთ გიორგი ღვინიაშვილს”, - არაერთხელ აღნიშნა ლაბუჩიძემ შეხვედრის დასასრულს.

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას ეწეოდა და რაიონულ საარჩევნო შტაბსაც თავად ხელმძღვანელობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ჩალათაშვილი. პირადი განცხადების საფუძველზე, რაიონულმა საკრებულომ ჩალათაშვილს უფლებამოსილება მხოლოდ მოგვიანებით შეუჩერა.

თანამდებობის პირების მიერ საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევების შესახებ საუბრობენ “ადამიანის უფლებათა ცენტრში”. ორგანიზაცია, რომელიც კახეთის რეგიონში წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ახორციელებს, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გამგებლებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

“რაიონების გამგებლები მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. ისინი ნაციონალური მოძრაობის გეგმის მიხედვით და ამ პარტიის წევრებთან ერთად ხვდებიან ამომრჩევლებს. უფრო მეტიც, პარტიის აქტივისტების საქმიანობას გამგებლები კურირებენ. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი საარჩევნო შტაბიდან ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო შტაბების უფროსებად გამგებლების ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაციაა მითითებული”, - აცხადებენ “ადამიანის უფლებათა ცენტრში”.

მათივე თქმით, იგივე დოკუმენტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის გრძელვადიან დამკვირვებლებსაც აქვთ, ოღონდ მმართველი პარტიის სხვა შტაბიდან მიღებული.

ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კახეთის შტაბში და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც.

ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის ცნობით, პარტიის საარჩევნო შტაბებს, გამგებლები არ ხელმძღვანელობენ. “ახმეტის საარჩევნო შტაბს ლია მამაგულაშვილი ხელმძღვანელობს, დედოფლისწყაროს შტაბს ლევან ჯამალაშვილი, ყვარელს გოჩა შავგულიძე, ლაგოდეხს გელა გელაშვილი, გურჯაანს გოგიტა სიბაშვილი, სიღნაღს რეზო ბენაშვილი, თელავს გია პაპუნაშვილი და საგარეჯოს გია ჩალათაშვილი, რომელსაც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის თანახმად, შეჩერებული აქვს უფლებამოსილება”, - ამბობს ბოტკოველი.

ახალი ამბები