კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არეულობა საქაშეთის სკოლაში

16 მაისი, 2008

 საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის რაიონის სოფელ საქაშეთის სკოლის პედაგოგებს საკუთარი უფლებების დაცვა ძვირად დაუჯდათ. მიმდინარე წლის 15 მარტს მათ მიერ გუბერნატორ ვარძელაშვილის სახელზე შეტანილი  საჩივარი რამდენიმე დღეში იმ ადამიანის ხელში აღმოჩნდა, ვისაც პედაგოგები უჩიოდნენ. 18 პედაგოგი სკოლის დირექტორს უჩივის. სკოლის დირექტორმა ცალ-ცალკე დაიბარა პედაგოგები და მათ მიერ დაწერილი საჩივარი ,,თავზე დააფარა“.

საინტერესოა ვარძელაშვილის აზრი იმის შესახებ, თუ რატომ აღმოჩნდა საქაშეთის სკოლის დირექტორის ვალენტინა ოლგესაშვილის სახელზე დაწერილი საჩივარი ვალენტინა ოლგესაშვილის ხელში მას შემდეგ, როდესაც აღნიშნული თემით ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი დაინტერესდა.

4 აპრილს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვარიანთან ახლოს  მდებარე ერთ-ერთ სოფელში სასწავლო პროცესი იყო ჩაშლილი. აღნიშნული ინფორმაცია ყველა იმ სკოლაში გადავამოწმეთ, რომელიც კი ვარიანთან ახლოს ან მის საკრებულოს შემადგენლობაში შედის. მათ შორის, საქაშეთის სკოლის ადმინისტრაციაშიც.

როგორც კი საქაშეთის სკოლის ადმინისტრაციაში შეიტყვეს, რომ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სკოლაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა, სკოლის დირექტორმა ვალენტინა ოლგესაშვილმა თანამშრომლებს განცხადება დააწერინა იმის დასადასტურებლად, რომ 4 აპრილს სკოლაში სწავლის პროცესი არ იყო ჩაშლილი.

დღის მეორე ნახევარში სკოლის დირექტორმა პედაგოგების და სხვა თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი განცხადება წარმოგვიდგინა, სადაც ყველა აღნიშნავდა, რომ საქაშეთის სკოლაში ვითარება ,,კონტროლს ექვემდებარება“...

რაც შეეხება რედაქციაში შემოსულ ზარს, დავადგინეთ, რომ სწავლის პროცესი სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლაში იყო ჩაშლილი, რაც გავაშუქეთ კიდეც.

ძიება-ძიებაში გადავეყარეთ ადამიანებს, პედაგოგებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გუბერნატორ ვარძელაშვილისგან პასუხს ელოდებიან. საქაშეთის სკოლის პედაგოგებს დღემდე არ მიუღიათ პასუხი, თუ რა ბედი ელის მათ დირექტორს. ჩვენ ვეცადეთ ვარძელაშვილის პასუხი მოგვეპოვებინა, მაგრამ გუბერნიიდან გვიპასუხეს - ,,რაში გჭირდებათ ლადოს კომენტარი?".

გაირკვა, რომ 15 მარტს საქაშეთის სკოლის პედაგოგების საჩივარი ისე გადაეგზავნა სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობის საკითხების შემსწავლელ სამსახურს, რომ სამხარეო ადმინისტრაციის კანცელარიაში მისი დარეგისტრირება ,,დაავიწყდათ“. ამას ადასტურებს ,,ქართლის ხმის“ ჟურნალისტი თეა თედლიაშვილი, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციაში, იმავე დღეს კიდევ ერთი, სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლის პედაგოგების საჩივრის დარეგისტრირების პროცესს შეესწრო.

როგორც თედლიაშვილი იხსენებს, იმ დროს, როცა იგი სოფელ ფხვენისის პედაგოგების საჩივრის შეტანის პროცესს დაესწრო, კანცელარიაში უთხრეს, რომ არ ვარეგისტირებთ, გუშინაც საქაშეთიდან შემოვიდა წერილი და პირდაპირ გადავუგზავნეთ რესურსცენტრსო“...

მას მერე რაც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქაშეთის სკოლის თემით დაინტერესდა, სკოლის ადმინისტრაციამ იმ ხალხის გამოსავლენად სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყო, რომელიც შეიძლებოდა დაკავშირებოდა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“. ეჭვი მაშინვე სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე ნელი ჯაფიაშვილზე და ასევე პედაგოგ ნათელა ომაძეზე გაუჩნდა დირექტორს - უსათუოდ თქვენ დარეკავდით ,,ადამიანის უფლებათა ცენტრშიო“.
დირექტორისგან გამწარებულმა ხალხმა ბოლოს ჩვენ მოგვაკითხა და არსებული სიტუაცია დეტალურად გვამცნო.

ვარძელაშვილის სახელზე შესული საჩივარი დაეწერა მის მოადგილეს ზურაბ ჩინჩილაკაშვილს, ჩინჩილაკაშვილმა განცხადება გადაუგზავნა თვითმმარველობის საკითხების სამსახურის უფროსს მალხაზ მირუაშვილს, მალხაზ მირუაშვილმა გადაუგზავნა გორის რესურსცენტრის უფროსს გიორგი სოსიაშვილს. გიორგი სოსიაშვილმა გვითხრა, რომ განცხადება გადაგზავნილია განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. განცხადების ეს მარშრუტი დავადგინეთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც განცხადების მიმღებები ძალიან შევაწუხეთ.

რაც შეეხება ვარძელაშვილის კომენტარს, რომელიც ძალიან საინტერესოა და რომელზეც ძალიან გაიკვირვეს, რაში გჭირდებათო, დღემდე ვერ მოვიპოვეთ...

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის იურისტების აზრით, საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, 17 მარტს სამხარეო ადმინისტრაციას უნდა ეცნობებინა პედაგოგებისთვის, რომ მათ მიერ წარდგენილი საჩივარი გადაგზავნილია განათლების რესურცენტრში.

როგორც იურისტები აცხადებენ, სკოლის დირექტორს, ვალენტინა ოლგესაშვილს მხოლოდ მას შემდეგ შეეძლო გასცნობოდა მასზე დაწერილ საჩივარს, როდესაც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს გენინსპექცია საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას, ანუ შესწავლას დაიწყებდა. ჩვენი ინფორმაციით კი იმ პერიოდისათვის, როდესაც სკოლის დირექტორს საჩივარი ხელში ჩაუვარდა, განათლების სამინისტროს ჯერ არც ჰქონდა დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საერთოდ არავინ იცოდა საჩივარი თუ უკვე განათლების სამინისტროში იდო და განხილვას საჭიროებდა.

ერთი სიტყვით, საქაშეთის სკოლაში სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ თუ დროზე არ მოგვარდა საქმე, სწავლის პროცესი ,,ფსიქოლოგიურად“ კიდევ დიდხანს იქნება ჩაშლილი სკოლაში.
 
განათლების რესურსცენტრის უფროსი გიორგი სოსიაშვილი იფიცება, რომ პედაგოგების საჩივარი მას არ მიუცია დირექტორისთვის. სამხარეო ადმინისტრაციაში უარყოფენ ფაქტს იმის შესახებ, თითქოს სკოლის დირექტორს წინდაწინ მათ მისცეს ასლი. ერთადერთი, ვისაც კანონით შეეძლო სკოლის დირექტორისთვის საჩივრის ასლი გადაეცა, ეს განათლების სამინისტროა.  ესეც იმ შემთხვევაში, თუკი განცხადების შესწავლის პროცესი  დაწყებული იქნებოდა და დაინტერესებულ მხარეებს, სკოლის პედაგოგებს და დირექტორს განხილვაზე დაიბარებდნენ.

ახალი ამბები