კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტარიფს + ვალები = გაუსაძლის ცხოვრებას

28 მაისი, 2008

შორენა კაკაბაძე. ქუთაისი


ქუთაისელი ავთანდილ კიკვაძის ბინა უკვე 6 თვეა არ განათებულა. მან ზუსტად იცის, რომ ამაში დამნაშავე თვითონ არ არის. მარტოხელა მოხუცს, რომელიც ელექტროენერგიას მხოლოდ ერთი ნათურის ანთებასა და საღამოობით ტელევიზორის ჩართვაში ხარჯავს, ერთ მშვენიერ დღეს დიდი გადასახადი მოუვიდა და გადახდა ვერ შეძლო. მაშინ, უბანი, სადაც იგი ცხოვრობს, გამრიცხველიანებული არ იყო და მოსახლეობა ძველი, საერთო კომუნალური მრიცხველით სარგებლობდა.

„იმხელა გადასახადი მოვიდა, რომ დავიბენი. როგორ უნდა დამეხარჯა ამდენი, როცა მარტოხელა კაცი სახლში მხოლოდ ღამის გასათევად შევდივარ. ერთადერთ ნათურას თუ ავანთებ და ტელევიზორს ჩავრთავ. ისიც, 2-3 საათით. ეს იმის ბრალია, რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს და ენერგოკომპანიაშიც უსისხლო ხალხი მუშაობს. უნარი არა აქვთ, რომ ადამიანებს ადამიანურად ელაპარაკონ. რამდენჯერაც მივედი, ძაღლივით მომექცნენ, თითქოს ზედმეტს ვითხოვდე. მე ჩემი პრობლემა მაწუხებს, დავიღალე სიბნელეში ცხოვრებით“, - ამბობს ავთანდილ კიკვაძე.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალში აბონენტს განუმარტეს, რომ მან ძველი ვალი უნდა დაფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდება არ აღუდგება. 50 ლარიანი საპრეზიდენტო ვაუჩერის მიუხედავად, აბონენტს დავალიანება მაინც დარჩა. მისი კორექტირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როცა საკითხის მოკვლევა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაიწყო.

2007 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუცია სს „ენერგო-პრო ჯორგიამ“ დაიწყო. მან აბონენტები ძველი ვალების გარეშე გადაიბარა. როგორც ენერგოკომპანიაში განმარტავენ, ახალ კომპანიას აბონენტებისგან ამ ვალის მოთხოვნის უფლება, უბრალოდ, არ ჰქონდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინამორბედი, საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია სახელმწიფო კომპანია იყო. ამიტომ გასული წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა აბონენტს ვალი ჩამოეწერა. მათ დღეისთვის მხოლოდ ის ვალი დარჩათ, რომელიც 2007 წლის 1 ივლისიდან დაუგროვდათ. ამ ვალის არდაფარვის შემთხვევაში, მათ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ“, - აცხადებს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თეონა გეგუჩაძე.

ენერგოკომპანიის „უსასრულო ვალებს“ ავთანდილ კიკვიძის გარდა ქუთაისში მოსახლეობის დიდი ნაწილი უჩივის. მათი აზრით: „ეს ერთგვარი ხერხია, რაც შეიძლება მეტი თანხა ამოიღონ ხალხისგან. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ საკუთარი ბიუჯეტი გაავსონ.“

„თითქოს ძველი ვალები საკმარისი არ იყოს, ამ ტარიფებმა მთლად გაგვწყვიტა წელში. გადასახადების შიშით ზამთარში ვერ ვთბებით და ზაფხულში ვერ ვგრილდებით. მრიცხველები ელვისუსწრაფესად ტრიალებს და დიდი ოდენობით გადასახადს გვიწერს. ახლა მაინც დათბა და იმდენი ელექტროენერგია არ გვეხარჯება. ეს კი, გადასახადებს დიდად არ დატყობია. რას გვახდევინებენ ამდენს? არ რცხვენიათ? ყოველნაირად ცდილობენ, რომ 100 კვტ.სთ-ზე მეტი დაგვაწერონ, რომ მეორე კატეგორიის ტარიფი გადაგვახდევინონ. რა უბედურებაა ეს, ვინ მოიგონა აბონენტების კატეგორიებად დაყოფა, ან რისი მაქნისია?“ - კითხულობენ ქუთაისში, ჯავახიშვილის  ქუჩაზე მცხოვრები აბონენტები.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების თანახმად, 2006 წლის 1 ივნისიდან ელექტროენერგიაზე ტარიფი თითქმის გაორმაგდა. აბონენტები კი, კატეგორიებად დაიყო. ის, ვინც 100 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარს, 1 კვტ.სთ. ელენერგიაზე  11,0 თეთრს, 101-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 14,0 თეთრს, ხოლო 301-დან ზევით 1 კვტ.სთ-ზე 14, 83 თეთრს იხდის. აღნიშნულ ტარიფს დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) ერიცხება და ჯამში 1 კვტ.სთ  (100 კვტსთ-ის ჩათვლით) - 12,98 თეთრი, 1 კვტ.სთ (101 დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით) - 16, 52 თეთრი, ხოლო 300 კვტ.სთ-დან ზევით 1 კვტ.სთ - 17, 19 თეთრი ღირს.

„გადაწყვეტილება აბონენტთა კატეგორიებად დაყოფის თაობაზე მას შემდეგ მივიღეთ, როცა შევისწავლეთ მოსახლეობის რამდენი პროცენტი მოიხმარდა 100 კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას. თავი და თავი კი ის იყო, რომ მოსახლეობიდან თანხის ამოღება ვერ ხერხდებოდა. რამე უნდა გვეღონა. აბონენტები სამ ჯგუფად დავყავით. ჩვენი ბალანსი დეფიციტურია. იმიტომ შემოვიღეთ ეს საფეხურები, რომ დაგვეცვა სოციალურად დაბალი ფენა. .საბაზრო ეკონომიკის თანახმად, რაც მეტს მოიხმარს, ცოტა უნდა გადაახდევინო.  ამ მხრივ მდიდრები იჩაგრებიან. მაგრამ გაძლევთ პირობას, როცა ბალანსი დეფიციტური აღარ იქნება და ბაზარზე კონკურენციაც გაიზრდება, ტარიფი გაიაფდება“, - ამბობს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი დემურ ჩომახიძე.

ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია 1996 წელს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით,  მომხმარებლის  მონოპოლური ფასებისგან დაცვის მიზნით შეიქმნა. გარდა ამისა, სემეკ-ის მიზანია ენერგეტიკული სექტორის რეგულირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ეკონომიკური სტაბილურობა.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე განმარტავს, რომ სემეკი   ტარიფთან დაკავშირებით  მომხმარებელს ვერ იცავს. „საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი ეტაპობრივად უნდა დარეგულირდეს. მან უნდა ასახოს მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორიებისთვის სხვადასხვა ღირებულება. პარლამენტის ეს დოკუმენტი ცოტა ძნელი გასაგებია. საერთოდ, რაც მეტია მოხმარება, მით ნაკლები ჯდება მომსახურება“, - ამბობს ლიანა ჯერვალიძე.

ფაქტია, მოსახლეობას სატარიფო გადასახადი ზურგზე მძიმე ტვირთად აწვება. ენერგომარეგულირებელი კომისია კი, რომლის უმთავრესი კომპეტენცია ტარიფების დადგენა და მომხმარებლის ერთგვარი დაცვაა, ამის უზრუნველყოფას რეალურად ვერ ახერხებს. ექსპერტთა განმარტებით, ენერგომარეგულირებელი კომისია სერიოზულ ზეწოლას განიცდის სახელისუფლებო წრეებისგან. ეს კი, მოსახლეობის მდგომარეობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

„დავიღალეთ ამდენი უსამართლობით. ხან დარჩენილ დავალიანებას გვთხოვენ, ხანაც იმაზე მეტს გვახდევინებენ, ვიდრე სინამდვილეში უნდა ვიხდიდეთ. ვინმე ხომ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი?  ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაუცველია და მდგომარეობის გამოსწორებაზე არავინ ზრუნავს. ენერგოკომპანიაში კი, ცხვირსაც ვერ შეყოფ, რომ სიმართლე გაარკვიო. უბრალოდ, არ გელაპარაკებიან“, - ამბობს ავთანდილ კიკვიძე.

რეალობიდან ჩანს, რომ მოსახლეობას ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დაცვა ისევე ძვირი დაუჯდება, როგორც გასულ ზამთარს გათბობა. და თუ ამ ყველაფერთან ერთად მას ძველ (ხშირ შემთხვევაში გაურკვეველ)  ვალებს  შეახსენებენ,  არასახარბიელო მდგომარეობა გარდაუვალია. ფაქტია, ენერგომარეგულირებელი კომისია და მით უფრო, ქვეყნის მთავრობა მომხმარებლის  უფლებების დაცვისგან შორს დგას. არადა, კანონის თანახმად, ეს ორივე მათგანის უპირველესი ფუნქციაა.

 

ახალი ამბები