კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიის პრევენციისთვის ფული წელსაც არ გვაქვს

28 მაისი, 2008

მესტიაში მეწყერის შიშით ბავშვებს სახლში ვეღარ აძინებენ

თეა თოფურია

ყოველი გაზაფხული საქართველოში სტიქიის სეზონია. მეწყერს და წყალდიდობებს ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია ვერ აჩერებს. იღუპებიან ადამიანები, ზიანდება სახლები, ხიდები, გზები... დაძაბული პოლიტიკური თუ სოციალური ვითარების ფონზე ეკოლოგიური პრობლემები გვერდზე იწევს, შესაბამისად ხელისუფლება სტიქიის პრევენციისთვის არ ზრუნავს და წყალდიდობა თუ მეწყერი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც მდინარეები კალაპოტიდან გადმოდის. არადა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება გაცილებით დიდი თანხა ჯდება, ვიდრე პრევენციაზე შეიძლებოდა დახარჯულიყო.

როდესაც მესტიაში ცა იღრუბლება ბავშვები ისე გამორბიან სახლებიდან, თითქოს მიწისძვრა იწყებოდეს. მიზეზი მარტივია, აქ უბრალო წვიმის გამოც შეიძლება მოკვდე. მესტიაში მიწა ისე მოძრაობს, თითქოს სული ედგას. მეწყერებისგან დაბზარულ სახლებს ლანდი გასდით, კოშკები, რომლებიც მრავალი საუკუნე მყარად იდგნენ, ინგრევა.

ნიგურიანების სახლის პირველ სართულზე გაზაფხულიდან ბოტებით დადიან. წყლის სიმაღლე ოთახებში ნახევარ მეტრს აღწევს. იგივე ოთახებში ადრე საწოლები ედგათ და ბავშვებს ეძინათ. მთვარისა მერლანისთან წყალმა პირდაპირ კედლებიდან გამოჟონა. მიუხედავად ამისა, ამ სახლში შვიდი კაცი ცხოვრობს. ხალხს წასასვლელი არსადა აქვს, დიდი-დიდი პატარები გახიზნონ, ან თავად დაიძინონ ღამე რომელიმე ნათესავთან.

ჟენია კვანჭიანი, სოფელი დოლი, ბეჩოს საკრებულო: „ნახევარზე მეტი სოფელი უკვე გაქცეულია, სახლები - დანგრეული. 45 კომლიდან 20 დავრჩით. ღამე ვერც ჩვენ ვჩერდებით და თავს სოფლის რომელიმე მოსახლესთან, შედარებით მყუდრო ადგილას ვაფარებთ. პატარები უკვე მეზობელ სოფლებში გავხიზნეთ და ვიდრე ეს საშიში პერიოდი გაივლის, დოლში ბავშვის ხმას ვეღარ გაიგებთ“.

თამარ კვიციანი, სოფელი დოლი, ბეჩოს საკრებულო: „როცა წვიმს, მთელი სოფელი თოხებით და ბარებით გამოვდივართ, დოლის ტვიბიდან (ღელე) ქვა-ღორღი გამოგვაქვს და კალაპოტში ვაბრუნებთ, სოფელი რომ არ წალეკოს. გზა ყველა წვიმის შემდეგ ახალი გასაკეთებელია, ესეც ხელით და ხარებით, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე. სოფლის თავზე ნაპრალებია, როგორც კი წყალი ჩადგება, მიწა ცოცვას იწყებს და სანამ მოგლიჯავს, მდგომიარე ხეები ცოცხლად მოაქვს. მეორე მხრიდანაც, სადაც ფუსდალის (მაცხოვრის) ეკლესიაა, მეწყერი პირდაპირ სახლებისკენაა მიმართული“.

მესტიელი ნუგზარ ნიგურიანი ამბობს, რომ მეწყერები და ღვარცოფები მას შემდეგ გახშიდა, რაც 1987 წელს, გზის გასაყვანად ქანების აფეთქება დაიწყეს. მიწისქვეშა წყლები დაზიანდა და ეს ადგილი გეოლოგებმა წითელ ზონად გამოაცხადეს. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და მთავრობაც ბევრი შეიცვალა, მაგრამ არც ამ ზონით და არც იქ მცხოვრები ხალხით არავინ დაინტერესებულა.

ტერიტორიების წყლისგან განტვირთვა ხელოვნურადაც არის შესაძლებელი, მაგრამ ამ საქმის გასაკეთებლად თავი ჯერ არავის შეუწუხებია, დიდი-დიდი მოსახლეობა გადაასახლონ. ხალხი იმასაც ამბობს, რომ სვანეთში თავისუფალი მიწები აღარც დარჩა. თანაც გადასახლება სახელმწიფოს გაცილებით ძვირი დაუჯდება, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საქართველო რამდენიმე ისტორიულ სოფელს დაკარგავს, ამ სოფლებისთვის დამახასიათებელი ფლორითა და ფაუნით.

მეწყერი დიდ ხმაურს იწვევს და მოსახლეობა გახიზვნას ახერხებს, თუმცა საქონლის გამორეკვას ვერ ასწრებენ. ყოველი კოკისპირულის შემდეგ ხალხი სახლის ან მარჩენალი ძროხის გარეშე რჩება. ეს მაშინ, როცა სვანეთში არც მიწა ვარგა და არც სამსახურია, რომ თავი ირჩინო. მეწყერზე გაცილებით სახიფათოა ღვარცოფი, მან მართლაც უცებ იცის მოვარდნა და შეიძლება ადამიანმაც ვერ გაასწროს.


გზაში დაკარგული საპროექტო წინადადებები

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2007 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 205 ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაცია დაფიქსირდა, დაიღუპა 3 ადამიანი, 416  დაშავდა, დაიტბორა 260 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული. მანამდე კი, 2005 წელს, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, მაღალი საშიშროების რისკის ზონაში მოექცა 190-მდე დასახლებული პუნქტი. 9610 ჰა მიწის ფონდი საერთოდ ამოვარდა საბრუნავიდან. მიუხედავად მწირი სახსრებისა, სპეციალისტებმა დახლოებით 5000 სახლი დაათვალიერეს. აღმოჩნდა, რომ მათგან 3000 დაზიანებული იყო.

სტიქია შეეხო მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა და მაღალმთიან რაიონებს. ბოლო წლების განმავლობაში ზედიზედ განმეორებულმა კატაკლიზმებმა დააზარალა სვანეთი, სამეგრელო, აჭარა, გურია... მეწყერმა და წყალდიდობამ დაანგრია ხიდები, გზები, ელექტროგადამცემი ბოძები. მესტიელი ნათელა გუჯეჯიანი ამბობს, რომ ახლა მის სახლამდე აღარც მანქანა მიდის და აღარც ტრაქტორი. ის ერთადერთი არ არის, ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

გიორგი მებონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
(სამეგრელო): „სოფელ ლიაში ნათესები ენგურს მიაქვს. კაშხლიდან გამოშვებული წყალი რამდენიმე კილომეტრიან სანაპირო ზოლს ტბორავს და მოსახლეობას დროებით სახლის მიტოვება უწევს. მდინარის ორ ნაპირას გაშენებული სოფლები-ჯვარი და ჩქვაური წლიდან წლამდე ერთმანეთს სცილდება. მალე მათ შორის დამაკავშირებელი გზაც აღარ იარსებებს“.

წალენჯიხის გამგებელი ამ პროცესებს ხეების მასობრივ ჭრას უკავშირებს. მისი თქმით, სტიქია გაკაფული ტყის შედეგია და მეტი არაფერი. ტყეების ჩეხვას რაც მოაქვს, მესტიაში ეს უკვე კარგად დაინახეს, ახლა ხალხს შეშის შეგროვებისაც კი ეშინია. ,,ტყიდან ერთი მორი რომ გამოიტანო, ერთი სიკვდილია”, - ამბობს გოჩა ხორგუანი.

ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, სახელმწიფომ მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრს 2008 წლისთვის მხოლოდ 2,235 მილიონი ლარი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ საშიში ბუნებრივი პროცესების მონიტორინგი, პროგნოზირება და პრევენცია სწორედ ამ ცენტრს ევალება. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (ჩENN) აცხადებენ, რომ გამოყოფილი თანხა ძალზე მცირეა, დღეისათვის საქართველოში დაფიქსირებულია 50 000-მდე ეროზიული პროცესი, აქედან 10 000 აქტიური მეწყერია, ცენტრისათვის გამოყოფილი თანხები რეალურად შეუძლებელს ხდის გარემოში მიმდინარე საშიში ბუნებრივი პროცესების ნაწილობრივ შესწავლასაც კი.

გარდა ამისა, არის სხვა პრობლემაც, ,,სენის” აღმასრულებელი დირექტორის ნანა ჯანაშიას თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო და ამას რამდენიმე შემთხვევაც ადასტურებს, მაგალითად: წყალდიდობებისაგან დაზარალებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი გორაძემ ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ სანამ თბილისი სათანადო მონაცემებს არ გადმოუგზავნიდა, აჭარა პრევენციულ ღონისძიებებს ვერ დააფინანსებდა. თუმცა თბილისმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ყველაფერი რაც გადასაგზავნი იყო, უკვე კარგა ხანია გადაგზავნეს.

ირაკლი გორაძე: „ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ამ სფეროში კვლევების ჩატარება ცენტრალიზებულია და აჭარის მთავრობის უფლებამოსილებაში არ შედის. თუ შესაბამის სტრუქტურებიდან საპროექტო წინადადებები გვექნება, პროექტების დაფინანსებას უკვე ადგილობრივ დონეზეც შევძლებთ. შეიძლება ესა თუ ის ეკოლოგიური პრობლება სრულებით მარტივი გადასაწყვეტია, მაგრამ სათანადოდ შესწავლილი არ არის და საქმეს ეს ართულებს“.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით კი, წინასაპროექტო წინადადებები ტერიტორიულ ერთეულს უკვე დაეგზავნა და თანხის გამოყოფისთვის ყველას გზა ხსნილი აქვს.

თვითმართველობასა და ცენტრს შორის დაბალი კომუნიკაციის შედეგი იყო ისიც, რომ თავდაპირველად, 2008 წლის ბიუჯეტში სამინისტროს მესტია საერთოდ არ გაუთვალსიწინებია. სასწრაფო ზომების მისაღებად ნახევარი მილიონი ლარი მხოლოდ მას შემდეგ გამოიყო, რაც ,,CENN-მა” ცენტრალურ ხელისუფლებას სვანეთში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ აცნობა. ახლა ეს თანხა მესტიის ბევრ ადგილას სტიქიის თავიდან აცილების 10-წლიან გარანტიას იძლევა.

მაგრამ, პრობლემა მხოლოდ მესტიის რამდენიმე ადგილი არ არის. სტიქიის პრევენციაზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არავის უზრუნია და ახლა საქართველოში ყველა ჯებირი და ხიდი თავიდანაა შესაკეთებელი. აღსადგენია ტყეები, რომლებიც წლების განმავლობაში იკაფებოდა. შესასწავლია მთელი რიგი ტერიტორიები...  ამასობაში კი სეზონი დაიწყო.

რომელ ერთ სამუშაოს ეყოფა გამოყოფილი თანხები ექსპერტებისთვის გაუგებარია, სვანეთში კი ამგვარ გულგრილობას უკვე დიდი ხანია შეეჩვივნენ, ისინი წელსაც მთების ამარა არიან დარჩენილნი. ,,მთავარია, სტიქია ღამე არ დაიწყოს”, - ამბობენ მესტიელები.

ახალი ამბები