კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიეთილენს შეფარებული დევნილები ჭერის გადახურვას ითხოვენ

30 მაისი, 2008

ნანა ფაჟავა,ზუგდიდი


სოფელ რუხში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს მშობლიურ კერასთან ხუთიოდე კილომეტრი აშორებთ. ჭუბურხინჯიდან დევნილები ყოფილი უნივერმაღის ორსართულიან შენობაში 15 წელია ცხოვრობენ. ამდენივე დროის განმავლობაში მათი ჭერიდან წყალი ჩამოდის. ნესტიან და შეუმინავ ოთახებში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. სახლის ბინადრები წვიმისაგან თავს პოლიეთილენის სახურავით იცავენ. ხელისუფლებამ მათთვის არც არჩევნების წინ მოიცალა. ჭერის გადახურვის მოთხოვნით კი დევნილებმა რამდენიმე ინსტანცია უშედეგოდ მოიარეს.

     

ორი ვიწრო და ბნელი ოთახი, პოლიეთილენით შეფუთული ფანჯრის ჩარჩოები, დამპალი და ჩატეხილი ხის იატაკი, ბეტონის სველი კედლები, ერთი მაგიდა, რამდენიმე თეფში და ჭიქა, ორი სკამი, სამი რკინის საწოლი _ ეს არის შვიდსულიანი ოჯახის მთელი ავლადიდება.

ჭედიების ოჯახს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს. 15 წლის განმავლობაში ერთადერთი შენაძენი თურქული წარმოების ელექტროღუმელია, სადაც პურს აცხობენ.

ია ჭედია: "ძირითადი საკვები ჩემი ოჯახისთვის პურია, მაგრამ პურის ფქვილსაც ვაი-ვაგლახით ვშოულობთ. ნისიად ხან რუხის მაღაზიაში ვიღებთ, ხან ზუგდიდის ბაზარში. სახნავ-სათესი მიწები ჩვენ არ გვაქვს, სიმინდი ვერსად მოგვყავს, ამიტომ ღომი სანატრელი გაგვიხდა. ჩემს შვილებს ჩაი და ტკბილეული ენატრებათ. ზოგჯერ პურის ნატეხიც არ გვაქვს..."

ყოფილი უნივერმაღის შენობაში დევნილების 10 ოჯახიდან ცივ ზამთარს მხოლოდ ოთხმა გაუძლო. დანარჩენები კი სანათესაოში სამადლოდ გაიხიზნენ. ჭედიებისა და გოგოხიების ოჯახები ტყეში შეგროვილი ფიჩხებით სიცივეს კი გაუმკლავდნენ, მაგრამ თბილ ოთახებში მაინც არ ეძინათ.

ია ჭედია: "ცელოფნებით აკრული ფანჯრები, აბა, რა სითბოს შეინარჩუნებდა. დამდნარი თოვლისა და წვიმის წყალი ჭერიდან ჩამოგვდიოდა, ტაშტებით გაგვქონდა, ნესტის სუნი სულს გვიხუთავდა."

დევნილი ოჯახების წინაშე სასმელი წყლის პრობლემაც დგას. ვედროებით წყალს 400 მეტრიდან, მუსიკალური სკოლის ეზოდან ეზიდებიან. მათთვის არც აბაზანა არსებობს და არც შესაბამისი ადგილი, სადაც პირადი ჰიგიენის დაცვაა შესაძლებელი.

ვალერი ჭედია: "ასეთ გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში ძმის ოჯახთან ერთად წლები გავატარეთ და იმედიც აღარ გვაქვს, რომ ჩვენი ყოფა გაუმჯობესდება. ამ მთავრობისგან მხოლოდ სახლის გადახურვას ვითხოვდით და ისიც არ დაგვიკმაყოფილეს. ბევრჯერ მივმართეთ ადგილობრივ და აფხაზეთის დევნილ მთავრობას, მაგრამ ჩვენი პატრონი დღემდე არავინ გამოჩნდა."

   

მიმდინარე წელს "პატრონებს" სამეგრელოს რეგიონიდან დევნილების არც ერთი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი პირობას დებს, რომ ზაფხულში ყველა ის სახლი გადაიხურება, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ცხოვრობენ. ამჟამად კი ზუგდიდში, ხორავას #2-ში და სოფელ ჭკადუაშში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის მხოლოდ ჭაბურღილები ითხრება.

სათბობი საშუალების, შეშით უზრუნველყოფას კი სამინისტრო დევნილ მოსახლეობას წელსაც პირდება, თუმცა მხოლოდ ქალაქში ჩასახლებულებს. მათთვის შარშან მხოლოდ 800 კუბ. მეტრი შეშა გამოიყო, სოფლებში ჩასახლებული დევნილები კი სათბობის გარეშე დარჩნენ.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონალურ სამმართველოში აცხადებენ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ წალენჯიხისა და ზუგდიდის რაიონებში 3 ობიექტი უკვე შეარჩია, სადაც სახლის გადახურვას აწარმოებს. რუხში ჩასახლებულ დევნილებს კი არც დონორი ორგანიზაციების იმედი აქვთ და ცივი ზამთრის დადგომას კვლავ პოლიეთილენის ფანჯრებიდან ელიან.

 

ახალი ამბები