კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება აფხაზეთთან მიმართებაში

3 ივნისი, 2008

,,ყველაზე მაგრები ვაშინგტონში კი არა რუსეთში უნდა ისხდნენ“

თეა თოფურია, თბილისი

ჟურნალ ,,სიტყვის" ინიციატივით, თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა.  აფხაზეთის თემაზე სასაუბროდ მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ასევე დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ,,პირველი რადიო" და რადიო ,,მწვანე ტალღა".

რას ჰპირდებიან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალები ქართველ საზოგადოებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ ოთხი წლის განმავლობაში ამ მხრივ და რა რეალური შედეგები მოიტანა მისმა მოღვაწეობამ - ეს იყო ის კითხვები, რომელიც შეკრებილი სტუმრების განხილვის საგნად იქცა. 

ივლიანე ხაინდრავა, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, დეპუტატი:
,,ახალ ხელისუფლებას საკმაოდ ხელსაყრელი ვითარება დახვდა აფხაზეთის საკითხის გადასაწყვეტად. სააკაშვილს არ მიუღია მონაწილეობა აფხაზეთის ომში, არც ბურჯანაძეს, არც სხვებს. მაშინ შესაძლებელი იყო დიალოგი. მე ვსვამ შეკითხვას: რატომ ოთხი წლის წინ არ დაიწყო იმ ინიციატივების განხორციელება, რომლებზეც ხელისუფლება დღეს საუბრობს? თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ მაშინ არ იყო შემუშავებული ეკონომიკური კონცეფცია. მაგრამ ეკონომიკური თანამშრომლობა ხომ მაინც შესაძლებელი იყო? სწორედ რევოლუციის დასაწყისში დავასრულეთ აფხაზეთის კონცეფციაზე მუშაობა. სააკაშვილისთვის ეს საჩუქარი იყო, რომელიც ციდან ჩამოუვარდა, მაგრამ არ გამოუყენებია.

ახლა რას ვთავაზობთ აფხაზებს? პირადად ჩვენ ასეთი ლოზუნგი გვაქვს: ,,ერთად ევროპაში!" აფხაზები გვპასუხობენ: ,,ევროპაში, მაგრამ არა ერთად!" ანუ ისინი თანხმდებიან ჩვენი შეთავაზების 50 პროცენტს. დამისახელეთ სხვა შეთავაზება, რომლის 50 პროცენტსაც აფხაზები თანხმდებიან. ამ ლოზუნგის განსახორციელებლად, უპირველეს ყოვლისა, ქართველებმა უნდა ვიბრძოლოთ, რათა ჩვენს ხალხს ევროპისკენ სწრაფვა გაუძლიერდეს. დღეს ხომ მთელი ევროპა ბლოკავს საქართველოსთვის მაპის პროგრამას. რუსეთსაც ეჭვი ეპარება ჩვენს ევროპულ ორიენტაციაში. გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არ არიან. 7 ნოემბრის პოზიციიდან ვუთხრათ აფხაზებს, დაბრუნდით და ერთად წავიდეთ ევროპისკენო? უმთავრესი საშინაო პოლიტიკაა".

დღეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი იმდენად არის ჩიხში შესული, რომ მისი გადაჭრის გზებზე საუბარი ჯერჯერობით დამაჯერებლობას კარგავს. ექსპერტები უმეტესად საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა იყოს ის პირველი ნაბიჯები, რომელიც ჩიხიდან გამოსვლის საშუალებას მოგვცემს. დანარჩენი უკვე იმ რეალობაზეა დამოკიდებული, რომელსაც ამ პირველი ნაბიჯების შემდეგ მივიღებთ.  აფხაზეთში  შექმნილი  რეალობის შეფასებისას სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა აფხაზებს ძალიან გაუცრუა იმედი.

თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში: ,,აფხაზებმა ვერ მიიღეს ის, რასაც რუსეთისგან მოელოდნენ - დამოუკიდებლობა. რუსებმა აფხაზეთი გამოაცხადეს საკუთარ იურიდიულ სივრცედ - ყოველგვარი გარანტიების გარეშე აფხაზებისთვის. ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ არ გვსურს მოლაპარაკებები მათ ზურგს უკან, არ გვსურს, აფხაზეთის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება აფხაზების მონაწილეობის გარეშე. ჩვენ ვთავაზობთ მათ პირდაპირ დიალოგს. ჩვენ არასდროს ვექცეოდით აფხაზებს ისე, როგორც რუსები. მოვუწოდებთ, რომ გააცნობიერონ ის საფრთხე, რომელიც მათ ელით რუსეთის მხრიდან, ანუ ეთნოსის სრული განადგურება.

ჩვენ სხვა რეალობაზეც უნდა ვისაუბროთ: აფხაზებს უნდა მივუთითოთ ჩრდილო კავკასიისკენ. თვითონაც კარგად ხედავენ, რა ხდება იქ, მათ შორის, მათთან ყველაზე ახლო მყოფ ადიღენში. ისინი, ფაქტობრივად, არყოფნის, ეთნიკური განადგურების პირას არიან. ეს უქნეს მათ რუსებმა. აფხაზები უნდა დავარწმუნოთ, რომ ხელი ჩაგვკიდონ და ერთად წავიდეთ ევროპისაკენ, რათა თავიანთი მეზობლების, ჩრდილო კავკასიელების, ბედი არ გაიზიარონ".

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი შალვა ფიჩხაძე ამბობს, რომ აფხაზეთში არ არის აფხაზური მთავრობა, რომელიც აფხაზურ პოლიტიკაზე იზრუნებდა. აფხაზეთის ხელისუფლება, ერთის მხრივ, რუსეთის მძევალია, მეორეს მხრივ - თავისივე ხალხის. შესაბამისად, შეუძლებელია, მისი არჩევანი (ქმედებით გამოხატული) რუსეთის სანაცვლოდ საქართველოსთან, დასავლეთთან ურთიერთობის მოსინჯვას გულისხმობდეს. მით უფრო, რომ ამ მიმართულებით მიხეილ სააკაშვილის მოქმედებები საკმაოდ არაადეკვეტურია. 

შალვა ფიჩხაძე: ,,სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უფრო ფარულ მოლაპარაკებებზე უნდა ორიენტირებულიყვნენ და თუკი რაღაც ეტაპამდე მივიდოდა საუბარი, მერე უნდა გაცხადებულიყო. ახლა ამ ინიციატივებს მხოლოდ პოპულიზმის სახე აქვს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ იყო პრეზიდენტის განცხადებების ადეკვატური. ეს გახდა იმის მიზეზიც, რომ ახლა აფხაზები არ მოდიან დიალოგზე. არ ვიცი, შესაძლოა, კულუარებში არსებობს რაღაც იმედის მომცემი სიგნალები, რომლებიც ჩვენამდე ვერ აღწევს".

მუდმივი შიში

ივლიანე ხაინდრავას თქმით, დღეს ქართული მხარე ისე შორს არის აფხაზურისგან, როგორც არასდროს. შეიარაღებაზე დიდი ფული იხარჯება, რაც აფხაზებს აფრთხობთ და უბიძგებთ, რუსეთს უფრო მეტად დაუახლოვდნენ.
,,ნატოს სტანდარტებით, სამხედრო სფეროს გაძლიერებას შიდა პროდუქტის მხოლოდ 2 პროცენტი უნდა მოხმარდეს, ჩვენ კი მარტო 2007 წელს თითქმის 8 პროცენტი დავხარჯეთ“,  - ამბობს ის.

თემურ იაკობაშვილი: ,,ორივე მხარეს არიან ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა საუკეთესო დროა, კონფლიქტი ომის გზით გადაიჭრას. ან გავერთიანდეთ ქართველები და აფხაზები, ან სამუდამოდ დავშორდეთ და დავრჩეთ ენგურის სხვადასხვა მხარეს. ჩემი პოზიცია ასეთია: ომი თავიდან უნდა ავიცილოთ და ეს შესაძლებელია. ეს ომი  ჩვენც დაგვანგრევს და აფხაზებსაც. დღეს ხომ კალაშნიკოვის იმედად აღარა ვართ, ეს ომი არც ლოკალურ ომად დარჩება, იზრდება სრულიად კავკასიური ომის დაწყების საშიშროება. ჩვენი დღევანდელი შეიარაღებით წარმოებული ომი აფხაზეთს სიკვდილის კალოდ აქცვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა საშუალებით ცდილობენ ჩვენს პროვოცირებას, ომის თავიდან აცილება შესაძლებელია. მადლობა უფალს, რომ ვახერხებთ, არ ავყვეთ პროვოკაციებს, გვყოფნის გამძლეობა და გამბედაობა, რომ სამშვიდობო გზიდან არ გადავუხვიოთ.

რუსეთმა საერთაშორისო ნორმები დაარღვია. ჩვენი უფლება და მოვალეობაა საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ. რეაგირება უპირველეს ყოვლისა მათ უნდა მოახდინონ. ეს რეაგირება კი შეიძლება ორგვარი იყოს: დასავლეთი გაკიცხავს რუსეთს, ისიც დაირცხვენს და ორი კვირით შეაჩერებს აგრესიას, ვთქვათ, აღადგენს შეწყვეტილ საფოსტო კავშირს საქართველოსთან. ეს არ არის საკმარისი. ეს მინუსიდან ნულოვან მდგომარეობაში გადასვლაა. ჩვენ კი უნდა ავცდეთ ნულოვან მდგომარეობას. უნდა მოვითხოვოთ დასავლეთისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, შემოგვთავაზონ სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი გეგმა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ლტოლვილების დაბრუნების, მათი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებით. ასეთი გეგმა ჩვენ ჯერ არ გვიხილავს. სწორედ ეს იქნება რეალურად წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი მუშაობაც ამისკენ არის მიმართული. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, როდის და როგორ დაბრუნდებიან ლტოლვილები აფხაზეთში. ვითხოვთ მათ ღირსეულ დაბრუნებას - შესაბამისი გარანტიებით. დაბრუნდება ის, ვისაც უნდა - თავის მიწაზე, სახლში - უპირობოდ, უსაფრთხოდ".

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხიაც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას ირჩევს.

შოთა მალაშხია: ,,ჩვენ გვქონდა საშუალება, გამოგვეყენებინა იმ 30 ათასი აფხაზის ნეიტრალური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომლებიც შერეული ოჯახებიდან არიან და არ მიუღიათ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. ეს იყო და არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი დიდი კაპიტალი. დე-ფაქტო ხელისუფლება სერიოზულ პოლიტიკაში არანაირ მონაწილეობას არ იღებს. მის ნაცვლად ყველაფერს რუსები წყვეტენ.

საქართველოს ხელისუფლების არც ერთი იურიდიული შეფასება აღარ არის მხოლოდ საქართველოს შეფასება - თუნდაც ანექსიასთან დაკავშირებით - დასავლეთის ყველა მსხვილი ორგანიზაცია, ევროკავშირის ჩათვლით, რუსეთის უკანასკნელ ნაბიჯს საქართველოს ანექსიად აფასებს. საქართველოს პრეზიდენტმა ორჯერ თქვა გაეროს ტრიბუნიდან, რომ აფხაზეთში მოხდა ქართველების ეთნოწმენდა და ამის პატიება არ შეიძლება - ეს დოკუმენტურად ფიქსირდება. ჩვენი ეკონომიკური წინადადებებიც შეფასდა, როგორც აფხაზებთან კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის სივრცე გაჯერებულია ჩვენი წინადადებებით და ამიტომაც არ მივიღებთ კოსოვოს აფხაზეთში. კოსოვოს დამოუკიდებლობა სერბებმა მიიღეს იმის შედეგად, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ არც ერთ სამშვიდობო მოლაპარაკებაში; ამიტომ დაუდეს მათ ახტისაარის გეგმა, რომელიც შესასრულებელი გაუხდათ".

გზა აფხაზეთისკენ - გზა ევროპაში

თემურ იაკობაშვილი: ,,მე ახალს ვერაფერს გეტყვით. ჩვენი კურსი ცნობილია და მას თანმიმდევრულად განვახორციელებთ. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვაა. ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაო გვაქვს ჩატარებული. ბევრ შემთხვევაში საქმე შეიძლება სტრასბურგის სასამართლომდეც მივიდეს. აფხაზები, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არიან. შეიძლება შეიქმნას ტრიბუნალი აფხაზეთის საქმესთან დაკავშირებით და იქ გაირკვეს, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ ეთნოწმენდაში არ გვაქვს ხელი გასვრილი, რასაც ვერ ვიტყვით აფხაზებზე. შესაძლოა, ქართველებიც ჩადიოდნენ დანაშაულს - ცალკეული სამხედრო პირები. ესეც უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

გარდა ამისა, ვმუშაობთ ეკონომიკური რეინტეგრაციის პროექტებზე - საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების მონაწილეობით. უნდა ავუხსნათ აფხაზებს, რას ვპირდებით. ამ გეგმის განხორციელება უკვე რეალურად არის დაწყებული, სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი. ადრე ეს იყო ექსპერიმენტი, დღეს უკვე სახელმწიფო პოლიტიკაა. თუნდაც თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხს შევეხოთ: ამ საკითხზე რვა წელი დაობდნენ, ახლა კი ამ გეგმის განხორციელება სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ რეალური შედეგებიც გვაქვს. სწორედ, მათ საფუძველზე შევძლებთ აფხაზებთან ურთიერთობას. დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზება. ჩვენ, ყველას, ამ მაგიდის ირგვლივ შეკრებილთ, ერთი რამ გვსურს, თუმცა კი სხვადასხვაგვარად ვხედავთ პრობლემას. ეს ბუნებრივიც არის. ყველას ერთი აზრი ვერ გვექნება".

ეკუნომიკურ პროექტენთან ერთად  შოთა მალაშხიამ ახსენა ისვეტიციებიც, რომელიც აფხაზეთში უნდა ჩაიდოს.

შოთა მალაშხია: ,,როგორც ბატონმა თემურმა ბრძანა, მთავარია მუშაობის საერთაშორისო დონეზე წარმართვა და რეგიონში რუსეთის ზეწოლის შემცირება, რათა აფხაზებმა შეძლონ საკუთარი ნების გამოვლენა და არჩევანის გაკეთება. სხვა შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ, დამოუკიდებლად უპასუხონ ჩვენს ინიციატივებს. ეუთოს დონე არ არის საკმარისი. პროცესში ევროკავშირი და ამერიკა უნდა ჩაერთონ. მაშინ დსთ-ის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების მექანიზმიც გამოიკვეთება. ამ ინიციატივის განხორციელება 15 ოქტომბრამდე, გაეროს მიერ ახალი რეზოლუციის მიღებამდე უნდა დაიწყოს. გაერომ სამშვიდობო ძალების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით  რეალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. იმისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესია, საჭიროა, მან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდა იგრძნოს ზეწოლა. თუ ეს მოხდება, ჩვენ შევძლებთ აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენას, აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელებას. მსხვილი საბანკო და ფიჭური კომპანიები აპირებენ აფხაზეთში 50 მილიონი დოლარის ინვესტირებას. ეს არ არის მცირე თანხა აფხაზეთისთვის".

მიუხედავად ამგვარი საუბრისა, ოპოზიციის წარმომადგენლები მაინც ფიქრობენ, რომ რეალურად ხელისუფლება წინ არ მიდის. შალვა ფიჩხაძემ  რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა ის შეცდომები, რომელსაც დღევანდელი მთავრობა უშვებს.

შალვა ფიჩხაძე: ,,პირველ რიგში, უნდა შეწყდეს რიტორიკა, შიდა მოხმარებაზე გათვლილი იდეოლოგია, რომ აფხაზეთამდე დარჩა ამდენი კილომეტრი და ეს
გზა დღითიდღე მცირდება. ეს არის მავნე იდეოლოგია, ცრუ, ძალაუფლების გახანგრძლივების იდეოლოგია - კლიპები, სიმღერები... სააკაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიისას თქვა: სამ თვეში დავბრუნდებით აფხაზეთში, რამდენიმე კვირაში - ცხინვალში! ეს არ არის სწორი!

მეორე: უნდა შეწყდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები: ბაღაფშს თუ ჩემთან უნდა საუბარი, აი, ჩემი მისამართი - მობრძანდეს და მესაუბროსო. აფხაზების ხან კანიბალებად მოხსენიება, ხან მათთვის ერთ - ფედერაციულ სახელმწიფოში ცხოვრების შეთავაზება არათანმიმდევრული, ქაოტური პოლიტიკაა და შედეგს ვერ მოიტანს.

მესამე: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აფხაზების გამოცხადება სრულ მარიონეტებად, უნდა შეწყვიტოს ასეთი აზრების დეკლარირება: ,,აფხაზებთან რა გვაქვს სალაპარაკო, მათ რუსები მართავენ და ჩვენც რუსებთან გავარკვევთ ურთიერთობას!“ ამით აფხაზებს კიდევ უფრო ვუბიძგებთ რუსეთისკენ.

რა უნდა გაკეთდეს?

პირველი: გაცილებით უფრო აქტიური უნდა გახდეს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან. ჩემი აზრით, პრეზიდენტი პირადად უნდა ჩაბრძანდეს აფხაზეთში და შეხვდეს სოხუმის რეალურ ხელისუფლებას. რატომ არ მიბრძანდება, ეს ხომ მისი იურიდიული ტერიტორიაა?! 

ასევე უნდა მოხდეს ხელმოწერა გარკვეული სახის დოკუმენტებისა, რა თქმა უნდა, არა - ხელშეკრულებისა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის იდება.

რაც შეეხება ლოზუნგს: ერთად - ევროპაში! ევროპაში აფხაზების ,,მიწვევა"  შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა შენ თვითონაც მიდიხარ ევროპისკენ. რატომ არიან ევროპის მოწინავე სახელმწიფოები საქართველოს მიმართ ასე უარყოფითად განწყობილნი? იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში ძალზე სუსტი დიპლომატიური კორპუსი მუშაობს. ელჩებად კომიკური პირები ინიშნებიან: ევროპაში, რუსეთში, ჩინეთში. რუსეთი არის დიპლომატიური ბრძოლის მოწინავე ფრონტი: ვინ არიან იქ ელჩები ბოლო წლების განმავლობაში? იქ ყველაზე ძლიერი დიპლომატიური ჯგუფი უნდა მუშაობდეს. ყველაზე მაგარი, პროფესიონალების ჯგუფი ვაშინგტონში კი არ უნდა იჯდეს, არამედ რუსეთში".

ახალი ამბები