კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძველ თბილისს ჩუმ-ჩუმად ანგრევენ

6 ივნისი, 2008

 

 "რედიქსის" პროექტი

ნონა სუვარიანი, თბილისი

ძველი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე შენობის დანგრევაზე ნებართვა, გამგეობის და კულტურის სამინისტროს პროტესტის მიუხედავად, მერიამ მაინც გასცა. აუცილებელია თუ არა ტაბიძისა და ლეონიძეს კუთხეში მდებარე შენობის დანგრევა, თუ მერიას დემონტაჟზე ნებართვის გაცემა „უბრძანეს“? რატომ არ აწყობთ, რომ ძველი თბილისი იუნესკოს დაცული ძეგლების სიაში შევიდეს? 

რამდენიმე დღის წინ გაერთიანება „თბილისის ჰამქარმა“ თავისუფლების მოედანზე გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეები ლეონიძისა და ტაბიძის კუთხეში მდებარე შენობის დანგრევას აპროტესტებდნენ. გაერთიანების წარმომადგენლის, ალეკო ელისაშვილი თქმით, ლეონიძისა და გალაქტიონ ტაბიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე მე-19 საუკუნის (განსხვავებული ინფორმაციით, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის) სამსართულიან შენობას ისტორიული სტატუსი უკანონოდ მოუხსნეს და მის დანგრევას აპირებენ. ის ამტკიცებს, რომ ამ შენობის დანგრევა და სხვა შენობის აშენება მაღალი თანამდებობის პირების ნათესავების და მსხვილი ბიზნესმენის ინტერესებში შედის და კანონს ეწინააღმდეგება.  კერძოდ, დაინტერესებულები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია, პარლამენტარ გივი თარგამაძის ძმა, ლადო თარგამაძე და ბანკ "რესპუბლიკას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლაშა პაპაშვილი არიან. გარკვეული მიზეზების გამო, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ალეკო ელისაშვილისგან ჩვენ ვერ მოვიპოვეთ. თუმცა ის, რომ ამ საქმეში ჩამოთვლილი ადამიანები მართლაც არიან ჩართულნი, დიდი გარკვევა არც სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროექტი დამტკიცებული ჯერაც არ არის, მომავალი შენობის ამსახველი ბანერი, უკვე გამოკრულია. ბანერზე მითითებული ინფორმაციით, შენობის მფლობელი დეველოპერული კომპანია „რედიქსია“, რომლის გენერალური დირექტორიც ლადო პაპაშვილია, საპროექტო ორგანიზაცია - შპს „ლებო“ გიგა ბოკერიას მამას, ლევან ბოკერიას, ხოლო სამშენებლო ორგანიზაცია „არქსტუდია პ მ“ გივი თარგამაძეს ძმას, ზაზა თარგამაძეს ეკუთვნის. მრავალფუნქციური საოფისე შენობის დაწყების და დასრულების თარიღი 2008-2010 წლებია. მითითებულია ნებართვის თარიღიც და ნომერიც. აღსანიშნავია, რომ ნებართვა არა ახალი შენობის მშენებლობაზე, არამედ არსებულის დანგრევაზეა გაცემული.

     

დეველოპერული კომპანია “რედიქსის” პიარ მენეჯერთან, მზია შარაშიძესთან საუბრისას გაირკვა, რომ ლეონიძეს ორ ნომერში მდებარე შენობა 1 წელიწადია რაც კომპანიას ეკუთვნის. თუმცა ამ შენობის შესყიდვა მესაკუთრეებისგან ბატონი პაპაშვილის მიერ უკვე 10-12 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. პირველად ამ შენობის დანგრევის და მის ადგილას ახლის აშენების პროექტი ძველი თბილისის კომისიის განხილვაზე შარშან გამოიტანეს. ამის შესახებ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დაცული ზონების და უძრავი ძეგლების სამმართველოს უფროსი მაკა შავიშვილი ყვება. ის კომისიის ერთ-ერთი წევრია, ასე რომ განხილვებს თავად ესწრებოდა.

“ეს პროექტი მრავალჯერადი განხილვის და დისკუსიის საგანი იყო, ოთხჯერ განიხილეს. დიდი დავიდარაბა გვქონდა. საბოლოოდ უარი მიიღო”.

ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო. ხოლო ეს სტატუსი  იმიტომ მოუხსნეს, რომ ამაში დიდი ბიზნესინტერესი და, თავისთავად, ფული იყო ჩადებული.

ძველი თბილისის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ნინო კორძახია ამბობს, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან 2007 წლის ოქტომბერში ამოიღეს. ანუ შარშან, როდესაც მისი დანგრევა პირველად განიხილეს.

„საერთოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევა კანონით არის აკრძალული. ასეთი შენობა კი ნამდვილად არის ღირსი, რომ ძეგლი იყოს. სამინისტროს უნდა შეეკითხოთ, რატომ არ მოხვდა ძეგლთა სიაში.”

სწორედ სამინისტროს გადასაწყვეტია, მიენიჭება თუ არა შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამინისტროში განგვიმარტეს, რომ 2007 წლამდე ძეგლების მოქმედი სია 80-იან წლებში იყო შედგენილი. შემდეგ სამინისტროს მიერ რეინვენტარიზაცია მოხდა, პარალელურად ახალი ძეგლების აღმოჩენა ხდებოდა. ამ ახლად აღმოჩენილ საძეგლე შენობებს ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ეწოდებათ. ეს არის წინა ეტაპი, რომლის შემდგომაც შენობა ან იქცევა ძეგლად ან არ იქცევა. ეს შენობა სწორედ ამ კატეგორიაში შედიოდა. ასეა თუ ისე, ფაქტია - ამ შენობას ყველანაირად შეუზღუდეს ძეგლის სტატუსის მინიჭება. თუმცა, მკაცრი დაცვის ზონაში მდებარეობას მაინც ვერ წაართმევდნენ. თუნდაც იმიტომ, რომ ამას მისი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. ეს ფაქტი კი კანონის მიერ მის დაცვას მაინც ითვალისწინებს. ანუ ნებისმიერი ქმედება ამ შენობასთან მიმართებაში, მით უმეტეს, მისი დანგრევა, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურთან აუცილებლად უნდა შეთანხმდეს, ხოლო ამის ნებართვა ძველი თბილისის კომისიის მიერ უნდა გაიცეს. შენობის დანგრევა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუ მისი რეაბილიტაცია საერთოდ შეუძლებელია.

9 კაციანი კომისიის 4 წევრი ერთხმად ამტკიცებდა, რომ შენობის რეაბილიტაცია ნამდვილად შესაძლებელია. ამას ნინო კორძახიაც  ადასტურებს.

“ძველი თბილისის რაიონი არის მკაცრი დაცვის ზონა. თუ შენობა არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში და მისი გადარჩენა შეუძლებელია და ის რამე ღირებულებას არ წარმოადგენს, ამ შემთხვევაში მისი დანგრევა შესაძლებელია. მაგრამ ეს ადგილიც და შენობაც ისეთია, რომ ნამდვილად ღირსი იყო იმისა, რომ ყოფილიყო ძეგლი.

ძველი თბილისის რაიონში შენობის 80 პროცენტი ავარიულ მდგომარეობაშია. პირადად არქიტექტორი  და რესტავრატორი ვარ. ასე რომ ვიცი, 21-ე საუკუნეში ნებისმიერი შენობის გადარჩენისთვის უამრავი ტექნოლოგია და ხერხი არსებობს. მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო. ბევრად უფრო მძიმე შენობებია, მაგრამ მათი დანგრევა არავის დაუგეგმავს”.

მაკა შავიშვილი ასე იხსენებს იმ სხდომებს, რომლებზეც ლეონიძისა და ტაბიძის კუთხეში მდებარე შენობის ბედი წყდებოდა:

“მათი არგუმენტი ის იყო, რომ შენობა არის მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში. და მისი დემონტაჟი აუცილებელია, რომ მას არ აქვს დამოუკიდებელი კიბის უჯრედი. ეს მართლაც ასე არის, თუმცა არსებული ფასადების შენარჩუნების ფარგლებში, რასაც ჩვენ ვთავაზობდით, შესაძლებელი ამ კიბის მოწყობაც იყო შესაძლებელი და ფასადების შენარჩუნებაც. შეეძლოთ გაემაგრებინათ და შიგნით მოეწყოთ, როგორც უნდოდათ. ისინი კი  ამბობდნენ, სიმაღლეს შევინარჩუნებთო, ოღონდ კიდევ ოთხ სართულს ჩავსვამთო, რაც არქიტექტორულ-მხატვრული თვალსაზრისით აბსოლუტურად მიუღებელია, ასეთი ხერხი სრულიად დაუშვებელია, რადგან ამ შემთხვევაში მასშტაბი და პროპორცია ირღვევა. საბოლოოდ, კომისიის სხდომა ამ პროექტზე 4 არგუმენტირებული უარით და 5 ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, თანხმობით დასრულდა. იმ ჯგუფმა, რომლემაც უარი ვთქვით, შემდეგ დამკვეთს ცალკე შევხვდით. ვცადეთ მისთვისაც აგვეხსნა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა”.

კომისიის განხილვაზე პროექტი მისმა არქიტექტორმა ლევან ბოკერიამ წარადგინა. შენობის დანგრევის აუცილებლობასაც თავად, საკუთარი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე ამტკიცებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი თბილისის გამგეობა და კულტურის სამინისტრო ერთხმად ამტკიცებდნენ – ამ შენობის რეაბილიტაცია შესაძლებელია, მერიის ნდობა მაინც დაინტერსებული მხარის ექსპერტიზის დასკვნამ დაიმსახურა.

გურამ თავაძე, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის ისტორიული ზონის განყოფილების უფროსია. მოკლედ, ის, ვისაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამ მოუწია. ყოველ შემთხვევაში, მერიაში ყველა გზა გურამ თავაძისკენ მიდიოდა. როგორც ის აღნიშნავს, თავდაპირველი პროექტი, შვიდსართულიანი შენობის აშენება, დაიწუნეს. ფასადის მხარეც დასახვეწიაო. ამიტომ ეს პროექტი ჯერ არ დამტკიცდა. სამაგიეროდ, დემონტაჟის ნებართვა გაიცა. ჩვენ მოვახსენეთ გამგეობის და სამინისტროს პოზიციის შესახებ. აი, რა გვიპასუხა მან:

„ვიღაცები მხოლოდ ამბობენ, რეაბილიტაცია შეიძლებაო. ამათ კი დასკვნა აქვთ, რომელიც პროექტში უდევთ. მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, ამბობენ, ინგრევა შენობა და შეიძლება ვინმეს მოხვდეს თავშიო. ვინ აგებს პასუხსო და შესაბამისი დასკვნაც მოიტანეს. ეს დასკვნა კერძო კონსტრუქციული ბიუროს მიერ  იყო მოტანილი და ეს ამ ბიუროს დამკვეთმა (“რედიქსმა”) შეუკვეთა. ჩვენ გვინდოდა გამაგრება, მაგრამ შეუძლებელიაო”.

ნინო კორძახია: „ექსპერტს რასაც ეტყვი, ისეთ დასკვნას მოგცემს. თუ გინდა გამაგრება, მაშინ მოგცემს დასკვნას, თუ როგორ შეიძლება შენობა გაამაგრო. და თუ დანგრევა გინდა, შესაბამისად, ახალ პროექტს შეიმუშავებს”.

“რედიქსის” პიარ მენეჯერის თქმით, ეს სამომავლო პროექტია. ასე რომ, როდის დაანგრევენ შენობას ჯერ ცნობილი არ არის. ჩვენ დავინტერსდით კომპანიის მიერ დაქირავებული ექსპერტების დასკვნით, რომელიც შენობის დანგრევის აუცილებლობაზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ლეონიძისა და ტაბიძის კუთხეში მდებარე შენობას ბანერი უკვე ამშვენებს და იქ წერია, რომ მშენებლობა 2010 წელს დასრულდება, ჩვენსა და მზია შარაშიძეს შორის ასეთი საუბარი შედგა

- როდის აპირებთ შენობის დანგრევას?

- ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, დანგრევა იქნება ეს თუ არა.

- თქვენ გაქვთ ექსპერტების დასკვნა, რომ ამ შენობის აღდგენა შეუძლებელია?

-არ არის მზად ჯერ არაფერი. ასე რომ ასეთ კონკრეტულ დასკვნებზე სასაუბროდ ძალიან ადრეა.

-ანუ თქვენ ექსპერტების დასკვნა არ გაქვთ, რომლის შესაბამისადაც ამ შენობის დანგრევა აუცილებელია?

- ასეთი რაღაცები ჯერ-ჯერობით არ ხდება, ეს არის ჩვენი სამომავლო პროექტი…

- შეიძლება არც დაანგრიოთ, მაგრამ დასკვნა გაქვთ თუ არა?

- არარეალურ რაღაცებზე მომიწევს საუბარი.  კონკრეტული საუბარი ამ ნაგებობასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

-უბრალოდ მაინტერესებს ამ შენობის ექსპერტიზა ჩატარდა? დასკვნა დაიდო?

- თქვენ მოითხოვთ არარეალურ პასუხს. ჯერ არაფერია გარკვეული, არც ამ შენობის დანგრევასთან და არც ამ აშენებასთან დაკაშირებით. ეს არის სამომავლო პროექტი, რომელიც როდის განხორციელდება და რა სახეს მიიღებს, ცნობილი არ არის.

აქციის დროს ალეკო ელისაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ამ შენობის დანგრევა საფრთხეს უქმნის ძველი თბილისის იუნესკოს სიაში შესვლას. იუნესკოს წარმომადგენლობა ამჟამად საქართველოში იმყოფება და კულტურის და ძეგლთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მაკა შავიშვილი: „ამჟამად სწორედ ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. სწორედ იუნესკოს მოთხოვნების გათვალისწინებით ვიყავით ამ შენობის დანგრევის წინააღმდეგი. თუმცა მარტო ეს შენობა არ წყვეტს სიაში შესვლა-არშესვლის საკითხს. საერთოდ, იუნესკოს სიაში შესვლას საფრთხეს ყველაფერი უქმნის, რაც ძველი თბილისის ტერიტორიაზე მიმდინარეობს”. 

ნინო კორძახია: „ძველი თბილისი იყო ძეგლთა დაცვის სიაში, მაგრამ დაცვითი მექანიზმების არარსებობის გამო, ის ამოიღეს. მაინცდამაინც დაინტერესება, რომ იუნესკოს სიაში მოხვდეთ, არ არის, რადგან ამ შემთხვევაში მშენებლობასთან დაკავშირებით სერიოზული შეზღუდვები იქნება. ეს კი, როგორც ჩანს, მთავრობას არ აწყობს”.

თავად გადაწყვიტეთ, ეს შენობა გარკვეული პირების ინტერესებისათვის ინგრევა თუ ამის აუცილებლობა ნამდვილად არის. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ნებართვა მხოლოდ შენობის დემონტაჟზეა გაცემული. კონკრეტულ პროექტზე კი, რომელიც ხუთ სართულს ითვალისწინებს, ნებართვა არ არსებობს. ამიტომ კიდევ არის შანსი, რომ ტაბიძისა და ლიონიძის კუთხეში მდებარე შენობა არ დაინგრეს.

 

ახალი ამბები