კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხურჩის ინციდენტი: დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები?!

10 ივნისი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხურჩაში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოძიების მასალებს ქართველი სამართალდამცველები ამ დრომდე არ აქვეყნებენ. გამოძიების შედეგებზე ჯერჯერობით არც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები საუბრობენ. გაეროს მისია დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობს, დსთ-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობა კი მხოლოდ განცხადებებს აკეთებს. დე ფაქტო მთავრობის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოძიების მასალები უკვე დადო და ინციდენტში აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხა. საზოგადოების წინაშე კი კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. 

"ავტობუსებთან დაკავშირებული ინციდენტი საქართველოს სპეცსამსახურების ინსცენირებაა" - აცხადებს დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ არლანი. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის განცხადება იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ავტობუსით მომავალი მგზავრები აფხაზი სამხედრო პირების მიერ დაიცხრილა, სრულიად უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

დეფაქტო მთავრობის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით, ინციდენტი დსთ-ს სამშვიდობო ძალების 310-ე საგუშაგოდან 500 მეტრის მოშორებით, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

ამავე გამოძიების მასალებით, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ხურჩაში შეინიშნებოდა სასწრაფო სამედიცინო ავტომანქანების, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, ტელეჟურნალისტებისა და საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაადგილება.

აფხაზმა სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით ქართული სამხედრო სპეცდანაყოფების მიერ ოპერაციის დაწყებამდე წინასწარმომზადებული ადგილი, ე.წ. "საწოლი" აღმოაჩინეს, სადაც "კუდ"-ის თანამშრომლის, ზამო გაბედავას მობილური ტელეფონიც იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, მან დაკარგა.

ვლადიმერ არლანი: "მობილურ ტელეფონში შემავალი და გამავალი ზარები იმას მოწმობს, რომ ავტობუსების აფეთქებამდე ერთი საათის განმავლობაში გაბედავას ინტენსიური სატელეფონო კავშირები ჰქონდა მის უშუალო ხელმძღვანელებთან, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან: რომან შამათავასთან, ზურაბ ლოგუასთან და გია ბარამიასთან."

"კუდ"-ის აფხაზეთის სამმართველოს თანამშრომელი, ზურაბ ლოგუა რაიმე სახის მონაწილეობას ხურჩის ინციდენტში კატეგორიულად უარყოფს, მითუმეტეს, ზამო გაბედავასთან სატელეფონო კავშირებს. სოხუმში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს კი იგი აბსურდულს უწოდებს.

რუსი სამშვიდობოები ინციდენტის შესახებ განცხადებებს 22 მაისიდან აკეთებენ. პირველი კომენტარი კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალების მეთაურის თანაშემწემ, ალექსანდრე დიორდიევმა გააკეთა, რომელმაც ინციდენტში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა არ გამორიცხა.

ალექსანდრე დიორდიევი: "იმას, რომ ავტობუსების აფეთქება, შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურების მიერ იყოს დაგეგმილი, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ქართული პრესის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე სროლის დაწყებამდე იმყოფებოდნენ".

დსთ-ს სამშვიდობო ძალების ინფორმაციით, 21 მაისს, დღის 2 საათისთვის რუსმა სამხედროებმა #310 და #209 ბლოკპოსტებიდან ხურჩის ჩრდილოეთით, დასახლებული პუნქტიდან 200 მეტრის მოშორებით ავტომატური იარაღიდან განხორციელებული სროლები დააფიქსირეს. მათივე ინფორმაციით, ისმოდა ყუმბარმტყორცნის ხმაც, რაც 15 წუთს გაგრძელდა.

უსაფრთხოების ზონაში დსთ-სა და გაეროს სამშვიდობო ძალების მობილიზებაზე რუსი სამხედრო პირები და სერგეი ბაღაფშის პირადი წარმომადგენელი გალის რაიონში, რუსლან ქიშმარიაც საუბრობდა.

რუსლან ქიშმარია: "შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად დსთ-ს სამშვიდობო ძალებისა და გაეროს მისიის წარმომადგენლები მივიდნენ. გალის რაიონში კი ვითარება სტაბილურია, ყველა ძალოვანი სტრუქტურა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. არანაირ საზღვრის დარღვევას, ან რაიმე სახის ინციდენტს აქ ადგილი არ ჰქონია. ხურჩა, სადაც აფეთქება მოხდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა".

რუსულ-აფხაზური განცხადებებისგან განსხვავებით, ქართულ მხარეზე უამრავი ვერსია გაჩნდა. დაგეგმილ პროვოკაციაზე მოსაზრება პირველი წუთებიდანვე სწორედ ხურჩაში გაჩნდა. თუმცა ვერსიებისგან განსხვავებით, ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტებით საუბრობდა.

შორენა თორია: "ორი ადამიანი მოვიდა მეზობლებთან, მათი სახეები მე არ მინახავს. მხოლოდ მესმოდა ის, თუ როგორ სთხოვდნენ ისინი ვარდიშა ესართიას და მის ქალიშვილს საფეხბურთო მოედანზე მისვლას, სადაც ორი ავტობუსი იდგა. მათი საუბრიდან გავარკვიე, რომ საჭირო იყო იმ ადგილზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის მისვლა, ვინაიდან ტელეგადაღება უნდა მომხდარიყო, რომელსაც თითქოს აფხაზეთიდან ხმის მისაცემად ხურჩაში გადმოსული ქართველები უნდა დაეფიქსირებინა. მათი წასვლიდან ზუსტად 5 წუთში სროლები დაიწყო, მერე აფეთქების ხმაც გაისმა. შიშისაგან დაბნეულები გაქცევას ვცდილობდით..."

ვარდიშა ესართია: "მე და ჩემმა ქალიშვილმა იმ ორ ადამიანს ვუთხარით, რომ საარჩევნო უბანში უკვე ვიყავით და ხმაც მივეცით. მითხრეს: "ვიცით, მაგრამ ჩვენ დახმარებას გთხოვთ, გადაღება გვინდა, ჟურნალისტები და ოპერატორები გველოდებიანო." სტადიონზე გასვლა ჩვენ ვერ მოვასწარით, სროლა რამდენიმე წუთში დაიწყო."

ნაზი თორია ის ქალბატონია, რომლის სახლის ჭიშკართან ნანი ქარდავა, ნაბაკევის საშუალო სკოლის დირექტორი დაიჭრა. სისხლის ნაკვალევი მავთულის ღობესა და ბალახზე ჯერ კიდევ ჩანდა. ეზოში კი ავტომატური იარაღის უამრავი მასრა ეყარა.

აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ერთ-ერთი ხურჩელი ქალბატონი, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელდა, ამბობდა, რომ ჟურნალისტებისა და უცხო პირების თხოვნით ავტობუსებისკენ ხურჩის საშუალო სკოლის პედაგოგებიც გაემართნენ.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც დაჭრილი ქალი პილიციელებმა ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამედიცინო, სახანძრო და სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა, მაშინ როცა სროლები განახლდა, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ევაკუაციის დაწყებამ კი ბევრი მათგანი განწირული ხმით აალაპარაკა.

"დავიღალეთ ამდენი სპექტაკლების ნახვით და მასში მონაწილეობით. ეს უკვე ტრაგიკომედიას ჰგავს. ხომ შეიძლება ბრმა ტყვიას ვემსხვერპლოთ? რა საჭიროა ეს ევაკუაცია, ვის გავექცეთ - საკუთარ პოლიციას და მთავრობას?! ჰგონიათ ვერაფერს ვამჩნევთ, არაფერი ვიცით?! რატომ გამოიყვანეს, რატომ მოხსნეს პოსტიდან განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბიჭები?! რისთვის შევიდა იქ უშიშროება და პოლიცია?! რატომ იყო აქ აფეთქებამდე სასწრაფო და სახანძრო?! უკვე ვხვდებით, რომ ჟურნალისტები და მთავრობა შეთანხმებულად მოქმედებენ, ოღონდ ვერ გავიგეთ ვინ ვის უკვეთავს!"

"კარგად მახსოვს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები. არც მაშინ და არც დღეს აფხაზებს ბლოკპოსტები არ ჩაუკეტავთ. ვისაც სურვილი აქვს ის ყოველთვის უპრობლემოდ გადაადგილდება. ხურჩაში სროლები რომ დაიწყო, ნაბაკევში აფხაზები ყაზარმებიდან ნახევრადჩაცმულები გამორბოდნენ და ჩვენ გვეკითხებოდნენ: - რა მოხდაო?!"- ამბობს ნაბაკეველი მამაკაცი.

ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ტელეარხებით გავრცელებულ იმ ვიდეო-კადრებსაც იხსენებს, სადაც არა მდინარე ენგურის, არამედ მდინარე ჯუმის ნაპირები ჩანდა.

"იმდენად შევეჩვიეთ ტელევიზორში სიცრუის ყურებას, რომ არც გაგვკვირვებია ნაბაკევის ნაცვლად ზუგდიდის რაიონის სოფელი ოდიში რომ გამოჩნდა. არც იმას გამოუწვევია გაოცება, რომ იმ ადამიანებში, ვინც თითქოს ენგურის ნაპირებს ხმის მისაცემად რის ვაივაგლახით გადმოლახავდა, ნაცნობი რომ ვერ აღმოვაჩინეთ."

გაოცება კი არა, შოკი გამოუწვევია იმ კადრების ნახვას, რომელიც ტელეარხებზე უკვე 21 მაისს გამოჩნდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, ყველაზე მეტი ემოცია იმ დიალოგმა გამოიწვია, რომელიც დაჭრილ ნანი ქარდავასა და ზაალ ელიავას შორის სროლების ფონზე გაიმართა. ნანი ქარდავა სკოლის დირექტორობასთან ერთად აფხაზური მთავრობის მიერ დანიშნული სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ზაალ ელიავა კი ქართული მხარის მიერ დანიშნული ნაბაკევის გამგებელია.

"საუბარი სროლებთან ერთად ისმოდა. ქალი უკვე დაჭრილი იყო და ძირს ეგდო, ელიავა კი თავს ორმოს აფარებდა. დიალოგი კი მეგრულ ენაზე მიმდინარეობდა. ქარდავა: "მადლობა ზაალ, მადლობა! ამისთვის მომიყვანე?" ელიავა: "ნუ გეშინია, არ მოკვდები!" ქარდავა: "მკვდარი ვარ ზაალ, მკვდარი, უკვე მომკლეს!" კადრში ერთი ქალიც ჩნდება, რომელიც ტყვიის წვიმისგან თავს ქოლგით იცავდა. შემდეგ მამაკაციც ჩნდება, რომელიც დაჭრილ ქალს უახლოვდება და ასევე მეგრულ ენაზე მიმართავს: „სადღა მოდიოდი შე საბრალოვ, შე საცოდავო და უბედურო." მამაკაცი პოლიციელებს დაჭრილი ქალის გადაყვანაშიც ეხმარებოდა."

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილიც მიიჩნევს, რომ ხურჩის ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი სცენარით განვითარდა. "დარწმუნებული ვარ, რომ არც ნანი ქარდავამ და არც სხვა ადამიანებმა იცოდნენ თუ რა ჰქონდა დაგეგმილი საქართველოს ხელისუფლებას. ამ სპექტაკლში მათ უნებურად მიიღეს მონაწილეობა. ქალბატონი სავარაუდოდ შემთხვევით დაიჭრა, მაგრამ რომ დაღუპულიყო, ამაზე კიდევ უფრო დიდი კამპანია აიგებოდა. ქარდავა გულუბრყვილოდ მოიქცა. შეიძლება ვიღაცამ მოსაკლავადაც კი გაიმეტა, მაგრამ არ გამოუვიდათ."

რაც შეეხება აფეთქებულ ავტობუსებს - ისინი ხურჩის საფეხბურთო სტადიონზე უკვე აღარ დგანან. მისი მძღოლები, იური ჭაავა და მამუკა ახვლედიანი კი საქართველოს ხელისუფლებისაგან ახალი ავტობუსების მიღებას ელოდებიან. ყოველშემთხვევაში მყარი პირობა მათ, ალბათ, დამსახურებულად მიიღეს.

ახალი ამბები