კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორ ვარძელაშვილს თავის გაპიარება უკვე 100 000 ლარზე მეტი დაუჯდა

13 ივნისი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

 შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი საქმიანობის პიარ-კამპანიისთვის კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. ჩვენი გამოკვლევით, გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა, 2008 წლის მონაცემებით, უკვე 100 000 ლარზე მეტი დახარჯა.

ზუსტად 2 წლის წინ 2006 წლის ივნისში ინგა გრიგოლიას გადაცემაში ,,პირისპირ" პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებდა, რომ სირცხვილია ახალ ამბებში ხელისუფლება ფულს იხდიდესო. მაშინ ,,თრიალეთის" მფლობელი პარლამენტარი ბადრი ნანეტაშვილი იმიტომ გააძევეს პარლამენტიდან, რომ გამგეობებს საკუთარ ტელევიზიის ანგარიშზე დიდი რაოდენობით თანხებს არიცხვინებდა.

დღეს ეს პრაქტიკა ადგილობრივ ხელისუფლებაში ისევ განახლდა.

გარდა ამისა, 2 წელია ყოფილი პარლამენტარის და ამჟამად გუბერნატორის მოადგილის ტელევიზიას საგადასახადო დეპარტამენტმა 100 000 ლარის ვალი დაადო. როგორც მხარის რწმუნებულმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა რამდენიმე ხნის წინ დაგვიდასტურა, ბადრი ნანეტაშვილმა ვალის ნახევარი აღიარა, დანარჩენ  50 000 ლარს ამბავი, ნანეტაშვილისვე სიტყვებით,  გადასახედია.

ეს ,,გადახედვა" იმას ნიშნავდა, რომ სასამართლოში დაწყებული საგადასახადო დავა სასამართლომ შეწყვიტა და საგადასახადო დეპარტამენტმა  საქმე უკან გაითხოვა. ფაქტობრივად, გუბერნატორი თავის მოადგილეს ვალის ,,პატიებაში" დაეხმარა.

კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებთან თანამშრომლობაზე 2008 წლის განვლილ პერიოდში გახარჯული აქვს 14 000 ლარი. ამას ემატება შპს ,,ლომჭაბუკისთვის" გათვალისწინებული ყოველწლიური 30 000 ლარი. ნახევარ წელიწადში კი ,,ლომჭაბუკს", რომელიც გაზეთს უშვებს, უკვე გადაერიცხა 15 000 ლარი. ჯამში 29 000 ლარი გამოდის.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სამი სპეციალისტი ჰყავს, ორი გამგეობას და ერთი მუნიციპალიტეტს. მათი დაფინანსება ჯამში 1 000 ლარზე მეტია. ოფიციალური მონაცემების შეკრებით მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საკუთარი თავის გაპიარებისთვის უკვე 30 000 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება ქარელის რაიონს, მას შემდეგ რაც აპრილის ბოლოს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ქარელის რაიონის მაცხოვრებელი და თანაც ტელეკომპანია ,,თრიალეთის" დირექტორი ბადრი ნანეტაშვილი გახდა, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პირველი მაისიდან ნანეტაშვილის კუთვნილ ტელეკომპანიას ყოველთვიური 1 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტმა კი ,,გეგმას" გადააჭარბა. ზუსტად იმ დღეს, როდესაც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მისწერა, ხაშურის მუნიციპალიტეტმა ანალოგიური შინაარსის ხელშეკრულება დაუდო ,,თრიალეთს"... ხელშეკრულებაში წერია: ,,მოხდეს ხუთი თვის განმავლობაში გამგეობის საჭიროებისათვის სავარაუდოდ 5 000 ლარის ღირებულების სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა".

ხაშურის მუნიციპალიტეტი საკუთარი საქმიანობის გასაპიარებლად თანხას შპს ,,მედიას"-აც უხდის. 6 თვის განმავლობაში შპს ,,მედიამ“ 3 000 ლარის მომსახურება გაუწია გამგეობას. კერძოდ, ,,მედიას“ გაზეთ ,,ხაშურის მოამბეში“ დაიბეჭდა მხოლოდ რამდენიმე ინტერვიუ და წერილი. თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, ,,ხაშურის მოამბეში" მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტები უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ამ მხრივ ,,ხაშურის მოამბე" ვერაფერს გვიამბობს.

კასპის მუნიციპალიტეტი არ ჩამორჩა ,,პიარ-კამპანიის" ფერხულს და შპს ,,ახალ განთიადს“ მიმდინარე წლის I კვარტალში 6 000 ლარი ჩაურიცხა.

ერთი სიტყვით, თანხებმა მთლიან ჯამში საკმაოდ კოლოსალურ ციფრს მიაღწია, მაშინ, როდესაც ლადო ვარძელაშვილს თანამშრომლების ხელფასები აქვს გასაცემი (დაახლოებით 16 000 ლარი) და კომუნალური ხარჯები დასაფარი (45 500 ლარი), საკუთარი თავის გაპიარება სამჯერ მეტი  უჯდება.

P.S  სხვათა შორის, აღნიშნულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, სამხარეო ადმინისტრაციას 15 მაისს მივმართეთ, თუმცა პასუხი 25 დღის შემდეგ მოგვივიდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სწორედ ამ 25 დღეში კასპის მუნიციპალიტეტმა და სხვადასხვა სოფლის საკრებულოებმა ახალ-ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს. სამხარეო ადმინისტრაციამ მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის საკრებულოების მიერ დადებული ხელშეკრულებების შესახებ არაფერი გვამცნო.

 

ახალი ამბები