კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციონერ პედაგოგებს ფსიქიატრიულიდან ცნობებს სთხოვენ

16 ივნისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

პედაგოგების თქმით, საჯარო სკოლის დირექტორი, განსხვავებული აზრის მქონე მასწავლებლებს, რომლებსაც ოპოზიციის მხარდამჭერებად მოიაზრებს, უცენზურო სიტყვებით ლანძღავს, პრეტენზიებისას აფურთხებს. არაადამიანურად ეპყრობა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკვლევას და ჯანმრთელობის დოკუმენტის მიტანას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლის შენობაში მათ შეშვებას კრძალავს და გაკვეთილების ჩატარების საშუალებას არ აძლევს. რამდენიმე მათგანი ქურდობაშიც დაადანაშაულა და შტატების შემცირების საბაბით სამსახურიდან უკვე გაათავისუფლა. პედაგოგებმა საჩივრით განათლების სამინისტროსაც მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

რეაგირება მანამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, საგანმანათლებლო რესურს – ცენტრს და მუნიციპალიტეტის გამგეობასაც სთხოვეს. რესურს – ცენტრსა და გამგეობაში მასწავლებლებს განუცხადეს, რომ ასეთი ფაქტების კვლევა მათ კომპეტენციას სცილდება. სამეურვეო საბჭოს წევრები კი, პედაგოგების განცხადებით, დირექტორის გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის პედაგოგის გიორგი ჭელიძის ცნობით, წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც, სკოლის დირექტორი მარინა უტიაშვილი განსხვავებული აზრის მქონე მასწავლებლებს თავისი ქმედებებით სკოლიდან წასვლას აიძულებს. „70 წლის კაცი ვარ. სხვადასხვა ჯილდოებთან ერთად, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და ღირსების მედალი მაქვს მიღებული. ბევრ დირექტორთან მიმუშავია, მაგრამ ასეთი უხეში, ცილისმწამებელი და მტანჯველი, არავინ ყოფილა. სასწავლო პროცესის შეწყვეტამდეც სკოლაში გაკვეთილები თითქმის არ ტარდებოდა. მოსწავლეები საკლასო ოთახში ან გაკვეთილის დასრულებისას შედიოდნენ, ან თუ შიგნით იყვნენ მასწავლებლის შესვლისთანავე გარეთ გამოდიოდნენ. ამ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ ორი მასწავლებელი ერთად ვერ ვჩერდებით. დაგვინახავს თუ არა გვიყვირის, რომ მის წინააღმდეგ ვმოქმედებთ. იმ მოტივით, რომ მისი და ამ ხელისუფლების ერთგულები არ ვართ, პედაგოგებს სასწავლო საათები ჩამოგვართვა და სკოლაში შემოყვანილი არასპეციალისტები დაასაქმა. თუ რამეს ვეტყვით, უცენზურო სიტყვებით გვლანძღავს და გვაფურთხებს. ტრაბახობს, რომ გავლენიანი თანამდებობის პირი მფარველობს და ყველაფრის უფლება აქვს“, - ამბობს გიორგი ჭელიძე.

ხელოვნების მასწავლებელი ცარო გაფრინდაშვილი იმ პედაგოგთაგან ერთ - ერთია, რომელთაც დირექტორმა სკოლაში მუშაობის გაგრძელების სანაცვლოდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკვლევა და ჯანმრთელობის ცნობების წარდგენა მოსთხოვა.

„სამსახურიდან თვითონ რომ წავიდეთ, ამ მიზნით საშინელ პირობებში გვამყოფებს. სკოლაში მუშაობა აუტანელი გახდა. პედაგოგებს ცილს გვწამებს რომ ვიპარავთ, გაკვეთილებს არ ვატარებთ, სათანადო ცოდნა არ გვაქვს. მოსწავლეთა და მათი მშობლების თანდასწრებით სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებს. რამდენიმე დღის წინ კი გამოგვიცხადა, რომ თუ სკოლაში მუშაობის გაგრძელება გვინდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკვლევა უნდა გავიაროთ და ჯანმრთელობის ცნობა წარვუდგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით დაგვემუქრა. შეურაცხადებს გვიწოდებს“, - აღნიშნავს ცარო გაფრინდაშვილი.

სკოლის დირექტორმა ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობის მცდელობაში დაადანაშაულა და შტატების შემცირების მიზეზით, სკოლის ორგანიზატორის თანამდებობიდან გაათავისუფლა თამარ ქოროღლიშვილი. „მას შემდეგ, რაც გათავისუფლების ბრძანება გავასაჩივრე და დახმარებისათვის იურისტებს მივმართე, დირექტორი ჩემს მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. მისი დავალებით სკოლის შენობაში არ მიშვებდნენ გაკვეთილების ჩასატარებლად, არადა პარალელურად ხელოვნების მასწავლებლადაც ვმუშაობდი და ამაზე  ცალკე ხელშეკრულებაა გაფორმებული 2008 წლის 1 სექტემბრამდე. შემომითვალა, რომ ფსიქიატრიულიდან ცნობა მიმეტანა, რომლითაც დავადასტურებდი, რომ გიჟი არ ვარ. ასეთი შეურაცხყოფილები არასოდეს ვყოფილვართ. გარდა ამისა, პედაგოგებისთვის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია ინფორმაცია სკოლის ბიუჯეტისა და მისი ხარჯვის შესახებ. წერილობით სამჯერ მოვითხოვე, მოეწოდებინათ ცნობა, რამდენია სკოლის ბიუჯეტი, მაგრამ არცერთხელ არ მომცეს“, - აცხადებს თამარ ქოროღლიშვილი. 

პედაგოგების ბრალდებებზე საპასუხოდ, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორს მარინა უტიაშვილს მივმართეთ. მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, რის გამოც სკოლიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ. კანონით დადგენილი ვადა გავიდა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

მოგვიანებით, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით სკოლის დირექტორმა ინფორმაცია გაავრცელა და დაგვადანაშაულა, რომ თითქოს სკოლაში შევიჭერით, სამეურვეო საბჭოს წევრებს შეურაცხყოფა მივაყენეთ, დირექტორის დისკრიმინაციას ვეწევით, სხვადასხვა პირების მეშვეობით მის მოსყიდვას ვცდილობთ და ა.შ. ამის შესახებ უტიაშვილმა ახსნა – განმარტება პოლიციასაც მისცა, მაგრამ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა.

შეურაცხყოფილმა პედაგოგებმა რეაგირებისათვის განცხადებით განათლების სამინისტროსაც მიმართეს, სადაც ზეწოლისა და მუქარის ფაქტებით არ დაინტერესდნენ. „ხელშეკრულების მოშლა საჯარო სკოლის დირექტორისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მისი განხილვა არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში", - ამ შინაარსის წერილით პასუხობს განათლების მინისტრი გია ნოდია მასწავლებლებს. წერილში არაფერია ნათქვამი დირექტორის მიერ პედაგოგებისთვის ფსიქიატრიული საავადმყოფოში გამოკვლევის ჩატარებისა და სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის აუცილებლობის თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, იმ პედაგოგებს, რომლებსაც ხელმძღვანელები სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებად არ მიიჩნევენ, ფსიქიატრიული შემოწმების დამადასტურებელი ცნობების წარდგენა, რეგიონის სხვა სკოლებშიც მოსთხოვეს. „ტელეფონით და პირადად, იურიდიული კონსულტაციისათვის საჯარო სკოლებიდან მოგვმართავენ პედაგოგები. გვთხოვენ, განვუმარტოთ, არიან თუ არა ვალდებულები გაიარონ ფსიქიატრიული შემოწმება, რაზედაც ვპასუხობთ, რომ კანონმდებლობა, რომელიც შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს, ასეთ მოთხოვნას არ აწესებს. შესაბამისად სკოლების დირექტორების მუქარა იმის შესახებ, რომ 10 ივლისამდე ამ სამედიცინო დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, პედაგოგებს შრომითი ხელშეკრულებები ამ მიზეზით შეუწყდებათ ან სექტემბრიდან აღარ გაგრძელდება, უსაფუძვლოა. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც დაუშვებელია“, - აღნიშნავს იურისტი ლია ხუროშვილი.

 

ახალი ამბები