კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იყავი დედაჩემი, მინდა შენი შვილი გავხდე“

16 ივნისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

 

 ნანა  იდაძე

ამ სიტყვებს ინტერნატებსა და ჩვილ ბავშვთა თავშესაფრებში ხშირად გაიგონებ. კარის ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე მიტოვებული ბავშვების თვალები შეგეგებება და უნებლიე სურვილი გაგიჩნდება, იპოვო ამ ბავშვების დედები და დაარწმუნო, რომ ისინი შვილებს სჭირდებათ.

ბევრ მათგანს დედა არასდროს უნახავს. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად დედა უყვართ. რომ ჰკითხო, ვინ არის ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი, დაუფიქრებლად გეტყვიან - დედაჩემიო. ახლაც თვალწინ მიდგას ზესტაფონის წმინდა ბარბარეს სახელობის პანსიონში ნანახი პატარა გოგონა, რომელმაც ჩემს შეკითხვაზე, რომ გაიზრდები, ვინ გინდა გახდე-თქო, უმალ მიპასუხა - დედაო. მერე ერთ-ერთმა აღმზრდელმა ხმამაღლა გაიფიქრა: ნეტავი, ოდესმე შენს დედას გონება გაუნათდებოდეს და თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში შვილს სანახავად მოაკითხავდესო.

ბავშვებს უდედობა უჭირთ, აღმზრდელებს  - პატარების ხვედრის გაზიარება. ამბობენ, რომ ინსტიტუციებში მუშაობა გმირობის ტოლფასია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 5000-ზე მეტი მზრუნველობამოკლებული ბავშვია რეგისტრირებული. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ისინი დანარჩენებისგან რადიკალურად განსხვავდებიან. დათრგუნულები და ხშირ შემთხვევაში აგრესიულები არიან.

„იყო შემთხვევა, ბროწეულას სკოლა-ინტერნატში დედამ შვილი მიიყვანა და დატოვა. ბავშვმა 2 დღე და ღამე გაბმულად იტირა. წამითაც არ გაჩერებულა. მესამე დღეს ჩავსვით მანქანაში და დედასთან დავაბრუნეთ. მიტოვებული ბავშვები აშკარად სხვანაირები არიან. სითბო და სიყვარული აკლიათ. როცა მიდიხარ, ფეხებზე გეხვევიან და გეხვეწებიან - იყავი დედაჩემი, შენთან წამიყვანე, ჩემი დედა გახდიო. ეს, ერთი მხრივ, დამთრგუნველია, თუმცა, ძალას გმატებს, რათა ყველაფერი გააკეთო მათ საკეთილდღეოდ. მითუფრო ახლა, როცა სახელმწიფომ ამ კუთხით საინტერესო პროგრამები აამოქმედა“, - ამბობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვებისა პრევენციის სამსახურის სოციალური მუშაკი ნანა იდაძე.

დეინსტიტუციონალიზაციის, ანუ ინსტიტუციიდან ბავშვის ოჯახში დაბრუნების პროცესი საქართველოში 1999 წლიდან დაიწყო. ევროკავშირის რეკომენდაციების შემდეგ, რომელიც ბავშვთა მდგომარეობის ხანგრძლივ კვლევას მოჰყვა, ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ამ კუთხით პირველი ნაბიჯი გადადგა. შესაბამისად, აქტუალური გახდა ტერმინები: რეინტეგრაცია (ბავშვთა სახლებიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება), პრევენცია, დეინსტიტუციონალიზაცია და ა.შ.

„სახელმწიფო ცდილობს ინსტიტუციურ დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობა მაქსიმალურად შეამციროს. არსებობს სხვადასხვა ტიპის დახმარებები. მაგალითად, ბავშვის რეინტეგრაციისა და პრევენციის შემთხვევაში მშობელს 6 თვის მანძილზე 90 ლარიანი დახმარება ენიშნება. უნარშეზღუდული ბავშვის შემთხვევაში, დახმარება 125 ლარია. რაც შეეხება შვილობილობას, ამ დროს მიმღები ოჯახი თვეში 200 ლარს იღებს. თუმცა, როგორც კი პრობლემა მოგვარდება, შვილობილობა წყდება, რაც თავის მხრივ, მიმღებ ოჯახში უსიამოვნებებს იწვევს“, - ამბობს ნანა იდაძე.

ჩვენს ქვეყანაში შვილობილობის საკითხი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ჯერ კიდევ დასახვეწია. არსებობს ნიუანსები, რომელიც შვილობილობას აფერხებს და ამ კუთხით ვერც უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი.

„არსებობს კანონპროექტი და გვაქვს ინფორმაცია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი მას განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, თუ მშობელს შვილთან სამი თვის მანძილზე არ ექნება კონტაქტი, ის ავტომატურად დაექვემდებარება გაშვილებას. ამ კანონის მიღება ჩვენთვის იმ მხრივ არის შვება, რომ ბავშვს, რომელიც ინსტიტუციაში იმყოფება და მშობელს მიტოვებული ჰყავს, უპრობლემოდ გადავიყვანთ მიმღებ ოჯახში და იქ ოჯახურ გარემოში გაიზრდება.  ბოლო წლებია, ჩვენგან არაერთი რეკომენდაცია გაიგზავნა კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. კანონის მიღებას რატომ აჭიანურებენ, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ, ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს. როცა ევროკავშირი, სახელმწიფოც გეუბნება, რომ ინსტიტუციებში ბავშვთა რაოდენობა უნდა შემცირდეს, თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, არაფერი გამოვა“, -  აცხადებს ნანა იდაძე.

ქალბატონი, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ დიდი ხანია ბავშვის აყვანას აპირებს, მაგრამ უშედეგოდ. მისი განმარტებით: „ერთი შეხედვით ეს არცთუ ძნელი საქმეა. თუმცა, უამრავი ბარიერი არსებობს, რომელიც საშუალებას არ გაძლევს ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯი გადადგა. გეუბნებიან, მოგაშვილებთ, მაგრამ თუ მშობელი გამოჩნდა, უფლება აქვს ბავშვი დაიბრუნოსო. ამ რისკზე, ბუნებრივია, ვერც მე და ვერც ვერავინ წავა. ხომ შეიძლება სახელმწიფომ ეს პროცესი დაარეგულიროს. მარტო ზეპირი ლაპარაკი საქმეს არ შველის.“

ის, რომ სახელმწიფო მოწოდებულია ინსტიტუციური დაწესებულებებიდან ბავშვები ოჯახებში დააბრუნოს, რა თქმა უნდა, მისაღებია. მთავარია, რეალური პირობები შეიქმნას, რომ ეს პროცესი გამარტივდეს და ხელმისაწვდომი გახდეს. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ დღესდღეობით შვილად აყვანის მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე გასაშვილებელი ბავშვები.

ფაქტია, ოჯახურ გარემოში ბავშვები გაცილებით სწრაფად და ჯანსაღად იზრდებიან, ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას და შანსიც გაცილებით დიდი აქვთ, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდნენ. მთავარია, მათ ამ შანსის გამოყენების საშუალება მისცენ.


    


ახალი ამბები