კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პასუხებს იქეთ კვირაში გამოგიგზავნით“

19 ივნისი, 2008

ერთი საათი მერიის კანცელარიაში

ნონა სუვარიანი, თბილისი

„18 იანვარს შევიტანე საბუთები მიწის ლეგალიზაციაზე. ყველა საბუთი, რომელიც მომთხოვეს, მოვუტანე, მითხრეს, ერთი თვის შემდეგ მოდიო. 18 თებერვალს მოვედი. ისევ მითხრეს, 1 თვის მერე მოდიო. კიდევ მოვედი. მითხრეს კიდევ 3 თვე უნდა იყოს გასულიო. კი ბატონო, მოვედი 18 მარტს და მითხრეს 2 კვირაში მოდიო. მოვედი კიდევ. მითხრეს კიდევ თვენახევარიო. იმის შემდეგ მოვდივარ ყოველ მეორე დღეს. ერთ-ერთ თანამშრომელს ვუთხარი, რომ ასეთი ვითარებაა. მიპასუხა, კიდევ სამი თვე დაიცადეო“.

ხმაური, გაღიზიანებული სახეები, დაძაბული მოლოდინი... ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა მერიაში, მსგავსი სიტუაცია კარგად ნაცნობია. ისინი კი, ვინც მერიაში საქმეზე ოდესმე მისულა, ამ საერთო გაურკვევლობის მონაწილე თავად გამხდარა. თუმცა, საკმარისია მერიის კანცელარიაში, პირველ სართულზე, 15 წუთის გატარებაც, რომ ამ საერთო დაძაბულობის მონაწილე თავადაც გახდე.

რამდენიმე თვეა მერიამ შენობა შეიცვალა. ქალაქის მთავრობამ თავისუფლების მოედანზე მდებარე პატარა შენობიდან სააკაძის მოედანზე თანამედროვე, მინის ფასადიან, უზარმაზარ შენობაში გადაინაცვლა. ადგილმდებარეობის გარდა თბილისის მერიამ ინტერიერიც შეიცვალა. უზარმაზარ ოთახში დამონტაჟებული ეკრანები, კამერები, ხის ავეჯი. ცოცხალი რიგის დაკავებაც აღარ მოგიწევთ, დარბაზში განთავსებული აპარატი ამოგიგდებთ თქვენს ნომერს, ანუ ცნობას, თუ მერამდენე ხართ  რიგში. ამავე ინფორმაციას კედლებზე განთავსებული ეკრანებიც გაწვდით. კანცელარიის ყველა თანამშრომლის გვერდით  განთავსებული ტაბლო კი გაგარკვევთ, კონკრეტულად, რომელ თანამშრომელთან მოგიწევთ მისვლა. მოკლედ, „ბიუროკრატიული სამოთხეა“, ხარვეზები რომ არა. 

მერიის ფოიე პანტომიმის თეატრს ჰგავს -  იმდენად ექსპრესიულია ყველა იქ მყოფი ადამიანის მოძრაობა და გამომეტყველება. ადამიანების მცირე ჯგუფი, თვალს არ აცილებდა ეკრანს, თითქოს ასე საკუთარი რიგის მოსვლას უფრო დააჩქარებდა.

გადავწყვიტეთ, ჩვენც მივყოლოდით წესებს და იმ აპარატთან მივედით, რომელიც ჩვენს რიგს გვაუწყებდა. ბილეთი  - ნომრით 853, იქვე მიწერილია „ელოდება 55“. მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ ჩვენ ამ აპარატთან ვტრიალებდით, დაახლოებით 7 წლის ბიჭმა ბილეთი 3-ჯერ ამოაგდო, გაჩერება დატუქსვის შემდეგაც არ უფიქრია. როგორც ჩანს, მხოლოდ დაცვის თანამშრომლის გამოჩენამ გააჩერა.  ასეთი შემთხვევების გამო ხშირად რიგის დაკავება ძალიან სიმბოლური ხდება.

 ჩვენი რიგის მოსვლამდე, გადავწყვიტეთ, დარბაზი მოგვევლო და საინტერესო დიალოგების მოსასმენად ადგილი შეგვერჩია. ამ მიზნისთვის მერიის მისაღებში უინტერესო ადგილი არც არსებობს. საბოლოოდ, ტელეფონებთან გავჩერდით. მერიის მისაღებში ტელეფონი იშვიათადაა თავისუფალი. დანიშნულების ადგილამდე სანამ მივედით, ერთ-ერთ მოქალაქეს, ქალბატონ დალის გავესაუბრეთ. ქალბატონი დალი მერიაში მეორედ არის მოსული. როგორც ამბობს, არც ერთმა თანამშრომელმა მას გარკვეული და ზუსტი პასუხი არ გასცა

     
.„ერთხელ უკვე ვიყავი. ახლა მეორედ ვარ. აქ ინტრიგანი უნდა დადიოდეს, ვისაც ჩხუბი შეუძლია.
ტელევიზორით გავიგე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებისთვის ბინებს აშენებენო. გარკვევა მინდოდა. ჯერ გამგეობაში ვიყავი, მერე მერიაში მოვედი. მაგრამ მაინც ვერაფერში გავერკვიე.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მოვედი ის არის, რომ  ჩემს ქმარს მერიამ სამედიცინო დაზღვევა მისცა, მაგრამ ვის უნდა მივმართოთ კონსულტაციისთვის, არ ვიცი. მისამართი მითითებული არ არის. ნომერი კიდევ, აქ რომ წერია, საერთოდ არ არსებობს. ახლა მოვედი და სულ სხვა ნომერი მომცეს, ამ ნომერზე კიდე მითხრეს, საერთოდ არ არსებობსო“.

ტელეფონების გვერდით გამოკრულია მერიის სამსახურების ყველა ნომერი. აქ ერთი საკმაოდ უცნაური დეტალი შევამჩნიეთ ქალაქის. ყველა ნომერი „დაშტრიხულია“, თითქოს კარტრიჯი სწორედ ამ ნომრების ამობეჭდვისას მთავრდებოდა. ამას ყურადღებას არც მივაქცევდით, უბრალოდ მსგავსი დაზიანება ყველა იმ ფურცელს აქვს, რომელზეც ქალაქის ნომრებია მითითებული.

სანამ ამ სიებს ვათვალიერებდით, ყური გვერდით მდგარი ქალბატონის საუბარს მოვკარით. ის ტიროდა და პროცესის დაჩქარებას ითხოვდა.
 
პირველი სიტყვები, რაც მან გვითხრა, „ვიცი არაფერს გააკეთებენ, ესენი ყოველთვის მხოლოდ გვპირდებიანო“... გაგვიკვირდა, რადგან საუბრისას „გენაცვალე“ და „ჩემო კარგოთი“ მიმართავდა თანამშრომელს.

როგორც გავარკვიეთ, ეს ქალბატონი მერიაში წელიწადი და ოთხი თვეა დადის.
„მეუღლე გარდამეცვალა. სახლის საკუთარ სახელზე გადაფორმება მინდა. იგივე სიტუაციაა მეორე განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც დეიდაჩემს ეკუთვნის. მას ასევე საკუთარ სახელზე უნდა ბინის გადაფორმება, მასაც ქმარი გარდაეცვალა“. 

     

თავიდან საჯარო რეესტრში მივიდა, მერე გამგეობაში, ბოლოს მერიაში გადაამისამართეს. როგორც ამბობს, ქალაქის ნომრებზე ყურმილს არავინ იღებს.

„ამდენი ხანი მაწამებენ, მაწამებენ, მაწამებენ. აღარ შემიძლია. წელიწადზე მეტია პასუხი არ გამცეს. ახლა კი მეუბნებიან, პასუხი სახლში მოგივაო. უგულავასთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ არავინ მახვედრებს. საშვსაც არ უშვებენ, რომ თანამშრომლებს პირადად დაველაპარაკო. აუღებელი ციხე-სიმაგრეა. ამდენს რომ დავდიოდი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მირჩია, საჩივარი დამეწერა.  2 კვირა გავიდა მას შემდეგ, პასუხმა ყოველგვარ  ვადას გადააჭარბა.
გაოგნებული და გამოშტერებული ვარ. ესენი ხალხს უნდა ემსახურებოდნენ, მაგრამ ამას არავინ აკეთებს. მაშინ რისთვის არსებობენ?“.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი წელიწადი და ოთხი თვე მერიას აქტიურად სტუმრობს, დღემდე არ იცის ზუსტად, რომელ სამსახურთან ურთიერთობს... შიდა ნომრით, რომელიც მან მოგვცა, გავარკვიეთ, რომ ეს  იურიდიული სამსახურის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ყოფილა. მოგვიანებით ამ კომისიის თანამშრომლებთან საუბარი ჩვენც მოგვიწია.

ამასობაში მთელი საათი გავიდა. ეკრანზე ჩვენი ციფრი კი არ ჩნდებოდა. გადავწყვიტეთ თავად გაგვერკვია, რაში იყო საქმე. გავეშურეთ იმ ადგილისკენ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იდგა, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ტაბლო არ მუშაობდა. დაცვის თანამშრომელს ვაჩვენეთ ჩვენი ნომერი და ვუთხარით, რომ მიწის ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ვართ მოსულები. სწორედ მოხვედით, აქ უნდა გაარკვიოთო. გაოცებულებმა, ბილეთით ხელში, დავიკავეთ ტრადიციული „ქართული“, ცოცხალი რიგი, რომელსაც ცხადია, არავინ იცავს. არც იმაზე ჰქონდა ვინმეს პასუხი, თუ  რატომ არ მუშაობდა ეკრანი. სანამ რიგში ვიდექით, საკმაოდ საინტერსო ინფორმაციაც მივიღეთ. „კაცი გადარეულია, გუშინ კიდევ ქალი ტიროდა, გაგიჟებული იყო, გუშინ საბუთებს საერთოდ არ იღებდნენ“.

საქმე მიწის ლეგალიზებას შეეხებოდა. საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ერთ-ერთი თემა, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარი პიარისთვის გამოიყენა, სწორედ მიწის და კერძო საკუთრების ლეგალიზება იყო. გაიგო თუ არა ხალხმა ამ ამბის შესახებ, ცხადია, მოინდომა საკუთარი ნაკვეთების ლეგალიზების მოხდენა. მივიდნენ მერიაში, მიიტანეს საბუთები და...
აი, რას გვიყვება ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც საკუთარი სახელის დასახელებისგან თავი შეიკავა, საქმე არ გამიფუჭდესო.

     

„18 იანვარს შევიტანე საბუთები მიწის ლეგალიზაციაზე. ყველა საბუთი, რომელიც მომთხოვეს, მოვუტანე, მითხრეს, ერთი თვის შემდეგ მოდიო. 18 თებერვალს მოვედი. ისევ მითხრეს, 1 თვის მერე მოდიო. კიდევ მოვედი. მითხრეს კიდევ 3 თვე უნდა იყოს გასულიო. კი ბატონო, მოვედი 18 მარტს და მითხრეს 2 კვირაში მოდიო. მოვედი კიდევ. მითხრეს კიდევ თვენახევარიო. იმის შემდეგ მოვდივარ ყოველ მეორე დღეს. ერთ-ერთ თანამშრომელს ვუთხარი, რომ ასეთი ვითარებაა. მიპასუხა, კიდევ სამი თვე დაიცადეო“.

იქვე მდგარმა მამაკაცმა, რომელიც ასევე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკითხავს მერიას, ასეთი სურათი დაგვიხატა.

„მერიას სპეციალისტები არ ყოფნის, მერიაში ამდენი ხალხის მიერ მიტანილი საბუთების განსახილველად. ამიტომ, სპეციალურად აგზავნიან საბუთებს სახლში სამი თვის შემდეგ, რომ კიდევ სამი თვით გაახანგრძლივონ ვადა. ძალიან უმნიშვნელო რაღაცას შეგედავებიან ხოლმე, ოღონდ დრო გაწელონ“.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ რიგში სულ ტყუილად ვიდექით და იურიდიული სამსახურის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მოგვიწია დარეკვა. ვიკითხეთ, იყო თუ არა განხილული 3 თვის წინ შეტანილი განცხადება, რომელიც მიწის ლეგალიზებას შეეხებოდა. პასუხი: „იქეთ კვირის ბოლოს ყველას გამოგიგზავნით პასუხებს“.

ახალი ამბები